Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘90-იანები’

“შუქი მოვიდა!!!” – ისმის გახარებული ბავშვის ყვირილი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. ტელევიზორს ვრთავთ და კასანდრას დაწყებას ველოდებით. თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც სულ რაღაც ხუთ წუთში ქრება შუქი და ჩვენც სიბნელეში ვიძირებით. “წავედით, ჯულიას აკუმულატორი აქვს და მთელი სამეზობლო იქ ვუყურებთ სერიალს” – ამბობს დედაჩემი და ჩვენ ერთად, მთელი ოჯახით ჩავდივართ ჯულიასთან მე-14 სართულზე კასანდრას საყურებლად. შარვალზე მუხლები მაქვს გაცვეთილი და ძალიან მრცხვენია, ამიტომაც შესვლისთანავე ხალიჩაზე ვეცემი და ასე მივღოღავ პატარა ტელევიზორისკენ, რომელიც შავ-თეთრად გადმოსცემს ბოშა ქალის ისტორიას. უფროსებს ჰგონიათ, რომ ძაღლის იმიტაციას ვაკეთებ და მათ გახალისებას ვცდილობ, სინამდვილეში კი შარვლის გაცვეთილი მუხლების მრცხვენია. მთელი ჩემი კორპუსი აქაა, გარდა შეძლებული მეზობლებისა, რომელთაც საკუთარი აკუმულატორი ან, უკეთეს შემთხვევაში, გენერატორი გააჩნიათ. სერიალი მალე მთავრდება, ჩვენც სახლში ვბრუნდებით.
ყველანი ერთ ოთახში ვართ, რადგან მთელი სახლის გასათბობად ნავთი არ გვყოფნის. ბებიაჩემი სკამზე ზის, რომელზეც სქლად დაკეცილი პლედი აფარია სითბოს შესანარჩულებად. მამიდაჩემი ზღაპრებს მიკითხავს, რომელიც თვითონვე დაწერა; მე მთავარი გმირი ვარ, ახალგაზრდა მონადირე, რომელსაც არაფრის არ ეშინია: მე ხომ ჩემი სათამაშო იარაღით დავამარცხე ტყის მეფე, ღრმად პატივცემული ლომი. ცოტა ხანში მე და ჩემს დას ძილი გვერევა და დედაჩემსაც საძინებლისკენ მივყავართ. ჯერ თვითონ წვება ჩვენს ლოგინებში, რათა გაათბოს სიცივისგან გალურჯებული საბნები და არ გვაგრძნობინოს ზამთრის სიმკაცრე. მალე სიზმრებს ვხედავთ. მე, როგორც ყოველთვის, ოცნებებში დავფრინავ; ჩემი და კი უკვე მერამდენედ ხედავს დევებს, რის გამოც დილით ატირებული იღვიძებს და დედას უყვება როგორ შეაშინეს წყაროს თავში მოკალათებულმა ცხრათავებმა.
დედა თბილად გვაცმევს, რადგან ვარკეთილში და თანაც მეთექვსმეტე სართულზე, საშინელი ზამთარი იცის. სათამაშოდ გავდივარ. ვეძახი ვიტალიკას, რომას, ტიგრანას და ნოდარს, ჩემი ბავშობის განუყოფელ მეგობრებს. დერეფანში ვთამაშობთ ფეხბურთს, ომობანას, დაჭერობანას. მერე ეზოშიც ჩავდივართ. არცერთს არ გვეზარება 16 სართულის ფეხით ჩასვლა, რადგან ვიცით, რომ ქვემოთ ძალიან კარგად გავერთობით. დახუჭობანას თამაშს ვიწყებთ. პირველი უიღბლო ვიტალიკაა – სწორედ მას უწევს დახუჭვა. ისე ძლიერ მინდა ვერავინ მიპოვოს, რომ დასამალად სხვა მიკრო-რაიონში გადავდივარ და კორპუსების გროვაში ვიკარგები. გულმოდგინედ დახუჭული ვიტალიკა კი არა, თავად დეტექტივი კოლომბოც კი ვერ მიპოვის ისე ვარ ჩაკარგული ცივ შენობებში. მივუყვები გზას და თან ვაკვირვდები ხალხს, რომელიც თბილად საუბრობს, თამაშობს, შიგადაშიგ ჩხუბობს კიდეც. კორპუსების წინ ყოველთვის ნახავ ბირჟაზე დროის გასაყვანად გამოსულ რამოდენიმე ადამიანს, ეს ხომ ჩვენი დროის ტრადიციაა. მბეზრდება მარტო ხეტიალი და ჩემ კორპუსთან ვბრუნდები. ვიტალიკას ჩემთვის სამი ქულა მოუცია: ოღონდაც გამოდი, ნუღარ იმალებიო. მეც გახარებული ჩემი სამი ქულით, ვაგრძელებ დახუჭობანას თამაშს გვიანობამდე.
“მერაბ! ამოდი სახლში” – მესმის დედაჩემის ხმა მაღლიდან.  ზანტად და მოწყენილად ავდივარ 16 სართულს, მთლიანად მტვერში ამოგანგლული და დაღლილი. დედა კერასინკაზე გაცხელებული წყლით მბანს და თბილად მაცმევს, რომ არ გავცივდე. ყველანი ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ დღეს მაინც მოვა შუქი და შევძლებთ სერიალის ყურებას. “მეცხრე ბლოკი გაფუჭებულა” – უხალისოდ გვეუბნება ჩვენი მეზობელი. კვლავ სიბნელეში მოგვიწევს საღამოს გატარება. დღეს ჯულიასთანაც ვეღარ ჩავალთ – აკუმულატორის დატენვა ვერ შეძლო და მის სახლშიც ისეთივე სიწყნარე და სიბნელეა, როგორც ჩვენთან. სამაგიეროდ კარტს ვითამაშებთ ოჯახურ გარემოში, ან დედა წაგვიკითხავს ზღაპრებს სანთლის შუქზე. მიუხედავად უშუქობისა, სიცივისა თუ სიღარიბისა, მე მაინც ბედნიერი ბავშვი ვარ.
ხშირად მენატრება 90-იანები, რადგან გაჭირვების ჟამს ხალხი ყოველთვის უფრო ახლოსაა ერთმანეთთან. თანაც მაშინ თოვლის ბაბუას ჯერ კიდევ მოჰქონდა ჩემთვის საჩუქრები: დღემდე ვერ ვივიწყებ ბალიშის ქვეშ სათამაშო რკინიგზის აღმოჩენის სიხარულს. მე ძალიან ბედნიერი ბავშვი ვიყავი.

Read Full Post »