Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2012

გავიღვიძე. სიცარიელის სუნმა შემაწუხა. მიმოვიხედე გარშემო და ოთახი გუშინდელივით უმოწყალოდ სევდიანი და მარტოსული მეჩვენა. ქუჩიდანაც გუშინდელივით აღარ ისმოდა მანქანების ხმაური და ხალხის ნერვიული მიმოსვლით გამოწვეული შრიალი. უკვე ერთი თვეა ნელ-ნელა ვეჩვევი ახალ რეალობას – მე მარტო ვარ. ყველაფერი რაც აქამდე არსებობდა – უაზრობად იქცა. ყველა ვინც აქამდე აზრს მატებდა ჩემ ცხოვრებას – უბრალოდ გაქრა.
ზანტად ვდგები ლოგინიდან, ვცდილობ გემრიელად გავიზმორო, მაგრამ არ გამომდის. ავტომატური მოძრაობით მივდივარ ტუალეტისკენ. ხელ-პირის დაბანა მეზარება, უბრალოდ ვისველებ თითის წვერებს და თვალებს ვისრეს ცივი წყლით. ვცდილობ გამოვფხიზლდე. სარკეში საკუთარ თავს ვხედავ, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ემსგავსება ნეანდერტალელ ადამიანს. თურმე რა ადვილია პირველყოფილ მდგომარეობაში დაბრუნება. ერთი თვეა წვერი არ გამიპარსავს, თმა არ დამივარცხნია და არც კბილების გამოხეხვით შემიწუხებია თავი. შედეგიც სახეზეა. პრინციპში მაინც მარტო ვარ და… სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუყურებ და ვცდილობ გავიხსენო როგორი ვიყავი იქამდე, სანამ ყველაფერი გაქრებოდა და ყველა მიმატოვებდა. აღარ მახსოვს. პერიოდულად ვცდილობ წარსულის გახსენებას. უშედეგოდ. როგორც ჩანს ძალიან მარტივად ვივიწყებთ ყველას და ყველაფერს.
უხალისოდ ვიცმევ დიდი ხნის გაურეცხავ ტანსაცმელს, რომელსაც უკვე შმორის სუნი ასდის. სიზარმაცემ ბოლომდე დამიპყრო და მჭიდროდ შემომხვია თავისი ძლიერი ხელები. გარშემო თუ არავინაა, აღარც არაფერი გაინტერესებს ადამიანს. სახლიდანაც არ გავიდოდი, რომ არა ერთი “რომ”. ჩვენში სიზარმაცეზე ბევრად ძლიერია თვითგადარჩენის სურვილი. ალბათ სწორედ მან მოგვიყვანა აქამდე. სადამდე ზუსტად არც მე ვიცი, მარა „აქამდე“. ამ გაურკვევლობამდე. მშია. სიზარმაცე მაქსიმალურად დიდი ხნის მანძილზე ჯაბნის თვითგადარჩენას და მეც მშიერი ვგდივარ საკუთარი სახლის ოთხ კედელს შუა. მერე თითგადარჩენა ძალას იკრებს, აი ისე, ჟან-კლოდ ვან დამის ფილმებში რომ მწარდება ხოლმე მთავარი გმირი. ძალამოკრებილი და რევანშს მოწყურებული თივთგადარჩენა სიზარმაცეს ნოკდაუნში აგზავნის და მეც ზანტი ნაბიჯებით ვტოვებ სახლს და უახლოესი სუპერმარკეტისკენ მივემართები.
კიდევ კარგი ადამიანებთან ერთად ელექტროენერგიაც არ გაქრა. პროდუქტები მაცივრებში საიმედოდაა შენახული. მე მარტო ვარ მთელ ქალაქში. შეიძლება მთელ დედამიწაზეც კი. ამ ერთი თვის მანძილზე, ჩემ სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სუპერმარკეტის მთლიანი პროდუქციის დაახლოებით ერთი მეათედი მოვიხმარე. საჭმლის მარაგის პრობლემა ჯერჯერობით არ მაწუხებს. ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი მომიწევს ასე ყოფნა. გავხდი. საჭმელი არის, მაგრამ არ არის ჭამის სურვილი. ან როგორ იქნება? გარშემო არავინაა მადა რომ აღმიძრას. სიმარტოვე ყველაზე კარგი დიეტაა. ერთ დღეს თუ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, მე აუცილებლად, მხიარული სახით ვაცნობებ ჩემს მეგობრებს, რომლებიც სიმსუქნეზე წუწუნებენ: “წადით, დაივიწყეთ ყველა და ყველაფერი, გახდით მარტოსულები და თქვენ აუცილებლად დაიკლებთ წონაში! აირჩიეთ – სიმსუქნე და საზოგადოება ან სიგამხდრე და სიმარტოვე. არჩევანი თქვენზეა”. წარმომიდგენია რა სახეებით შემომხედავენ. სულ გაგიჟდაო, გაიფიქრებენ. მერე ნელ-ნელა გამრიყავენ სამეგობრო წრიდან: ჯერ სატელეფონო ზარებზე მიპასუხებენ ნაკლები სიხშირით, მერე მეგობრებში გაავრცელებენ ჩემი სიგიჟის ამბავს და ბოლოს ფეისბუკიდანაც წამშლიან, ან უარეს შემთხვევაში – დამბლოკავენ. ფეისბუკიდან წაშლით და დაბლოკვით ყველაფერს წერტილი დაესმევა. დღეს ხომ სწორედ ფეისბუკი წყვეტს ყველაფერს: ვინ ვისთან, როგორ და რანაირად. მარკ ცუკერბერგმა შეძლო და შექმნა სოციალური ქსელი, რომელიც ყველაზე მარტივად და ამავდროულად ტოტალურად აკონტროლებს ადამიანებს. მათ კი საკუთარი თავები თოლია ჯონათან ლივინგსტონივით თავისუფლები გონიათ.
სუპერმარკეტში საკმაოდ გრილა. კონდიციონერები ისევ ფუნქციონირებს. რა მაგარია, შეიძლება რამდენი ელექტროენეგიაც გინდა, იმდენი დაწვა. არც გადასახადი მოვა, არც არავინ ჩაგიჭრის დენის კაბელებს. კომუნალური გადასახადებისადმი შიში დაძლეულია, როგორც იქნა. მართალია ამას მსხვერპლად მინიმუმ 300000 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (რა თქმა უნდა მათი რიცხვი გაიზრდება, თუ ვივარაუდებთ, რომ მთელ დედამიწაზე იგივე ხდება, რაც ჩემ ქალაქში), მაგრამ ამას ვინ ჩივის. მთავარია შედეგი: შიში დაძლეულია, პროგრესი სახეზეა.
საჭირო პროდუქტებს ხელი დავავლე და სწრაფად დავტოვე სუპერმარკეტი. ფილმებისა და სიზმრების გარდა არასდროს მინახავს ასეთი ცარიელი ქუჩები. სიმარტოვე არასდროს ყოფილა ასეთი გლობალური და ყოვლისმომცველი. ეს კარგიცაა. პირველად შემიძლია არ დავმალო საკუთარი სიმარტოვე. ხანდახან ხმამაღლაც ვყვირი ხოლმე: “მე მარტო ვაააააააააარ!” აღარ ვმალავ, აღარ მრცხვენია. მე მარტო ვარ. სრულიად მარტო. არ მჭირდება ბედნიერების ნიღაბი, არ მჭირდება ადამიანებთან ერთად გადაღებული ფოტოების ჩვენება მარტოსულის სტატუსის თავიდან ასაცილებლად. ახლა უკვე თავისუფლად ვგრძნობ თავს. საბოლოოდ გავითავისე საკუთარი სიმარტოვე და უკვე ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება.
მზე საშინელი სიძლიერით აჭერს. ასეთი სიცხეები არასდროს ყოფილა ჩემ ქალაქში. ალბათ მზეც მარტოდ გრძნობს თავს. კატებმა და ძაღლებმაც დატოვეს მშობლიური ქალაქი. მტრედებიც აღარ დასეირნობენ მოედნებზე და არც თოლიები ჭყავიან მდინარის სანაპიროებთან. მთელ ქალაქში მხოლოდ მე დავრჩი. მე და კიდევ ერთი ჩიტი. ჯერ ვერ გავიგე რა ჩიტია. ყოველდღე, ერთი და იმავე დროს, ფრთების ზანტი მოძრაობით გადაუფრენს ხოლმე ქალაქს. ვცადე დავლაპარაკებოდი, დავმეგობრებოდი. ხანდახან მარტოობაც ხომ ცუდია როცა მთლად მარტო ხარ, არა? უშედეგოდ. ჩიტი ყურადღებას არ მაქცევს. თავისი წინასწარდაგეგმილი მარშრუტით ჩაფიქრებული მიფრინავს ქალაქის ერთო ბოლოდან მეორე ბოლოსაკენ. ალბათ ისიც ჩემსავით მარტოა. სულ მარტო. ალბათ მანაც დაკარგა ოჯახის წევრები, მეგობრები, მოგონებები. დღეს სამყაროში ორი სულიერი არსებაღა დავრჩით. მე და ჩიტი. ჩიტი და მე. რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი არ ვიცი. სავარაუდოდ ვერც ვერასდროს გავიგებ. მე ალბათ იმიტომ გადავრჩი, რომ კიდევ უფრო მძაფრად შემეგრძნო საკუთარი სიმარტოვე და მენანა ის წუთები, როცა ვფიქრობდი თუ რა კარგი იქნებოდა სრულ სიმარტოვეში ცხოვრება. და ჩიტმა რაღა დააშავა? რატომ დარჩა ასე ეულად და მარტო? არ ვიცი.
სახლში უხალისოდ ვბრუნდები. სიცარიელის სუნი ისევ შემაწუხებლად მეფობს. ფანჯრების გაღებას რა აზრი აქვს, გარეთ კიდევ უფრო მეტად ყარს სიცარიელე. სუპერმარკეტიდან წამოღებულ პროდუქტებს მაცივარში ვაწყობ და ჩემს საყვარელ სავარძელზე მოწყვეტით ვეცემი. როგორ იცვლება ადამაინის დამოკიდებულება საყვარელი ნივთებისადმი. ოდესღაც მიყვარდა ამ ადგილას ჯდომა. ახლა უკვე მძულს. ვერ ვუძლებ სავარძლის მოწითალო ფერს და გაცვეთილ ბალიშებს. მაგრამ მაინც ვზივარ. სხვა რა გზა მაქვს. ვზივარ და ვფიქრობ. ვფიქრობ ჩიტზე, რომელიც ყოველდღე დაფრინავს ქალაქის თავზე. ვფიქრობ და გული მწყედება, რომ ადამიანებს ფრენა არ შეგვიძლია. მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები: კი მარა, ფრენაზე და ათას სისულელეზე ფიქრის დროა ახლა? ადექი და ჭამე რა. მშიერი კუჭით შორს ვერ გაფრინდები, დებილო.

Read Full Post »

მერე იტყვი რატომ მიდისო. ხელს მკრავ. ზურგს მაქცევ. არც კი შემომხედავ. სხვას დაელაპარაკები. გაუღიმებ. გაეფლირტავები. და მერე იტყვი, რატომ მიდისო.
სხვებს ეცეკვები. ესაუბრები შენს საყვარელ ადამიანებზე. შენს საყვარელ წიგნებზე. შენს საყვარელ ფილმებზე. მერე ამბობ, კი მაგრამ, ეს ბიჭი რატომ მიდის სახლშიო?
სეირნობ. შენს დაქალებთან ერთად. მე მოშორებით ვდგავარ. გიყურებ და ვიხიბლები. შენ ყურადღებას არ მაქცევ. მხოლოდ შენს რჩეულს, მაღალ, სიმპატიურ და ცისფერთვალება ბიჭს აქცევ ყურადღებას. ის კი არც გიყურებს. მერე იღლები და აქეთ-იქით იყურები. ცდილობ მიპოვო. მე უკვე სახლში ვარ. ამ დროს კი შენ თავს ეკითხები: კი მაგრამ, ეს ბიჭი სად გაქრაო?
სახლში ყველაფერი რიგზე გაქვს. მამა კარგ ადგილას მუშაობს. დედა წარმატებული ქალია. მე ერთი წარუმატებელი, ხავსსმოჭიდებული ტიპი ვარ. სტუდენტი. ჯიბეგამორღვეული. არაფრისმომცემი. შენ მოგწონვარ. თუმცა ლევანს ხვდები, რომელიც ყოველ საღამოს მანქანით გაკითხავს. შენ მზიანი ამინდი გიყვარს. მაგრამ ლევანთან ერთად ყოველთვის წვიმს. მერე იტყვი, რატომ წვიმსო…

Read Full Post »