Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘უცხოპლანეტელები’

გპირდები:
არასდროს გადავიწერ პირჯვარს აფთიაქის წინ.
არასდროს დამავიწყდება გაგაცნო ადამიანები, ვისაც ვიცნობ.
არასდროს დაგიმალავ რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელოს და ყველაზე უინტერესოს.
არასდროს დავივიწყებ შენს პირველ კოცნას – უცხოპლანენელთა შემოსავეზე უფრო მოულოდნელს და ზურგში ჩაცურებულ ყინულებზე უფრო ამაღელვებელს.
არასდროს ვიფიქრებ, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი.
არასდროს შეგადარებ სხვებს, იმ სხვებს, ჩემი ღირსნი რომ არ იყვნენ და სითავხედიდან გამომდინარე თავი ადამიანებაც კი მოჰქონდათ.
არასდროს გაგიცრუებ იმედებს, რადგან იმედი ერთადერთია, რაც შემოგვრჩა.
არასდროს დაგტოვებ ამ გაპარტახებულ ყოველდღიურობაში.
არასდროს ვიმღერებ ისე, თვალზე მომდგარი ცრემლის სინანულით მოიწმენდის საბაბი რომ მოგცე.
არასდროს ვიმღერებ ხმამაღლა.
არასდროს დავუკრავ ისე, რომ ადგე და ოთახიდან გახვიდე
არასდროს გატკენ გულს.
არასდროს დავაწიყდება ვის უნდა გავუფრთხილდე ცხოვრებაში.
არასდროს დავუბრუნდები პერიოდს, როცა საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და ხან ალთას ვიყავი და ხან ბალთას…
არასდროს დავიწუწუნებ წარსულზე, რომელიც ცალ-ცალკე გავატარეთ.
არასდროს დავივიწყებ ადამიანებს, რომლებიც არასწორად გაფასებდნენ.
არასდროს არავინ გეტყვის, რომ მე შორს ვარ.

ვერ შეგპირდები:
ოდესმე მივხვდები, რა მინდა.
ოდესმე მეცოდინება, რა მიყვარს.
ოდესმე ვიპოვი სიმშვიდეს.
ოდესმე შევძლებ გავიცინო.
ოდესმე მოვრჩები საკუთარი თავის ძიებას.
ოდესმე ვიქნები ის, ვინც ვარ.
ოდესმე ვიპოვი ძალას ვიარსებო უშენოდ.
ოდესმე ვიცხოვრებ სტაბილურად.

ვიცი:
შემიძლია სიყვარული.
შემიძლია ზრუნვა.
შემიძლია ტირილი.
შემიძლია გემრიელი სადილის მომზადება.
შემიძლია სუპრიზების გაკეთება.
შემიძლია ჩემი ცხოვრება შენ დაგითმო.
შემიძლია მიყვარდე.

Read Full Post »

პოსტი ეძღვნება ყველაზე ლამაზ, დახვეწილ და გემოვნებიან გოგონას.

ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე ალბათ გლეხი ვიქნებოდი, შენ კი – თავადის ქალი. იმდენად ლამაზი ხარ, სხვანაირი ცხოვრება არც კი მოგიხდებოდა. შენი წვრილი და ნაზი კოჭები ვერ გაუძლებდნენ მძიმე ტვირთის ტარებას და გლეხურ ცხოვრებას. შენ ფუფუნებაში იცხოვრებდი და ცინ ნიავს არ მოგაკარებდნენ მსახურები. მიუხედავად ამისა, მე მაინც მომეწონებოდი და ყოველდღე, ყანაში მუშაობისას, შორიდან დავტკბებოდი შენი ლამაზი ნაწნავებით. შენ ამ დროს ფანჯარასთან იჯდებოდი: ხან თმას დაივარცხნიდი, ხან წიგნს წაიკითხავდი, დახატავდი კიდეც. მე ეს ყველაფერი მეცოდინებოდა, მაგრამ ისე, ჩუმად და ჩემთვის. ასე ხომ უფრო ლამაზი და საინტერესოა. თანაც ჩემი დაკოჟრილი ხელებით ვერც გავბედავდი შენი ნაზი თმის მოფერებას, ჩემი გლეხური გაერგნობით კი ვერც დაგენახებოდი.
ჩვენ რომ სხვა დროში და სხვა ადგილას ვყოფილიყავით, ორივენი პარიზში ვიცხოვრებდით. შენ მე-16 უბანში, ბურჟუების გარემოცვაში, მე – მე-18-ში, პარიზელ თავქარიანებთან ერთად. შენ ყოველ საღამოს კლასიკურ მუსიკას მოუსმენდი მეგობრების ვიწრო წრეში – თაყვანისმცემლები არასდროს მოგაკლებდნენ ძვირფას ყვავილებისგან გაკეთებულ თაიგულებსა და მუქ შოკოლადს, რომელიც შენ ძალიან გეყვარებოდა. მე ერთი წყალწაღებული მუსიკოსი ვიქნებოდი: ღამეებს სმაში, სიმღერასა და შენზე ფიქრში გავატარებდი. მერე დილისკენ რამეს დავწერდი: ხან სიმღერას, ხან ლექსს, ხან ჩანახატს. ფოსტით გამოგიგზავნიდი, ოღონდ ჩემს ვინაობას არ მივაწერდი. თან ნოტრ-დამის ეზოში შეგროვილ მინდვრის ყვავილებსაც გამოგიგაზავნიდი, აბა მე სად გავწვდებოდი ძვირფასი თაიფულების ყიდვას. შენ ალბათ მოგეწონებოდა ჩემი ნაჯღაბნი, ყვევილებსაც ნაზად დასუნავდი. შეიძლება მეც მოგწონებოდი, შეიძლება. მაგრამ მე შენთან მოსვლას ვერასდროს გავბედავდი: არც სათანადოდ მეცმეოდა და არც საჭირო გამბედაობით ვიქნებოდი დაჯილდოვებული ღმერთისგან.
ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე შენი საცხოვრებელი კორპუსის კონსიერჟი ვიქნებოდი. გავაკონტროლებდი ვინ მოვიდოდა შენთან, ვინ გამოგიგზავნიდა საჩუქრებს, ვინ გაწყენინებდა, ვინ გაგამხიარულებდა, ვინ გაგაბედნიერებდა… აუცილებლად საქმიანი ქალი იქნებოდი: კარგი კარიერის მქონე, მომხიბვლელი და ჭკვიანი. შენ ხომ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ წარმატებული იყო. მე ზეპირად მეცოდინებოდა რომელ საათზე გახვიდოდი სამსახურში და როდის დაბრუნდებოდი ოდნავ დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი სახით, რადგან შენ ძალიან გეყვარებოდა შენი პროფესია. მეც კმაყოფილი ვიქნებოდი ჩემი სამსახურით: არც არავის შევაწუხებდი, საჭმლის ფულიც მექნებოდა და რაც მთავარია, ყოველდღე, დღეში ორჯერ გნახავდი შენ. შენი სახლის გასაღებიც მექნებოდა და შენს არყოფნაში ჩუმად დავათვალიერებდი  ცარიელ ოთახებს, სადაც ნაზი სურნელი დაუსრულებლად იტრიალებდა. ასე გავიმრავალფეროვნებდი უინტერესო დღეებს: დილით მზის მაგივრად შენ გამინათებდა, ღამით კი ძილი ნებისას მეტყოდი და მთვარის ფუნქციას შეითავსებდი.
ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, პირველყოფილები ვიქნებოდით. შენ ისეთი ლამაზი ხარ, ველურებიც კი მორიდებით მოგეპყრობოდნენ. იქნებოდი ერთადერთი ქალი, რომელიც ახლად დამკვიდრებულ პატრიარქალურ წყობაში, მაინც ისარგებლებდი პრივილეგიებით. იცხოვებდი ჩვენგან განსხვავებულად, ადამიანურად, მაგრამ ამის გამო ვერავინ ვერ გაგიბედავდა ზედმეტს. მე ბელადის მარჯვენა ხელი ვიქნებოდი. ხოდა როგორც მეორე კაცი ტომში, ვერასდროს გავბედავდი შენთვის ჩემი გრძნობების ახსნას. რამეს რომ მოვინადირებდი, ჩუმად შენ საძინებელ ადგილთან დავდებდი, რათა შენს ჯანსაღ სხეულს არ მოკლებოდა ენერგია და სიცოცხლის ნიშან-წყალი. შენ გულში გადაუხდიდი მადლობას კეთილშობილ პირველყოფილს, რომელიც თავის ვინაობას არასდროს გაგიმხელდა. შენი სილამაზით მოხიბლული, ერთ დღესაც შევიცვლებოდი და მეც ადამიანს დავემსგავსებოდი, შენსავით. ამის გამო მე ტომიდან გამაძევებდნენ, უშენობით გამოწვეულ სიმძიმეს ვერ ავიტანდი და ისტორიაში პირველ თვითმკვლელობასაც ჩავიდენდი.
თუმცა, ჩვენ არ ვცხოვრობთ სხვა დროში. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ შენი. ახლა ღამის ორი საათია, კომპიუტერთა ვზივარ და ამ პოსტს ვწერ.  გარშემო სრული სიჩუმეა, მხოლოდ კლავიატურის ხმაური არღვევს იდილიას. შენ  ჰაეროვნად გძინავს და შენსავით ლამაზი სიზმრების ყურებით ტკბები. ხვალ ისევ გნახავ, ისევ მოგესალმები და შენ ისევ გამილამაზებ ერთფეროვან დღეს. სამყაროში ისეთი უჰაერობაა, რომ უშენოდ ნამდვილად გავიგუდებოდი აქამდე.

Read Full Post »

პოსტი დაწერილია 53 წუთსა და 21 წამში. ზუსტად ამდენი დროა საჭირო Radiohead-ის გენიალური ალბომის, Ok Computer-ის მოსასმენად. პოსტის კითხვისას რეკომენდირებულია Exit Music-ის მოსმენა. ეს პოსტის ექსტრემალურ პირობებში დაწერის პირველი მცდელობაა. თუ მოგეწონებათ, კიდევ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ექსპერიმენტებს.

დილა საინტერესოდ დაიწყო – ჩემთან უცხოპლანეტენელები მოვიდნენ. ისიც კი არ ვიცი საიდან და როგორ, ყველაფერი უცბად მოხდა: თვალები გავახილე და ისინი ჩემ წინ იდგნენ – გაუნძრევლად მაკვირდებოდნენ წვრილი თვალებით. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მათ გრძელი ყურები, მრგვალი ცხვირი და წაგრძელებული თავები ჰქონდათ. სულაც არა – ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მე ეგრევე მივხვდი, რომ სხვა პლანეტიდან გახლდნენ ჩამოსული. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი უცხოპლანეტელების ნახვასა და მათთან კონტაქტის დამყარებაზე, პირველი რეაქცია მაინც ოდნავი შიშით იყო გაჯერებული, გაურკვევლობისა და სიახლის შიშით. ისინი ხუთნი იყვნენ: სამი მათგანი განუვითარებლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ორი კი პირიქით – ზედმეტად განვითარებულის. სასწაულ ხმებს გამოსცემდნენ – ეს არც საუბარი იყო, არც ყვირილი და არც სიმღერა. მათი კომუნიკაციის საშუალებები და ურთიერთობის მანერა უფრო მეტად სამივე ელემენტის სინთეზს ჰგავდა, რამაც ძალიან მომხიბლა და ერთ ადგილას მიმაჯაჭვა. ვუსმენდი 5 უცხოპლანეტელს და ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი: დედამიწაზე თუ რომელიმე სხვა პლანეტაზე. მე სიამოვნებას ვიღებდი მათთან ურთიერთობით, გაღიმებული შევცქეროდი მათი და ისინიც საკმაოდ გულახდილად ცდილობდნენ საკუთარი ემოციების გადმოცემას სხვადასხვა ბგერების საშუალებით. ეს ყველაფერი მაგიჟებდა, თუმცა ამავდროულად უსაზღვრო ბედნიერებას მგვრიდა.
უეცრად მათში რაღაც შეიცვალა. თითქოს დედამიწაზე გატარებული რამოდენიმე წუთის შემდეგ, ისინი უკვე შეწუხდნენ ამ სამყაროში არსებული სინამდვილით და დაიწყეს გაპროტესტება, ყვირილი, ტირილი… უკვე ადამიანური ენაც შეისწავლეს – როგორც ჩანს ზედმეტად აქვთ განვითარებული შესაძლებლობები. ახლა უფრო გარკვევით მესმის მათი სურვილები, უფრო ცხადად ვხედავ მათ თვალებს, მესმის მათი წარმოთქმული სიტყვები. მათთვის დედამიწა ერთი უსახური პლანეტაა, სადაც ყველა ერთმანეთს გავს და ერთნაირად აზროვნებს, სადაც ყველაფერი დღითიდღე უფრო ნაცრისფერი და ერთფეროვანი ხდება. ისინი ამაზე უკვე ბრაზდებიან და ცოტათი ნანობენ კიდეც საკუთარი პლანეტის დატოვებას. უცხოპლანეტელები ერთმანეთთან რადიოტალღების მეშვეობით საუბრობენ. მეც მსურს რადიოტალღების წაკითხვა ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე, მაგრამ ჯერ არ გამომდის. თუმცა მჯერა, რომ მალე გამომივა. მე ისიც კი მჯერა, რომ მალე ყველაფერი უკეთ იქნება: წვიმა გადაიღებს, მზე გამოანათებს და ჩემ უცხოპლანეტელებთან ერთად გაშლილ მინდორზე ვისაუბრებ რადიოტალღების მეშვეობით. ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს არ არის ცუდი. იმისათვის რომ გააცნობიერო საკუთარი დანიშნულება, აუცილებლად უნდა დაკარგო კონტროლი საკუთარ თავზე, ცოტა ხნით მაინც.

კატასტროფა მოხდა, უპატიებელი შეცდომა მოგვივიდა. ჩვენი უცხოპლანეტელი მეგობარი ამქვეყნიური დაავადებით დაავადდა: ის სხვებს დაემსგავსა და ვეღარ შეიგრძნობს თავისუფლების სუნს. ქალაქის სიბინძურე უკვე მასზეც აღარ მოქმედებს და ის ნელ-ნელა მისი ნაწილი ხდება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიმოქმედოთ რამე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოთხი უცხოპლანეტელიც დაავადდება და ქვეყნად აღარავინ დარჩება ნორმალური: ყველანი მაკდონალდსში შევჭამთ ჩიზბურგერებს, შემდეგ კი კინოთეატრებში წავალთ პოპ-კორნის და კოკა-კოლის მისაღებად, რადგან ფილმები უკვე აღარავის აინტერესებს. მე აუცილებლად უნდა გადავარჩინო ეს ადამიანი, რათა ხუთი სულიერი მაინც დარჩეს ამქვეყნად, ვინც კინოთეატრში ფილმის საყურებლად ივლის და არა პოპ-კორნის საჭმელად ან მეგობარი გოგოს საკოცნელად. ბოლომდე დავიხარჯები და გადავარჩენ, შეცდომის უფლება არ მაქვს.
ჩემი მეგობარი ნელ-ნელა ფხიზლდება – როგორც ჩანს ჩემმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. მთელი დღე ვასმენინებდი რედიოჰედს და ამან თავისი ქნა – დღის ბოლოს ტომასმა თვალი გაახილა (ეს სახელი მე შევარქვი, რადგან რედიოჰედის მოსმენისას განსაკუთრებული მგრძნობელობით ტომ იორკის ფალცეტებზე რეაგირებდა). დღეს კი ჩვენ უკვე გაქცევას ვგეგმავთ. მე და ჩემი 5 მეგობარი, ხუთი უცხოპლანეტელი – ჩვენ შორს წავალთ; ისეთ ადგილას გადავალთ, სადაც სუფთა ჰაერი იქნება და ჩვენ მწვანე ბალახზე ვიგორავებთ; ჩვენ სხეულებს, მზის მხურვალებით დაღლილს, თავისუფალი და დაუოკებელი ქარი გააგრილებს; საღამოობით კი მთვარის ცქერით დავტკბებით და არასდროს არ გვეგონება, რომ მასზე სტალინის სახეა გამოსახული – ჩვენ შორს ვიქნებით საბჭოური შიშებისგან და ცრურწმენებისგან. ცვლილებების დროა, დიდი ცვლილებების. თქვენ შეგიძლიათ იცინოთ, შეგიძლიათ დაგვცინოთ კიდეც და 6 გამოშტერებული გვიწოდოთ. მერე რა, ჩვენს ოცნებებსა და სურვილებს თქვენ მაინც ვერაფერს ვერ დააკლებთ. ჩვენ წავალთ, ძალიან შორს წავალთ და მივაღწევთ ჩვენ სანუკვარ ოცნებას – სამარადისო სიყვარულს. იცით როგორ სიყვარულს? არასდროს რომ არ გაქრება და არასდროს არ დასვამს შეკითხვას: „მართლა გიყვარვარ?“ თქვენ კი ყველანი გაიგუდებით იმ უჰაერობით, რომელიც თქვენ მიერვე დაბინძურებულ სამყაროშია გამეფებული.

ჩვენ გავრბივართ, ნელ-ნელა უკან ვიტოვებთ უფერულ მასას და ერთმანეთში ათქვეფილ სახეებს. ირგვლივ მოწყენილობა და უჰაერობაა: ვხედავთ საქმიან კაცებს, სამსახურიდან სახლში რომ ბრუნდებიან; იქვე სხედან უსახლკარო მოხუცები, რომლებიც მეტროს თავზე გაშლილ კარვებში ათენებენ ღამეებს, რადგან იქ ყველაზე მეტი სითბო ამოდის მიწიდან; რამოდენიმე მეძავსაც ვხედავთ – ისინი მუდამ ფხიზლად არიან კლიენტის ძიებაში. ისინი ხომ არასდროს იძინებენ, რადგან დღე-ღამის ცნება დარღვეულია მათ მიერ არჩეულ პროფესიაში; რამოდენიმე ბავშვსაც ვამჩნევთ, რომლებიც აქეთ-იქით დარბიან და რაღაცას ეძებენ, ოღონდ თვითონაც არ იციან რას. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენ გადავეყარეთ, ერთი საერთო აქვთ – ისინი დაკარგულები არიან, მათი გრძნობები კი სიცარიელითაა სავსე. მათთვის ტკივილი, სიამოვნება, წყენა თუ სიხარული, ერთნაირად უფერული და ცარიელია. ისინი ვეღარაფერს გრძნობენ, რადგან მათი სულები დაცარიელებულია და მთლიანი ყურადღება ყოველდღიურ რუტინაზეა გადატანილი. ჩვენ სწორედ ამას გავურბივართ – მე და ჩემი 5 უცხოპლანეტელი. ჩვენ გვინდა, რომ გრძნობებით სავსე სული ბოლომდე შევინარჩუნოთ: ხშირად ვიტიროთ და ვიცინოთ; ერთ დღეს მოვიწყინოთ, მეორე დღეს კი – მხიარულებისგან დავიღალოთ. სწორედ ამ მრავალფეროვან ცვლილებებში დავამარცხებთ ყოველდღიურობას და ერთფეროვნებას; მხოლოდ ასე შევძლებთ დავრჩეთ უცხოპლანეტელებად საკუთარ პლანეტაზე. მერე კი ვნახოთ, იქნებ ეს ყველაფერი გადამდებიც გამოდგეს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, უფრო ბევრი უცხოპლანეტელი გამოჩნდეს დედამიწაზე.
ყველაზე მეტად რა გვიშლის ხელს ვიყოთ თავისუფლები? პირველ რიგში საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები და საზოგადოებაში გათქვეფის გაუცნობიერებელი სურვილი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დავემსგავსოთ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ, ვსწავლობთ, ვსეირნობთ… რატომღაც გვგონია, რომ თუ ვინმე ჩვენგან განსხვავებულია, მაშინ ცუდია. იმისიც გვეშინია, რომ სხვებისგან განსვსხვავდებოდეთ, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება გავირიყოთ „საზოგადოებისგან“. ამის შედეგია ის, რომ ყველანი ერთმანეთს ვემსგავსებით და ჩვენ შორის მხოლოდ ფორმალური ურთიერთობები რჩება. პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა მოვსპოთ შეზღუდვები, გავანადგუროთ ჩვენი „სულის პოლიცია“, რომლის შიშითაც ვერ ვასრულებთ ჩვენს რეალურ დანიშნულებას. ჩვენ ხომ მისჯილი გვაქვს თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, ბედნიერების თავისუფლება. ამის სანაცვლოდ, ჩვენ „საზოგადოების“ მიერ დაწესებული ნორმებით ვცხოვრობთ ბრმად: ნაკლებს ვჭამთ და დილაობით ვვარჯიშობთ, რათა არ გავსუქდეთ; ბევრს არ ვსვამთ, რომ სხვამ ცუდი არ იფიქროს; შეხვედრებზე გამოპრანჭული მივდივართ, ვიცავთ ეტიკეტს და ხელის ჩამორთმევით ვესალმებით ყველას; მანქანას ნელა ვატარებთ, რათა წესრიგი არ დავარღვიოთ; ცხოველებიც გვიყვარს – ისინიც ხომ ჩვენი სამყაროს ნაწილს შეადგენენ; ვიცინით კომედიურ ფილმებზე, ვტირით მელოდრამებზე; ვუსმენთ „ხარისხიან“ მუსიკას და ვგმობთ „უხარისხოს“; პირველ პაემანზე არ ვკოცნით ფრანგულად, რადგან პირველ ჯერზე ზომიერებაა საჭირო; მეორე კოცნის დროს უკვე ინტენსიურად ვიყენებთ კოცნის ფრანგულ ტექნიკას (ზოგი კარგად, ზოგი ცუდად). ეს ყველაფერი კარგია, სასიამოვნოც კია ასე ცხოვრება – წესრიგის დაცვით, ზომიერების შენარჩუნებით და მომღიმარი სახით. მაგრამ თუ ასე მხოლოდ იმიტომ ცხოვრობ, რომ საზოგადოებაშია დადგენილი, მაშინ პირიქით – საშინელებაა ეს ყველაფერი. ცხოველები მართლა უნდა გიყვარდეს და არა იმიტომ, რომ ასეა მიღებული; კომედიებზე მხოლოდ მაშინ უნდა გაიცინო, როცა ნამდვილად მოდის გულიდან მხიარულების იმპულსი. არც ყველა მელოდრამაზეა ტირილი საჭირო, რადგან ზოგიერთი მათგანი იაფფასიანი ნაგავია. ჩვენ, მე და ჩემი ხუთი უცხოპლანეტელი მეგობარი. სწორედ ამას ვებრძვით – გრძნობათა და ემოციათა სიყალბეს. გამოგვყევით ჩვენ! უცხოპლანეტელობა არც ისეთი ცუდია, როგორც თქვენ გგონიათ.

Read Full Post »