Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2011

“მე კი ასეთი სიყვარულის არა მწამს, მე შენ მიყვარდე და შენ კი სხვაზე ფიქრობდე”

ხალხური

დღეს შობაა. დღეს სამყაროს მოევლინა იესო ქრისტე. დღეს შენ მეექვსედ აღმაფრთოვანე. დღეს შენ ჩემი ცხოვრება ისევ გააფერადე. ექვსივე აღფრთოვანება კარგად მახსოვს: პირველად მამაკაცს უმშვენებდი გვერდს და მეც ჩემი ემოციები გიტარის დაკვრაში და დალევაში დავხარჯე, თავი შევიკავე; მეორედ – ჩემდა გასაკვირად ვიაქტიურე, მაგრამ უაზრო ფიქრების გამო მალევე დავყარე ფარ-ხმალი; მესამედ – ისევ იქ, სადაც პირველად, უკვე მამაკაცის გარეშე. ისე აღვფრთოვანდი, რომ მალე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი; მეოთხედ – მეგობრის დაბადების დღეზე. დავლიეთ, ვისაუბრეთ, ვიცეკვეთ. მერე მახსოვს მთელი ღამე უბანში დავრბოდი და შენს სახელს ვყვიროდი; მეხუთედ – ამჯერად გვერდს მე მიმშვენებდნენ, თავი შევიკავე; მეექვსედ – ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ, თუმცა ისევ დაბნეული და ისევ არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს.

სკოლაში საახალწლოდ ზეიმებს მართავდნენ ხოლმე. ალბათ ახლაც მართავენ, ზუსტად არ ვიცი, უკვე დიდი ხანია ასაკით ბავშვი აღარ ვარ, თუმცა კი კბილებით ვებღაუჭები იმდროინდელ მოგონებებსა და წეს-ჩვეულებებს. სკოლის პერიოდში ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ასეთი ტიპის ზეიმებში. მახსოვს სისტემატურად გვამღერებდნენ ერთ ყველასათვის ცნობილ სიმღერას: “ოცდა, ოცდახუთსა დე-კემ-ბერ-სა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო და… ო-ო-ოი-ოი ალილო”. ყოველთვის მაინტერესებდა რატომ “ო-ო-ოი-ოი” და არა “ა-ა-აი-აი” ან “ი-ი-იი-იი” ან “ე-ე-ეი-ეი” ან “უ-უ-უი-უი”. მაგრამ იმ ასაკში ბავშვების კითხვებს ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდნენ ხოლმე. ახლა ვიცი, რატომ “ოი” და არა “აი”, “ეი”, “იი” ან “უი”. ზუსტად 15 წლის შემდეგ, 2011 წლის 25 დეკემბერს, მე ძალაუნებურად აღმომხდა “ოი”. შესაბამისად, 1996 წლის 25 დეკემბრის სასკოლო ზეიმიდან მოყოლებული, ჩემი სკოლის მასწავლებლები და სხვა ადამიანებიც ზრუნავდნენ იმაზე, რომ 15 წლის შემდეგ, იესოს დაბადებიდან 2011-ე წელს, მე ჰაეროვნად აღმომხდენოდა ის ორი ბგერა, რომელიც ასე საინტერესოდ ჟღერს სიმღერაშიც: ოი!

დღეს უკვე 27-ია. არადა პოსტის დასაწყისში “დღეს” ქრისტესშობის აღმნიშვნელი იყო. ეს არცაა გასაკვირი. ჩემი შენდამი დამოკიდებულება დროსა და სივრცეშია გაწელილი, ასევეა ეს პოსტიც. ერთ დღეში ვერაფრით ვერ დავწერდი და მითუმეტეს ვერ მივიყვანდი დასრულებულ ვარიანტამდე. დრო მჭირდება მოსაფიქრებლად, თითოეული სიტყვის გასაანალიზებლად, თითოეული ფრაზის ასაწონ-დასაწონად. შენ ხომ სულ სხვა ხარ. მე ვერ მოვალ და ასე პირდაპირ ვერ გეტყვი: “იცი, უკვე დიდი ხანია მომწონხარ”. ვერა, ასე ვერ მოგექცევი და ვერც ჩემ თავს გავიმეტებ თვითმკვლელობისთვის. ეს ხომ ყველაფერს გააფუჭებს. ერთხელ ვიფიქრე, მივალ ვუმღერებ, იქნებ მოეწონოს-თქო. არა. არ მგონია. ეს გაჭრის ნინისთან, ლულუსთან, ჯულისთან. შენთან არა. მერე ვიფიქრე, რამეს ვაჩუქებ-თქო. არც ეს ივარგებს. ეს ისევ ნინისთან, ლულუსთან და ჯულისთან თუ ივარგებს. შენთან ეს ყველაფერი არაფერია. ხოდა ბოლოს გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა. იქნებ ამან მაინც ივარგოს. ბოლო-ბოლო ქრისტეშობის დღეს დავიწყე მისი წერა. ხოდა თუ ღმერთმა ამ დღეს დედამიწაზე ქრისტე მოავლინა, რატომ არ შეიძლება შენ მე შემამჩნიო? მე ოპტიმისტი ვარ. რომატიკოსი ოპტიმისტი.

Read Full Post »

მზე ბუნდოვნად ანათებს და ვერაფრით ვერ აღწევს ჩემი სხეულის ფანჯრებში. მე ისევ მცივა და ფარდების გადაწევა კვლავინდებურად საშინლად მეზარება. მუდმივად ვკანკალებ – მთელი სხეულით და სულით. სიცივეს ყოველთვის თან სდევს კანკალი, კანკალს – კბილების კრაჭუნი. მე უკვე ერთი კვირაა ვკანკალებ და ჩემი კბილებიც ნელ-ნელა კარგავენ მდგრადობას.

ჩემი ცხოვრება ციკლური ხასიათისაა. ხანდახან ბედნიერი ვარ, ხანდახან უბედური, ხანდახან ინდიფერენტული, ხანდახან საერთოდ არც არაფერი. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი რუტინულ ხასიათს იძენს და გულისტკვილამდე დაუზარებლად მეორდება. გარდა ხასიათისა და განწყობებისა, ჩემს ცხოვრებაში ადამიანებიც ციკლური ხასიათით ჩნდებიან და ქრებიან. არსებობენ ისეთები, რომლებიც ყოველთვის ჩემთან არიან და ისეთებიც, რომლებიც იმისდამიხედვით ჩნდებიან და ქრებიან, თუ რომელ პერიოდში ვიმყოფები – ბედნიერების, უბედურების, ინდიფერენტულობის თუ უემოციობის. ხანდახან ადამიანები მიქმნიან განწყობას, უფრო ხანდახან კი – განწყობა მაპოვნინებს ისეთ პიროვნებებს, რომლებიც იმ მომენტში ჩემთვის არიან შექმნილნი ან უბრალოდ მესაჭიროებიან. მე ეგოისტი ვარ და პერიოდულად ვფიქრდები იმაზე, რომ უფრო მეტს ვიმსახურებ, ვიდრე მაქვს.

ხშირად ვამბობ, რომ დავიღალე. საკუთარი დაღლილობის გამოხატვას  კი სხვადასხვანაირად ვახერხებ: მღლი… დასვენება მინდა… ცვლილება მინდა… აქედან უნდა წავიდე… პროფესია უნდა გამოვიცვალო… მუსიკას თავი უნდა დავანებო… წიგნები აღარ უნდა წავიკითხო… მელოდრამებს აღარ უნდა ვუყურო… მხიარული სიმღერები უნდა დავწერო… ერთი გოგო უნდა შევიყვარო… მარტო უნდა ვიცხოვრო… ეგოისტი აღარ უნდა ვიყო… ნეტავ ჩემზე რას იტყვიან?ყველაფერი ეს მხოლოდ ერთ რამეს გამოხატავს – მე გამძლეობა არ მყოფნის. ხანდახან ვფიქრდები და ვხვდები, რომ დაღლილობის გრძნობა დაბადებიდან თან მდევს. არ შემიძლია დიდ ხანს ვიყო ერთ მდგომარეობაში, თუნდაც ეს მდგომარეობა უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებდეს.

მახსოვს ადრე უბედური ვიყავი – დახეულ ჯინსებიანი და გრძელთმიანი. მაშინ ჩემ გვერდით ჩემი მეგობარი იყო. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. მარტო მე და ის, ის და მე. ხანდახან ცოტა არაყი და კოკა-კოლა. მაშინ ჯერ არ მიყვარდა ლუდი. მერე სხვაგან წავედი და ჩემი უბედურებაც დასრულდა, ყოველშემთხვევაში დროებით მაინც. დაიწყო ინდიფერენტულობა და ნაცრისფერი დღეები. სიახლეებს ნელ-თბილად  და ყოველგვარი შეფერადების გარეშე ვიღებდი და ვაფასებდი. გამოჩდნენ ახალი ადამიანები და მე თითქმის სულ აღარ მახსოვდა მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად წრუპავდა არაყს. მერე ცოტა ხანი ბედნიერიც გავხდი. მე მიყვარდა. თუმცა ის ადამიანი ვინც მიყვარდა, მალევე გავაქრე და შესაბამისად ჩემი ბედნიერებაც საკუთარი ხელით დავასრულე. მერე შემძლო მეთქვა, რომ უბედური ვიყავი და ამით  გულის სიღრმეში ბედნიერიც კი ვყოფილიყავი. მერე უბედურებაც მომბეზრდება და გადავწყვიტე ბედნიერებით გავბედნიერებულიყავი. ამიტომაც ერთ დღეს ავდექი და გავიქეცი. ესეც ასე. მე ისევ გავიქეცი და ჩემი ცხოვრების ციკლური მიმოქცევაც ხელხლა დაიწყო: ჯერ გავუბედურდი, მერე გავბედნიერდი, მერე ინდიფერენტული გავხდი, სულ ბოლოს კი – არც მე ვიცი რა და როგორ.

რომ გავიქეცი, მას მერე დიდი დრო გავიდა. გგონიათ აღარ დავრბივარ? როგორ არა. უფრო მეტიც – უკვე იმდენი ხანია არ გავჩერებულვარ, რომ ელენთა დაღლილობას ვეღარც კი გრძნობს და მეშინია, გული არ გამისკდეს. როცა ადამიანი ერთ ადგილას არ ჩერდება, დიდი შანსია საინტერესო ადგილებს გადააწყდეს. სწორედ ასეთი შემთხვევითობის შედეგად, ერთხელ ბიბლიოთეკაშიც კი მოვხვდი. იმ მომენტში გონება გამინათდა და გავიფიქრე, რომ სულ ცოტა ხანში ვიპოვიდი იმას, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი და რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. თუმცა უშედეგოდ. მტვრიან თაროებზე რამდენიმე საათიანი უშედეგო ძიების შემდეგ, ვერაფრით ვერ მივაგენი საჭირო გზამკვლევს. არადა არჩევანი თითქოსდა საკმაოდ დიდი იყო: “რა მარშრუტი ავირჩიოთ პარიზში?” “როგორ მოვიაროთ ევროპა?” “საიდან დავიწყოთ: ესპანეთის თუ ხალხის მოედნიდან?” “წელიწადის რომელ დროს მოვინახულოთ პორტუგალია?”. მახსოვს იმ წუთას კიდევ ერთხელ დამწყდა გული. არავის რატომ არ მოუვიდა აზრად, რომ თითოეული ადამიანისთვის პერსონალური გზამკვლევი შეედგინა? ვინმეს ტურისტული გზამკვლევის სტილში ჩემი ცხოვრების მიმართულებები რომ განესაზღვრა, მაშინ ხომ აღარ ვიგრძნობდი თავს დაკარგულად?

იმედგაცრუებულმა დავტოვე ბიბლიოთეკა და სირბილი გავაგრძელე. მიუხედავად გულდაწყვეტისა, პერსონალურ გზამკვლევზე ფიქრი არასდროს შემიწყვეტია. გაგეცინებათ და შესაფერისი სათაურიც კი შევურჩიე: “გზა ბედნიერებიდან უბედურებისკენ  ინდიფერენტულობის გავლით”. ალბათ  ასეთი გზამკვლევის არსებობის შემთხვევაში უფრო ადვილი იქნებოდა ტემპერატურების და სიმაღლეების ცვალებადობის გაძლება და გადახარშვა.

Read Full Post »

გამარჯობა ღმერთო, წამიყვან?

შენი ავტობუსით მგზავრობა ხომ უფასოა? ძალიან კარგი, თორემ ეს ყვითელი ავტობუსის შავი კონტროლიორები უკვე მომბეზრდნენ. იცი, გუშინ დიდხანს ვფიქრობდი და კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ საკუთარი სიცოცხლე დამესრულებინა. ვიცი ეს დიდი ცოდვაა, მაგრამ მაცადე, აგიხსნი რა და როგორ. სულ რაღაც 22 წელია რაც შენგან კურთხეულ და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე დავაბიჯებ. ხანდახან მეცინება ხოლმე, რომ წარმოვიდგენ, რომ ყველაზე პატარა, უჰაერო და აბდაუბდა, თუმცა შენგან კურთხეულ ქვეყანაში გავჩნდი. თუ ადამიანს ჩემსავით არ გაუმართლა და აქ დაიბადა, მხოლოდ რამოდენიმე გამოსავალი აქვს: ფირმაში წასვლა, გალოთება, წამალზე შეჯდომა, აზარტული თამაშები, გაბოზება, ყველა პროპკაზე უვაზელინოდ მორგება ან საკუთარი თავის უფლისთვის შეწირვა. მე ჯერ არ გადამიწყვეტია რომელ გზას ავირჩევ, თუმცა ცოტ-ცოტა ყველა გზა მაქვს გამოცდილი ბოლოს გარდა. შენთან ჯერ ვერ მოვედი, ალბათ იმიტომ რომ ყველა ეკლესია-მონასტერი აღმართზეა, მე კიდევ არც ისე სპორტული ვარ.

ღმერთო, გესმის ჩემი?

დღეს ისევ მაღვიძარამ გამაღვიძა. ბლექბერი ბლექბერიო გაიძახიან. არადა მაღვიძარის ზარი ვერ შევცვალე ვერაფრით. ეგეც თქვენი ნაქები მარკები და ცნობილი ფეშენ ბრენდები. ისე გუშინ ამ დროს უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი თავის მოკვლა. შენც არ მომიკვდე! რომელ თავის მოკვლაზეა საუბარი, სახლიდან გასვლაც კი დამეზარა. რა ხდება? ნუთუ იმდენად სუსტი ვარ, რომ თავსაც ვერ ვიკლავ? სადღაც წავიკითხე, თვითმკვლელობა სამსახურიდან წასვლასავითაა, შენს უფროსს ეუბნები რომ შენი ნებით მიდიხარ და არავინ გათავისუფლებსო. ვითომ ასეა? არ ვიცი, დღეს ხომ ვერავინ ბედავს სამსახურიდან წასვლას, რადგან ახლის მოძებნა ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამ სირთულეებთან შეჭიდებას, ისევ უსწორმასწორო ზედაპირის პროპკებზე უვაზელინოდ მორგება ჯობს, მგონი. თუმცა ამ უკანასკნელზე ვერ გაგცემ პასუხს, მე უმუშევარი ვარ.

ღმერთო, მოიხსენი ყურსასმენები, არ გესმის რომ გელაპარაკები?!

ნეტავ რას უსმენ? აშკარად რაღაც ისეთია, ჩვენი უფლის მოციქულები რომ გმობენ. ისე მერე თუ გინდა ჩემს მუსიკას მოგასმენინებ. დიდი არაფერი, მაგრამ შეიძლება მოგეწონოს. ძაან კრიტიკულიც ნუ იქნები, დამწყები ვარ. რატომ არაფერს არ მეუბნები? არ გესმის რომ გელაპარაკები? რა დროს მუსიკაა, თავის მოკვლა მსურს და შენი რჩევა მჭრიდება. სად განვუტევო სული? ან როგორ? ეს მდინარეში გადახტომა, თავის ჩამხრჩობა და ათასგვარი სისულელეები მოძველდა. ნამეტანი პაპსაა. პაპსა კიდევ კოლდპლეივით ჟღერს და მე კიდევ აღარ შემიძლია კრის მარტინის მოსმენა. ეგ კი არა უკვე გაზეპილთმიან ჯუჯასაც ვეღარ ვუსმენ ხოლმე ხანდახან. ვბერდები აშკარად. ან უბრალოდ თმები მცვივა და გაშიშვლებული ტივნი კიდევ სხვაგვარად აღიქვამს ყველაფერს.

ღმერთო, ღმერთო, ღმერთო. შენ ყველა ენა გესმის?

სადღაც წავიკითხე, მეორედ მოსვლისას ქართული ენა პრივილეგირებული იქნებაო. ისიც წავიკითხე, ყველა საქართველოში წამოვა, რადგან აქ არ იქნება შიმშილი, სიცივე და უსექსობაო. ანუ რა გამოდის? იმისათვის, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს, საზოგადოება საზოგადოებას, კაცი კაცს და ქალი ქალს, ამისთვის მეორედ მოსვლაა საჭირო? საინტერესოა. ისე ამაზე მარტივი გზაც არსებობს. უბრალოდ ტრაკის ნაცვლად ტვინით უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ტრაკი ფიქრისთვის არ შეგიქმნია. ასე არ არის? კაი ახლა, ნუ მათქმევინებ საჯაროდ რისთვის შექმენი ტრაკი, მორიდება იქონიე.

ღმერთო, რამდენი უნდა გადაგიხადო რომ სამოთხეში მოვხვდე?

გააჩნია? ა, ხო. მართალია. მოიცა, მოიცა. რაღაც არ ემთხვევა ეს ყველაფერი წიგნებში ამოკითხულ ლეგენდებს. შენ ხომ ფულს არ იღებ? ფული ხომ ხელის ჭუჭყია? აქ რა შუაშია, მაგრამ უცბად გამახსენდა და უნდა გკითხო: სოდომი და გომორი გახსოვს? რა თქმა უნდა გახსოვს. მერე? კიდევ გზარავს მის გახსენებაზე? ჯერ სადა ხარ, ეტყობა ლესელიძეზე არ გაგივლია, შენი სურათებით და გამოსახულებებით ბიზნესია დაწყებული და შენ ჩვენს ქვეყანაში კურტ კობეინზე პოპულარული ხარ. ისე გეხვეწები, ლესელიძეს რომ მოუვლენ ციდან ცეცხლს, ლუკა პოლარეს სანაყინე არ დაწვა რა. ჩემ მეგობარს ძალიან უყვარს იქაური გემრიელობები. გემუდარები გაითვალისწინე, კარგი? ჯიგარი ხარ!

ღმერთო, ღმერთო. კიდევ ერთს გკითხავ. პორტუგალიელები ცოდვილები არიან?

რატომ გეკითხები? იმიტომ რომ ერთმა მორწმუნემ დაწერა, მაგათ ისიც ეყოფათ რომ პორტუგალიელები არიან და სამოთხეში ვერ მოხვდებიანო. შემეშინდა. მერე რომ დავფიქრდი და იმ ადამიანის მოსაზრება ისტორიული არგუმენტებით გავამყარე, დავეთანხმე კიდეც. პორტუგალიელები რა სამოთხეში შესაშვები ხალხია? მაგათმა არ აღმოაჩინეს ამერიკა? ხო, ხო. ამერიკა. აი ის ადგილი, ყოველგვარი ბოროტების სათავე რომ გახდა, დაწყებული კოკა-კოლიდან დამთავრებული პრეზერვატივებით. აბა ამერიკა რომ არა, ქართველი გოგოები პრეზერვატივებს გადაყლაპავდნენ?! იმედია ლესელიძის შემდეგ ამერიკასაც დაწვავ.

ღმერთო, როდემდე? ახალ ქალქს აშენებენ, ლაზიკა უნდა დავარქვათო. საძირკველში რომ ჩამატანონ, სამოთხეში მოვხვდები?

ამას იცი რატომ გეკითხები? ძალია მინდა რომ რაიმე საინტერესო გავაკეთო და ისე მოვკვდე. ზურაბს თუ დედა მისტიროდა და არ უნდოდა მისი საძირკველში ჩატანება, ჩემთან სხვაგვარად იქნება. მე წყნარად ვიდგები ან ვიჯდები და ზემოდან პრეზიდენტი ცემენტს დამასხავს. თან იქვე ტელევიზიები გადამიღებენ და მერე საქვეყნოდ ცნობილი ვიქნები. ცნობილი მკვდარი. ისე ამას დადებითი მხარეც აქვს: ყოველთვის იტყვია ჩემს სადღეგრძლოს ქართულ სუფრებზე. შეიძლება განსხვავებულითაც თქვან, გააჩნია რამდენად ღრმად გაიდგამს ფესვებს ქართველთა აზროვნებაში ლეგენდა ბიჭზე, რომელმაც საქართველოს ახალი დედაქალაქის მშენებლობას შეუწყო ხელი და გმირულად გაწირა საკუთარი თავი.

ღმერთო, გაგარინი გირჩევნია თუ არმსტრონგი?

არცერთი და არც მეორე? რა პონტში? ააა, ეგ სულ არ ვიცოდი. აბა საიდან უნდა მცოდნოდა? მე უმეცარს ვინ მეტყოდა იმას, რომ არც გაგარინი ყოფილა კოსმოსში გასული პირველი ადამიანი და არც არმსტრონგს დაუდგამს მთვარეზე ფეხი პირველად? ახლა უკვე ვიცი სიმართლე. შენ ხარ პირველი ასტრონავტი! დღეიდან ჩემი ცხოვრება შეიცვლება და მე ვეცდები, მხიარულად ამოვირბინო შენკენ მომავალი მთა-გორიანი და ეკლებით მორთული გზები.

აქ გამიჩერე რა, ჩავდივარ. 

ძალიან კარგია შენთან საუბარი, მაგრამ სახლში მელოდებიან და არ მინდა ვანერვიულო. მადლობა რომ უფასოდ მამგზავრე, მთელი 20 თეთრის ეკონომიაა, ეხუმრები? ისე შემდეგზეც რომ მოხვდები აქეთ, გამომიარე რა. კაი რა გერიდება, არ გრცხვენია. არ გაბედო და ბანბანერკა და შამპანური არ მოიტანო! ძალიან მეწყინება. იმ სადარბაზოს ხომ ხედავ? ხოდა ეგაა. ძველებური და ნახევრად ჩამონგრეული. აი მანდ რომ კედელზე თეთრი ფერის ზარია, მაგას დარეკავ და გამოვალ. სამჯერ დარეკე, რომ მივხვდე ჩემიანი ხარ. დროებით. მომენატრები შემდეგ მოსვლამდე. ჭკვიანად იცოდე. სბოგამ!

ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებთ, რა ბედნიერები ვართ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი ასტრონავტია!

Read Full Post »

***
მზე ყველასთვის ანათებსო, ამბობენ. შეიძლება, არ ვიცი. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ყველას არ ათბობს. მზე ეგოისტია, ან უბრალოდ ზედმეტად ჭკვიანი და მესაკუთრე. ის მხოლოდ ადამიანებს ათბობს. ადამიანებს, რომელთაც შემდეგ შეუძლიათ მიღებული სითბო სხვებს გადასცენ და თვითონაც გახდნენ მზეები. აქამდე არ იცოდით არა? დღეიდან დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ადამიანში არის მზე, ოღონდ განსხვავებული დოზებითა და ტემპერატურით. გამოგადგებათ! მზე ყველაზე კარგია ტიპია – ყოველთვის იცი, რომ არასდროს გიღალატებს და გამოჩნდება.

***
როგორ მეზარება გაღვიძება. ლოგინიდან რა ადგება ამ სიცივეში? გარეთ სუსხიანი ქარი ქრის და მგონი წვიმასაც აპირებს. დავრჩე სახლში? რა მინდა ლექციებზე. ძილს გავაგრძელებ. “შვილო ადექი, გაგვიანდება”. რა ვუთხრა დედას? რატომ არ მივდივარ ლექციაზე? “დე, დღეს მიცდება, ლექტორი ქალაქიდანაა გასული. გუშინ ღამე მოგვწერა წერილი არ მოხვიდეთ ტყუილადო”. ესეც ასე, დედა აღარ ნერვიულობს, მე კიდევ შემიძლია ძილი გავაგრძელო. ეს ბოლო პერიოდი აღარაფერი არ მაინტერესებს. მეზარება სიარული, ლაპარაკი, სიცილი, ნათესავების ნახვა, მეგობრებთან დროის გატარება… არაფერი აღარ მინდა. მაინც არაფერი გამოვა ჩემგან, მაინც არავის აინტერესებს ჩემი ამბები და მაინც სულ ასე, მარტო გავიღვიძებ დილაობით და ყოველთვის დამეზარება წასვლა… ბავშვობაში სკოლა მეზარებოდა, ახლა უნივერსიტეტი და მერე იმედია – სამსახურიც შემომეზარება. როგორ გვიყვარს “შემო”, ასე გვგონია ჩვენ კუთვნილ დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს: შემომეჭამა – მე კი არ მინდოდა ჭამა, უბრალოდ ნამცხვრის ნაჭერმა ფეხები აიდგა და ჩემსკენ გამოქანდა; “შემომაკვდა” – არ მინდოდა მოკვლა, უბრალოდ დანა მეჭირა და ის ძალით დაეცა მასზე, თანაც ცხრაჯერ; და კიდევ უამრავაი “შემო”. მეც შემიძლია ვთქვა: შემომეძინა დღეს დილით, შემომეზარა, შემომაშუადღევდა და მაგის გამო დამაგვიანდა და არ წავედი, თორემ მე რა შუაში ვარ? ყველაფერში ეს “შემო”-ა დამნაშავე.
რას გადავეკიდე ამ “შემო”-ს. სულ არ ვიფიქრბედი მასზე ახლა რომ ლოგინში ისე ვიწვე, არაფერი არ მაწუხებდეს და არაფერზე არ ვდარდობდე. იცით რამდენჯერ მიოცნებია მილიონერის შვილი ვყოფილიყავი? დავწვებოდი და მთელ ცხოვრებას საწოლში ნებივრობაში გავატარებდი. ოთახში დიდი ეკრანი მექნებოდა, სადაც ხან ფილმებს ვუყურებდი, ხანაც კომპიუტერულ თამაშებს ვითამაშებდი. შემდეგ მოსამსახურე შემომიტანდა კოკა-კოლას, ჩიფსებს, მიწის თხილს. ვიწვებოდი და დროთა განმავლობაში გავსუქდებოდი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ დილით ადგომა არ მომიწევდა და არც არაფრის გაკეთებას მაიძულებდა ვინმე. საერთოდ არაფერი არ მინდა, საერთოდ არაფერი. არა, ხანდახან მინდა ხოლმე რაღაცის გაკეთება. მაგალითად მინდა კარგად ვისწავლო, ლექციებზე ვიარო, მხიარული და მეგობრული ვიყო და სახლში იშვიათად ვატარებდე საღამოებს მარტოობაში. მაგრამ მერე რომ ვფიქრდები, რისთვის და რატომ უნდა გავაკეთო ესა თუ ის, ეგრევე ვკარგავ ყველაფრის ხალისს. დავუშვათ კარგად ვისწავლე, მერე კარგი სამსახურიც ვიშოვე და ფულიც დავაგროვე, მერე? არც არაფერი! მაინც ასე მარტოსული ვიქნები და არავინ და არაფერი არ გამაბედნიერებს. მხოლოდ ძილია ჩემი მეგობარი, რადგან სიზმრებში ისეთი ვარ, როგორიც მინდა ვიყო.

***
მაღვიძარას ხმა შორიდან ისმის. გურამი უკვე დიდი ხანია რაც საუზმეს იმზადებს და სახლიდან გასასვლელად ემზადება. უკვე შესისხლხორცებული აქვს გაღვიძების დრო – 7 საათი. მაღვიძარა კი ყოველდღე ასე ტყუილუბრალოდ რეკავს 8-ის 15 წუთზე. გურამი მიდის, წყნარად თიშავს მას და მოწყენილი მაღვიძარაც მომდევნო დილას ელოდება იმ იმედით, რომ შეიძლება მის პატრონს ჩაეძინოს.
ყოველი დილა ერთნაირად და თან განსხვავებულად ლამაზია გურამისთვის: 7 საათზე გაღვიძება, გამამხნევებელი ვარჯიშები და ცივი წყლის აბაზანა. შემდეგ უკვე დილის ყველაზე მთავარი რიტუალის დროც მოდის. გემრიელი საუზმის მომზადება 3 ადამიანისთვის – ელენესთვის, ლუკასთვის და რა თქმა უნდა საკუთარი თავისთვისაც. ელენე გურამის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. დილით ელენეს სახის დანახვა ყველა მოტივაციაზე უფრო ძლიერი და ეფექტურია. გურამს გვერდში ყავს ადამიანი, რომელიც აგერ უკვე მე-7 წელია ყოველი მისი ნაბიჯის, სიხარულისა თუ მწუხარების გამზიარებელია. ახლა უკვე ელენეს პატარა ლუკაც დაემატა და ისინი სამნი არიან. გურამი არასდროს წუწუნებს, არასდროს არაფერი არ ეზარება. უფრო მეტიც – ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობასაც კი ხალისით ეკიდება.
“გურ, ადექი უკვე?” – ისმის ახალგაღვიძებული ელენეს ხმა. გურამი სითბოთი ივსება, მისი დღე უკვე წარმატებულია. “კი ელე, მღვიძავს და უგემრიელეს საუზმესაც ვამზადებ! რომ ადგები, ლუკა გააღვიძე, სკოლაში არ დააგვიანდეს. დღეს შენ წაიყვან თუ მე?” – მშვიდად ეკითხება გურამი და აგრძელებს საუზმის მომზადებას. ამასობაში ელენე უკვე ხალათში გამოწყობილი სამზარეულოში შემოდის, გურამს ზურგიდან ეპარება, თბილად ეხვევა, კისერში კოცნის და მშვიდად ეუბნება: “დღეს მე წავიყვან ლუკას სკოლაში. მიყვარხარ”. ელენე აუჩქარებლად მიდის ლუკას საძინებელი ოთახისკენ, აღვიძებს ბავშვს თბილი კოცნით და ნახევარ საათში მთელი ოჯახი მზადაა წარმატებული დღის დასაწყებად. ელენე და ლუკა ემშვიდობებიან გურამს. ისიც, კმაყოფილი სახით და მშვიდი მოძრაობით, ნელა აღებს მანქანის კარებს, ჯდება, ქოქავს მანქანის ძრავს და მორიგი სამუშაო დღის დასაწყებად ემზადება. გურამს აქვს ის, რაც ყველაზე მთავრია – მოტივაცია გააკეთოს ყველაფერი, რაც გააბედნიერებს მისთვის ყველაზე ძვირფას ორ ადამიანს: ელენეს და ლუკას. გურამი ბედნიერია. გურამი მზის სითბოს გრძნობს. ის ადამიანია.

Read Full Post »