Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2011

“შუქი მოვიდა!!!” – ისმის გახარებული ბავშვის ყვირილი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. ტელევიზორს ვრთავთ და კასანდრას დაწყებას ველოდებით. თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც სულ რაღაც ხუთ წუთში ქრება შუქი და ჩვენც სიბნელეში ვიძირებით. “წავედით, ჯულიას აკუმულატორი აქვს და მთელი სამეზობლო იქ ვუყურებთ სერიალს” – ამბობს დედაჩემი და ჩვენ ერთად, მთელი ოჯახით ჩავდივართ ჯულიასთან მე-14 სართულზე კასანდრას საყურებლად. შარვალზე მუხლები მაქვს გაცვეთილი და ძალიან მრცხვენია, ამიტომაც შესვლისთანავე ხალიჩაზე ვეცემი და ასე მივღოღავ პატარა ტელევიზორისკენ, რომელიც შავ-თეთრად გადმოსცემს ბოშა ქალის ისტორიას. უფროსებს ჰგონიათ, რომ ძაღლის იმიტაციას ვაკეთებ და მათ გახალისებას ვცდილობ, სინამდვილეში კი შარვლის გაცვეთილი მუხლების მრცხვენია. მთელი ჩემი კორპუსი აქაა, გარდა შეძლებული მეზობლებისა, რომელთაც საკუთარი აკუმულატორი ან, უკეთეს შემთხვევაში, გენერატორი გააჩნიათ. სერიალი მალე მთავრდება, ჩვენც სახლში ვბრუნდებით.
ყველანი ერთ ოთახში ვართ, რადგან მთელი სახლის გასათბობად ნავთი არ გვყოფნის. ბებიაჩემი სკამზე ზის, რომელზეც სქლად დაკეცილი პლედი აფარია სითბოს შესანარჩულებად. მამიდაჩემი ზღაპრებს მიკითხავს, რომელიც თვითონვე დაწერა; მე მთავარი გმირი ვარ, ახალგაზრდა მონადირე, რომელსაც არაფრის არ ეშინია: მე ხომ ჩემი სათამაშო იარაღით დავამარცხე ტყის მეფე, ღრმად პატივცემული ლომი. ცოტა ხანში მე და ჩემს დას ძილი გვერევა და დედაჩემსაც საძინებლისკენ მივყავართ. ჯერ თვითონ წვება ჩვენს ლოგინებში, რათა გაათბოს სიცივისგან გალურჯებული საბნები და არ გვაგრძნობინოს ზამთრის სიმკაცრე. მალე სიზმრებს ვხედავთ. მე, როგორც ყოველთვის, ოცნებებში დავფრინავ; ჩემი და კი უკვე მერამდენედ ხედავს დევებს, რის გამოც დილით ატირებული იღვიძებს და დედას უყვება როგორ შეაშინეს წყაროს თავში მოკალათებულმა ცხრათავებმა.
დედა თბილად გვაცმევს, რადგან ვარკეთილში და თანაც მეთექვსმეტე სართულზე, საშინელი ზამთარი იცის. სათამაშოდ გავდივარ. ვეძახი ვიტალიკას, რომას, ტიგრანას და ნოდარს, ჩემი ბავშობის განუყოფელ მეგობრებს. დერეფანში ვთამაშობთ ფეხბურთს, ომობანას, დაჭერობანას. მერე ეზოშიც ჩავდივართ. არცერთს არ გვეზარება 16 სართულის ფეხით ჩასვლა, რადგან ვიცით, რომ ქვემოთ ძალიან კარგად გავერთობით. დახუჭობანას თამაშს ვიწყებთ. პირველი უიღბლო ვიტალიკაა – სწორედ მას უწევს დახუჭვა. ისე ძლიერ მინდა ვერავინ მიპოვოს, რომ დასამალად სხვა მიკრო-რაიონში გადავდივარ და კორპუსების გროვაში ვიკარგები. გულმოდგინედ დახუჭული ვიტალიკა კი არა, თავად დეტექტივი კოლომბოც კი ვერ მიპოვის ისე ვარ ჩაკარგული ცივ შენობებში. მივუყვები გზას და თან ვაკვირვდები ხალხს, რომელიც თბილად საუბრობს, თამაშობს, შიგადაშიგ ჩხუბობს კიდეც. კორპუსების წინ ყოველთვის ნახავ ბირჟაზე დროის გასაყვანად გამოსულ რამოდენიმე ადამიანს, ეს ხომ ჩვენი დროის ტრადიციაა. მბეზრდება მარტო ხეტიალი და ჩემ კორპუსთან ვბრუნდები. ვიტალიკას ჩემთვის სამი ქულა მოუცია: ოღონდაც გამოდი, ნუღარ იმალებიო. მეც გახარებული ჩემი სამი ქულით, ვაგრძელებ დახუჭობანას თამაშს გვიანობამდე.
“მერაბ! ამოდი სახლში” – მესმის დედაჩემის ხმა მაღლიდან.  ზანტად და მოწყენილად ავდივარ 16 სართულს, მთლიანად მტვერში ამოგანგლული და დაღლილი. დედა კერასინკაზე გაცხელებული წყლით მბანს და თბილად მაცმევს, რომ არ გავცივდე. ყველანი ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ დღეს მაინც მოვა შუქი და შევძლებთ სერიალის ყურებას. “მეცხრე ბლოკი გაფუჭებულა” – უხალისოდ გვეუბნება ჩვენი მეზობელი. კვლავ სიბნელეში მოგვიწევს საღამოს გატარება. დღეს ჯულიასთანაც ვეღარ ჩავალთ – აკუმულატორის დატენვა ვერ შეძლო და მის სახლშიც ისეთივე სიწყნარე და სიბნელეა, როგორც ჩვენთან. სამაგიეროდ კარტს ვითამაშებთ ოჯახურ გარემოში, ან დედა წაგვიკითხავს ზღაპრებს სანთლის შუქზე. მიუხედავად უშუქობისა, სიცივისა თუ სიღარიბისა, მე მაინც ბედნიერი ბავშვი ვარ.
ხშირად მენატრება 90-იანები, რადგან გაჭირვების ჟამს ხალხი ყოველთვის უფრო ახლოსაა ერთმანეთთან. თანაც მაშინ თოვლის ბაბუას ჯერ კიდევ მოჰქონდა ჩემთვის საჩუქრები: დღემდე ვერ ვივიწყებ ბალიშის ქვეშ სათამაშო რკინიგზის აღმოჩენის სიხარულს. მე ძალიან ბედნიერი ბავშვი ვიყავი.

Read Full Post »


გილოცავთ ახალ წელს!
ჩვენთან არ ეწევიან, რადგან მოწევა ვნებს ჯანმრთელობას, იწვევს ნაადრევ სიკვდილს და იმპოტენციას, ხელს უშლის ნაყოფის განვითარებას და ჩვენს სუნთქვას, აღიზიანებს გარშემო მყოფ არამწევლებს და ჩვენს ჯიბეს, რადგან საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. “მოუწეველი მკვდარი არ გინახავს?” – მესმის გიოს ხმა. ეგეც მართალია, საბოლოოდ მაინც ვკვდებით. მაშინ “მოწეული” მკვდრები მაინც ვიყოთ. აკრძალვა მოხსნილია, მოწიეთ.
ჩვენთან ადამიანებს არ აფასებენ იმისდამიხედვით თუ რა აცვიათ, რა ჰქვიათ, რა უბნელები არიან და რომელ სკოლასა თუ უნივერსიტეტში სწავლობენ. ჩვენთან ადამიანებს მათი ადამიანობით აფასებენ, რადგან ნაგავი ნაგავია ვარანცოვზეც და ვაკეშიც. “მარტო უბანს და სკოლას კი არ აქვს მნიშვნელობა, დაჟე სამშობიაროსაც!” – ვკითხულობ მეგობრის სტატუსს ფეისბუკზე. ნეტა რომელი სამშობიაროა პრესტიჟული? ამიერიდან შეგიძლიათ ადამიანები გაარჩიოთ წარმომავლობის, შეხედულების, ჩაცმულობის და თვალის ფერის მიხედვით. დაიწყეთ სტრატიფიკაცია!
ჩვენთან სიყვარულის სჯერათ. რომანტიულ სიმღერებს უსმენენ, სიზმრებში დაფრინავენ და ჩამოვარდნისას ეღვიძებათ, ხელიხელჩაკიდებულნი დარბიან, ბალახზე კოტრიალობენ და სიყვარულის მარადიულობაზე საუბრობენ. ჩვენთან მართლა სჯერათ, რომ რომეოს და ჯულიეტას ერთმანეთი იმაზე მეტად უყვარდათ, ვიდრე საკუთარი თავები. “ფული იყოს და შეყვარებით ყველას შეყვარება შეიძლება” – გაისმის ოთახის სიღრმეში. მართლა? ამაზე სულ არ მიფიქრია. რა სულელი ვარ. ამიერიდან ჩვენთან იკრძალება სივარულსა და ღრუბლებზე საუბარი. ცხოვრება ხომ პრაგმატულია და თავის თავში გამორიცხავს სიყვარულს, რომელიც აუცილებლად ჰაეროვანია.
ჩვენთან ზღაპრები უყვართ. ხან ტროლებს ებრძვიან, ხან პრინცესას ათავისუფლებენ ტყვეობიდან, შიგადაშიგ კი ბოროტ ჯადოქარსაც ამარცხებენ. ჩვენთან არ აპირებენ გაზრდას, ზღაპრების დაკარგვის შიშით. “შენ რა, ზღაპრების და ჩემი გადადგომის გჯერა?” – მესმის ტელევიზორიდან მუბარაკის ხმა. მგონი გავაფრინე. არა, არ მჯერა ზღპარების. და საერთოდაც, ვინ გითხრათ რომ ჩვენთან ტროლებს ებრძვიან და გოლიათებს ათვინიერებენ? ჩვენთვის ჰარი პოტერი ერთი “აჩკარიკი” ტიპია, რომელმაც ბავშვობაში შუბლი რაღაც უცნაურ საგანს მიარტყა (აბა სხვანაირად როგორ ახსნით ელვისებურ ნაიარევს?).
ჩვენთან გულახდილობას აფასებენ. გვიყვარს ყველაფერზე საუბარი, ყველაფრის თქმა. ღიად ვსაუბრობთ მეგობრობაზე, სიყვარულზე, სილამაზეზე. ჩვენ გულახდილად ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ. “კარგი რა, მე ახლა მამაჩემს ყველაფერი გულახდილად რომ ვუთხრა, საწყალი გადაყირავდება” – მეუბნება გოგონა კომპიუტერის მონიტორიდან. მართალია ეს გოგო. ყველაფერს თქმა არ ნიშნავს, რომ კაი ტიპი ხარ. პირზე ბოქლომი დაიდე (თუ ფული გაქვს ელვა შესაკრავი, იგივე “ზმეიკა”, დაიყენე – უფრო მოსახერხებელია გახსნა-დაკეტვისთვის) და მარტო ის თქვი, რაც გაწყობს შენც და შენს გარშემომყოფთაც. ამიერიდან ჩვენ ვამბობთ იმას რაც საჭიროა და არა იმას, რისი თქმაც გვსურს. ჩვენ გულჩათხრობილად გულახდილები ვართ.
ჩვენთან ერთმანეთს უფრთხილდებიან. ცდილობენ გაიგონ ერთმანეთის სურვილები, სუსტი წერტილები, მისწრაფებები. ერიდებიან ერთმანეთისთვის გულისდაწყვეტას, რადგან ადამაიანობა ისაა, იცოდე როგორ არ ატკინო გული შენთვის ძვირფას ადამიანს. “მე მაგალითად მიყვარს, როცა მეგობარს “ვგრუზავ”. ამ დროს ის იზრდება, რადგან მხოლოდ მაშინ ვიზრდებით, როცა “დაგრუზულები”(დატვირთეულები?) ვართ” – მესმის დამრიგებლური ტონით მოსაუბრე ახალგაზრდის ნათქვამი. რა ჭკვიანურია, ღმერთო ჩემო! მოდი დღეიდან ერთმანეთი “დავგრუზოთ” და მერე ყველა ერთად ვიქნებით დაეაგრზულ დამიანთა რთობა. დღეიდან ჩვენთან აღარავის არ უფრთხილდებიან. პირიქით, ერთმანეთის სუსტ წერტილებს გამალებით აწვებიან დიდი ზომის ჩექმებით. მთავარი ხომ საბოლოო კეთილშობილური მიზანია – გაზრდა, გაძლიერება.
ჩვენ ვეწევით, არ გვიყვარს გოიმები, არ გვჯერა სიყვარულის და ზღაპრების, არ ვაფასებთ გულახდილობას, არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს და საერთოდაც, ჩვენი თავის გარდა, არაფერიც არ გვადარდებს. არადა თავიდან სულ სხვანაირად იყო, უბრალოდ ჩვენ ხშირად ვიცვლით აზრს. კი მაგრამ, რომ გაიძახით “ჩვენ, ჩვენ, ჩვენ” – ვინ ხართ თქვენ? მე ვიცი ვინც ხართ, აქამდე ეს თქვენთვის არ უთქვამთ არა? მე შემწევს იმის გამბედაობა, რომ საკუთარ თავზე ავიღო ეს ტვირთი და გითხრათ, რასაც წარმოადგენთ: თქვენ ხართ უფერული მასა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პრინციპები და რომელიც ცდილობს ჩვენი ცხოვრებაც გააფერმკრთალოს; თქვენ სიყვარულის არ გჯერათ, რადგან არავის უყვარხართ; არ აფასებთ გულახდილბას, რადგან თვითონ არასდროს ამბობთ სიმართლეს; არ გჯერათ ზღაპრების: თქვენი ცხოვრება ხომ ერთი კოშმარული ზღაპარია; თქვენ არ უფრთხილდებით სხვებს, რადგან ყოველთვის გაკლდათ სითბო და ალერსი. მე არასდროს არ გავხდები “ჩვენ”. მე ვუფრთხილდები ადამიანებს. მე ვაფასებ გულახდილობას. მე მჯერა ზღაპრების. მე მიყვარს…

Read Full Post »