ბუმ!
თქვენი ოთახი ძალიან ლამაზია. თანამედროვე კატალოგებში ნანახ სურათს გავს, მადისაღმძვრელად რომ აჩენს თითოეულ პროდუქტს. დილით რატომღაც იფიქრეთ, რა რეაქცია გექნებოდათ თქვენი სახლი, თქვენივე შერჩეული ავეჯით ერთ წუთში რომ გამქრალიყო? სამსახურიდან ახლახანს დაბრუნდით. ისევ მარტო ხართ. ფიქრობთ იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევა მეგობრებთან ერთად. არადა მაგიდა სპეციალურად შეარჩიეთ, მეგობრებისთვის კომფორტული იქნებაო. ესეც იმიჯის ნაწილი იყო: ავეჯის გამყდველს ხომ არ გამოუტყდებოდით, რომ არათუ მეგობრები, ერთი მეგობარიც კი არ გყავთ? რამდენი ხანია ოცნებობთ ახალ გარემონტებული ბინაში ვინმემ შემოდგას ფეხი. მეძავები რომელთაც ფულს უხდით, სახლში არ მოგყვებიან. ეს ალბათ თქვენი სათვალეების და შუბლზე ჩამოყრილი თმის ბრალია. თქვენ მათ ბინურ საწოლებში უწვებით, მათსავე ბინძურ სხეულებს ეფერებით და ყოველი შეხებისას წარმოიდგენთ, როგორ გელოდებათ ახალგარემონტებულ სახლში, საწოლზე წამოწოლილი ლამაზი ქალი. სუფთა ქალი. თქვენ არ გინახავთ სუფთა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ფულს სუნი არ აქვს. ზიხართ თქვენს ოთახში და ბუმ! აქამდე იცოდით რომ თქვენს კორპუსში ცნობილი პოლიტიკოსი ცხოვრობდა? ძალიან ცუდი. სწორედ მის მოკვლას ცდილობდნენ თქვენს ბინაში დამონტაჟებული ბომბით. ბედის ირონია – სართული შეეშალათ. შეცდომის წყალობით თქვენი ახალგარემონტებულ ბინისგან მხოლოდ შიშველი კარკასი და აქეთ-იქით უპატრონოდ მიყრილი თქვენი ძვირფასი ავეჯის ნაფლეთებიღა დარჩა. ბუმ! ერთი წამი, მხოლოდ ერთი წამი და თქვენ არარაობად იქეცით. ერთადერთი რასაც ნანობთ ისაა, რომ არასდროს არავის არ უყვარდით. დედათქვენს არ დასცალდა ნაადრევი სიკვდილის გამო, თორემ ისიც შეგიძულებდათ. გაქონილთმიანი, სათვალიანი, ისტერიული და კომპლექსებიანი – არ როგორი იყავით თქვენ. თქვენ მოსახსენებლადაც სწორედ ასეთ სურათს დაკიდებენ სადმე, კუთხეში.
ბუმ!
თქვენ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ხართ. ავტობუსში ჭყლეტვაა. ხალხის რუტინისა და გაჭირვებისგან წაშლილ სახეებზე შიგადაშიგ სიძულვილსაც ამჩნევთ. თქვენ მათგან განსხვავდებით. თეთრი შარვალ-კოსტუმი გაცვიათ, ფეხსაცმელები თეთრად გიპრიალებთ და თმა კი სველი ეფექტის ჟელით გაქვთ გულდმოდგინედ დავარცხნილი. ბუმ! ერთი წამი და თქვენსა და მათ შორის ყველანაირი განსხვავება ქრება. თქვენგან მხოლოდ ძვლები რჩება, მათგანაც. თქვენ დილით ნახევარი საათი დაკარგეთ მოსამზადებლად, მათ – არცერთი წუთი. საბოლოოდ ვერც თქვენ იხეირეთ იმ ნახევარი საათით და არც მათ დააკლდათ ბევრი არაფერი. ერთმა წამმა თქვენ ყველანი გაგაერთიანეთ, ერთმანეთს დაგამსგავსათ და სამუდამოდ დაგაკავშირათ. თქვენ ერთად გადაგიყვანენ ექსპერტიზაზე პოლიციის განყოფილებაში, შეეცდებიან გაიგონ იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. ალბათ ვერც ვერასდროს მიხვდებიან, რომ ყველაფერი აუტანელი სიცხის ბრალი იყო, რომელსაც გაჭირვებისგან სახეწაშლილი ხალხი გამოყოფდა. თქვენ ისინი ვერ დააბალანსეთ, რადგან თქვენ მართალი არ გიჭირთ, თუმცა თქვენს თვალებში კიდევ უფრო მეტი სიღარიბეა. მგონი ამ აფეთქებამ გაგახარათ კიდეც. ხომ ასეა? გამოტყდით, თქვენს იმიჯს მაინც ვეღარაფერი შელახავს, თქვენ მოკვდით.
ბუმ!
თქვენ უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებით. მძღოლს წინასწარ შეუთანხმდით 60 თეთრად მგზავრობაზე. სხვა რა გზა გქონდათ, რომ არა ის 20 თეთრი, მგზავრობის ფულს რომ მოაკელით და ლარიანი ლობიანის საყიდლად გაიმეტეთ, ახლა მშიერი იქნებოდით. თანაც კარგად იცით, რომ სახლშიც არაფერი გელოდებათ. ძველებური მოდელის სამარშრუტო ტაქსი ნერვული მანევრით მიგაქროლებთ სახლისკენ. ჯერ არ იცით, მაგრამ სადაც ცოტა ხანში მოხვდებით, იმდენად მოიხიბლებით, რომ დაბრუნებას გადაიფიქრებთ კიდეც. თუმცა უკან წამოსასვლელ ბილეთზე ფული არც გეყოფათ, უფასოდ კი აღარვინ აღარაფერს გასცემს. ხალხს აკვირდებით. მძღოლი ისტერიულად ეწევა სიგარეტს, მის გვერდით მსხდომი ორი ახალგაზრდა კი შეუსვენებლივ განიხილავს უკანასკნელ გროშებს, რომელიც აჭარა-ბეტის სათამაშო აპარატებისთვის მსხვერპლშესაწირად მიაქვს ; უკანა სკამზე ახალგაზრდა გოგონა აზრდაუტანებლად ათამაშებს მობილურ ტელეფონს – მესიჯს ელოდება, რომელიც საერთოდ აღარ მოვა, ან მოვა, მაგრამ მას ვერავინ ნახავს; ერთ კაცს ნაძვის ხე უჭირავს ხელში, პატარა ასაწყობი ნაძვის ხე. თქვენ პირველად მაშინ გახსენდებათ, რომ ახალი წელი მოდის და იწყებთ ნერვიულობას – წელს რა უნდა აჭამოთ თქვენს მეკვლეს? ნუ ნერვულობთ, მალე პრობლემა მოგეხსნებათ. აი ერთი მოსახვევიც და… მოვედით. სამარშრუტო ტაქსი გაზზეა გადაწყობილი. კონტაქტი ირღვევა, საიდანღაც გაზი იპარება, მძღოლი კი კვლავ ისტერიულად აბოლებს სიგარეტს. ბუმ! ახალი წელი აღარ იქნება.
ბუმ!
თქვენ უნივერსიტეტთან დგახართ. ეს ცნობილი ადგილია “საბირჟაოდ”. თქვენ თითქმის ყველას იცნობთ. ამჯერად ვის შეეკედლებით? მერე რა რომ სულ რაღაც ორი ლარი გიდევთ ჯიბეში, მაინც შეძლებთ თქვენი დოზა ლუდის მიღებას. ლექციებზე ისე როგორ შეხვალთ თუ არ დალიეთ? არა, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ნეტავ ლექტორებიც სვავენ? თუმცა ამას ვეღარ გაიგებთ. სულ მალე თქვენი უნივერსიტეტული ცხოვრება დასრულდება, ოღონდ დიპლომის გარეშე, სამწუხაროდ. შესასვლელთან რამოდენიმე ჯგუფი დგას. აკვირდებით პირველ ჯგუფს – სამი გოგო და ერთი ბიჭი; ბიჭს ძალიან სურს რომ არ გავდეს სხვებს და ამიტომ გოგოს მანერებით საუბრობს. ეს მას უსაზღვრო განსხვავებულობას ანიჭებს. თქვენ მალევე იღლებით მათი ცქერით – ისინი მხოლოდ ბილწსიტყვაობენ და თავს იწონებენ საკუთარი აიფონებით. მზერა მათგან მოშორებით, შავებში ჩაცმულ ბიჭებზე გადაგაქვთ. ისინიც იგინებიან, ოღონდ აიფონები არ აქვთ სამარიაჟოდ. დღეს ბიჭების საზრუნავი ერთი გოგოს ნომრის აგდებაა, რომელიც ძალიან მოსწონს საძმოს წევრს. ჯერ გოგოს ნომერს ააგდებენ, მერე სახლის მისამართს გაიგებენ, მერე უმღერებენ, მერე… თუმცა რაღა მერე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ცოტა კიდევ მოშორებით შეშინებული და ეჭვიანი მზერით დგას რამოდენიმე ახალგაზრდა. ისინი ისტერიულად ათამაშებენ ხელში საქაღალდეებს, რომლებშიც მთელი წლის მასალ უდევთ უფრო სქელი რომ გამოჩდენს. ისინი მსჯელობენ საკაცობრიო თემებზე, თუ რატომ იყო სოკრატე მახინჯი, თუ რა აუცილებელია სულის სილამაზე და რომ ამაზე სოკრატეს შემთხვევაც მოწმობს და ათასი მსგავსი სისულელე. მათ უბრალოდ ქალი უნდათ. სამწუხაროა, რომ ვერც ვერასდროს იგემებენ სანატრელ ხილს. ბუმ! წამის მეასედში ყველა ერთმანეთს ემსგავსება: გოგოს მანერებით მოსაუბრე ბიჭი მამაკაცურად ეცემა მიწაზე, დასისხლიანებული. მისი აიპოდიც იმსხვრევა მის მეგობარ სამ გოგოსთან ერთად. ბიჭების საძმო ერთად, ძმურად ეგებება სიკვდილს. გოგონაზე ოცნება ოცნებად რჩება, ხოლო აზარტული თამაშებით გამდიდრებაზე ფიქრი კი სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებს მათ. ისტერიული, მძიმე საქაღალდეებიანი ახალგაზრდები კი სიკვდილის წინ იმაზე ფიქრობენ, რომ სულიერ სილამაზეზე არავინ ზრუნავს და ჯობდა ბიბლიოეთაკაში გატარებული დრო სავარჯიშო დარბაზებში გაეტარებინათ. ბუმ! ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან. თქვენ მათი ნაწილი ხდებით – დამკვირვებელი თავად ხდებით დაკვირვების ობიექტი, რადგან ქუჩის მეორე მხარეს მყოფი მოხუცებული ქალბატონი ყველას ერთად აღგიქვამთ. ტკბება თქვენი აფეთქებით, მას ხომ დიდი ხანია ასეთი საინტერესო არაფერი უნახავს.
ბუმ!
იცით რომ შემდეგი აფეთქება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს? ამიტომ ჩაალაგეთ ბარგი და დასხედით ჩემოდნებზე, გამგზავრების წინ კარგის ნიშანია. არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ თქვენი ძვირფასეულობა, თქვენი სუვენირები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან და გასაბერი ნავი, იმ შემთხვევაში თუ წყალში მოგიწევთ გარკვეული დროის გატარება. აუცილებლად თან იქონიეთ თქვენი მუსიკალური პლეერები, ასეთ მომენტებს უხდება მუსიკა. თანაც ბოლოჯერ მოუსმინეთ სიმღერებს თქვენი გემოვნებით. იქ, აფეთქების შემდეგ ყველანი მხოლოდ ერთ სიმღერას მოვუსმენთ.
ბუმ!
[http://www.youtube.com/watch?v=RYllKEkAtYU]
Edward Norton gamaxsenda 🙂 jer Fight Club-shi, mere cota 24 hours-is monologebi 🙂 dzalian momecona, kargi kadrebi iyo 😀
ჩემი საყვარელი ფილმია ფაით კლაბი :დ ♥ მიხარია რომ მოგეწონა 🙂
ჰმ, და მიუხედავად იმისა რომ ბუმ!”-ის მერე ყველა ერთნაირია მაინც ყველას უხარია რომ ცხოვრებაში მაინც არის განსხვავებული,იმჰო
ხო, რა თქმა უნდა. მეც მიხარია, შენც გიხარია და ა.შ. 🙂
ვაჰ, ერთ წელზე დიდი ხნის წინ დაწერილა ეს პოსტი.
დღეს გამახსენდა უნივერსიტეტთან UNKLE-ის მოსმენისას.
ძალიან კარგი იქნებოდა ერთი “ბუმ!”.
❤