Feeds:
Posts
Comments

Archive for April, 2010

არ დავიჯერებ ვინმე თუ მეტყვის თბილისური ბირჟები არ მიყვარს და არც ვდგავარ ხოლმეო. არ დავიჯერებ და მორჩა! თუ ერთხელ მაინც არ იდექი თბილისის ბირჟაზე, ბევრი რამ დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში… მე არ ვარ ბირჟის მუდმივი “ბინადარი”, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ(ამ სიტყვის ორივე გაგებით) უბანში – ვორონცოვზე ვცხოვრობ, წელიწადში რამოდენიმეჯერ აუცილებლად მიწევს ჩვენი უბნის საპატიო ბირჟის გამაგრება. აქ უზომო მრავალფეროვნებაა: გაიგონებ ყველანაირ იუმორს – სასაცილოსაც და სატირალსაც; მოისმენ ყველაფერს – ხშირ შემთხვევაში უაზრობას, საზიზღრობას და ბილწსიტყვაობას, თუმცა ალაგ-ალაგ ჭკვიანურსაც გამოკრავ ხოლმე ხელს(თუ ყურს, თუ როგორცაა, რა მნიშვნელობა აქვს); ნახავ ყველანაირ ადამიანებს – ძველებს, ახლებს, მაღლებს, დაბლებს, გამხდრებს, მსუქნებს, ქერებს, “რიჟებს”, შავტუხებს, მშიშრებს, გაბედულებს, დაოჯახებულებს, დასაოჯახებლებს, შიგადაშიგ ქვრივებსაც კი (ამ ბოლო დროს “ფარულ” ჰომოსექსუალებსაც, რომლებიც ჰეტეროობენ უბნის დასანახად, ლოგინში კი ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებიან ხოლმე); გადააწყდები მულტინაციონალურ პალიტრას – ერთი-ორ რუსს (მათი რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა, ჩემდა გასაკვირად), ბევრ სომეხს (ღმერთო ადიდე მესროფ მაშტოცი), ცოტა აზერბაიჯანელს (მარნეულში გადავიდნენ, უფრო დიდ “ბირჟაზე”), საკმაო რაოდენობის ქურთს (“კურო ვარე?”) და უთვალავ ქართველს (ნამდვილ მუჟიკებს);

სასაუბრო თემები. რომ დაფიქრდე მთელი დღე საუბრობენ და ალბათ რამდენი რამის განხილვას ასწრებენ არა? პრინციპში ეგრეცაა. მეორე საკითხია რამდენად საინტერესო საკითხებზე “მსჯელობენ”. “აუ ლევან, ბრატ, რომას ორიანი მოვა ხვალ?”“რავი ნიკუშ, რომა გასვლაზე “ტეხავს” ხოლმე და რა გითხრა ბრატ. ისე გამაზე ერთი 500 ლარიანი, შენი რა მიდის, მაგის დედაც ტო!”. ლევანიც უჯერებს ნიკუშას, “მაზავს” 500 ლარს რომაზე და აგებს. წაგების შემდეგ სულ სხვანაირ დიალოგია მათ შორის: “ნიკუშ ძმაო, სად გავჩითო ახლა 500 ლარი? ასეთ პონტში პირველად ვარ ტო. მე და უბანში ფული ვერ გავჩითო? გავგიჟდები რა!” “კაი რა მოგივიდა, სიმონ. ხო იცი როგორ მომრავლდნენ “კრიჟანები”, ამათი დედაც ვატირე მე, 500 ლარს არავინ მოგცემს რა!”. ცოტა ხნის მერე ვიღაცის მობილურს დაალომბარდებენ, მერე ვინმე “გულკეთილი” ერთ 100 ლარს  აჩუქებს და ასე “შეკრავენ” დაახლოებით 500 ლარს. ასე დამთავრდება ერთი დღის აზრიანი საუბარი და ლევანსაც არ მოუწევს ჭრელების ჩაცმა და უბანში სახელგატეხილი სიარული. ერთი ისაა, რომ ნერვიულობისგან რამოდენიმე ჭაღარა მიემატება შავტუხა თმაში.

საყვარელი საქმიანობა. “ბიჭო რა ვქნათ დღეს?”“დავლიოთ, შე ჩემა”. 3.50ლარი ერთი ბოთლი გომი “ორიგინალი”, 1.65ლარი ერთი ზეიკიძის ძეხვი, 65თეთრი – შავი პური – ესეც 5.70 ლარად გაწყობილი სუფრა. “სად მოვსხდეთ?” – ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მარადიულ პრობლემას წარმოადგენს “ბირჟავიკებისთვის”. ადრე უბანში გაჩერებული მანქანების “კაპოტებზე” ნადიმობდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა ჟიგულების რაოდენობა თითქმის ნულს გაუტოლდა და მერსედესის “კაპოტზე” ქეიფი კიდევ არ გამოვა რა, მაინც გერმანულია ტო. არსებობს მეორე ვარიანტი: რომელიმე მყუდრო, ყველასგან მოფარებული სადარბაზო; ან ხიდთან, მტკვირს სანაპიროზე – ლამაზი ხედიცაა და თან შენთვის, მყუდროდ იქნები. თუ დათვრები და ბანაობა მოგინდება, მტკვარიც იქვეა. ასე რომ, რაც გინდა სულო და გულო!

საყვარელი საქმიანობა 2. ნებისმიერი ბირჟა წარმოუდგენელია ცხარე “დებატების” გარეშე. დებატები მიმდინარეობს ყველანაირ თემაზე: ფეხბურთზე, ტოტალიზატორზე, მანქანებზე, ქალებზე, კაცებზე, კაი ბიჭებზე, ჩმორებზე, დედებზე, დებზე, ძმებზე და ა.შ. რა გამოლევს მათი წარმოსახვის ამოუწურავ და დაუშრეტ წყაროს? იმ დღეს შემთხვევით მოვკარი მეზობელ ბირჟაზე გამაგრებული ორი თინეიჯერის ანუ “პაცანას” საუბარს:”აუ ბიჭო, რაგბი უფრო ისეთია რა: დარბიხარ, სრიალდები, ურტყავ” “კი ეგრეა. სხვათაშორის კალათბურთი რაღაცით გავს რაგბს: იქაც ხელით უტევ და აქაც.” “რაგბში 13 კაცი თამაშობს არა?” “კი, ეგრეა. კალათბურთში 7 თუ 8, ზუსტად არ მახსოვს” – ალბათ შეამჩნიეთ, თუ როგორი ენთუზიაზმით განიხილავს ეს ორი ახალგაზრდა ქართული სპორტის ორ, ასე თუ ისე ნათელ წერტილს. სპორტში მთავარია დაარტყა, წააქციო და გასრიალდე, თორემ “გავარტყი ჩოგბურთს, ორი ტიპი აქეთ-იქით აგდებს რაღაც პატარა ბურთს”.

საყვარელი საქმიანობა 3.“მიყვარს ტო!” “დაგენძრა შე ჩემა?!” – დაენძრა, იმიტომ რომ უყვარს. სიყვარული ხომ კარგია, მაგრამ ამავდროულად ზიანის მომტანიც. თბილისური საფიხვნოს წევრს ან არ უნდა უყვარდეს ან კი ჩუმად უყვარდეს, არავინ რომ არ შეამჩნიოს ისე (ეს ტუალეტში ჩუმად ანანისტობას გავს რაღაცით, მეზობელმა რომ დაგინახოს თავი მოგეჭრება). და მაინც, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა ეს “ოხერტიალი სიყვარული”. უსაქმურობისგან შთამომავლობისმომცემადგილგაყინული ქართველი მამულიშვილები, დალევის, მოწევის და საკაცობრიო თემების გარჩევის შემდეგ გადადიან ამ ფრიად მნიშვნელოვან თემაზე. “ოხ, თამუნია, თამუნია…” როგორ ახსოვს თითოეულ მათგანს პირველი სიყვარული, მისი პირველი ჩამოსეირნება ბირჟის მახლობლად. პირველ რიგში ის უნდა გაარკვიონ, მეგობრის და ხომ არ არის; მერე ისიც უნდა გაიგონ, კაი ბიჭის და ხომ არ გახლავთ ან ნათესაობაში ვინმე ქურდი ხომ არ ჰყავს; თუ ეს ყველაფერი არ გამართლდება, საფიხვნოს წევრსაც დიდი იმედი მიეცემა და აქტიურ ქმედებაზე გადავა. მაინც? იყიდის N რაოდენობის ყვავილებს, დაუწყებს გოგონას დევნას ყველგან და ყოველთვის, უბანში გაავრცელებს ხმებს, რომ ეს “მისი გოგოა” და ა.შ. არსებობს მოვლენების შემდგომი განვითარების ორი ვარიანტი: (1) გოგონა ებმევა ბიჭის მახეში და ბირჟის მბრძანებელი უკვე გოგონას გულის მბრძანებელიც ხდება; (2) გოგონა ყველაფერს ხვდება, არ უნდა გახდეს უბრალო “ხორცი” ბიჭის ხელში(© “ჩემო ქალბატონო”); თუ მოვლენები მეორე გზით წავა, ბირჟის მბრძანებელს ეს სრულებითაც არ დაწყვეტს გულს: “გოგოებს რა გამოლევს?”. თუ მოვლენები პირველი სცენარის მიხედვით განვითარდა, გოგონასა და ბიჭის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება: სადღაც გაქრება რომანტიული, მუდმივად ყვავილებით გამანებივრებელი და მზრუნველი ბიჭი და მის ნაცვლად მკაცრი, ეჭვიანი და სულთამხუთავი რაინდი გამოჩნდება. გოგონაც შეეგუება, რადგან “ეს მისი ბედია, უბანში უკვე დაინახეს ერთად” და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, თორემ მოგბეზრდებათ.

პ.ს. რომელი ტერმინი გირჩევნიათ ისე? “უბნის საკრებულო” თუ “თბილისური საფიხვნო”?

Read Full Post »