Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2013

მიმღერე. მშვიდად. აი ისე, ძილისწინ რომ უმღერიან ხოლმე ადამიანებს. უკვე დიდი ხანია ვერ ვიძინებ. სასმელი ფიზიკურ ძილს კი იწვევს, მაგრამ სიზმრებში მაინც გრძლედება შფოთვა და საკუთარი თავის ტანჯვა. რატომ? რისთვის? მე? ის? მაინცდამაინც მე? ისევ? წარსულის ლანდები და ადამიანები, რომელიც არასდროს დამტოვებენ. ჩემი ბრალია. არავის და არასდროს არ უნდა მიეჯაჭვო. არავინ და არაფერი არ უნდა დააყენო შენ სულიერ სიმშვიდეზე წინ. ეხ, კი ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ რთულია. ძალიან რთულია. ბოლოს აღმოჩნდება, რომ მე უფრო მიყვარს, მე უფრო ვუწევ ანგარიშს, მე უფრო ვფიქრობ მასზე. ის კი ადგება და ვითომც არაფერი, მე შენ არ აღგიქვამ სერიოზულად და წავა ან უფრო უარესი, გულს მატკენს. კარგი იყო ერთად, კარგი იყო ჩვენ, ახლა მე სხვა ჩვენ მაქვს, ნახვამდის. ნახვამდის, მაგრამ მართლა “ნახვამდის”? სულ მიჭირს ნახვამდის თქმა. ასეთ მომენტებში კი განსაკუთრებით ვფიქრობ ყველაფერზე, რაც აქამდე დადებითი და კარგი გადამხდენია. კარგი იყო ადრე. ახლა ცუდადაა ყველაფერი. ახლა ცივია ყველაფერი. ხანმოკლე გამონათებები და ბედნიერების ძებნაში რამდენიმეწუთანი სიხარულის შეძახილები: როგორც იქნა, ბედნიერი ვარ! მერე ხვდები, რომ ჯერ არ იცი მართლა ბედნიერი ხარ თუ არა. ან კი როდისმე გეცოდინება, ხარ თუ არა? ბედნიერება უნდა იგრძნო და არა გააანალიზო. “Happiness only real when shared”. მე ვის გავუზიარო? აი სანამ გამზიარებელი არ მეყოლება, ვიქნები ასე, ჩემთვის, ჩუმად ან ხმაურიანად ჩუმად. ვეცდები არავინ შეგაწუხოთ, მთავარია ამ უძილობამ გამანებოს თავი. არა რა უნდა? ის არ მეყოფა, რომ აქამდე ვერ ვიპოვე საკუთარი თავი? ბედნიერებას და სხვა სულიერ ფუფუნებებს რომ დავანებოთ თავი.

სარკეში ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს. სხვანაირი ვარ. სიცილი დამავიწყდა. ნამდვილი სიცილი. ისე კი ნუ იტყვი, სულ ვიცინი. არ მიყვარს, როცა ხვდებიან, რომ ვერ ვარ. ამ დროს სულ ვიცინი. ზედმეტსაც კი ვიცინი. კარგი ბიჭი ვარ მე. დამჯერი, მომღიმარი, ზრდილობიანი, თავაზიანი. ეხ. ხანდახან მინდა ვიყო აგრესიული, პირდაპირი, უხეში, უზრდელი. ხანდახან ასე უფრო ადვილია, ალბათ. ზედმეტი წინდახედულობა, ზედმეტი ზრდილობა და ზედმეტი სხვების პატივისცემა ცუდია, ხანდახან. ალბათ. მოდი რა ყველაფერი პირდაპირ ვუთხრათ ერთანეთს. მოდი. მოდი. შენ თვითონ მოდი, თუ კაია. ჩემგან რა გინდა. გამანებე თავი. უკვე ნევროზი მაქვს. ვერ ვთოკავ ნერვებს. დაასხი მაგის დედაც, დავლიოთ, მაინც არ მეძინება. ანდა რა დამაძინებს, როცა ვიცი, რომ ბედნიერების ყველა შანს ქარს გავატანე. ახლა ერთი რიგითი ლუზერი ვარ. როგორ იქნება ნეტა ლუზერი ქართულად? წაგებული? დამარცხებული? არ ვიცი. ცუდად ჟღერს. ლუზერი უფრო ის ტიპია, სულ რომ აგებს. ხოდა ეგ ვარ, ლუზერი ვარ. ოღონდ მე უკვე მთელი ჩემი ცხოვრების “სტავკა” წავაგე: ჩემი ბედნიერება. აღარც კი ვფიქრობ, რომ ოდესმე ბედნიერი ვიქნები. უფრო მტკივნეულია, როცა იმედი გაქვს ბედნიერების. ახლა ნაკლებ მტკივნეულია, იმედი მაინც აღარ გამიცრუვდება. თან ასე უფრო მარტივიცაა, ერთადერთი საზრუნავი ისღა დამრჩა, როგორ დავიძინო ამ ღამეს. მითუმეტეს მთელი დღის მანძილზე მიღებული ლუდის რაოდენობა უკვე აღარ მშველის. ეგეც ხომ ბედის ირონიაა. თავიდან ერთი კათხა ლუდით კარგად ვგრძნობდი თავს. მერე ორით, სამით, ოთხით და ა.შ. ამის მერე საბოლოოდ მივხვდი, რომ ბედნიერება სხვა რეისით მგზავრობს, ჩემგან შორს და თანაც სულ სხვა მიმართულებით. მე ისიც მეყოფა, რომ შემიძლია წარსულზე ვიფიქრო და ვთქვა, რომ რაღაც დღეები მაინც ვიყავი ბედნიერი. ეგეც მეყოფა. და როგორმე ამ უძილობასაც გადავიტან. ვის არ მოსვლია. უძილობა. უძილობა და გამოცლილი ლუდის ბოთლები. ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთთან. მე და ჩემი მოგონებები. მე და ჩემი ლუდის ბოთლები. ლუდის ბოთლები და მოგნებები. და უძილობა, რომელიც არაფრის დიდებით არ მტოვებს და მგონი არც აპირებს. მოდი თავი დაგადო, მოდი. ნუ გარბიხარ. ეხ. ისევ უძილობა შემრჩა თავქვეშ. ლუდის ბოთლები კი კვლავ საწყალი და ცარიელი სახით იყურებიან. იციან, რომ მათ მალე ახალი ლუდის ბოთლები შეცვლიან, სავსეები, დროებით, მაგრამ მაინც სავსეები. მერე ისინიც ისტორიას ჩაბარდებიან და ასე იქნება მანამ, სანამ უძილობასაც არ მოვბეზრდები და ასპარეზს სიკვდილს არ დაუთმობს. სიკვდილი კი, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ცხოვრების დასაწყისია, თორემ მოწყენილი და უბედური აქაც საკმარისად ვარ.

Read Full Post »

მე შენს პლეილისტს ვუსმენდი ხოლმე და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. ვიჯექი და ვუსმენდი შენს შერჩეულ მუსიკას, რომელიც ასე შინაური იყო ჩემთვის. მერე ერთად ვსეირნობდით, ხელჩაკიდებულები. მერე ბევრს ვლაპარაკობდით. მერე მე ავირიე. ავირიე და რა თქმა უნდა ხელიხეჩაკიდებულებიც ვეღარ ვსეირნობდით. საუბარსაც მოვუკელით. ბოლოს შენი პლეილისტიც წავშალე და ახლა მარტო ვზივარ, საკუთარი კომპიუტერის მონიტორთან, ფეხებთან გამათბობელი მიდგას და ზეპირი მახსოვრობით ვცდილობ იუტუბზე მოვძებნო ის სიმღერები, რომელიც შენ შედგენილ პლეილისტში შედიოდა. ვიცი, რომ ამ სიმღერების მოსმენა არც ჩვენ ხელიხელჩაკიდებულ სეირნობას დააბრუნებს უკან და აღარც შენ ჩამეხუტები არასდროს, მაგრამ მე მაინც ვზივარ და ვუსმენ იმ ერთ სიმღერას, რომელიც ყოველთვის დამაკავშირებს შენთან.
დღეს იმ ქუჩასთან ჩავიარე, ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ცუდ დღეს რომ ვიყავი შენთან ერთად. შენ არ იცი, მაგრამ მე ვიცი, რომ მაგ დღის შემდეგ ავირიე მე და მაგ დღის შემდეგ ნელ-ნელა გავუშვით ერთანეთს ხელი. გავუშვით რა, მე გაგიშვი. საშინელი დღე იყო. იმ ქუჩამ კი დიდი ხნის მივიწყებული ჭრილობა სადღაც გულის მიდამოებში კვლავ შემახსენა. გავიხსენე ის სადარბაზო, სადაც ვისაუბრეთ. მგონი ბოლოჯერ. ყველაფერი აღვიდგინე. ყველაფერი და მერე კიდევ ერთხე მივხვდი, რომ დებილი ვარ. საერთოდ ამბობენ, კარგია როცა ხვდები რა შეცდომა დაგიშვია ცხოვრებაშიო. შეიძლება კარგია, მაგრამ რა მხრივ? ვიცი, რომ შენთვის ხელის გაშვება ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. შენ ახლა სხვასთან ხელიხეჩაკიდებული დადიხარ, მე კიდევ კომპიუტერის მონიტორთან გამათბობელი მათბობს და შენთან ასოცირებული სიმღერები კი ყურსასმენებიდან ნოსტალგიურად ჩაედინება ჩემში.
მინდა რომ ახლა იყოს ის დღეები, პირველად რომ მოვისმინე შენი პლეილისტი და მერე მთელი დღეები მას რომ ვუსმენდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ალბათ ყველაზე ბედნიერიც, არ ვიცი. შედარებები ყოველთვის მიჭირს. და საერთოდ ადამიანს მგონი ავიწყდება ბედნიერება. თუ არა? კი. მე მგონია რომ კი. ავიწყდება კონკრეტული ფაქტები. უბრალოდ ახსოვს, რომ კარგად იყო, რომ ბედნიერი იყო. თუმცა საკმარისია რაიმე წარსულთან დამაკავშირებელი გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, იქნება ეს ნივთი, ნაცნობი ქუჩა თუ შესახვევი, ან სულაც მელანქოლიური სიმღერა, და ეგრევე ყველაფერი ბრუნდება. თავში ქაოსია, ფიქრები “რატომ? რატომ? რატომ?” და კიდევ “რატომ?”. მეტს ვერ ახერხებს გონება, გული ზედმეტად სწრაფად ფეთქავს.
ერთხელ ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა, რა ცუდია რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ფილმებშიო. უფრო ცუდი ალბათ ისაა, რომ ვიცით, “ყველაფერი ისე არ ხდება”, თუმცა მაინც ყოველთვის ველით, რომ “ყველაფერი ისე მოხდეს”. უცნაური არსებები ვართ ადამიანები. ძალიან უცნაურები.

Read Full Post »