Feeds:
Posts
Comments

Archive for May, 2011


ვფიქრობდი რა დამეწერა, როგორ დამეხასიათებინა ჩემი თავი და ჩემი ცხოვრება. მითუმეტეს ამ ბოლო დროს, როცა აიხლართა და დაიბურდა ყველაფერი ჩემ გარშემო. ხოდა მეგობარმა გამომიგზავნა ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება. მეგონა საკუთარ თავზე ვკითხულობდი. მოკლედ, თუ გაინტერესებთ, როგორი ვიყავი, ვარ და ვიქნები, წაიკითხეთ “ჩემი” დახასიათება. ზოგადია, მაგრამ ხანდახან დეტალებშიც კი უახლოვდება ჩემს პირად დახასიათებას.

ყველა ადამიანი ეძებს ვენერას — სიყვარულის ქალღმერთს; პლანეტას, რომელმაც ყველფერი იცის სიყვარულის შესახებ და სასწორი ფლობს მას. სასწორები, ისევე როგორც მათი სიმბოლო — სასწორი, ბევრს ყოყმანებენ გადაწყვეტილების მიღების წინ. მათი პიროვნება ნათელი და ინტელექტუალურია, რადგან ისინი ჰაერის ნიშანი არიან, მათი მომხიბვლელობა — უსაზღვროა, მათი ღიმილი — განუმეორებელი.

მთელი თავისი ცხოვრება სასწორები ეძებენ ადამიანს, რომელიც მათი იდეალური მეუღლე გახდება, მაგრამ როცა საბოლოოდ პოულობენ მას, იშვიათად არიან ბედნიერი. რატომ? იქნებ სასწორებს თვითონ სიყვარული უყვართ? იქნებ ისევე როგორც ვენერას ზედაპირი, რომელსაც მის ზედაპირზე ნისლის გამო, ასტროლოგები დიდი გაჭირვებით ათვალიერებენ, სასწორის ნიშნები ამოუხსნელი არიან.

ამ ნიშნის ასტროლოგიური სიმომბოლოა — სასწორი, ხოლო ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების უმრავლესობა საზოგადოებრივ და პირად ასპარეზზე ამ სასწორის მუდამ გაწონასწორებას ცდილობს. სასწორებს ძალიან სჭირდებათ გაწონასწორებულობა და ჰარმონია. როცა ეს შეუძლებელია, ისინი უფრო რეაგირებენ მოვლენებზე, ვიდრე მდგომარეობის შეცვლას ცდილობენ. ვენერამ საკუთარ შვილებს ძლირი ანალიტიკური გონება უბოძა; განსაკუთრებით, როცა საქმე ხელოვნებამდე მიდის. თავისი გონიერებით ისინი ბევრ ადამიანს იზიდავენ, რომლებიც სასწორებს რჩევას თხოვენ. ისინი ასევე გულწრფელი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არიან.

სასწორების ინტუიციური თავისებურებები და სილამაზის ესთეტიური აღქმა მათ გამოჩენილ მხატვრებად, პოეტებად, მწერლებად, კომპოზიტორებად, მომღერლებად და მსახიობებად აყალიბებს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ამ თვისების წყალობით, ისინი ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე ბედნიერები არიან და ხშირად, ისინი მართლაც უზრუნველები არიან. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, იპოვიან თუ არა ისინი თავიანთ სულიერ თანამზრახველს ცხოვრებაში. ეს მათი ვალია, სასწორზე მხოლობით რიცხვში ფიქრი პრაქტიკულად შეუძლებელია: მათი ყველა ტიპი მომავალში ცხოვრების ყველა სფეროში თავგანწირვასთანაა დაკავშირებული. ჩანს, რომ სასწორები სიყვარულის მაძიებლები არიან. მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, ისე, როგორც, მაგალითად მშვილდოსანი ან ღრიანკალი. სასწორს ყოველთვის სწამს იმ არაჩვეულებრივი საღამოსი, როცა უცნობის სიცილს გაიგებს და შემდეგ ის მისი სულიერი თანამზრახველი გახდება და მის ცხოვრებას გაამთლიანებს.

მაგრამ ყველა ეს თვისება სასწორს სუსტ მოწინააღმდეგედ როდი აქცევს, თუკი ის უკვე თქვენს ხელთაა. მათი დამოუკიდებლობა შეურყეველია, იმის მიუხედავად, რომ ამას რბილად და შეუმჩნევლად გამოხატავენ. მათ ყოველთვის წარმოუდგენიათ ადამიანის ის ტიპი, რომელსაც ეძებენ. სასწორები ძლიერ აფასებენ ადამიანებს. ადამიანების გაბედნიერების დაუოკებელი სურვილი ხშირად ისე შორს მიდის, რომ ისინი უფრო სხვას ასიამოვნებენ, ვიდრე საკუთარ თავს. თუმცა, ისინი უნებისყოფოები არ არიან, როცა ხედავენ, რომ მათ დელიკატურ პიროვნებას შეურაცხყოფენ.

სასწორები ხშირად უპირისპირდებიან გარშემო სინამდვილეს, რადგანაც საკუთარ თავს ელეგანტურობასთან და სინატიფესთან აგივებენ. ისინი ყველაფერზე წავლენ, რომ თავიდან აიცილონ ისეთ ადამიანებთან კონტაქტი, ვინც ეთიკისა და კარგი გემოვნების კანონებს უგულვებელყოფს.

ასტროლოგები პლანეტა ვენერას „ნაკლებად იღბლიანად“ თვლიან, „შედარებით უფრო იღბლიანი იუპიტერისგან“ განსხვავებით. სასწორებმა პრაქტიკულობის შეგრძნება უნდა გამოიმუშავონ, რათა ის ნაყოფი მოიმკან, რომელსაც მათ ზეციური მმართველი უწვდის. როცა სასწორი გაწონასწორებულია, ის განუმეორებელია.

დღევანდელ მატერიალურ სამყაროშიც კი, მათ ორი უპირატესობა აქვთ; მათი ნიშანი მართავს სიყვარულისა და იდეალიზმის სფეროებს.

Advertisements

Read Full Post »

მარტოობა ანუ მდგომარეობა, როდესაც არავინ ფქრობს შენზე, როდესაც შეგიძლია უჩუმრად გაიარო ადამიანებს შორის, დააკვირდე მათ ქცევებს, მიმოხვრასა და ჟესტებს. თავისუფლად შეგიძლია მიეპარო უცნობ ადამიანებს, ყური დაუგდო მათ მიერ ჩურჩულით ნათქვამ თითოეულ ფრაზას და შენი დასკვნებიც გამოიტანო. თან ეს ყველაფერი ისე, რომ სულიერი ვერ შეამჩნევს შენს არსებობას. შენ მარტო ხარ: უდროო დროს და უადგილო ადგილას იმყოფები და გაქცევას ცდილობ, თუმცა ძალა არ გყოფნის. ბავშვობიდან მორჩილებაში იზრდები, ოღონდ ისეთში, თან რომ თავისუფალი გგონია თავი. “მე ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს!” – აცხადებ ამაყად, თუმცა კი ყოველი შენი გადაწყვეტილება აღზრდის დროს ჩანერგილი შიშების, კომპლექსების და “ვალდებულებების” შედეგია. გულის სიღრმეში ყოველთვის იცი, რა უნდა გააკეთო და არასდროს არ იცი, რისი გაკეთება გსურს. მოვალეობები, ვალდებულებები, სტერეოტიპები… ამ ყველაფერს საბოლოოდ მხოლოდ მარტოობამდე მივყავართ, რადგან ადამიანი ყველაზე მარტოსული მაშინაა, როცა საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენს და ხვდება მისთვის უჩვეულო გარემოში, სადაც არავის ესმის მისი სიმღერა, ლექსები, სიტყვები თუ უბრალო მინიშნებები, თვალების ნელი მოძრაობა და თითების კანკალი. ჩვენ მარტოობისთვის ვართ განწირულნი. არასდროს არ გამოჩნდება ის, ვინც შეეცდება გაიგოს “შინაგანი რეალობა”. ადამიანებს ყოველთვის “გარეგანი” და “რეალურად” არსებული იზიდავთ. ყოველთვის ჯობია შეეხო და გაიგო, ვიდრე დაფიქრდე და შეიგრძნო. მარტივია საზოგადოება, მარტივია შეფასების კრიტერიუმები. დღეს მე კიდევ ერთხელ ვიგრძენი მარტოობა. ყველა თავისთვის დადიოდა, დაუფიქრებლად და ზედმეტი ძალდატანების გარეშე. მე სადღაც შუაში ვიყავი გაჩხერილი: თან სიამოვნებას ვიღებდი, თან კი ვიტანჯებოდი იმ მომენტში გამეფებული მარტოობით. მარტოობა ცუდია. თუმცა ყველაფერი რაც არ გკლავს, გაძლიერებს კიდეც.

Read Full Post »

დღეს პირველად დავფიქრდი, რომ არასოდეს მომწონებია გოგო ტყუილუბრალოდ. რა იგულისხმება “ტყუილუბრალოდ”-ში: გავერთობი, ერთ ღამეს გავატარებ, ცოტას გულს გადავაყოლებ. მეგობრები ყოველთვის მსაყვედურობენ, რომ არ შემიძლია გოგოს შევხედო “გულის გადაყოლების” ამბავში. მე თუ მომწონს, მომწონს ბოლომდე: თმის ღერებიდან ფეხის თითებით დამთავრებული. მომწონს გულის სიღრმეში და არასდროს არ ვფიქრობ მისთვის ტყუილის თქმას და არც ისტორიების გამოგონებით ვიკლავ თავს, ყოველთვის ვარ ნამდვილი და უბრალოდ მომწონს. ბევრი კი ამ ყველაფერს აღიქვამს როგორც არანამდვილს და არაგულწრფელს. რატომ დავფიქრდი დღეს ამაზე? გეტყვით. ერთი გოგო მომწონდა ძალიან. სამწუხაროდ ჩემი ყოველი მცდელობა წამომეწყო მასთან საუბარი, უკეთ გამეცნო და შემდეგ დავახლოვებოდი უშედეგოდ მთავრდებოდა. გოგონა არ მპასუხობდა არც ზარებზე, არც მესიჯებზე… იმაზე საუბარიც ზედმეტია, რომ როდესმე საკუთარი ინიციატივით შემხმიანებოდა. მე კი ერთი თვისება მაქვს, რომელიც არც ცუდია და არც კარგი: როგორი სიმძარფითაც მომწონს, ისეთივე სისწრაფით ვივიწყებ. ეს გოგონაც ასე დავივიწყე, რადგან ვთვლი, რომ თუ გოგოს არ სურს ჩემთან საუბარი (თუნდაც ამას თავის დაფასების მიზნით აკეთებდეს), მე მასთან არ მაქვს არაფერი საერთო. ხოდა დღეს კვლავ ვიხილე ეს გოგონა. უკვე აღარ მსურდა მისი ნახვა, არც თბილად მისალმება, ლამაზ თვალებში ჩახედვა ხომ აზრადაც არ მომსვლია. გოგონას სახეზე გაკვირვება შევატყვე: “ეს ის მებო არაა, რომ მოვწონდი?” – ალბათ გაიფიქრა მან. შემდეგ სავარაუდოდ ისიც იფიქრა, რომ თუ ასე მალე დავივიწყე, ე.ი. არც არასდროს მომწონდა რეალურად. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს რა გაიფიქრა. უბრალოდ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თუ ოდნავ მაინც ავიცრუე გული, გრძნობების უკან დაბრუნება ძალიან მიჭირს. არადა ყველაფერი რა ძალიან მარტივად იყო და არის: მომწონხარ… შენც მოგწონვარ? მაშინ რატომ თამაშობ? რატომ ცდილობ თავი უკარება არსებად და მიუწვდომელ პრინცესად წარმოაჩინო? რაც არის არის. შენ ასეთი გზა აირჩიე, მე კი ასეთი ვარ – უცბად მიჩნდება სიმპატია, რომელიც ყოველთვის გულწრფელია და ასევე უცბად მიქრება იგი, რადგან ვერ ვიტან, როცა მეთამაშებიან.
ეს პოსტი იმათ, ვისაც გონია, რომ გართობის მიზნით მომწონდა ისინი. თქვენ ცდებით. მე ყოველთვის მომწონდით, უბრალოდ და უმიზნოდ; და რომ არა თქვენ მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯები, დღეს შეიძლება ჩვენ შორის კარგი ურთიერთობაც ყოფილიყო.
მე ერთი რამ ვიცი, უბრალოდ მომწონხარ…

Read Full Post »