Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიბნელე’

“დღეს უნდა დაწერო ბიჭო, გაიგე?!” – მეუბნება ჩემი მეორე მე, აი ის – 90-იანებში რომ იზრდებოდა და ძალაუნებურად ცოტას ბლატაობდა, ცოტა შავები ეცვა და ცოტას ქურდობაზე ოცნებობდა. მერე ტუალეტში ანძრევდა, მონიკა ბელუჩიზე. “კაი დავწერ” – პასუხობს კიდევ ერთი მე, აი ის – 90-იანებში რომ იზრდებოდა და ძალაუნებურად ცოტას ჩმორდებოდა, ცოტა ჭრელები ეცვა და ცოტას როკ ვარსკვლავობაზე ოცნებობდა. მერე ესეც ტუალეტში ანძრევდა, ოღონდ ევრილ ლავინზე.
ამ ბოლო დროს კარგი ამინდებია თბილისში. წვიმს. ხო რა იყო, რომანტიული ტიპი ვარ, პრობლემაა რამე? რანაირად მიყურებ. თუ არ გინდა დავაი რა. უკვე აღარ შემიძლია ეს ზედმეტად მიმტევებლური, ცოტათი “შემეცოდე” სახეები: “უი, შე რომანტიკოსო” ან “უი როგორი რომანტიკოსი ხარ”. მერე? შენ თორემ თუ რომანტიკოსი არ ხარ, ბებიაშენისამ რა, ჩემზე კაი ტიპი ხარ. დაახვიეთ რა! აი ეგრე!
რომანტიკოსი ვარ. ხო ვარ. თან მაგრად. ვგიჟდები დეტალებზე. აი ისეთ დეტალებზე, შენ რომ მუღამს ვერ უჭერ, მე კიდევ მაგარს რო ვკაიფობ. მომწონს, როგორ შეიღებე ორშაბათს თვალები. იდეაში ისეთივე მაკიაჟი გაიკეთე, როგორსაც კვირის სხვა დღეებში იკეთებ ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვამჩნევ განსხვავებას. ამ ორშაბათს გაკეთებული მაკიაჟი ოდნავ ნაჩქარევია და უფრო ბუნებრივი. ვსო. მე გავჭედე. ორშაბათი კარგი დღეა.
მაგრად მიტყდება, რომ აქამდე არცერთ გოგოს არაფერი ისეთი არ უჩუქნია, აი მე როგორსაც ვჩუქნი ხოლმე. მე როგორს ვჩუქნი? როგორს და ჩემეულს. ჩემსას. იმას, რაც ჩემთვისაა ძვირფასი. ბევრად უფრო გამიხრდება გოგომ თავისი სამაჯური რომ მოიხსნას და მაჩუქოს, ან საყურე მომცეს, თავისი საყვარელი საყურე. აი რომ წავიდეს და საათობით მაღაზიაში ეძებოს საჩუქარი, კი კარგია, მაგრამ ეგრევე, ექსპრომტად რომ მაჩუქოს თავისი ნაწილი, უფრო გამისწორდება.
სამი დღე რომ სახლში ხარ და ფერი გეცვლება და მერე გინდა რამე ისეთი გააკეთო, რომ ბუნებრივი ფერი დაგიბრუნდეს – აი ასე ვარ დაახლოებით. ამ პოსტსაც ვწერ, იმიტომ რომ დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი. და უკვე ვჭედავ იმაზე, რომ არ ვარ სტაბილური. ვყოფილიყავი რა პრაგმატული გამოსირებული ტიპი. ხო მეკიდებოდა რომანტიკა და ამბები. აი ახლაც როგორი ცვალებადი ვარ. ზემოთ კბილებით ვიცავდი ჩემს “მეობას” და ახლა ვამბობ, სულაც არ მინდა, უკან გაიკეთეთ-მეთქი.
მიყვარს ისეთი გაჭედვები, აი ერთ გოგოს რომ მუღამს უჭერ და ეს გოგოც რომ აგყვება. ოდნავ შესამჩნევად, დასტოინად, ქალურად. კისერზე რომ მეკიდებიან არ მიყვარს. აუფ, მაგრად ვატრაკებ რა. არადა მიყვარს. ანუ მომენტი, რომ კისერზე მეკიდებიან მიყვარს, მაგრამ ის გოგო აღარ მიყვარს. და აი დასტოინად რომ ხდევა ყველაფერი – ერთი-ორი გასეირნება, ხანგრძლივი საუბრები და პატარ-პატარა მინიშნებები. ეგაა კაიფი. მერე პირველი კოცნა – არავითარ შემთხვევაში ფრანგულად. მეორე უკვე ფრანგულად – გემრიელად. ენებით.
სიზმარი ვნახე. ერთი გოგო მომწონდა. ხოდა ამ გოგოსთან არაფერი რა. არ ამყვა, არ შემომყვა ფლირტში, არც დასტოინად და არც ისე. დავიკიდე. ოღონდ ნუ მომწონს ტიპი და რას იზავ. გარეგნობით კაი გოგოა. ხოდა არ ვიცი რატომ, სიზმარში გამეჩითა: ვითომ მონაზონია, კათოლიკურ ეკლესიაში ოღონდ. მე საიდანღაც, ვაფშე ნიპრიჩომ, მაგის ოთახში ვიჩითები და ეს ამ დროს აბაზანიდან გამოდის. ნუ მერე ჩვეულებრივი ბაზარი – “წადი თორემ ხო იცი, არ შეიძლება” და ამბები. მერე კოცნა და ბრახ – სიზმარშივე არ მომწონს როგორ მკოცნის. პახოდუ სიზმარშივე ვიწყებ ფიქრს: არა, ცუდად კი მკოცნის, მარა ისე კაი გოგოა და კოცნას დაამუღამებს. მაგრად მივქარე სიზმარში რა. მე ვაფშეტა მგონია, რომ ზოგ გოგოში სულ არ დევს მოფერების ელემენტი. არც კოცნის. არც სექსუალურობის. აი მინახავს ლამაზი გოგოები და ვაფშე არაფერი ემოცია არ გამოუწვევიათ. მინახავს გოგო, ისე უკოცნია, რომ სიამოვნებისგან თვალები ტომ იორკივით გამქცევია, ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ.
როცა წვიმს და მერე მზე გამოდის (მზე პირს იბანს დვიჟენია რო იჩითება), მაგ დროს მაგრად მინდება გასეირნება. ხელიხელჩაკიდებული გასეირნება. ნუ ამის გარეშეც შეიძლება, ეს იდეალური ვარიანტია. მარა სადაა ეგრე. ზემოდან მგონი ვიღაც ტიპი დამცინის. წვიმას გამოუშვებს, მომანდომებს სეირნობას და მერე ღადაობს ჩემზე, რომ ასე მარტოხელად ვლპები კომპიუტერის მონიტორთან. მაგარი გაიძვერა ტიპია, ვინც წვიმის სამუშაო გრაფიკს არეგულირებს. ან არაა გაიძვერა და უბრალოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს. და ვაფშე ვის მოყავს რო წვიმა? დამაკავშირეთ რა თუ გაიგებთ. ვეტყვი, რომ სანამ თანამოსეირნეს ვერ ვიშოვი, ცოტა ხანი თავი შეიკავოს რა. თორემ ახლაც წვიმს და მე კიდევ დებილივით ველოდები ერთ გოგონას, მინდა რომ მომწეროს. ეტყობა არ მოხვდა ფეისბუკზე. ნუ დამცინი, თავს არ ვიმშვიდებ. არ მწერს არა, ვერ. კარგად დააკვირდი სიტყვას – ვერ მწერს, არაა ფეისბუკზე. ეეე, ნუ მშლი ნერვებზე! შემოგარტყავ!
გოგოები წერენ ხოლმე, მუცელში პეპლები გვყავსო. ნეტა როგორია პეპელა მუცელში. ისე რა ცოდოა ტო. ისედაც რა ცოტა ხანი ცხოვრობს და ისიც  მუცელში უწევს ყოფნა. მაგრად ტეხავს. ბიჭებს არ გვყავს მუცელში პეპლები. მუცელში ვაფშე არაფერი არ გვყავს ხოლმე. ახლა იფიქრებთ, მე ვიცი სადაც რა გყავთ, შარვალში გაქვთ ბილიარდის ბურთებიო. აი ეგრეა, სტერეოტიპულად აზროვნებთ. არა იმას არ ვამბობ, რომ ბლა ბლა ბლა, ქალს ტრაკზე არ ვუყურებ და ა.შ. მარა მთლად მარტო ეგ არაა. ყველაზე მაგარი გოგო ისაა, გულს რომ გიჩქარებს. მემართება ხოლმე ეგრე. გული რომ გიჩქარდება, მერე ყველაფერიც უფრო მაგარია. ზედემეტად მაგარი.
“შე ჩემა, რომ გითხარი დაწერე მეთქი, ის კი არ მითქვამს, რუსთაველი გაიჩითე-თქო.” – მეუბნება ის, ბნელი მე. “ნუ მჩაგრავ, პატარა აღარ ვარ. და აღარც ჩვენი ქვეყანაა ძველი ბიჭების” – პასუხობს ის, ნათელი მე. ორივეს მაგრად აკლია რა. ჯერ წერეო, მერე რატომ წერო. ესეც ეტყვიან წერეო – წერს. გაჩერდიო – ჩერდება. დედიკოს ბიჭი. მალჩიკ ნა პაბეგუშკახ რა. ფუ. არ მევასებით!

Read Full Post »

მე.
მე.
მე.
მე თავისუფალი ვარ.
მე. მე. მე.
მ. მ. მ.
მე შოვინისტი ვარ.
მე მე მე – მეეეეე!
მე არ მიყვარს სომხები.
მე იმ დღეს სადღეგრძელო დავლიე.
მე არ.
მე რა თქმა უნდა განსხვავებული მოვითხოვე.
მე. მე-თქმევინება.
მე ავიღე განსხვავებული.
მე რიხიანად დავიყვირე “რუსეთის დედას შევეცი”.
მე-ებმა დასჭექეს: ამინ!
მე-ამინება.
მე დავლიე.
მე კმაყოფილი ვარ.
მე ნამდვილი ქართველია.
მე.
შენ?
ამას აქ რა უნდა?
ვინ მისცა უფლება აქ ყოფილიყო?
მე, სასწრაფოდ მომაცილე აქედან ეს უზრდელი.
მე.
მ – ე.
მე-ორე, მე-სამე, მე-ოთხე, მე-ხუთე.
მე-ასი ათასე ქართველი.
მე თავი დავკარგე მეტეხის ხიდზე.
მე სომეხი ვარ.
მე.
მე გავყიდე საქართველო.
მე.
მე ქართველი ვარ.
მე ქუჩაში ნაგავს ვყრი.
მე ქართველი ვარ.
მე.
მე მიყვარს პატრიარქი.
მე ქართველი ვარ.
მე.
მე მძულს სომეხი.
მე ვაჟკაცი ვარ.
მე ვიცი.
მე ვიცი რა მითხრეს.
მე ვაკეთებ იმას რაც მითხრეს.
მე მძაგს ქალი შარვალში.
მე განსაკუთრებით.
მე მიყვარს ფქვილი.
მე.
მ.
ე.
მე ნამდვილი ქართველი ვარ.

Read Full Post »

“შუქი მოვიდა!!!” – ისმის გახარებული ბავშვის ყვირილი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. ტელევიზორს ვრთავთ და კასანდრას დაწყებას ველოდებით. თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც სულ რაღაც ხუთ წუთში ქრება შუქი და ჩვენც სიბნელეში ვიძირებით. “წავედით, ჯულიას აკუმულატორი აქვს და მთელი სამეზობლო იქ ვუყურებთ სერიალს” – ამბობს დედაჩემი და ჩვენ ერთად, მთელი ოჯახით ჩავდივართ ჯულიასთან მე-14 სართულზე კასანდრას საყურებლად. შარვალზე მუხლები მაქვს გაცვეთილი და ძალიან მრცხვენია, ამიტომაც შესვლისთანავე ხალიჩაზე ვეცემი და ასე მივღოღავ პატარა ტელევიზორისკენ, რომელიც შავ-თეთრად გადმოსცემს ბოშა ქალის ისტორიას. უფროსებს ჰგონიათ, რომ ძაღლის იმიტაციას ვაკეთებ და მათ გახალისებას ვცდილობ, სინამდვილეში კი შარვლის გაცვეთილი მუხლების მრცხვენია. მთელი ჩემი კორპუსი აქაა, გარდა შეძლებული მეზობლებისა, რომელთაც საკუთარი აკუმულატორი ან, უკეთეს შემთხვევაში, გენერატორი გააჩნიათ. სერიალი მალე მთავრდება, ჩვენც სახლში ვბრუნდებით.
ყველანი ერთ ოთახში ვართ, რადგან მთელი სახლის გასათბობად ნავთი არ გვყოფნის. ბებიაჩემი სკამზე ზის, რომელზეც სქლად დაკეცილი პლედი აფარია სითბოს შესანარჩულებად. მამიდაჩემი ზღაპრებს მიკითხავს, რომელიც თვითონვე დაწერა; მე მთავარი გმირი ვარ, ახალგაზრდა მონადირე, რომელსაც არაფრის არ ეშინია: მე ხომ ჩემი სათამაშო იარაღით დავამარცხე ტყის მეფე, ღრმად პატივცემული ლომი. ცოტა ხანში მე და ჩემს დას ძილი გვერევა და დედაჩემსაც საძინებლისკენ მივყავართ. ჯერ თვითონ წვება ჩვენს ლოგინებში, რათა გაათბოს სიცივისგან გალურჯებული საბნები და არ გვაგრძნობინოს ზამთრის სიმკაცრე. მალე სიზმრებს ვხედავთ. მე, როგორც ყოველთვის, ოცნებებში დავფრინავ; ჩემი და კი უკვე მერამდენედ ხედავს დევებს, რის გამოც დილით ატირებული იღვიძებს და დედას უყვება როგორ შეაშინეს წყაროს თავში მოკალათებულმა ცხრათავებმა.
დედა თბილად გვაცმევს, რადგან ვარკეთილში და თანაც მეთექვსმეტე სართულზე, საშინელი ზამთარი იცის. სათამაშოდ გავდივარ. ვეძახი ვიტალიკას, რომას, ტიგრანას და ნოდარს, ჩემი ბავშობის განუყოფელ მეგობრებს. დერეფანში ვთამაშობთ ფეხბურთს, ომობანას, დაჭერობანას. მერე ეზოშიც ჩავდივართ. არცერთს არ გვეზარება 16 სართულის ფეხით ჩასვლა, რადგან ვიცით, რომ ქვემოთ ძალიან კარგად გავერთობით. დახუჭობანას თამაშს ვიწყებთ. პირველი უიღბლო ვიტალიკაა – სწორედ მას უწევს დახუჭვა. ისე ძლიერ მინდა ვერავინ მიპოვოს, რომ დასამალად სხვა მიკრო-რაიონში გადავდივარ და კორპუსების გროვაში ვიკარგები. გულმოდგინედ დახუჭული ვიტალიკა კი არა, თავად დეტექტივი კოლომბოც კი ვერ მიპოვის ისე ვარ ჩაკარგული ცივ შენობებში. მივუყვები გზას და თან ვაკვირვდები ხალხს, რომელიც თბილად საუბრობს, თამაშობს, შიგადაშიგ ჩხუბობს კიდეც. კორპუსების წინ ყოველთვის ნახავ ბირჟაზე დროის გასაყვანად გამოსულ რამოდენიმე ადამიანს, ეს ხომ ჩვენი დროის ტრადიციაა. მბეზრდება მარტო ხეტიალი და ჩემ კორპუსთან ვბრუნდები. ვიტალიკას ჩემთვის სამი ქულა მოუცია: ოღონდაც გამოდი, ნუღარ იმალებიო. მეც გახარებული ჩემი სამი ქულით, ვაგრძელებ დახუჭობანას თამაშს გვიანობამდე.
“მერაბ! ამოდი სახლში” – მესმის დედაჩემის ხმა მაღლიდან.  ზანტად და მოწყენილად ავდივარ 16 სართულს, მთლიანად მტვერში ამოგანგლული და დაღლილი. დედა კერასინკაზე გაცხელებული წყლით მბანს და თბილად მაცმევს, რომ არ გავცივდე. ყველანი ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ დღეს მაინც მოვა შუქი და შევძლებთ სერიალის ყურებას. “მეცხრე ბლოკი გაფუჭებულა” – უხალისოდ გვეუბნება ჩვენი მეზობელი. კვლავ სიბნელეში მოგვიწევს საღამოს გატარება. დღეს ჯულიასთანაც ვეღარ ჩავალთ – აკუმულატორის დატენვა ვერ შეძლო და მის სახლშიც ისეთივე სიწყნარე და სიბნელეა, როგორც ჩვენთან. სამაგიეროდ კარტს ვითამაშებთ ოჯახურ გარემოში, ან დედა წაგვიკითხავს ზღაპრებს სანთლის შუქზე. მიუხედავად უშუქობისა, სიცივისა თუ სიღარიბისა, მე მაინც ბედნიერი ბავშვი ვარ.
ხშირად მენატრება 90-იანები, რადგან გაჭირვების ჟამს ხალხი ყოველთვის უფრო ახლოსაა ერთმანეთთან. თანაც მაშინ თოვლის ბაბუას ჯერ კიდევ მოჰქონდა ჩემთვის საჩუქრები: დღემდე ვერ ვივიწყებ ბალიშის ქვეშ სათამაშო რკინიგზის აღმოჩენის სიხარულს. მე ძალიან ბედნიერი ბავშვი ვიყავი.

Read Full Post »

ოჯახის ფრანგი მეგობრები გვეწვივნენ ყველისა და ბაგეტის ქვეყნიდან: დედა და შვილი – 56 წლის მარტინა და 15 წლის პიერი, მოფერებით პიერო. ეს პიერო მხოლოდ ასაკითაა პატარა, თორემ უკვე მაღალიცაა და საკმაოზე მეტად დაკუნთულიც (განსაკუთრებით გამოკვეთილი მკერდი და სექსუალურად გამობზეკილი უკანალი იქცევს ყურადღებას). მარტინა უმაგრესი ქალია – ამაზე კარგი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მის დასახასიათებლად. ასაკისდა მიუხედავად, ბევრ მასზე უმცროსს ჩაისვამს ჯიბეში, როგორც ჩვენი მამა-პაპა იტყოდა. სამი კვირის მანძილზე იქნებიან საქართველოში და ხშირად მომიწევს მათი “გიდობა”. დღეს პირველი დღე იყო და გზაში გადავწყვიტე, რომ საღამოს მთელი დღის ამსახველი პოსტი დამეწერა. ასე მოვიქცევი ყოველი გიდური დღის შემდეგ და გაგიზიარებთ რა ვნახეთ, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ და ა.შ. უფრო კარგად რომ გავიგოთ, რა აზრის არიან უცხოელები ჩვენზე (ნუ ორი კაცი ვერ იქნება რეპრეზენტატული, მარა მაინც საინტერესო უნდა იყოს წესით).

მამა დავითი – ჯიპიანი მღვდლები, ექსტრემისტი ქალები და აგრესიული დაცვა. ვინაიდან და რადგანაც მთაწმინდაზე ვცხოვრობთ, პირველი ტურისტული დღის დაწყება მამა დავითზე ასვლით გადავწვიტეთ. გზაში მოკლედ ვესაუბრე ასურელ მამებზე, სარწმუნოების განმტკიცებაზე, საქართველოში სამონასტრო ცხოვრების გავრცელებაზე და ა.შ. ისინი ყურადღებით მისმენდნენ, შიგადაშიგ თავს მიქნევდნენ და ძველებური არქიტექტურის საქებარ სიტყვებსაც არ იშურებდნენ: “Qu’est-ce que ces bâtiments sont vieux et en même temps beaux!” (რა ძველი და ამავდროულად რა ლამაზია ეს შენობები). როგორც იქნა ავაღწეით მამა დავითზე. ეკლესიის ასეთ აღმართზე მდებარეობა იმით ავუხსენი, რომ მორწმუნე ადამიანმა ტაძარში მისასვლელად ტანჯული და მძიმე გზა უნდა გაიაროს, რათა უკეთ გააცნობიეროს საკუთარი მიკუთვნება რელიგიისადმი და განიმტკიცოს რწმენა. რამოდენიმე სურათის გადაღების შემდეგ, ეკლესიაში შესვლაც გადავწყვიტეთ. აი აქ დაიწყო სანახაობა: ექსტრემისტი ქალების (ასე შევარქვი 40 წლის ქალიშვილებს, რომლებიც შვებას ღმერთისადმი პლატონურ სიყვარულში პოულობენ) მთელი არმია გვეცა და გარეთ გამოგვაგდო: ეკლესიაში შორტებით შესვლა არ შეიძლებაო. მე ავუხსენი, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მართლმადიდებლები, რომ ისინი უბრალოდ დათვალიერებას აპირებდნენ და ეკლესიასაც აღიქვამდნენ როგორც ისტორიული ძეგლს და არა სალოცავ ადგილს. ისიც შევახსენე, რომ მართლმადიდებლობა პირველ რიგში ტოლერანტობას და მიმტევებლობას გულისხმობს, რომ პირველი ლიბერალები მართლმადიდებლები იყვენენ (თუ დავუჯერებთ გუბაზ სანიკიძეს) და ა.შ. თუმცა, როგორც იტყვიან “ქვა ააგდე და თავი შეუშვირეო”! მერე სიმშვიდის ნიღაბს ამოფარებული აგრესიული დაცვაც მოვიდა და ასეთი არგმუნეტი წამოგვიყენა: “კი მაგრამ, მე რომ მაგათ ეკლესიაში ტრუსიკით შევვარდე, შეიძლებაო?!” არგუმენტია ისეთი, ქვას რომ გახეთქავს და წყალს გამოადენს. ეტყობა მისთვის შორტებსა და მაისურში სიარული იგივეა, რაც ტრუსიკით ტანტალი. მოკლედ, სიტუაცია არ გავამწვავეთ და გავეცალეთ იქაურობას. პანთეონი დავათვალიერეთ და გასასვლელისკენ გავემართეთ. ამ დროს შემოსასვლელში ბოლო მოდელის ჯიპები იდგა. გაკვირვებულ ფრანგებს შეკითხვა დაებადათ: “Ce sont à qui ces belles voitures de luxe?” (ვისია ეს მდიდრული და ლამაზი მანქანები?). პასუხი მგონი თქვენც კარგად მოგეხსენაბათ… ფრანგების პირველი შთაბეჭდილება: ჯიპიანი მღვდლები, ექსტრემისტი ქალები და აგრესიული დაცვა + ლამაზი ბუნება და ხედი (ეს ნამდვილად გვაქვს).

(more…)

Read Full Post »

დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ჯერ დაწერის სურვილი გაჩნდა და შემდეგ – საწერი თემა. მეგობრებს ვეკითხებოდი, ვის რა აწუხებდა, რა აინტერესებდა და მათთან საუბარში ვცდილობდი საინტერესო თემის გამოძებნას. ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრე, რომ მომხიბვლელი ქალბატონი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ახლაც მას უნდა უსაყვედუროთ ის, რომ მე კიდევ ერთი ნაჯღაბნით მოგაბეზრებთ თავს. მომხიბვლელ ქალბატონს აწუხებს შავი ფერი, უფრო სწორად აწუხებს შავი ფერის სიჭარბე ჩვენ საზოგადოებაში. მეც მაწუხებს შავი ფერი, ოღონდ არა მომხიბვლელი ქალბატონის შავი თმის ფერი. მაწუხებს შავი მაისურები, ჭუჭყს რომ დიდხანს იტანენ; მაწუხებს შავი ფეხსაცმლები, ლილოს ბაზრობაზე რომ იყიდება; მაწუხებს შავი შარვლები, ჩაცუცქვით მუხლებზე რომაა გაცვეთილი; მაწუხებს შავი ქუდები, უაზრო სახეებს რომ მალავს. ზოგადად მაწუხებს ეს სიშავე.

შავ ფერზე ფიქრისას, ნელ-ნელა გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც განასხვავებს საზოგადოების მიდგომას ამ აწ უკვე ავადსახსენებელ ფერთან დაკავშირებით: (1) გამოიყოფა ერთი ნაწილი, რომელიც უბრალოდ აღმერთებს ამ ფერს; (2) მათ უპირისპირდება მეორე ნაწილი, რომელიც არაფერს შავს არ იცვამს, ფობიაც კი სჭირს შავ ფერზე. განვიხილოთ ეს ორი უკიდურესობა და შევეცადოთ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, ანუ ის რაც ასე გვაკლია ქართველებს, ნებისმიერ დროსა და სივრცეში.

(more…)

Read Full Post »

ორი ქართველის საუბარი:
– ამ ფილმმა ჩემზე ძალიან მაგარი იმპრეშენი მოახდინა რა!
– რა მოახდინა?
– იმპრეშენი.
– იმპრეშენი რაღაა?
– როგორ არ იცი, დუდ! აი როცა ძალიან მაგარი ფილინგი გიჩნდება და რავი რა…
– უი ახლა გავიგე, როგორ ამომივარდა თავიდან ეგ ქული სიტყვა…
– არა უშავს. მთელი ლაიფი წინ გაქვს. ახლა გავრბივარ. სი ია, მენ.
– დროებით, ბრო.

გეცნოთ სიტუაცია? თუ ვერ გაიგეთ დიალოგის შინაარსი, მაშინ გოიმი ყოფილხართ! ინგლისური ადამიანმა არ იცოდეს 21-ე საუკუნეში, ეს ხომ სამშობლოს ღალატია! რაც შეეხება კონკრეტულად ამ დიალექტს (რომელზეც ზემოთ ხსენებული დიალოგი შედგა), ეს არის ანგლო-ქართული (ან ამერიკო-ქართული, როგორც გირჩევნიათ). ჯერ მხოლოდ ინგლისურ ენას გავუშინაურდით. ცოტა ხანში გვექნება ფრანგო-ქართული, იტალო-ქართული, გერმანო-ქართული… მერე საერთოდ ქართული გაქრება და დარჩება მხოლოდ ინგლისური, ფრანგული, გერმანული… მარილი და სუნელები გემოვნებით, რა თქმა უნდა!

(more…)

Read Full Post »

მშრალი ხიდი ალბათ ყველამ იცით. ხიდის დასაწყისში, ცენტრ პოინტის ოფისის თავზე, ერთი რიგით ქართული ოჯახი ცხოვრობს. აივანზე ხშირად ვხედავ ხოლმე სახლის პატრონს, რომელსაც გვერდს უმშვენებს გაურკვეველი ჯიშის ძაღლი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი: აივანი, ჩითის ხალათში გამოწყობილი ქალი, მისი ძაღლი… თუმცა ყველაზე საინტერესო წინაა!

წელიწადის ნებისმიერ დროს, აივნის ქვეშ წყლის გუბე დგას. მისი არგავლა შეუძლებელია, რადგან ტროტუარი საკმაოდ ვიწროა. გარკვეული პერიოდი ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ საიდან გროვდებოდა წყალი იმ ადგილას (ეს განსაკუთრებით უცნაური იყო შუა ზაფხულში, როდესაც სველი მაისურიც კი რამოდენიმე წუთში შრება).  ერთხელაც ჩემი ჩვეული და მრავალგზის გაცვეთილი მარშრუტით ვბრუნდები სახლში. სანამ ხიდს გადავკვეთ, ვხედავ რომ იმ ადგილას კვლავ გუბეა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გუბე ჩემ თვალწინ იქმნება. როგორ? ზემოდან წვეთ-წვეთად მომდინარე წყლით (თავიდან წყალი მეგონა). ბუნებრივია დავინტერესდი და ავიხედე აივანზე. რას ვხედავ: ეს ჩვენი გაურკვეველი ჯიშის ძაღლი გამოსულა აივანზე და ზედმეტი სითხისგან თავისუფლდება. სახლის პატრონს ყველაფერი აქვს გათვალისწინებული: აივანს პატარა ნახვრეტები აქვს გაკეთებული, დაახლოებით 3 ცალი. ამ ნახვრეტებიდან მშვენივრად ჩამოედინება ადამიანის ოთხფეხა მეგობრის… მაპატიეთ და – შარდი! ისე გენიალური მოფიქრებაა არა? გარეთ გასვლა არაა საჭირო, არც ძაღლის გასეირნება: გაუშვებ აივანზე და თვითონ იზავს ყველაფერს. უფრო მეტი პრაქტიკულობისთვის ნახვრეტებიცაა გაკეთებული, რათა აივანზე გუბე არ დადგეს, რაც არასასიამოვნო სუნს გამოიწვევდა ჩვენი თანამოქალაქის სახლში. “ქუჩაში ხალხი არ დადის?” – იკითხავთ თქვენ. “კარგი რა! ეგღა მადარდე. ქუჩა ხომ ჩემი არ არის?” – გიპასუხებთ ქალბატონი. აივანი საპირფარეშოდ გადაიქცა და ვინ იცის, ავდრის დროს მის ქვეშ გამვლელ ადამიანს რამდენჯერ ჰგონებია, რომ მაისის წვიმის წვეთებით სველდებოდა…

(more…)

Read Full Post »

“მე ხომ არ მეხება, იყოს მერე…” – ალბათ ეს ფრაზა ხშირად გაგიგონიათ. ქართველებს ეს მძიმე სენი შეგვეყარა, ალბათ უკვე დიდი ხანია (სავარაუდოდ 1801 წლიდან). ისტორიით ვამაყობთ: ქართველი ქართველს სისხლის ბოლო წვეთამდე ედგა გვერდში, მის გასაჭირს იზიარებდა, ლხინშიც მასთან ერთად მოილხენდა. რა ხდება დღეს? თითოეული საკუთარ თავში ჩაიკეტა და თუ უშუალოდ მას არ ეხება რამე საკითხი, სირ-აქლემასავით მიწაში აქვს ჩაყოფილი თავი.

ჩავუღრმავდეთ სირ-აქლემას სინდრომის გამოვლენის არეალს. დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება: ყოველდღიური ცხოვრების მაგალითად აღებაც გამოგვადგება პრობლემის უკეთ გასაანალიზებლად. უფრო კონკრეტულად კი ჩემი ცხოვრების მაგალითებს მოვიყვან (უფრო მეტად გასაგები რომ გახდეს).

(more…)

Read Full Post »