Feeds:
Posts
Comments

Archive for August, 2011

პოსტი დაწერილია შარშან, შემდეგ ინახებოდა დრაფტებში და ბოლოს გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ბლოგზე. ბევრ რამეში არ ვეთანხმები ჩემ იმ დროინდელ დამოკიდებულებას, თუმცა პოსტი მომწონს.

ერთფეროვნება ყველგან, ერთფეროვნება ყოველთვის, ერთფეროვნება ყველაფერში. დილით ადრე დგები, მიდიხარ სამსახურში, ტრანსოპრტში ჭედვაა და შენც ფეხზე დგომა გაქვს გამოწერილი (მითუმეტეს თუ მოხუცებულებს ადგილს უთმობ). მთელ დღეს გამუდმებულ სტრესსა და დაძაბულობაში ატარებ. საღამოს ქანცაგწყვეტილი ბრუნდები სახლში. არაფრის თავი არ გაქვს, ბავშვებსაც ვერ აქცევ ყურადღებას, ცოლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია…
ერთფეროვნება ქუჩაში. ერთფეროვანი ხალხი: სახემობრეცილი, ცხვირჩამოშვებული, სასოწარკვეთილი; ერთფეროვანი სიტუაციები: “რას შვრები?” “როგორ ხარ?” “საით” “ცოლი ხომ არ მოიყვანე?” “ხომ არ გათხოვდი?”; ერთფეროვანი სახეები: გამოფიტული, გასაცოდავებული და რაც ყველაზე საშინელია – უაზრო; ერთფეროვანი ჩაცმულობა: შავი, შავი და კიდევ შავი (ჭუჭყსაც იტანს და ვაჟკაცურიცაა); ერთფეროვანი ღიმილი: ფარისევლური, ნაძალადევი და შურით აღსავსე;
ერთფეროვნება უნივერსიტეტში. ერთფეროვანი ახალგაზრდობა: უმიზნო, უაზრო, უიღბლო; ერთფეროვანი სიტუაციები: 90%-მა არ იცის, რა უნდა “ცოდნის ტაძარში” და საერთოდ, რა უნდა ცხოვრებაში; ერთფეროვანი სახეები: გამოცდებით შეწუხებული, გაცდენებით აღტაცებული და სიცივით გალურჯებული (ქუჩაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე თბილ აუდიტორიებში); ერთფეროვანი აღკაზმულობა: ქუდი (აუცილებელი ატრიბუტი), შარვალი (ლურჯი ჯინსი ან შავი ფერის ნებისმიერი), ფეხსაცმელი (ბოტასი ან კეტი, მხოლოდ შავი; “ტუფლებიც” მოდაშია); ერთფეროვანი ღიმილი: ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ იღიმება უმეტესობა… მე ვტირი!
ერთფეროვნება ოჯახში. ერთფეროვანი ცხოვრება: დილით საუზმე, შუადღე სადილი, საღამოს ვახშამი; ერთფეროვანი დასვენება: ზამთარში თბილისი (თუ ფული არ გაქვს) ან გუდაური (თუ მამიკო მდიდარია), ზაფხულში თბილისის ზღვა (თუ ფული არ გაქვს) ან შავი ზღვა (თუ ფული გაქვს). ეს ტენდენცია იცვლება და არჩევანი თბილისის ზღვიდან შავ ზღვაზე, ხოლო შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაზე გადადის; ერთფეროვანი საუბრები: “დე, მოვედი”, “მა, ფული მომე”, “კიდევ დალიე არა?!”, “მამა, თავანი მაქვს ჩასატანი…”, “იცოდე ის გოგო არ შემომითრიო ოჯახში, თორემ…”; ერთფეროვანი დასასრული: ცოლის მოყვანა / გათხოვება, ბავშვები, სიბერე, მარტოობა…
ერთფეროვნება განათლებაში. ერთფეროვანი არჩევანი: ეკონომიკური ან საბანკო (აქ ბევრი ფულია), კომპიუტერული (დღეს ყველაზე მეტად გამოსადეგია) და ნებისმიერი სპეციალობა, რომლის დასახელებაშიც “საერთაშორისო” ურევია – საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა და ა.შ. “საერთაშორისო უცხოური სიტყვაა და ქართულად უცხოეთში წასვლას ნიშნავს” © ნიკა გრიგოლია; ერთფეროვანი ლექციები: ინდიფერენტული ლექტორები, მოუმწიფებელი სტუდენტები, უცნაური სახელმძღვანელოები (რომელთაც ხშირად უბრალოდ სხვადასხვა სახის ქსეროქსები ცვლის); ერთფეროვანი ღონისძიებები: კონფერენციები, რომელთაც მხოლოდ ორგანიზატორი და მონაწილეები ესწრებიან (ხანდახან ახლო მეგობარიც გამოერევა ხოლმე). ერთფეროვანი მიზანსწრაფვა: ფული, სამსახური, ნატო, ევროპა, დასავლეთი. რატომ? იმიტომ! ალბათ დასავლეთში უფრო თბილა და შუქიც არასდროს არ ქრება.
ერთფეროვნება პირად ცხოვრებაში. ერთფეროვანი გრძნობები: გვიყვარს, იმიტომ რომ წესიერია. აღგვაგზნებს, იმიტომ რომ არაწესიერია. ინდიფერენტულები ვართ, იმიტომ რომ უშნოა ან მეგობრის დაა; ერთფეროვანი გადაწყვეტილებები: უკვე ორი თვეა ერთად ვართ, დროა დავაგვირგვინოთ. უკვე მესამე წელია ერთად ვართ და ჯერ არ მიკოცნია, მგონი უკვე დროა. უნდა დავშორდე, სხვა გოგო გავიცანი და იმას უფრო დიდი ტუჩები აქვს; ერთფეროვანი გემოვნება: ორი ტიპის ქალები: “საგულაოდ” და “საოჯახოდ”. პირველი ტიპის ქალს აკოცებს, მოეფერები, სექსიც გექნება; მეორე ტიპის ქალთან მხოლოდ ქორწილის შემდეგ გექნება ურთიერთობა და ისიც თვეში ერთხელ, ორი წლის შემდეგ კი სამ თვეში ერთხელ, ათი წლის შემდეგ – მხოლოდ დღესასწაულებზე; ორი ტიპის მამაკაცები: “სამარიაჟო” და “საოჯახო”. პირველი ტიპის მამაკაცი კარგია უბანში თავის მოსაწონებლად – ბმვ მარკის ავტომობილი, მუქი სათვალეები, სავსე საფულე და “ნაგლური” ქცევები. მეორე ტიპის მამაკაცი კარგია საოჯახოდ: ფულს შემოიტანს ოჯახში, ტანსაცმლით მოგამარაგებს, შვილებს ტკბილეულობას არ მოაკლებს . მისი დამორჩილებაც ადვილია – ოჯახში მეორეობასაც უფრო ადვილად თანხმდება. ასე რომ, “საოჯახო” მამაკაცი იდეალურია, როდესაც ქალი ეძებს მყუდრო სახლს და მრავალ საყვარელს. თითქოს მრავალფეროვანია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც როგორი ერთფეროვანია…
ერთფეროვნება გართობაში. ერთფეროვანი ადგილები: შარდენი (მამიკოს ბიჭებისა და ახალი ქართველებისთვის), პეროვსკაია (შედარებით ნაკლებ მაღალი ელიტისთვის), სახინკლეები (უბრალოდ მოკვდავთათვის) და “ზაბიგალოვკები” (ყველაზე გაჭირვებული ფენისთვის); ერთფეროვანი გართობის სახეები: ცეკვა, მოსაწევი (წამალი), სექსი (მდიდარი ნარკომანებისთვის); დალევა, “ზასაობა” (შუალედური ფენებისთვის); ღრმად დათრობა, ძილი (მოსახლეობის 80%); ერთფეროვანი საუბრები: რა ჭამე, რა დალიე, რა მოწიე, ვის აკოცე, სად აკოცე, როდის აკოცე, რატომ აკოცე, რატომ გეძინა, რატომ გეღვიძა, რატომ…
ძალიან ერთფეროვანია ეს ყველაფერი არა?

Advertisements

Read Full Post »

ჩემი ბლოგის მკითველებო, ჩემი ვირტუალურო და რეალურო მეგობრებო, გიზიარებთ ჩემ სიმღერას, რომლის ჩაწერაც როგორც იქნა დასრულდა. ეს არის ფრანგულენოვანი სიმღერა. ტექსტს დავწერ და თარგმანსაც დავურთავ თან. ეს არის ჩემი პირველი სტუდიური ჩანაწერი, რომელიც ჩემი მეგობრების დახმარებით გავაკეთე. მოისმინეთ, შეაფასეთ და კომენტარებში გამოხატეთ თქვენი აზრი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მოგეწონებათ, გაავრცელეთ. წინასწარ დიდი მადლობა ყველას.

აქ შეგიძლიათ მოისმინოთ:

 

ტექსტი (ქართულ თარგმანზე ბოდიში, ვერ გავრითმე კარგად):

Le soleil ne brille que si tu ne le réveille
მზე მხოლოდ მაშინ ბრწყინავს, როცა შენ აღვიძებ
La lune n’éclaire plus si tu ne la permets
მთვარე აღარ ანათებს შენ თუ არ დართავ ნებას
Ma vie perd toutes ses couleurs si tu n’es pas la
ჩემი ცხოვრება კარგავს ფერებს როცა შენ არ ხარ
Pourquoi, pourquoi…
რატომ, რატომ…

Mon cœur se bat en harmonie de tes mouvements
ჩემი გული შენი მოძრაობების ჰარმონიულად ფეთქავს
Mes yeux ne voient que la beauté de ton visage
ჩემი თვალები მხოლოდ შენი სახის სილამაზეს ხედავენ
Ma vie reprend son sens si tu réapparait
ჩემი ცხოვრება აზრს იბრუნებს როცა შენ ხელახლა გამოჩნდები
Pourquoi, pourquoi…
რატომ, რატომ

მისამღერი:
Pourquoi chaque fois que j’ferme mes yeux dans la nuit
რატომ გხედავ ყოველთვის როცა თვალებს ვხუჭავ
Pourquoi je vois tes yeux et ton petit sourire
რატომ ხედავენ ჩემი თვალები მხოლოდ შენ ღიმილს
Pourquoi je trouve la liberté dans ton regard
რატომ ვპოულობ თავისუფლებას შენს გამოხედვაში
Et bien c’est comme ca.
ეს უბრალოდ ასეა…

Read Full Post »