Feeds:
Posts
Comments

Archive for September, 2012

ემოციებისგან დაცლილი ვცდილობ შენი თვალების დაუშრეტელი ენერგიით განვახლდე. ვცდილობ სხეულის ყველა ნაწილში ვიგრძნო შენი თითების შეხებით გამოწვეული ჟრუანტელი. ვცდილობ დავივიწყო ტყუილი, რომელშიც ვცხოვრობ. ვცდილობ დავანგრიო კედლები, რომლებშიც საიმედოდ ვარ გამომწყდეული. ვცდილობ. შენ კი არ მიყურებ. თვალებში არ მიყურებ და არ მაძლევ შანსს გავხდე უკეთესი. არ მაძლევ შანსს ვიყო ისეთი, როგორიც მინდა რომ ვიყო. შენ გარბიხარ. ყოველთვის გარბიხარ. მე კი სულ ერთი შეკითხვა მაწუხებს – რატომ ხარ ასეთი ლამაზი მაშინაც კი, როცა ზურგს მაქცევ და გარბიხარ.

სხეული დაღლას ვეღარ გრძნობს. ცხოვრების ავტომატურ რეჟიმზე ვარ გადასული და მხოლოდ იმიტომ ვასრულებ ამა თუ იმ ქმედებას, რომ მიჩვეული ვარ ასე ყოფნას. საკუთარ თავს ვესაუბრები. გამუდმებით. მაშინაც კი, როცა საერთოდ არ მსურს არავისთან საუბარი. სხვებს არ ვნახავ, არ დავურეკავ, კარებს მივუხურავ, ტელეფონს გავუთიშავ. საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. არც მუსიკის ხმამაღლა ჩართვა, არც ბალიშის ქვეშ თვალების ტკივილისმომგვრელი სიძლიერით დახუჭვა არ აჩერებს ჩემ საკუთარ ხმას, რომელიც სადღაც შიგნიდან, სხეულის და სულის ყველაზე ღრმა ნაწილიდან მესაუბრება. მესაუბრება გაუჩერებლად და მახსენებს, რომ არარაობა ვარ. მერე მეც ვნებდები, ვეღარ ვუძალიანდები და მონოტონურად ვიმეორებ: “მე არარაობა ვარ. მე არარაობა ვარ. მე არარაობა ვარ.” ხშირად ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის დავიწყება. მე ვცდილობ ძვალსა და რბილში გავიჯინო არარაობა, შენ კი კვლავ გარბიხარ. მე სწორედ იმიტომ ვარ არარაობა, რომ შენ ვერ გაჩერებ. თუმცა არც ის ვიცი, რომ გაჩერდე და აღარ გაიქცე, ვიქნები თუ არა იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს ვარ ან გუშინ ვიყავი. არ ვიცი. შენ გარბიხარ. და კვლავ ისეთი ძალიან ლამაზი, არაამქვეყნიურად მშვიდი და გულისამაჩუყებელი ხარ. სირბილისას ნაზად გეწეწება თმა და მაგ დროს ისეთი ქერა და ნათელი ხარ რომ… ირბინე. სულ ირბინე.

საუკუნეა კიბეებთან გიცდი. გამოჩნდები თუ არა ვიბნევი. მერე საკუთარ თავს ვებრძვი, ვამარცხებ შიშს, სიმორცხვეს და ვემზადები კიბეებზე ამოსასვლელად, რათა მხრებზე ხელი მოგკიდო, შემოგაბრუნო და თვალებში ჩაგხედო. პირველ ნაბიჯს ვდგავ, სხეული მთლიანად მიკანკალებს. კბილების ცახცახს ძლივს ვმალავ. კიდევ კარგი ძალიან დიდი კბილები არ მაქვს. მეორე ნაბიჯზე შორეული ხმა მახსენებს, რომ არარაობა ვარ და რომ მესამე ნაბიჯის გადადგმა საკუთარ არარაობაზე უარის თქმის ტოლფასი იქნება. თან ირონიით მეუბნება, რომ არ გამაჩნია ძალა გადავაბიჯო საკუთარ თავს. მე ვჯიუტობ. ცოტათი ვბრაზდები და მაოცებს ეს გრძნობა, გადაჩვეული ვარ სიბრაზეს. მიკვირს როგორ ვბედავ მესამე ნაბიჯის გადადგმას. ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება. თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ როგორი იქნები, როცა შემოტრიალდები, გამიღიმებ და თვალებში ჩამხედავ. შენი თვალების წარმოდგენა ძალას მმატებს. მერე თვალებს ვახელ და აი უკვე მზად ვარ გადავდგა მესამე ნაბიჯი. ამ დროს კი… შენ გარბიხარ. კიბეებზე ნაზად არბიხარ და უჩინარდები. მე ვეღარ ვდგავ მესამე ნაბიჯს. ისევ ისე მოხიბლული, თვალებგაბრწყინებული და სუნთქვაშეკრული ვუყურებ შენს წელში გამოყვანილ სარაფანს, შენს სათუთ წვივებს და შენს ქერა თმებს. შენ იცინი. ასე მგონია. სულ იცინი. როცა ზურგს მაქცევ და მირბიხარ, მხრები გითამაშებს ხოლმე, სიცილისგან. მე გიყურებ. ძალიან ლამაზი ხარ, როცა გარბიხარ. მე ისევ ისეთი არარაობა ვარ. შენ კი – გარბიხარ. სულ ასე ხდება ხოლმე. მესამე ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებ, შენ კი უკანმოუხედავად გარბიხარ.

ვცდილობ მოვდუნდე, ვცდილობ მივენდო ვინმეს, რამეს. აღარ მინდა გაღვიძებისას მქონდეს მარტოობის და უიმედობის შეგრძნება. დავიღალე. მინდა გაღვიძებულს ვინმე მამხნევებდეს, ცხოვრების სტიმულს და სიხარულს მანიჭებდეს. ამ ბოლო დროს სიზმრებსაც ვხედავ. ეს უკვე ზედმეტია. ძალიან ზედმეტია. ზედმეტზე ზედმეტი. სიზმრებში ბედნიერი და გაღიმებული ვარ. სიზმრებში შენ არ გარბიხარ. თუმცა დილისკენ იქაც კი ნელ-ნელა მშორდები და მერე ალბათ გარბიხარ კიდეც. უბრალოდ იქამდე მეღვიძება ან ვიღვიძებ, სანამ სიზმარშიც გაიქცევი. სანამ სიზმარშიც დამტოვებ გაღიმებულს, სევდიანად გაღიმებულს. სულ ვფიქრობ ხოლმე – მე შეგქმენი შენ? არსებობ კი? იქნებ იმდენად მტკიცედ ჩაგიბეჭდე თავში, იმდენად მივანდე ჩემი ფიქრები შენს ქერა თმებს, შენს ჰაეროვან სხეულს და თითის წვერებზე ნაზად გაქცეულ ფიგურას, რომ მე თვითონაც დავიკარგე. რეალობა ხარ? არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ გარბიხარ. სულ გარბიხარ. მე კი სულ ასე – გაღიმებული, თვალზე ცრემლმომდგარი, აღელვებული და მოცახცახე ვდგავარ. ვდგავარ და გიყურებ. გიყურებ და ვფიქრობ თუ როგორი ლამაზი ხარ შენ. მიუხედავად იმისა, რომ მე ჯერ კიდევ არ ვიცი როგორი თვალები გაქვს ან როგორ იღიმი. მე მხოლოდ ის ვიცი, როგორ გარბიხარ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ შენ გარბიხარ. ყოველთვის გარბიხარ.

Advertisements

Read Full Post »

გილოცავ დაბადების დღეს. მინდა ყველაზე ბედნიერი და ყველაზე მხიარული იყო. ისე, დღეს პირველად გადავწყვიტე მომეწერა ასე ღიად, პირადად შენთვის. მინდა რომ ეს მხოლოდ შენ წაიკითხო და მხოლოდ შენ დაფიქრდე ჩემს ნაბოდვარზე. არ ვიცი მოგეწონება თუ არა. რაღაც ძალიან ბავშვურია წერილის მიწერა, არა? მარა მე ხომ ბავშვი ვარ, მართლა ბავშვი, დიდი ბავშვი. დავიღალე. დავიღალე განა იმით, რომ კარგად არ ვარ ან რამე ეგეთი. არა. უბრალოდ დავიღალე იმით, რომ არ ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა. აი ახლაც, ვფიქრობდი რა უნდა მეჩუქებინა შენთვის. განსაკუთრებული ვერაფერი მოვიფიქრე და ამიტომ გადავწყვიტე ერთი ამბავი მოგიყვე. ეს ერთი ჩვეულებრივი ბიჭის ამბავია, რომელსაც ერთი არაჩვეულებრივი გოგო შეუყვარდა.
ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე, არა? ჩვეულებრივი, არაფრისმომცემი ტიპები, ხან სად მოხვდებიან და ხან სად. ხოდა ეს ჩვენი ერთი ჩვეულებრივი ბიჭიც იქ მოხვდა, სადაც მისი გოგო იყო. იმ დღის შემდეგ, მის ყოველ დანახავაზე გულისცემა უჩქარდებოდა და ლოგიკურ აზროვნებას კარგავდა ხოლმე. მეგობრები ეკითხებოდნენ: “კი მაგრამ, თუ ასე მოგწონს, გულისცემა გიჩქარდება და აზროვნებას კარგავ, რატომ არ პატიჟებ სადმე? ან რატომ არ სეირნობთ ერთად? რატომ არ ეუბნები, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გრძნობ მისდამი? რატომ ხარ ჩუმად?” მისი პასუხი ერთი და იგივეა ყოველთვის: “არ მინდა ჩემი სისულელით სულ დავკარგო ის, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია”. ალბათ რაიმე ახსნა ქონდა მის ასეთ საქციელს. მეგობრები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ, გულშემატკივრობდნენ და ეუბნებოდნენ ყველაფერი ეთქვა მისთვის. მაინც ვერ გაბედა. საინტერესო კი ის იყო, რომ იშვიათად ხედავდა მას. ხან შემთხვევით, ხან არა. ყოველ ნახვაზე კარგავდა საღ აზროვნებას და მხოლოდ მის სილამაზეს, საინტერესოობას და მიმზიდველობას უთმობდა გონებასა და გულს.
ეს ჩვენი საინტერესო, მაგრამ კომპლექსიანი და შეზღდული ბიჭი შიგადაშიგ რაღაცებს წერდა ხოლმე. ხოდა ყოველთვის, მისი ნახვის შემდეგ, სახლში ბრუნდებოდა და რაღაც სისულელეებს ჯღაბნიდა. ხან სიყვარულზე, ხან სილამაზეზე, ხან ამ წუთისოფლის ამაოებაზე. ისე ეს ბოლო თემა რატომ ქონდა ამოჩემებული არ ვიცი, მგონი ცოტას აფრენდა. იმის მაგივრად ეფიქრა როგორ გაეტარებინა დრო, წუთისოფლის ამაოებაზე ზრუნავდა თავგამოდებული. მარა რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ მის თითოეულ ფიქრში აუცილებლად იყო ლამაზი გოგონა, რომელიც ხან მიუწვდომელი, ხან ცივი, ხან კიდევ – ზედმეტად კარგი გახლდათ არავისგან განსხვავებული ბიჭისთვის.
მერე… მერე არაფერი. ეს ბიჭი ასე იყო მთელი ცხოვრება. მერე გოგომ სხვა ბიჭი იპოვა, ჩვენი ბიჭუნა კი ოცნებებს მაინც არ ღალატობდა. მერე… მერე მართლა აღარ ვიცი. ჩემი ვარაუდით ამ ბიჭს სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა გოგონა, მაგრა არ ეტყოდა ამას და ისიც ვერაფერს გაიგებდა. აი ასე. შენ შეგიძლია შენებურად წარმოიდგინო ისტორიის დასასრული.
სულ ესაა ჩემი საჩუქარი. იცი რამდენი ხანია ხელით არ მიწერია? მაპატიე თუ ლამაზად ვერ დავწერე, არ მივარგა კალიგრაფია. ისე იმედია ერთი ჩვეულებრივი ამბავი მოგეწონა. გილოცავ კიდევ ერთხელ დაბადების დღეს. მინდა სულ ასეთი იყო. სულ ასეთი.

Read Full Post »