Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘შიში’

ენის წვერზე გვადგას ფრაზა… დიდი ხნის ნანატრი ფრაზა, რომელსაც ვერ ვამბობთ.
მე მეშინია. შენ? იცი მე რისი მეშინია? იმის რომ ერთ დღეს ბედნიერი ვიქნები. მეშინია, რომ ვეყვარები ვინმეს. ძალიან მეშინია. მცივა, ვკანკალებ. რას აკეთებ აქ? ნამდვილად იცი რა გინდა? მართლა გინდა რომ აღარ მეშინოდეს? და იმის არ გეშინია, რომ აღარ შემეშინდება? რა იცი როგორი ვარ, როცა არ მეშინია? გარისკავ? მზად ხარ ყველაფერი დადო სასწორზე და გარისკო? დავიჯერო მართლა ასე ძვირფასი ვარ შენთვის? მე ხომ იდიოტი ვარ.
წლებია მარტოობაში ვკლავ წუთებს და ვფლანგავ სიყვარულს, რომელიც ჩემში საკმარისზე მეტი დოზითაა და რომელიც მანადგურებს, რადგან ბედნიერება მხოლოდ გაზიარებულია სრულფასოვანი. იცი, ნაცრისფერ ქალაქში საერთოდ აღარაფერია ჩემთვის დარჩენილი. მხოლოდ შენ ხარ ფერადი. მე მაინც მეშინია შენი. შენ ხომ ჩემი ძირეული შიშის დაძლევას ცდილობ. მე კიდევ რატომღაც ისევ ჩვენი წინაპრების მიერ გაცვეთილი პრინციპით ვხელმძღვანელობ: “შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი ჯობიაო”. აუ რა დებილი ვარ. ღმერთო, რა დებილი ვარ.
დღეს ვფიქრობდი და მიხაროდა. მიხაროდა, რომ ვფიქრობდი. მიხაროდა, რომ შენზე ვფიქრობდი. უფრო მეტად კი ის მიხაროდა, რომ შენზე ვფიქრობდი როგორც ადამიანზე, რომელსაც გავუზაირებდი ჩემ სითბოს. ბევრს ვფიქრობ. არ შეიძლება უბრალოდ გაგიზიარო ჩემი სითბო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ სიამოვნებით გაგიზიარებდი მას? როგორ არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ხომ ზედმეტს ვფიქრობთ. დღეს აღარავინ ფიქრობს ჩვენს გარდა. იმედია ჩვენც მალე გადავშენდებით, როგორც დინოზავრები. ან თუ არ გადავშენდებთ, ამდენ ფიქრს მაინც გადავეჩვევით. ისე მეორე ვარიანტი ჯობს, ალბათ დამეთანხმები. ჯერ არ მინდა სიკვდილი. არ გვინდა სიკვდილი.
“In the Dark There’s a lot we don’t show” – და შუქი რომ ავანთოთ არ შეიძლება? მერე ალბათ ყველაფერი გამოჩნდება. მე, მაგალითად, 22 წელია სიბნელეში ვარ. უკუნითში. აი ისეთში, თვალთან თითს რომ ვერ მიიტან. სწორედ ამ სიბნელის გამო ვერ ვარჩევ, ვინ კარგია და ვინ – ცუდი; ვის ვუყვარვარ და ვის – ვუნდივარ; ვის ვჭირდები და ვინ – მიყენებს; ვის ვეხმარები და ვინ – მხმარობს. ვითომ ეს ყველაფერი 90-ნების ბრალია? უშუქობას და სიბნელეს ზედმეტად მივეჩვიე.
მერამდენე ხუთშაბათია პარასკევს ველი და მერამდენე პარასკევია, რომლის მოსვლაც არ მიხარია. მოდი გავერთიანდეთ რა. მოდი, ერთნი გავხდეთ. აი უბრალოდ ავდგეთ და ერთნი გავხდეთ. ერთად ვისუნთქოთ, ერთად ვიდარდოთ, ერთად ვიყოთ მარტო და ერთად ვიტიროთ. მიყვარს, როცა ერთად ვტირით. ვინ თქვა კაცები არ ტირიანო? აბა კი. მე ვტირი. მე იცი რას გასწავლი? რას და როგორ უნდა იყო კარგ ხასიათზე. ოღონდ ერთი პირობით: შენ უნდა მასწავლო, როგორ გამოვიდე სიბნელიდან და როგორ აღარ მეშინოდეს.
ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი და ვოცნებობ: ვინმე ძილის წინ ჩემზე ფიქრობდეს, როგორც ადამიანზე. ძალიან მინდა ეს ოცნება ამიხდეს. იცი როგორ ფიქრობდეს? აი ასე: “მერაბს რამე აწუხებს?” “ნეტავ მერაბი ბედნიერია?” “ნეტავ მერაბს როგორ ძინავს?”
მე მორწმუნე ვარ. მუხლებზე დაჩოქილი დემიენის და კიდევ იმის მწამს, რომ ერთ დღეს ენის წვერზე მომდგარ ფრაზას მომღიმარი სახეებით გავაჟღერებთ. წარმოდგენილიც კი მაქვს სცენა. ერთმანეთს შევხედავთ, ოდნავ გაგვეღიმება და სინქრონში ვიტყვით ენის წვერზე მომდგარ ფრაზას… დიდი ხნის ნანატრ ფრაზას, რომელსაც ვერ ვამბობთ.
ისე, ვიტყვით კი ოდისმე?

Read Full Post »

გიფიქრიათ ოდესმე, რომ თქვენ ერთ დღეს აღარ იქნებით? მე მიფიქრია, თან ძალიან ხშირად. ვიღაც 80 წელი ცოცხლობს, ვიღაც დაბადებისთანავე იღუპება… ყველა ადამიანს აერთიანებს სიკვდილი. ბუნებრივი წრე იქმნება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის: რომ არა სიკვდილი, არ იქნებოდა სიცოცხლე და პირიქით – რომ არა სიცოცხლე, არ იქნებოდა სიკვდილი. არსებობენ უკვდავი ადამიანები? ფიზიკურად არა, სულიერად – კი. “თუ გსურთ იყოთ მარადიული, შექმენით წიგნები ან ბავშვები” – ბრძანა პლატონმა. მის ნათქვამში სრული სიმართლეა: მარადიულობის უზრუნველსაყოფად, ადამიანმა უნდა დატოვოს შთამომავლობა – სულიერი შთამომავლობა, რომელიც აისახება წიგნებში, მუსიკაში, ბავშვებში (ბავშვი არ არის მატერიალური მემკვიდრეობა, ის სულიერის ასახვაა მატერიალურში).
13 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე ჩემი ბავშვობის მეგობრის, ჩემზე ორი წლით უფროსი თენგოს გარდაცვალების ამბავი. თენგო სიცოცხლით იყო სავსე, მასში არ იყო არაფერი ნეგატიური.სახე მუდამ უბრწყინავდა და ყველას მეგობრულად შესციცინებდა მუქი შავი თვალებით. მთელი სამეზობლო იცნობდა თენგოს, ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. 15 წლის ასაკში კი მისი სიცოცხლე უდროოდ დასრულდა – თენგო ლიფტის შახტაში ჩავარდა და მისმა ხერხემალმა ვერ გაუძლო 10 სართულიან ვარდნას. მის საფლავზე არც კი მივსულვარ… ან რა უნდა მექნა? იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდეგ, აღარც დავბრუნებულვარ ძველ უბანში. თენგოსთან ერთად, ჩემთვის ბავშვობა დასრულდა.
მეგობრებთან ხშირად მომდის კამათი ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: როგორ უნდა იცხოვორო ადამიანმა – ყველაფერი წინასწარ დაგეგმო თუ გული კარნახს მიჰყვე და მისი დახმარებით იხელმძღვანელო ცხოვრების რთულ გზაზე? სამეგობრო წრეში ორივე აზრის მიმდევრები მყავს, საბედნიეროდ. ერთნი მიმტკიცებენ, რომ დაუფიქრებლად არასდროს არ უნდა მოვიქცე, ყველა ნაბიჯი უნდა მქონდეს განსაზღვრული; მომავალზეც უნდა ვიფიქრო, გეგმებიც დავალაგო. მეორენი პირიქით, მირჩევენ მქსიმალურად მოვდუნდე, ცხოვრებას მარტივად შევხედო და ვაკეთო ის, რაც ჩემს გულს გაუხარდება; “მთავარია სულიერი შიმშილის დაკმაყოფილება და არა ხორციელის”-ო, მარიგებენ ისინი. მე ვცდილობ ვიპოვო ოქროს შუალედი ორ უკიდურესობას შორის. ვმოქმედებ გონებით, მაგრამ გრძნობების გათვალისწინებით. ცარიელი გრძნობები უფსკრულისკენ წაგვიყვანს, ისევე როგორც ცარიელი პრაგმატიზმი. რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ, რომ ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი. ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ადამიანები და გონიერად განვაგოთ ჩვენი ცხოვრება და ბედნიერება. Memento Mori!

Read Full Post »

დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ჯერ დაწერის სურვილი გაჩნდა და შემდეგ – საწერი თემა. მეგობრებს ვეკითხებოდი, ვის რა აწუხებდა, რა აინტერესებდა და მათთან საუბარში ვცდილობდი საინტერესო თემის გამოძებნას. ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრე, რომ მომხიბვლელი ქალბატონი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ახლაც მას უნდა უსაყვედუროთ ის, რომ მე კიდევ ერთი ნაჯღაბნით მოგაბეზრებთ თავს. მომხიბვლელ ქალბატონს აწუხებს შავი ფერი, უფრო სწორად აწუხებს შავი ფერის სიჭარბე ჩვენ საზოგადოებაში. მეც მაწუხებს შავი ფერი, ოღონდ არა მომხიბვლელი ქალბატონის შავი თმის ფერი. მაწუხებს შავი მაისურები, ჭუჭყს რომ დიდხანს იტანენ; მაწუხებს შავი ფეხსაცმლები, ლილოს ბაზრობაზე რომ იყიდება; მაწუხებს შავი შარვლები, ჩაცუცქვით მუხლებზე რომაა გაცვეთილი; მაწუხებს შავი ქუდები, უაზრო სახეებს რომ მალავს. ზოგადად მაწუხებს ეს სიშავე.

შავ ფერზე ფიქრისას, ნელ-ნელა გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც განასხვავებს საზოგადოების მიდგომას ამ აწ უკვე ავადსახსენებელ ფერთან დაკავშირებით: (1) გამოიყოფა ერთი ნაწილი, რომელიც უბრალოდ აღმერთებს ამ ფერს; (2) მათ უპირისპირდება მეორე ნაწილი, რომელიც არაფერს შავს არ იცვამს, ფობიაც კი სჭირს შავ ფერზე. განვიხილოთ ეს ორი უკიდურესობა და შევეცადოთ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, ანუ ის რაც ასე გვაკლია ქართველებს, ნებისმიერ დროსა და სივრცეში.

(more…)

Read Full Post »

“მე ხომ არ მეხება, იყოს მერე…” – ალბათ ეს ფრაზა ხშირად გაგიგონიათ. ქართველებს ეს მძიმე სენი შეგვეყარა, ალბათ უკვე დიდი ხანია (სავარაუდოდ 1801 წლიდან). ისტორიით ვამაყობთ: ქართველი ქართველს სისხლის ბოლო წვეთამდე ედგა გვერდში, მის გასაჭირს იზიარებდა, ლხინშიც მასთან ერთად მოილხენდა. რა ხდება დღეს? თითოეული საკუთარ თავში ჩაიკეტა და თუ უშუალოდ მას არ ეხება რამე საკითხი, სირ-აქლემასავით მიწაში აქვს ჩაყოფილი თავი.

ჩავუღრმავდეთ სირ-აქლემას სინდრომის გამოვლენის არეალს. დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება: ყოველდღიური ცხოვრების მაგალითად აღებაც გამოგვადგება პრობლემის უკეთ გასაანალიზებლად. უფრო კონკრეტულად კი ჩემი ცხოვრების მაგალითებს მოვიყვან (უფრო მეტად გასაგები რომ გახდეს).

(more…)

Read Full Post »