Feeds:
Posts
Comments

Archive for June, 2010

გამოცდები მომიახლოვდა. გულს ვერ ვუდებ – ვერც სწავლას და ვერც სხვა საქმიანობებს. ივნისის შუა რიცხვებია. ცხელა. ჩვენ კიდევ სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ ერთი თვე დაგვრჩა. სად არის სამართალი? ივნისში ადამიანი უნდა ისვენებდეს, მითუმეტეს თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ზაფხულის პირველ თვეს უკვე საშინელი სიცხეები იცის. მაგრამ ვინ ფიქრობს სტუდენტობასა და ახალგაზრდობაზე? მთავარია სექტემბერში ვისვენებთ – თურმე “ბარხატნი” სეზონია და ადამიანებს დასვენება, ხოლო ბიზნესმენებს – ფულის გაკეთება სჭირდებათ. ევროპაში არ სჭირდებათ დასვენება, ისინი ადამიანები არ არიან და ამიტომაც სექტემბერში იწყებენ სწავლას. არადა სწორედ მაგ “არაადამიანებმა” ააშენეს სახელმწიფოები, ჩვენ კი ისევ ძველ კალაპოტში ვიმყოფებით – არც შამფურს ვწვავთ და არც ხორცს.

ასეთ სიცხეებში დღეში რამოდენიმეჯერ უნდა გადაივლო წყალი, წინააღმდეგ შემთხვევაში გგონია რომ იწვი და ბოლი აგდის. ქალაქიც ზედმეტად ბინძურდება ზაფხულში. კახა თოლორდავას ეწერა ერთ-ერთ სტატიაში (ვინც არ იცით: ეს ადამიანი ჟურნალ “ლიბერალში” წერს ჩვენს ქალაქზე და საკმაოდ კარგადაც, გირჩევთ გაეცნოთ), თბილისში თეთრი პერანგების ჩაცმა შეუძლებელიაო: დილით გასულს შუადღეზე უკვე გაშავებული საყელო გაქვს და თავი ჭუჭყიანი გგონიაო. ეს მართლაც ასეა. თბილისელები საერთოდ აღარ ზრუნავენ ქალაქზე, საერთოდ არ ადარდებთ მისი ბედი. ვერ აცნობიერებენ, რომ თვითონვე არიან ეს ქალაქი, ეს სახელმწიფო, ეს მსოფლიო…

შაბათს პირველი გამოცდა მაქვს. ასე თუ ისე მზად ვარ. რაც არ უნდა იყოს, თავს დავიძვრენ და გადამსვლელ ქულებს ნებისმიერ შემთხვევაში ავიღებ. გამოცდების პერიოდი ძალიან დამღლელია, საშინელად დამღლელიც კი. ყველა აქეთ-იქით დარბის, მეცადინეობს და ცდილობს მთელი სემესტრი რაც არ უკეთებია, ერთ კვირაში “ჩაიყაროს” თავში, გამოცდის შემდეგ კი – სანაგვეზე გადააგდოს. ამიტომ გვყავს კარგი პროფესიონალები.

ისე არ გაინტერესებთ რა ხდება ჩემთან უნივერსიტეტში? ესეც ხომ ქართული საზოგადოებაა! მოკლედ გეტყვით: არაფერი. თუ რამ ხდება, მხოლოდ ბოღმა, ერთმანეთის ჭამა ან მეორე უკიდურესობა – “პოხუისტობა” და უსაქმურობა. ჩემ სპეციალობაზე კონკურსი დააწესეს პირველკურსელთათვის და თქვენ უნდა ნახოთ ხალხი რა დღეშია: ვისაც სწავლა უნდა თვალებამოღამებული დაიარება, სხვა აღარაფერს აკეთებს. ეს არსებული კონკურსი კიდევ უფრო აკარგვინებს ადამიანობას და იქ იწყება ყველაზე საშინელი რამ – შური და აუტანელი “შენ რა მიიღე?” “როგორ დაწერე?” “გადადიხარ კონკურსის ზღვარს?” და ა.შ. ოღონდ ეს კითხვები მხოლოდ ირონიისა და პირფერობისთვის თუ დაისმის, გრძნობებზე და გულითად დაინტერესებაზე საუბარიც ზედმეტია. მე საერთოდ არ ვდარდობ და არც მაღელვებს ეს ყველაფერი. მეცინება კიდეც არსებულ სიტუაციაზე. სხვა რა რეაქცია უნდა მქონდეს ერთმანეთის დასაჭამად მზადყოფნაში მყოფი 100 სტუდენტის დანახვაზე? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვერ ვისწავლეთ ჯანსაღი კონკურენცია, ვერა და მორჩა. მთელს ევროპაში არის კონკურენცია, ოღონდ ჯანსაღი ფორმით და არა იმის მტკიცებით, რომ ვიღაც ლექტორი არაობიექტურია, რომ ვიღაცა თეა თუთბერიძეს გავს (ეს საერთოდ აბსურდია), ვიღაც სოროსელია და ა.შ. პარანოია სჭირს ამ ხალხს, პარანოია! მოდუნდით ადამიანებო, ნუ გელანდებათ მსოფლიო შეთქმულება თქვენს გარშემო, დაწყნარდით. სწავლის გარდა სხვა რამითაც რომ იყოთ დაკავებული, ეს ყველაფერი ასე ძალიან არ შეგაწუხებდათ და არც ამაზე ფიქრით გადაიღლიდით თავს.

ლუდის ფესტივალზეც უნდა გიამბოთ. 13-14 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე აგერ უკვე მესამედ გაიმართა პირველი ლუდის ფესტივალი. გაგიკვირდათ? იმედია არა: წესით უკვე მიჩვეული უნდა იყოთ იმ ფაქტს, რომ ყველაფერი რაც საქართველოში ხდება, აუცილებლად “პირველი” და “განუმეორებლია”. გავაგრძელოთ ფესტივალის თემა და შევეხოთ რამოდენიმე მტკივნეულ საკითხს. საშინელი ლუდი – წყალგარეული ნატახტარი. მე ვიყო რასისტი და ჰომოფობი, თუ მაგ ლუდს 2 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ნატახტარი არ ჯობდეს. ლუდს დავანებოთ თავი. პრომო გოგონები – მცდელობა იყო მათი მეშვეობით გაელამაზებინათ ლუდის ფესტივალი. კაბები კარგი ეცვათ, თავი შუა საუკუნეების რომელიმე გერმანულ სოფელში გეგონებოდათ, ქუდებიც კარგი ეხურათ, ფეხზეც ლამაზი “ბაჩები” ეცვათ. თუმცა ორგანიზატორებს ერთი მთავარი რამ გამორჩათ და დაავიწყდათ (ან შეიძლება სულაც არ იცოდნენ): კი მაგრამ ბატონებო, სად არის სავსე მკერდი და ემოციურად მოძრავი თეძოები? განა შეიძლება ლუდი უმკერდო და უთეძოო ქალმა შემოგთავაზოს? არავითარ შემთხვევაში. ესეც ნაკლი ნომერი 2. მაგრამ მაინც გადავიდეთ უმთავრეს ნაკლზე: მუსიკა – რა იყო ეს? სამი ძირითადი შეფასება შეიძლება გაკეთდეს: (1)ჯაზი: კარგით, გავიგეთ რომ ჯაზი გენიალურია, რომ ჯაზი ელიტარული მუსიკაა და მის მოსასმენად ტრაკში პეროები უნდა გავიკეთოთ. ჩვენ გვაპატიეთ, უბრალო მოკვდავებს. უბრალოდ ცოტა მეტს ვითხოვთ, ვიდრე ვოკალისტის მიკროფონში ბურდღუნი და სლოკინია. ნუ ეს რა თქმა უნდა არ ეხება ზოგადად ჯაზს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლაც მომაბეზრებელი და სრულიად უადგილო იყო. არავინ არ უსმენდა, არავის არ აინტერესებდა. ლუდის ფესტივალს უფრო მეტად როკი მოუხდება, ქანთრიც მშვნეიერი იქნება. მეექვსე კორპუსის მიწისქვეშა გადასასვლელში ბიჭები ისე კარგად უკრავენ ქანთრის, დარწმუნებული ვარ ლუდის ფესტივალსაც ძალიან გაალამაზებდნენ. თუმცა რათ გინდა: მათ ფულიანი პატრონი არ ყავთ. (2)უნდა ავღნიშნო ბენდი (სახელად ზარები, თუ არ ვცდები), რომელიც უკრავდა ქავერებს – ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ლუდის ფესტივალის მუსიკალური გაფორმების თვალსაზრისით. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მათ ადრე დააკვრევინეს, რათა საღამოს სცენა დაეთმოთ გენი(ტ)ალური ბენდებისთვის. (3)კულმინაცია გახლდათ ქართული “სალ კლდეებს გაუმარჯოს” სიმღერები და ჯგუფები: ფრანი, მგზავრები… კარგით რა, კარგით! არ გეყოთ, არ დაიღალეთ? გავიგეთ რომ გიგი დედალამაზიშვილი ყველაზე კარგი, ძლიერი, სიმპატიური და ღიპიანი მომღერალია, გავიგეთ რომ ფრანის ვოკალისტი გაგა ჩიხლაძე არაფერში არ გაცვლის სამშობლოს სალ კლდეებს. მაგრამ გაისმის მთავარი კითხვა: სადაა აქ მუსიკა? სადაა აქ მდუღარე გრძნობა, ეიფორიის მომგვრელი ნოტები და თეძოების ამამოძრავებელი რითმები? ნურას უკაცრავად (ჩვენთვის ცნობილი ადამიანის აქცენტითა და მიმიკებით)! ჩვენ შემოგვთავაზეს მხოლოდ ფსევდო-პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი “ჯგუფები”.  ვიღას სჯერა ასეთი რამეების – სალი კლდეების და უცვლელი სამშობლოსი? აღარავის. სიმღერის დროს ყველა ყვიროდა – “არ გავცვლი სალსა კლდეებსაო”, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. ამ ყველაფერზე ჩემი მეგობრის ნათქვამი მახსენდება: “მანახეთ სხვისი სამოთხე და ჩემი სალი კლდეები ჭირსაც წაუღიაო!” – ესაა რეალობა, ჩემო მეგობრებო.

Read Full Post »