Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2012

გავიქეცით. ყველანი ერთად. უკანმოუხედავად.

Read Full Post »

მცივა. 3:44 – მიჩვენებს მონიტორის მარჯვენა დაბალ კუთხეში განთავსებული ციფერბლატი. ხანდახან ჩემი კომპიუტერი ერთი საათით უკანაა ხოლმე. გაიგე ახლა რომელია, 3:44 თუ 4:44? თან მცივა. ერთი და იგივე სიმღერა ტრიალებს და ტრიალებს. უკვე ზეპირადაც ვიცი.

3:50. ვითარება უცვლელია. სიცივე. სიმღერა. ფიქრები, რომელიც არასდროს გტოვებს. მერე ვინმეს ეძებ, რომ გაუზიარო. უზიარებ, მარა მაინც არ კმაყოფილდები. ისეთი მომენტებია, რომ ხვდები, ის რაც ახლა შენშია, მხოლოდ იმისთვისაა და მხოლოდ ის თუ გაიგებს. გჯერა ან ცდილობ რომ დაიჯერო. გინდა რომ დაიჯერო? არ ვიცი, მჯერა. ალბათ იმ ლოგიკით, რომ ყოველთვის ჯობს გჯეროდეს, ვიდრე არ გჯეროდეს.

3:57. მეღიმება.

3:58. ვღიღინებ. ჩემებს ძინავთ. იმედია არ გავაღვიძებ. არ მიყვარს როცა მცივა და ოთახში ახალგაღვიძებული ადამიანები შემოდიან.

4:05. გავძლებ გათენებამდე? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფიქრი დაუსრულებელია, შეიძლება შემომათენდეს კიდეც. ლამაზი ხედი მაინც მქონდეს ფანჯრიდან, განთიადს შევეგებებოდი.

4:17. რა ვქნა აღარ ვიცი. დედაჩემმა გაიღვიძა. რომელი საათიაო, იკითხა. ოთხი-მეთქი, ვუპასუხე და დაიძინა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე კარგი დედა მყავს. წავალ ახლა ღვინოს დავისხავ და დავლევ.

4:23. წითელი. წითელი ფერი. წითელი ღვინო. წითელი ტუჩები. წითელი.

4:26. თითები. ხელის გულები. სიცოცხლის ხაზები. ჩვენი სიცოცხლის ხაზები. ტუჩებზე წვეთად ჩამოსული წითელი ღვინო, რომელიც ლაქად რჩება. გიხდება.

4:31. ერთი ჭიქა დავცალე უკვე. რა კარგია, რომ ღვინო და მეგობრები ყოველთვის გვერდით არიან. რა თქმა უნდა ნამდვილ ღვინოს და ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ.

4:33. როცა იცი, რომ მას კონკრეტული სიმღერა, ფილმი თუ წიგნი უყვარს. ზიხარ და უსმენ. უყურებ. კითხულობ. გსიამოვნებს, სითბოთი ივსები. თან ღელავ. მომავალზე ღელავ.

4:38. უკვე ისე გავიყინე, რომ პლედი მოვიტანე, შემოვიხვიე და ისე ვზივარ და ვწერ. მეორე ჭიქა გავივსე და ნახევრამდე დავცალე. სიმღერა იგივე. ყველი მინდა. ფრანგული ყველი.

4:41. ნიკალა კიბის ქვეშ მოკვდაო, ამბობენ. მე სულ არ მიყვარს პრიმიტივისტი ნიკალა, მაგრამ მაინც. მე კომპიუტერის წინ მოვკვდები. როგორ შეიცვალა დრო. ნიკალაზე თუ ამბობენ საწყალი, ციოდა კიბის ქვეშ და გარდაიცვალაო, ჩემზე იტყვიან – დეგენერატი, კომპიუტერის წინ გაიყინა და მოკვდაო.

4:50. ხელები გამითბა. ღვინო თავისას შვრება. მიყვარს. წვიმაში სეირნობა მინდა. თავიდან გეუცხოვება სხეულზე წვიმის წვეთების მოხვედრა, მერე ნელ-ნელა ეჩვევი და ბოლოს გსიამოვნებს.

4:58. გარეთ მინდა გასვლა. მაგრამ მარტო სეირნობა სასტიკად მეზარება. ძაღლი უნდა მეყიდა თავის დროზე.

5:01. ზაფხულში უკვე დღის სინათლე შემოვიდოდა ფანჯრებში. ახლა კი ბნელა. ვიღაც ისევ მღერის. თავისთვის. ჩემთვის. შენთვის. ყველაზე კარგად სიმღერით გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ.

5:06. Fail with consequence, lose with eloquence
and smile. I’m not in this movie, I’m not in this song. Never.

5:10. სასწორი ვარ. და უკვე მერამდენედ ვხვდები, რომ თუ მინდა გავიგო როგორი ვარ, უნდა წავიკითხო ჩემი დახასიათება ზოდიაქოს მიხედვით. სულაც არ მიხარია. ცუდია, როცა ვიღაც იმას წერს, რასაც შენ აკეთებ და ან აპირებ გააკეთო.

5:17. მესამე ჭიქაც მალე დაიცლება. ხანდახან, როცა გინდა ყველაფერს თავი გაანებო, სასმელი მოიმარაგო და მუსიკას უსმინო. ხანდახან, როცა ხვდები, რომ მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ბედნიერების და სიმშვიდის ძიებას. მიაღწევ კი როდესმე?

5:27. ბევრი მეგობარი გყავს? არ იცი? აბა ახლა დაფიქრდი, უცბად. მალე მიპასუხე, არ მაქვს დრო. არც ისე ბევრი ხო? კარგია, გულახდილი პასუხია, მომწონს.

5:34. You’re the colour, you’re the movement and the spin.

5:40. გარშემო ყველას ძინავს, საბანში გახვეულს, თბილად. შენ მარტო ზიხარ კომპიუტერთან. ისევ იმ სიმღერას უსმენ, რასაც უკვე მთელი ღამეა ვერ თიშავ. ხანდახან გვსიამოვნებს, როცა სასიამოვნოდ ვსევდიანდებით.

5:44. სიმღერა შევცვალე.

5:48. ისევ ძველი სიმღერა დავაბრუნე. დღევანდელ ღამეს იდეალურად შეეფერება.

5:56. თითქმის მთლიანად გამოვწრუპე ღვინო. მაღაზიაში გასვლა ნამდვილად მეზარება. არც ისე ახლოსაა 24 საათიანი სუპერმარკეტი. რა ვქნა?

6:02. მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა. სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა.

6:12. მგონი მზის ამოსვლა გადაიდო. გათენებაც გადაიდო. და საერთოდაც, ყველაფერი გადაიდო. “რეისი ნომერი 7756 გადაიდო უამინდობის გამო”. შეგიძლიათ შეკრული ღვედები გაიხსნათ, აღარ მივფრინავთ.

6:19. ისევ მცივა. ღვინო ვეღარ მათბობს. ალბათ მალე დავიძინებ. თან თვალები ნელ-ნელა მეხუჭება, თუმცა ფარ-ხმალს ჯერ არ ვყრი. მინდა რაც შეიძლება დიდხანს არ დავიძინო.

6:37. მთელი მსოფლიო ოსკარების გადაცემის ცერემონიას უყურებს. მე არ მაინტერესებს. ჩავრთე და მალევე გამოვრთე. მე მხოლოდ შენ, შენთან დაკავშირებული სიმღერები და ამბები მაინტერესებს. შენ მიფერადებ ცხოვრებას.

6:41. How many reasons do you have to live your life without me?

6:47. გუშინ ფილმს ვუყურე. პარალიზებულ ადამიანზე. ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ არავის შეეხედა მისთვის შეცოდების თვალით. ამიტომ მეც გთხოვთ, ნუ შემიცოდებთ. მერე რა რომ პარალიზებული ვარ და ვერ ვმოძრაობ. სამაგიეროდ კეთილი ვარ და არასდროს არაფერი ცუდი არ გამიკეთებია.

6:52. დიდი ხანია ასე გვიანობამდე არ ვყოფილვარ ფხიზლად. აშკარად მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩემ თავს.

6:58. მამაჩემი იღვიძებს. სანთებელის ხმა მესმის. პირველ ღერ სიგარეტს გემრიელად ეუფლება დილის 7 საათზე. სხვანაირად არ შეიძლება.

7:04. ახალი სიმღერა ჩავრთე, კიდევ ერთხელ. ამჯერად კარგი შემცვლელი მოვუძებნე ჩემი ღამის საუნდტრეკს. გათენდა.

7:08. უკვე დროა დავიძინო. ძალიან კარგი იყო ღამის გათენება ღვინოსთან და შენ მუსიკასთან ერთად. ფაქტობრივად აქ იყავი, ჩემთან. ან თავს ვიტყუებ. სინამდვილეში ვიცი, რომ სიმღერა ვერ შეგცვლის. დილა მშვიდობის, შუადღე მშვიდობის ან საღამო მშვიდობის. დღის ნებისმიერ დრო მშვიდობის. მადლობა რომ ხარ.

Read Full Post »

*ადამიანი რომელსაც ადვილად მოსდის ცრემლები

– ცრემლები მოიწმინდე ბიჭო, ქალი ხომ არ ხარ?
– ოო, რა გინდა რა. გამანებე თავი. არ ვტირი. უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა.
ის ყოველთვის სევდიანდება როცა მასზე ფიქრობს. თვალები ცრემლებით ევსება და წყლის მარილიანი წვეთები მზად არიან თავი დააღწიონ მისი თაფლისფერი თვალების ტყვეობას.
– ხომ არ გეტირება პატარა ბიჭი?
მეგობრის თავში წამორტყმა და დამცინავი ტონით ნათქვამი ფრაზა ცრემლებს ტყვეობაში ტოვებს, ბიჭის ემოციებს კი საგულდაგულოდ მალავს მოჩვენებითად ცივი სახის უკან.
– არა, რა ვტირი… თვალში რაღაც ჩამივარდა რა. ნუ იცი ხოლმე ამოჩემება. იმის მერე არც მიტირია.
პირველად მამამ დასცინა. სულ პატარა იყო. იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა და უცბად ცრემლები წამოუვიდა. სიხარულით აღივსო. არასდროს დაავიწყდება ის გრძნობა, რაც უეცარი წამოტირების პირველი შემთხვევისას განიცადა. მერე მამამ ირონიულად მისცა შენიშვნა და მკაცრი ტონით დააყოლა, რომ კაცები არ ტირიან, თანაც ასე ტყუილუბრალოდ. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ არ ტიროდნენ კაცები. მერეც ვერ მიხვდა, უბრალოდ მერე აღარ… აღარ ტიროდა. არ უნდოდა ვინმესგან დამცინავი შენიშნვა მიეღო.
– ხოდა ეგრე რა, ნუ იცი ხოლმე ეს დასევდიანებები. იმენა მაგარი ქალიშვილური ზახოდები გაქვს ხანდახან რა.
თავიდან ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. არადა აუცილებლად უნდა გაეგო, როდის და რატომ მოსდიოდა ცრემლები. ამის გარეშე ვერ შეძლებდა თავის შეკავებას და კიდევ ერთხელ შერცხვებოდა მამის და საზოგადოების წინაშე.
მეოთხე კლასში ყველაფერს მიხვდა. ოქტომბერის შუა რიცხვები იყო. უფრო ზუსტად კი – 15 ოქტომბერი. ეს დღე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაბადების დღე. მაშინ პირველად გაიგო ცრემლდენის მიზეზი. მიზეზი კლასში საკუთარი ფეხით შემოვიდა, გაშლილი თმებითა და აციმციმებული თვალებით. მასწავლებელმა მაინცდამაინც მის გვერდით დასვა, არადა კლასში მეორე ადგილიც იყო თავისუფალად დარჩენილი.
– გამარჯობა, მე ანა ვარ. გინდა დასვენებაზე ერთად ვითამაშოთ?
გოგოს სიხარულით მოციმციმე წყლიანმა თვალებმა და დასვენებაზე ერთად თამაშის შესაძლებლობამ მასში ცრემლების ვუკლანი გააცოცხლა.
– კ-ი.
ენის ბორძიკით უპასუხა გოგონას. ალბათ რამოდენიმე წლის მერე, როცა ანა გათხოვდა და გრძელთმიანი და წყლიანთვალებიანი ბავშვები აჩუქა ნაცრისფერ ქალაქს, მას ჯერ კიდევ ახსოვდა პატარა ბიჭი, რომელიც ცრემლიანი თვალებით ეთამაშებოდა დაჭერობანას. ცოტათი შეეშინდა კიდეც. თუმცა მხიარულმა და გულიანმა სიცილმა მიახვედრა, რომ ბიჭის ცრემლები საშიში არ იყო. მერე დიდხანს თამაშობდნენ, სანამ ანა გათხოვდებოდა.
– გამოფხიზლდი შე ჩემა, რა გჭირს რა! შენი საქმეზე წამოყვანა არ შეიძლება რა! ხანდახან მაგრად გაუბერავ ხოლმე იმენა. შევედით უკვე და ახლა მიდი, დატრიალდი და 15 წუთში გასასვლელში გაიჩითე.
მეოთხე კლასის მერე დიდი ხანი აღარ უტირია. შეკავება ისწავლა. იცოდა როდის გადაწყვეტდნენ მისი ცრემლები სააშკარაოზე გამოსვლას. მიზეზი საკმაოდ ბანალური იყო – საკმარისი იყო დაენახა გოგონა, რომელიც უყვარდა, რომ მისი თვალები სასიამოვნო სისველეს გრძნობდნენ, ხოლო გული ბედნიერებისგან ორჯერ უფრო სწრაფად იწყებდა ფეთქვას. მაგრამ რად გინდა, თითქმის ყოველთვის თავს იკავებდა. როგორ გინდა საჯაროდ იტირო, როცა კაცი ხარ? თანაც ქალაქში, სადაც ქალებიც კი მხოლოდ პანაშვიდებსა და გასვენებებში ტირიან. მერე იყო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართული ბანკეტი. ცოტა დალია და კონტროლი დაკარგა. მთელი საღამო თავს არიდებდა, ბოლოს კი საცეკვაო მოედანზე შემთხვევით თვალებში შეხედა. დღემდე ახსოვს როგორ დასცინა მთელმა სკოლამ, მათ შორის ღიპიანმა სკოლის დირექტორმაც.
– მე აქედან გავალ, შენ იქითა გასასვლელით გადი და მერე შევხვდეთ ჩვენს ადგილას. მოსულა?
ბანკეტის მერე აღარ უტირია. ვაჟკაცურად დაამთავრა უნივერსიტეტი და დიპლომიც აიღო. სამსახურის დაწყებაზე უარი თქვა და სახლში ჩაიკეტა. ხალხს ერიდებოდა, არ უნდა ხალხის დასაცინი გამხდარიყო. ფული სჭირდებოდა, ამიტომაც ბავშვობის მეგობარ გიოსთან ერთად პატარა ბიზნესი წამოიწყო: ღამით “საშოვარზე” გადიოდნენ, ხან რომელ მაღაზიას ძარცვავდნენ ხან რომელს. მეორე დღეს მოპარულ საქონელს “ასუხარებდნენ” და ამით ირჩენდნენ თავს. ამ საღამოსაც საქმეზე იყვნენ. მან ყველაფერი კარგად გააკეთა, გასასვლელიდანაც ისე გავიდა, ვერავინ შეამჩნია და ის იყო გიოსთან შესახვედრად ქუჩა უნდა გადაეჭრა, რომ უცბად ნაცნობი ხმა შემოესმა.
– ნიკა ნუ გარბიხარ! მანქანები დადიან. მოდი ჩემთან მალე.
ეს ანა იყო. ის ანა, მეოთხე კლასში რომ ატირა და ის ანაც, ბანკეტზე რომ ყველას დასაცინი გახადა.
– ა… ნ-ა?
კბილებში გამოსცრა, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ეს ხომ ანა იყო. მისი ანა. გაუხარდა. ერთ ადგილას გაშეშდა. სიხარულისგან და სიამოვნებისგან ვეღარ მოძრაობდა და არც სურდა. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო თავი ბედნიერად. მისთვის დრო გაჩერდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა, სამაგიეროდ კი ანა შეიძინა.
– არ გაინძრეთ! ხელები მაღლა ასწიეთ და ძირს დააგდეთ ნაქურდალი! თქვენ დაპატიმრებული ხართ და გაქვთ დუმილის უფლება!
ანა გაკვირვებული უყურებდა. მერე ბავშვებს თვალებზე ხელები ააფარა. კარგად დააკვირდა დაპატიმრებულს და ამოიცნო ის პატარა ბავშვი, აცრემბელბული დაჭერობანას რომ ეთამაშებოდა. მერე ის ბიჭიც გაახსენდა, საცეკვაო მოედნის შუაგულში რომ აუვარდა ტირილი და მთელმა სკოლამ დასცინა.
– ზოგი რა უცნაურია, ღმერთმანი. წავედით ბავშვებო.
საპატრულო პოლიციის მანქანამ დამნაშავე განყოფილებაში გადაიყვანა. მას მთელი გზა არ შეუწყვეტია ტირილი. კარგად იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ბედნიერი წუთები იყო. მას აღარასდროს უტირია. დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ იგი უსულო მდგომარეობაში გადაიყვანეს ციხის მორგში. მას ცრემლები დაუშრა.

Read Full Post »

მზიანი დღეა. არა, უფრო წვიმიანი არაა, ვიდრე მზიანია. ყველაფერი ისეთია, თან წვიმიანიც რომ არაა და თან არც მზიანი. კედები ჩავიცვა? გაბრუებული ვარ. არაფერი დამილევია. როგორ არა. რა როგორ არა? როგორ არ დაგილევია. რა დავლიე აბა? წყალი. აჰ, კარგი. შენ და შენი იუმორი. ხანდახან ზედმეტია, ზედმეტად ზედმეტი. მწყურია. რა? წყალი. ახლა არ დალიე? ხო კაი, კაი. გამანებე თავი, ვიცი რომ იუმორი მოგწონს, ალბათ აღგაგზნებს კიდეც. წავედი რამეს დავლევ. ცოტა ნაკლებ რომ ვიგრძნო გაბრუება. ან პირიქით, იმდენად გავბრუვდე, რომ ვეღარ გავაცნობიერო, რომ გაბრუებული ვარ. ღმერთო ჩემო, რამდენჯერ ვთქვი გაბრუებული, გავბრუვდი და ა.შ. ტავტოლოგიაო თუ რას უწოდებთ ამას? ნუ რაც არის, მეზარება ამაზე ფიქრი. ხომ მიხვდით რისი თქმაც მსურს? კარგი. იმ დღეს ერთმა ტიპმა მითხრა, არავის ენდოო. დავუშვათ მე არავის არ ვენდე და გავითვალისწინე მაგ ტიპის რჩევა, ხომ გამოდის რომ მაგ ტიპს ვენდე? და თუ არავის არ უნდა ვენდო, მაშინ მაგ ტიპს რატომ უნდა ვენდო? და თუ მაგ ტიპს არ უნდა ვენდო, ე.ი. გამოდის რომ შემიძლია ხალხის ნდობა მქონდეს. და თუ ხალხის ნდობა შემიძლია მქონდეს, მაშინ რატომ არ უნდა ვენდო მაგ ტიპს? არ ვიცი. არ ვიცი. კომპიუტერიო, ფეისბუკიო, მეისბუკიო, ტვიტერიო, შმიტერიო, ონლაინ ზასაობაა, ონლაინ შმასაობაო. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ სად? ალბათ მაღალ ხარისხიან ინტერნეტში, ოპტიკურ ინტერნეტს ვგულისხმობ, თავისი კაბელებით და სექსუალური ტელევიზიებით, როცა გინდა რომ გადაახვევ და მერე უკან გადმოახვევ. მე რა ვთქვა, ისევ ბაბუაჩემის დროინდელი DSL მაქვს, ტელეფონის ხაზს რომ ებღაუჭება ძლივსძლივობით. ანდა რა ბაბუაჩემის? სად ჰქონდა ბაბუაჩემს ინტერნეტი? დილაობით სახაშეში დადიოდა, შუადღეს სამსახურში და ღამე სადმე – დასალევად. რა იცოდა ინტერნეტი? ინტერნეტი რომ ქონოდა, დილით ფეისბუკ ნოტიფიკეიშენებს შეამოწმებდა და ნაბახუსევს ხაშის ნაცვლად მის მიერ მოწონებული გოგოს ამაღელვებელი სურათებით გადაიტანდა; მერე შუადღეს სამსახურში წავიდოდა და იქაც ფეისბუკზე დაათვალიერებდა რამეს, ვინმე გოგოს დაამატებდა მეგობრებში, საცურაო კოსტუმში გადაღებული სურათი რომ ექნებოდა პროფილზე. საღამოს ისევ ფეისბუკზე შევიდოდა და მერე ალბათ ლუდსაც დალევდა. მარა რა შუაშია ბაბუაჩემი? არც მე ვიცი. ჯერ ისიც ვერ გადამიწყვეტია კედები ჩავიცვა თუ შარფი გავიკეთო? შარფი კარგია, ზაფხულში განსაკუთრებით. აი ის, კობოკრული, ოსამა ბინ ლადენის. ხო, მართლა. პოკერი არ გინდათ? ლარიან მაგიდებზე დავსხდეთ რა. არ მინდა ეს 10 თეთრიანი მასტურბაცია. მაინც აგებ და მალე წააგო არ ჯობს? ნუ რაცაა. ისე იმ დღეს წიგნები წავიკითხე პოკერზე. კარგი იყო. მოიგებთო, ასე ეწერა. მაგრამ ეგრე მთელმა მსოფლიომ რომ წაიკითხოს, ყველა მოიგებს? მაშინ ვინ წააგებს. მგონი გვატყუებენ და ის ტიპი მართალი იყო, რომ მითხრა არავის ენდოო. მაგრამ თუ არავის არ უნდა ვენდო, იმას რატომ უნდა ვენდო? ვენდო, ვენდო. არის ასეთი მანქანა, ვენტო. არ ვიცი როგორია, მანქანებში ვერ ვერკვევი, უბრალოდ ვიცი, რომ არის. ვახ, კედები ჩავიცვა თუ? არაფერში არ გამომადგებით რა. კედები თუ?

“საჭმელი მზადაა”
“მოვდივარ, დე”

Read Full Post »

ბუმ!
თქვენი ოთახი ძალიან ლამაზია. თანამედროვე კატალოგებში ნანახ სურათს გავს, მადისაღმძვრელად რომ აჩენს თითოეულ პროდუქტს. დილით რატომღაც იფიქრეთ, რა რეაქცია გექნებოდათ თქვენი სახლი, თქვენივე შერჩეული ავეჯით ერთ წუთში რომ გამქრალიყო? სამსახურიდან ახლახანს დაბრუნდით. ისევ მარტო ხართ. ფიქრობთ იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევა მეგობრებთან ერთად. არადა მაგიდა სპეციალურად შეარჩიეთ, მეგობრებისთვის კომფორტული იქნებაო. ესეც იმიჯის ნაწილი იყო: ავეჯის გამყდველს ხომ არ გამოუტყდებოდით, რომ არათუ მეგობრები, ერთი მეგობარიც კი არ გყავთ? რამდენი ხანია ოცნებობთ ახალ გარემონტებული ბინაში ვინმემ შემოდგას ფეხი. მეძავები რომელთაც ფულს უხდით, სახლში არ მოგყვებიან. ეს ალბათ თქვენი სათვალეების და შუბლზე ჩამოყრილი თმის ბრალია. თქვენ მათ ბინურ საწოლებში უწვებით, მათსავე ბინძურ სხეულებს ეფერებით და ყოველი შეხებისას წარმოიდგენთ, როგორ გელოდებათ ახალგარემონტებულ სახლში, საწოლზე წამოწოლილი ლამაზი ქალი. სუფთა ქალი. თქვენ არ გინახავთ სუფთა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ფულს სუნი არ აქვს. ზიხართ თქვენს ოთახში და ბუმ! აქამდე იცოდით რომ თქვენს კორპუსში ცნობილი პოლიტიკოსი ცხოვრობდა? ძალიან ცუდი. სწორედ მის მოკვლას ცდილობდნენ თქვენს ბინაში დამონტაჟებული ბომბით. ბედის ირონია – სართული შეეშალათ. შეცდომის წყალობით თქვენი ახალგარემონტებულ ბინისგან მხოლოდ შიშველი კარკასი და აქეთ-იქით უპატრონოდ მიყრილი თქვენი ძვირფასი ავეჯის ნაფლეთებიღა დარჩა. ბუმ! ერთი წამი, მხოლოდ ერთი წამი და თქვენ არარაობად იქეცით. ერთადერთი რასაც ნანობთ ისაა, რომ არასდროს არავის არ უყვარდით. დედათქვენს არ დასცალდა ნაადრევი სიკვდილის გამო, თორემ ისიც შეგიძულებდათ. გაქონილთმიანი, სათვალიანი, ისტერიული და კომპლექსებიანი – არ როგორი იყავით თქვენ. თქვენ მოსახსენებლადაც სწორედ ასეთ სურათს დაკიდებენ სადმე, კუთხეში.

ბუმ!
თქვენ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ხართ. ავტობუსში ჭყლეტვაა. ხალხის რუტინისა და გაჭირვებისგან წაშლილ სახეებზე შიგადაშიგ სიძულვილსაც ამჩნევთ. თქვენ მათგან განსხვავდებით. თეთრი შარვალ-კოსტუმი გაცვიათ, ფეხსაცმელები თეთრად გიპრიალებთ და თმა კი სველი ეფექტის ჟელით გაქვთ გულდმოდგინედ დავარცხნილი. ბუმ! ერთი წამი და თქვენსა და მათ შორის ყველანაირი განსხვავება ქრება. თქვენგან მხოლოდ ძვლები რჩება, მათგანაც. თქვენ დილით ნახევარი საათი დაკარგეთ მოსამზადებლად, მათ – არცერთი წუთი. საბოლოოდ ვერც თქვენ იხეირეთ იმ ნახევარი საათით და არც მათ დააკლდათ ბევრი არაფერი. ერთმა წამმა თქვენ ყველანი გაგაერთიანეთ, ერთმანეთს დაგამსგავსათ და სამუდამოდ დაგაკავშირათ. თქვენ ერთად გადაგიყვანენ ექსპერტიზაზე პოლიციის განყოფილებაში, შეეცდებიან გაიგონ იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. ალბათ ვერც ვერასდროს მიხვდებიან, რომ ყველაფერი აუტანელი სიცხის ბრალი იყო, რომელსაც გაჭირვებისგან სახეწაშლილი ხალხი გამოყოფდა. თქვენ ისინი ვერ დააბალანსეთ, რადგან თქვენ მართალი არ გიჭირთ, თუმცა თქვენს თვალებში კიდევ უფრო მეტი სიღარიბეა. მგონი ამ აფეთქებამ გაგახარათ კიდეც. ხომ ასეა? გამოტყდით, თქვენს იმიჯს მაინც ვეღარაფერი შელახავს, თქვენ მოკვდით.

ბუმ!
თქვენ უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებით. მძღოლს წინასწარ შეუთანხმდით 60 თეთრად მგზავრობაზე. სხვა რა გზა გქონდათ, რომ არა ის 20 თეთრი, მგზავრობის ფულს რომ მოაკელით და ლარიანი ლობიანის საყიდლად გაიმეტეთ, ახლა მშიერი იქნებოდით. თანაც კარგად იცით, რომ სახლშიც არაფერი გელოდებათ. ძველებური მოდელის სამარშრუტო ტაქსი ნერვული მანევრით მიგაქროლებთ სახლისკენ. ჯერ არ იცით, მაგრამ სადაც ცოტა ხანში მოხვდებით, იმდენად მოიხიბლებით, რომ დაბრუნებას გადაიფიქრებთ კიდეც. თუმცა უკან წამოსასვლელ ბილეთზე ფული არც გეყოფათ, უფასოდ კი აღარვინ აღარაფერს გასცემს. ხალხს აკვირდებით. მძღოლი ისტერიულად ეწევა სიგარეტს, მის გვერდით მსხდომი ორი ახალგაზრდა კი შეუსვენებლივ განიხილავს უკანასკნელ გროშებს, რომელიც აჭარა-ბეტის სათამაშო აპარატებისთვის მსხვერპლშესაწირად მიაქვს ; უკანა სკამზე ახალგაზრდა გოგონა აზრდაუტანებლად ათამაშებს მობილურ ტელეფონს – მესიჯს ელოდება, რომელიც საერთოდ აღარ მოვა, ან მოვა, მაგრამ მას ვერავინ ნახავს; ერთ კაცს ნაძვის ხე უჭირავს ხელში, პატარა ასაწყობი ნაძვის ხე. თქვენ პირველად მაშინ გახსენდებათ, რომ ახალი წელი მოდის და იწყებთ ნერვიულობას – წელს რა უნდა აჭამოთ თქვენს მეკვლეს? ნუ ნერვულობთ, მალე პრობლემა მოგეხსნებათ. აი ერთი მოსახვევიც და… მოვედით. სამარშრუტო ტაქსი გაზზეა გადაწყობილი. კონტაქტი ირღვევა, საიდანღაც გაზი იპარება, მძღოლი კი კვლავ ისტერიულად აბოლებს სიგარეტს. ბუმ! ახალი წელი აღარ იქნება.

ბუმ!
თქვენ უნივერსიტეტთან დგახართ. ეს ცნობილი ადგილია “საბირჟაოდ”. თქვენ თითქმის ყველას იცნობთ. ამჯერად ვის შეეკედლებით? მერე რა რომ სულ რაღაც ორი ლარი გიდევთ ჯიბეში, მაინც შეძლებთ თქვენი დოზა ლუდის მიღებას. ლექციებზე ისე როგორ შეხვალთ თუ არ დალიეთ? არა, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ნეტავ ლექტორებიც სვავენ? თუმცა ამას ვეღარ გაიგებთ. სულ მალე თქვენი უნივერსიტეტული ცხოვრება დასრულდება, ოღონდ დიპლომის გარეშე, სამწუხაროდ. შესასვლელთან რამოდენიმე ჯგუფი დგას. აკვირდებით პირველ ჯგუფს – სამი გოგო და ერთი ბიჭი; ბიჭს ძალიან სურს რომ არ გავდეს სხვებს და ამიტომ გოგოს მანერებით საუბრობს. ეს მას უსაზღვრო განსხვავებულობას ანიჭებს. თქვენ მალევე იღლებით მათი ცქერით – ისინი მხოლოდ ბილწსიტყვაობენ და თავს იწონებენ საკუთარი აიფონებით. მზერა მათგან მოშორებით, შავებში ჩაცმულ ბიჭებზე გადაგაქვთ. ისინიც იგინებიან, ოღონდ აიფონები არ აქვთ სამარიაჟოდ. დღეს ბიჭების საზრუნავი ერთი გოგოს ნომრის აგდებაა, რომელიც ძალიან მოსწონს საძმოს წევრს. ჯერ გოგოს ნომერს ააგდებენ, მერე სახლის მისამართს გაიგებენ, მერე უმღერებენ, მერე… თუმცა რაღა მერე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ცოტა კიდევ მოშორებით შეშინებული და ეჭვიანი მზერით დგას რამოდენიმე ახალგაზრდა. ისინი ისტერიულად ათამაშებენ ხელში საქაღალდეებს, რომლებშიც მთელი წლის მასალ უდევთ უფრო სქელი რომ გამოჩდენს. ისინი მსჯელობენ საკაცობრიო თემებზე, თუ რატომ იყო სოკრატე მახინჯი, თუ რა აუცილებელია სულის სილამაზე და რომ ამაზე სოკრატეს შემთხვევაც მოწმობს და ათასი მსგავსი სისულელე. მათ უბრალოდ ქალი უნდათ. სამწუხაროა, რომ ვერც ვერასდროს იგემებენ სანატრელ ხილს. ბუმ! წამის მეასედში ყველა ერთმანეთს ემსგავსება: გოგოს მანერებით მოსაუბრე ბიჭი მამაკაცურად ეცემა მიწაზე, დასისხლიანებული. მისი აიპოდიც იმსხვრევა მის მეგობარ სამ გოგოსთან ერთად. ბიჭების საძმო ერთად, ძმურად ეგებება სიკვდილს. გოგონაზე ოცნება ოცნებად რჩება, ხოლო აზარტული თამაშებით გამდიდრებაზე ფიქრი კი სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებს მათ. ისტერიული, მძიმე საქაღალდეებიანი ახალგაზრდები კი სიკვდილის წინ იმაზე ფიქრობენ, რომ სულიერ სილამაზეზე არავინ ზრუნავს და ჯობდა ბიბლიოეთაკაში გატარებული დრო სავარჯიშო დარბაზებში გაეტარებინათ. ბუმ! ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან. თქვენ მათი ნაწილი ხდებით – დამკვირვებელი თავად ხდებით დაკვირვების ობიექტი, რადგან ქუჩის მეორე მხარეს მყოფი მოხუცებული ქალბატონი ყველას ერთად აღგიქვამთ. ტკბება თქვენი აფეთქებით, მას ხომ დიდი ხანია ასეთი საინტერესო არაფერი უნახავს.

ბუმ!
იცით რომ შემდეგი აფეთქება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს? ამიტომ ჩაალაგეთ ბარგი და დასხედით ჩემოდნებზე, გამგზავრების წინ კარგის ნიშანია. არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ თქვენი ძვირფასეულობა, თქვენი სუვენირები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან და გასაბერი ნავი, იმ შემთხვევაში თუ წყალში მოგიწევთ გარკვეული დროის გატარება. აუცილებლად თან იქონიეთ თქვენი მუსიკალური პლეერები, ასეთ მომენტებს უხდება მუსიკა. თანაც ბოლოჯერ მოუსმინეთ სიმღერებს თქვენი გემოვნებით. იქ, აფეთქების შემდეგ ყველანი მხოლოდ ერთ სიმღერას მოვუსმენთ.

ბუმ!

[http://www.youtube.com/watch?v=RYllKEkAtYU]

Read Full Post »

მე.
მე.
მე.
მე თავისუფალი ვარ.
მე. მე. მე.
მ. მ. მ.
მე შოვინისტი ვარ.
მე მე მე – მეეეეე!
მე არ მიყვარს სომხები.
მე იმ დღეს სადღეგრძელო დავლიე.
მე არ.
მე რა თქმა უნდა განსხვავებული მოვითხოვე.
მე. მე-თქმევინება.
მე ავიღე განსხვავებული.
მე რიხიანად დავიყვირე “რუსეთის დედას შევეცი”.
მე-ებმა დასჭექეს: ამინ!
მე-ამინება.
მე დავლიე.
მე კმაყოფილი ვარ.
მე ნამდვილი ქართველია.
მე.
შენ?
ამას აქ რა უნდა?
ვინ მისცა უფლება აქ ყოფილიყო?
მე, სასწრაფოდ მომაცილე აქედან ეს უზრდელი.
მე.
მ – ე.
მე-ორე, მე-სამე, მე-ოთხე, მე-ხუთე.
მე-ასი ათასე ქართველი.
მე თავი დავკარგე მეტეხის ხიდზე.
მე სომეხი ვარ.
მე.
მე გავყიდე საქართველო.
მე.
მე ქართველი ვარ.
მე ქუჩაში ნაგავს ვყრი.
მე ქართველი ვარ.
მე.
მე მიყვარს პატრიარქი.
მე ქართველი ვარ.
მე.
მე მძულს სომეხი.
მე ვაჟკაცი ვარ.
მე ვიცი.
მე ვიცი რა მითხრეს.
მე ვაკეთებ იმას რაც მითხრეს.
მე მძაგს ქალი შარვალში.
მე განსაკუთრებით.
მე მიყვარს ფქვილი.
მე.
მ.
ე.
მე ნამდვილი ქართველი ვარ.

Read Full Post »