Feeds:
Posts
Comments

Archive for September, 2010

All the untitled songs that we wrote in our hearts, all the unnamed desires that we had in our dreams… ხო, აი ასე. ვზივარ ჩემ კომპთან, ვუსმენ რაღაც სიმღერებს და ვწერ ამ პოსტს. ცვლილებების დროა ჩემ ცხოვრებაში… მნიშვნელოვანი ცვლილებების. თავიდან არ ვიცოდი პოსტს რა სათაურს მოვუფიქრებდი, იმიტომ რომ არც ვიცოდი, რა დამეწერ. ასე, ექსპრომტად შევუდექი ჯღაბვნას და უცბად მომივიდა იდეა! აი ისე, ტომი და ჯერის რომ ენთებათ ხოლმე ნათურა თავთან. რაში მდგომარეობს ჩემი იდეა და სურვილი: დავიწყებ პატარობიდან და მოვალ დღემდე, მოვყვები ჩემთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, პერიოდებს და თითოეულს თან დავურთავ სიმღერას, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება მას. როგორ გამომივა, თქვენ შეაფასეთ.


რამდენი რამ მაკავშირებს ლინკინ პარკთან: პირველი დახეული შარვალი, პირველი წარწერებიანი ჩანთა, პირველი სასმელი (სალოსთან ერთად ალექსანდროვის ბაღში, იაფიანი არაყი და 30 თეთრიანი კოკა-კოლა)… მახსოვს, ისე მქონდა გაჭედილი ჩესტერ ბენინგტონზე, რომ მასავით მსურდა ჩამეცვა, მელაპარაკა, მემღერა… ერთი სქესი არ მიწყობდა ხელს, თორემ მისგან შვილიც მენდომებოდა ალბათ. 14 წლის დეპრესიული თინეიჯერი გახლდით, რომელიც ვერ იტანდა სკოლას, ქალაქს, ადამიანებს. მახსოვს რამდენიმე თვის მანძილზე სახლიდან არ გავდიოდი და მთელი დღეები ლინკინ პარკის კონცერტებს ვუყურებდი. ასე მესმოდა მაშინ “ცხოვრება”. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ლინკინ პარკიც აღარაა ჩემი ფავორიტი ბენდი. თუმცა ეს სიმღერა, რომლის ვიდეოც ზემოთ დავდე, სამუდამოდ დარჩა ჩემ გონებაში და ყოველთვის გამახსენებს იმ პერიოდს, როდესაც მე არ ვეკუთვნოდი ამ სამყაროს და სადღაც სხვაგან, ჩემ წარმოსახულ რეალობაში ვცხოვრობდი.

ეს უკვე სხვა პერიოდი, უკვე ოდნავ “გაზრდილი” მებოა. საფრანგეთი, ახალი ცხოვრება, ახალი მეგობრები, ახალი ურთიერთობები, ახალი რეალობა. მაშინ გავაცნობიერე პირველად, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორ ლინკი პარკის მოსმენისას მეგონა ხოლმე. თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ: 16 წლის ბავშვი, რომელიც უცბად შეეჭიდა რეალურ ცხოვრებას და მოუწია გზის გაკვალვა უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან. რედიოჰედი რომ არა, ალბათ გავგიჟდებოდი ან პირიქით, უემოციო ტიპად გადავიქცეოდი. ასე თუ ისე, მიყვარს ჩემი ფრანგული ცხოვრება და მსიამოვნებს, მისი გახსენება. ის რაც დღეს ვარ, სწორედ ჩემი სამწლიანი პარიზული ცხოვრების დამსახურებაა. სწორედ საფრანგეთში გავხდი კომუნიკაბელური, ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, გავაცნობიერე ჩემი შესაძლებლობები, შევიძინე საკუთარი თავის რწმენა. აღარ გავურბოდი არავის, არაფერს და რაც მთავარია, საკუთარი თავისაც აღარ მეშინოდა. მადლობა ტომ იორკს იმისათვის, რომ მაპოვნინა ჩემი თავი და მიმახვედრა, რა არის ყალბი და რა – ნამდვილი.


2008 წელი. აგვისტოს თვე. სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა სოფელში გამომწყვდეული მებო, რომელიც სულ ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში. ივნისში დავუბრუნდი სამშობლოს, აგვისტოში კი ომი დაიწყო. 7-ში სოფელში წავედი, ერთი დღით გავასწარი ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სოფელი წყნარი და ყველასგან მივიწყებულია, მაინც ვერ ვისვენებდი და ვღელავდი მთელი ორი კვირის მანძილზე. ან როგორ მოვისვენებდი, როცა ჩემი საყვარელი ადამიანები თბილისში იყვნენ, ზოგი კი საერთოდ ფრონტის ხაზზეც კი იყო წასული. დასვენება ხომ ჩაგვიშხამდა და ჩაგვიშხამდა: სოფელში შიში სუფევდა, მოხუცები ვერ იძინებდნენ, ბავშვები აღარ იცინოდნენ, ძაღლები ვეღარ ყეფდნენ აფეთქების ხმის შიშით, ეტყობა ეგონათ მათი ყეფა იწვევდა დამანგრეველ ხმაურს. ასეა თუ ისე, ის ზაფხულიც გადავაგორე და საბედნიეროდ, არცერთი ჩემი ახლობელი არ დაზარალებულა. Lazarus-ი ის სიმღერაა, რომელსაც მთელი დღეები ვუსმენდი და მისი დახმარებით ცოტა ხნით მაინც ვივიწყებდი რეალობას. მადლობა Porcupine Tree-ს, მადლობა სტივენ ვილსონს.


ეს უკვე სულ სხვა თემაა. ეს შეყვარებული მებოა. ერთხელ მიყვარდა და ისიც, შორეულ 2007 წელს, საფრანგეთში. მარი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველანაირად ჯდება ჩემ გემოვნებაში: არის უსაშველოდ ლამაზი, სათუთი, ქერა, გამხდარი, ჰაეროვანი; რაც მთავარია არის ერთადერთი გოგო, რომელიც სიკეთეზე ფიქრობს და რომელიც სხვებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მარი ახლაც მიყვარს, უბრალოდ თვითონ საერთოდ არაფერი არ იცის ამის შესახებ. 2007 წლის აგვისტოში მებო მისთვის ერთ უბრალოდ მეგობრად გადაიქცა, რომელსაც საქართველოში წერილებს მისწერს ხოლმე და მოუყვება ახალ ამბებს. მარი ვერც ამ პოსტს წაიკითხავს, იმიტომ რომ ქართული არ იცის. მარი ფრანგია: ფრანგულად ლაპარაკობს, ენის ოდნავი მოძრაობით და პირის ნაზი გაღება-დახურვით; ფრანგულად იცვამს – ლამაზად და დახვეწილად; ფრანგულად იცის მოფერება, აი ისე, ყველაფერი რომ გავიწყდება და მხოლოდ მის ძვლებს შეიგრძნობ; ფრანგულად იცის… ყველაფერი. ასეა თუ ისე, შეყვარებული მებო ბევრს არ უნახავს. ბევრს კი არა, ეს ბედნიერება მხოლოდ ერთ ადამიანს ეწვია და ის ადამიანი, სწორედ მარია. მარი, მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები, იმიტომ რომ შენ ყველაზე მაგარი ქალი ხარ მთელს გალაქტიკაში.

და ბოლოს, დავდებ იმ სიმღერას, რომელსაც ამ წამს ვუსმენ. დროებით, ჩემი ბლოგის მკითხველებო.

Advertisements

Read Full Post »