Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2012


საათი სამ საათსა და ჩვიდმეტ წუთს უჩვენებს. ვემზადები გასამგზავრებლად. სულ რაღაც 4 საათში ჩემი თვითმფრინავი ჰაერში აფრინდება და ჯერ სტამბულში, შემდეგ ბაზელში და იქიდან უკვე მატარებლით სტრასბურგში აღმოვჩნდები. ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე. ერთი თვის წინ აზრდაც არ მომივიდოდა, რომ ახალ წელს საფრანგეთში შევხვდებოდი.
ბოლოს საფრანგეთში 4 წლის წინ ვიყავი. მახსოვს საქართველოში დავბრუნდი თუ არა, ომი დაიწყო. ხუმრობით ვეუბნებოდი ჩემ თავს “რა იყო შე ჩემა, ომი მოუტანე ქვეყანას-თქო?”. მარა სახუმარო რა იყო. ეგაა რა. სიმწრის დროს უფრო მეტად ვხუმრობთ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ. დღეს საფრანგეთში მივდივარ. მერე 21 დეკემბერი მოდის. ვითომ საფრანგეთში ვეტყვი ჩემ თავს ხუმრობით რაიმე მსგავსს? მაგალითად: “რა იყო შე ჩემა, არეულობა მოუტანა ამ საათივით აწყობილ ქვეყანას?”. არა მგონია. 21 დეკემბერს თუ რამე მოხდა, ეს მხოლოდ ზომბი აპოკალიფსი შეიძლება იყოს. ზომბი აპოკალიფსის კი სულაც არ მეშინია. წიგნები წავიკითხე და ვიცი, როგორ დავამარცხო ზომბები. აი ასე.
არ მიყვარს მგზავრობ. უფრო სწორად ის მომენტი არ მიყვარს, სადღაც რომ ხარ მიჩვეული და მერე სხვა “სადღაც” რომ მიდიხარ, სადაც ის ახალი “სადღაც” შენი ძველი “სადღაცის” სრულფასოვანი შემცვლელი უნდა გახდეს. მერე იქ რომ მიეჩვევი, სადღაც, უკვე უკან დაბრუნებისას მიჩვეულ “სადღაცს” უნდა გადაეჩვიო და ახალ “სადღაცს” უნდა მიეჩვიო ისევ. მოკლედ რა. ასე სითბოს ძიებაში ნელ-ნელა ვემსგავსები ფრინველებს, რომლებიც მუდმივად სითბოს ძიებაში არიან. სადაც სითბოა, ჩემი ფრთებიც იქით მიმაფრენენ. რა პოეტურია, ღმერთო ჩემო.
ბებიამ შემოვიდა ოთახში, ხომ არ დაგაგვიანდაო. ბებიამ არ იცის, რომ თვითმფრინავით მივდივარ. ეშინია თვითმფრინავების. ერთხელ, როცა გაიგო, რომ უკრაინაში თვითმფრინავით წავედი, დედაჩემს უსაყვედურა – შვილს ასეთ ამბავში როგორ უშვებ, დედა არ ხარ, არ ნერვიულობო?! მას მერე დედა ცდილობს საკუთარი იმიჯის გამოსწორებას ბებიაჩემის, ანუ იგივე დედამისის თვალში და ეუბნება, რომ შვილს, ანუ მე, სამგზავროდ აღარ უშვებს თვითმფრინავით. კიდევ კარგი მატარებელი და მანქანა ბებოს მოსაწონ ტრანსპორტთა სიაში შედის, თორემ ველოსიპედით რა ჩამიყვანდა საფრანგეთში.
კარგი ქვეყანააო საფრანგეთი, ასე მითხრეს. მეც ეგრე მახსოვს პრინციპში. იცი როგორი ქვეყანაა? აი მეტროდან რომ გამოდიან, კარებს ხელს არ უშვებენ და გელოდებიან, სანამ შენც მიხვალ. თუ შემთხვევით გაეშვათ ხელი, ბოდიშს გიხდიან. მერე შენ მადლობა უნდა გადაუხადო. მშვნეიერია. მადლობა-ბოდიშის რეჟიმში ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდია. ბევრად უფრო საინტერესოც. ყველა თამაშობს ცოტ-ცოტას და კარგია. აკვირდები, ვინ უფრო კარგი მსახიობია და ვინ იმსახრებს ოსკარს და ვინ ჟოლოს. საქართველოში რომ დავბრუნდი, მაღაზიაში შევედი და გამარჯობა ვუთხარი გამყიდველს. მერე მადლობა. არ მიპასუხა. მერე ქუჩაში გამოვედი და ვიღაც ტიპები ცუდად იდგნენ, გზას მიღობავდნენ. ბოდიში-მეთქი ვუთხარი და ველოდებოდი როდის გაიღიმებდნენ, მეტყოდნენ “პირიქით, ჩვენ ბოდიშიო” და გამატარებდნენ. ნურას უკაცრავად. აგერ გვერდულად გაგვიარეო, სახეებით მითხრეს და მეც უხმოდ გავუარე გვერდიდან, გაჭირვებით. მას მერე აღარ ვეუბნები არავის ბოდიშს. მარტო მეგობრებს. იმათაც ხანდახამ უკვირთ. არადა საფრანგეთში ჩემ მეგობარს რომ ვკითხე რომელი საათია-მეთქი, მითხრა “გეთაყვა უნდა დააყოლო ხოლმეო”. მერე აღარ მეშლებოდა. კაი ხალხია ფრანგები. კაი ქვეყანაა ფრანცია.
უკვე 3:36 გამხდარა. წავედი ახლა, ჩავალაგო ჩემოდანი. თორემ დავრჩები ასე და ვეღარ წავალ საფრანგეთში და მერე ვეღარ შევადრი 4 წლის შემდეგ ნანახ საფრანგეთს ჩემი ბავშვბოსი ფრანციას. ოღევუაღ და ბონ ნუი თქვენ. ბონჟუღ საფრანგეთს.

Read Full Post »