Feeds:
Posts
Comments

Archive for March, 2012

გამარჯობა. მე ჟულიენი ვარ. მე ოქროსფერი ვარ და ხვალ მოვკვდები.
გამარჯობა. მე ელენი ვარ. მე მიყვარს სპილოები და სიმპატიური ბიჭები. მე ხვალ ვქორწინდები. ჯეფს დიდი სპილო ყავს.
გამარჯობა. მე ჯოფრი ვარ. გუშინ პირველად მეძინა ქალთან. უფრო მეტს ველოდი.
გამარჯობა. მე ლილიანი ვარ. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ ამბობდნენ უფროსები, რომ “ზამთარში ფრინველები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ”. უცნაურია, ჩემი თუთიყუში ყოველთვის გალიაში რჩებოდა.
გამარჯობა. მე ბორისი ვარ. ყველას გონია, რომ რუსი ვარ.
გამარჯობა. მე კორანტენი ვარ. მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მაქვს. ყველას მოვწონვარ. მე კი მხოლოდ გრეგუარი მიყვარს, რომელიც არ არის გეი.
გამარჯობა. მე მარჯვენა ხელზე ფრჩხილებს არ ვიჭრი და კლასიკურ გიტარაზე ვუკრავ. ჩემი მეგობარი ჰიუგო, რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს, მაინც უფრო მეტ გოგოს აბავს, ვიდრე მე.
გამარჯობა. მე სილვი ვარ. მე ის გოგო ვარ, ლამაზ გოგოებს რომ ემეგობრება და თვითონ მახინჯია.
გამარჯობა. მე ჯონი ვარ. მიყვარს ვისკი და სიგარა. ვოცნებობ პორნოფილმში გადამიღონ, მაგრამ ჩემი პენისის ზომის გამო, ეს წარმოუდგენელია. ოცნებები არ ხდება, ეს ამერიკა არ არის.
გამარჯობა. მე სვეტლანა ვარ. გუშინ დამირეკეს სარეკლამო სააგენტოდან. თვით სააგენტოს შეფი სერჟი მელაპარაკა. რეკლამაში გადაგიღებ, ოღონდ რაღაც უნდა შემისრულოო. ხვალამდე მაქვს დრო მოსაფიქრებლად.
გამარჯობა. მე ვლადიმირი ვარ. დღეს მაკდონალდში დამატებით საათებს ვმუშაობ. შაბათ-კვირას ლუსის კინოში დაპატიჟება მსურს. ლუსის ფულიანი ბიჭები უყვარს. ტანსაცმელს მეგობარი მათხოვებს.
გამარჯობა. მე იაკუბუ ვარ. მამაჩემი აფრიკელია, დედა – ფრანგი. ყველას გონია, რომ დედა მამას დიდი პენისის გამო გაყვა ცოლად. მეზიზღება ჩემი დიდი პენისი.
გამარჯობა. მე როჯერი ვარ. მე შვეიცარიელი ვარ. არ მიყვარს ფედერერი და არც საათს ვატარებ.
გამარჯობა. მე გიორგი ვარ. ვსწავლობ და უმუშევარი ვარ. საღამოობით ლუდს ვსვავ და მერე ვიძინებ. არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ.
გამარჯობა. მე ნათია ვარ. მე მიყვარს ლევანი. ლევანი იდეალური მამაკაცია. ყოველთვის მზადაა წამიყვანოს მდიდრულ კაფეებსა და ბარებში. იმ დღეს სენატში მაგარი გავერთეთ.
გამარჯობა. მე უფუკი ვარ. მამამ არ იცის, რომ გეი ვარ. ჩემ სოფელში ამის გამო მომკლავენ. ერთი სული მაქვს როდის წავალ აქედან. ამბობენ სტამბულში უფრო მეტი თავისუფლებააო.
გამარჯობა. მე ლეონი ვარ. მესამე დღეა ზახოდზე ვჩალიჩობ. მაგრად გაიშვიათდა წამალი.
გამარჯობა. მე ჰიდეტოში ვარ. დღეს თმები ლურჯად შევიღებე. ამ თვეში უკვე მესამედ ვიცვლი თმის ფერს. არ მინდა სხვებს ვგავდე.
გამარჯობა. მე ტანტალო ვარ. ჩემ სოფელში ყველაზე ძლიერი და მოქნილი მე ვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში და ნადირობა. ყანაში მუშაობა მეზარება, მაგრამ მიწევს. მეზობელ სოფელში ერთი გოგო მომწონს. მალე ცოლად მოვიყვან.
გამარჯობა. მე დერიკი ვარ. ჩვენ გეტოში ყველა ქურდობს. ორი გზა გაქვს – უნდა იქურდო ან მშენებლობაზე იმუშაო. მე კალათბურთელობა მინდა.
გამარჯობა. მე მელისა ვარ. ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში ორივე ფეხი დავკარგე. დასანახად ვერ ვიტან სავარძელს, რომელშიც მთელ დღეებს ვატარებ. ვფიქრობ სუიციდზე, მაგრამ ვერ ვბედავ. ზუსტად ერთი წელია სახლიდან არ გავსულვარ. ინტერნეტში ყველას გონია, რომ კიმი მქვია.
გამარჯობა. მე გულივერი ვარ. ჩვენ ცირკში ვმუშაობთ. კვირაში ერთხელ პუბლიკა მხურვალედ გვეგებება ჩვენ, ჯუჯების ოჯახს. მამამ ჩემზე განსაკუთრებულად იზრუნა და შესანიშნავი სახელი შემირჩია.
გამარჯობა. მე იათამზე მქვია. მთელი სკოლა დამცინის სახელის გამო. იამზე მაინც ვყოფილიყავი, იას დამიძახებდნენ. ახლა მოფერებით იათას მეძახიან.
გამარჯობა. მე პოლი ვარ. მე მახინჯი ვარ. დიდი ხანია ველი მას, ვინც ჩემი სულის სილამაზეს დაინახავს.
გამარჯობა. მე ჟანი ვარ. მევასება ჩერჩეტი გოგონები. პატარა პრინცის ისტორიებს ვუყვები და გონიათ, ავტორი მე ვარ. გიჟდებიან მელიისა და ბავშვის მეგობრობის ისტორიაზე. ხანდახან სველდებიან კიდეც.
გამარჯობა. მე კევინი ვარ. ერთი სული მაქვს თავი დავაღწიო ნიუ-იორკულ ცხოვრებას. არ მესმის, რატომ ისწრაფიან უცხოელები ასე თავზეხელაღებულად ცათამბჯენებისკენ?
გამარჯობა. მე ჰერბერტი ვარ. მე არ მომწონს ჩემი სახელი. ძალიან ვდარდობ, რომ თმები მცვივა.
გამარჯობა. მე ლუსი ვარ. შენ?

Read Full Post »