Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2010


ჯენიფერ იაელ დადუშ ბარტოლი (Jenifer Yaël Dadouche-Bartoli)
, ცნობილი როგორც ჯენიფერი, დაიბადა 1982 წლის 15 ნოემბერს ნიცაში. ჯენიფერი მუსიკალურ სამყაროს მოევლინა Star Academy-ს წყალობით (ქართული „ვარსკვლავების აკადემიის“ ანალოგი). 2002 წელს მან მოიგო ეს პროექტი, გააფორმა კონტრაქტი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხმის ჩამწერ სტუდიასთან და მას შემდეგ გამოუშვა ოთხი სტუდიური და ერთი ლაივ ალბომი. მეოთხე ალბომი გაყიდვაშია 2010 წლის 29 ნოემბერიდან.
2003 წელს ჯენიფერმა მოიგო საფრანგეთის უმთავრესი მუსიკალური ჯილდო (Victoires de la Musique) ნომინაციაში ალბომი აღმოჩენა. 2004 წელს MTV Europe Music Awards-ზე მიიღო ჯილდო, როგორც საუკეთესო უცხოელმა შემსრულებელმა. 2003-2009 წლის ჩათვლით, ჯენიფერმა 7-ჯერ მოიგო NRJ Music Awards. 2007 წლიდან მისი ცვილის ფიგურა დგას პარიზის გრევენის მუზეუმში (Musée Grévin).

Jenifer – Lunatique [2007]

download
password: merabino

“Tourner Ma Page” – 2007 წლის ალბომიდა

“Je Danse” – 2010 წლის ალბომიდან. თუ გაგიჩნდათ სურვილი, შემიძლია ახალი ალბომიც ავტვირთო.

Read Full Post »

last.fm: Best of 2010 – Week 1 (#40-31)

(more…)

Read Full Post »


ჩემი აზრით last.fm ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა FaceBook-თან ერთად. ეს ხომ ნამდვილი სამოთხეა მუსიკის მოყვარულთათვის: რეგისტრაცია უფასოა, მიღებული სარგებელი კი განუსაზღვრელი და რაც მთავარია – შეუფასებელი. იმისდა მიხედვით, თუ რას უსმენ, საიტის ბაზა გაძლევს რჩევებს და დაინტერების შემთხვევაში შეგიძლია უამრავი ახალი ბენდი თუ შემსრულებელი გაიცნო. ასე გავიგე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის შესახებ, გავეცანი ახალ-ახალ ჟანრებს, დავუმეგობრდი მელომანებს და ა.შ. როგორც ხედავთ, მიღებული სიამოვნება და სარგებელი მართლაც უზომოა. დღეს შემოგთავაზებთ last.fm-ის მიერ შედგენილ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რომელი ალბომები და რომელი შემსრულებლები იყვნენ ყველაზე პოპულარულნი 2010 წელს. (შერჩევაში მოხვდნენ მხოლოდ ისინი, ვინც 2010 წელს გამოუშვა ალბომი). ამ კვირაში უკვე გამოქვეყნდა იმ 20 მომღერლის / ბენდის ვინაობა, რომლებიც იკავებენ ადგილებს 21-დან 40-მდე. დავიწყოთ ბოლოდან და ნელ-ნელა წამოვყვეთ რეიტინგს. იქითა კვირას უკვე შემოგთავაზებთ მეორე ათეულს, ხოლო შემდეგ პირველ ათეულს.

(more…)

Read Full Post »

გიფიქრიათ ოდესმე, რომ თქვენ ერთ დღეს აღარ იქნებით? მე მიფიქრია, თან ძალიან ხშირად. ვიღაც 80 წელი ცოცხლობს, ვიღაც დაბადებისთანავე იღუპება… ყველა ადამიანს აერთიანებს სიკვდილი. ბუნებრივი წრე იქმნება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის: რომ არა სიკვდილი, არ იქნებოდა სიცოცხლე და პირიქით – რომ არა სიცოცხლე, არ იქნებოდა სიკვდილი. არსებობენ უკვდავი ადამიანები? ფიზიკურად არა, სულიერად – კი. “თუ გსურთ იყოთ მარადიული, შექმენით წიგნები ან ბავშვები” – ბრძანა პლატონმა. მის ნათქვამში სრული სიმართლეა: მარადიულობის უზრუნველსაყოფად, ადამიანმა უნდა დატოვოს შთამომავლობა – სულიერი შთამომავლობა, რომელიც აისახება წიგნებში, მუსიკაში, ბავშვებში (ბავშვი არ არის მატერიალური მემკვიდრეობა, ის სულიერის ასახვაა მატერიალურში).
13 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე ჩემი ბავშვობის მეგობრის, ჩემზე ორი წლით უფროსი თენგოს გარდაცვალების ამბავი. თენგო სიცოცხლით იყო სავსე, მასში არ იყო არაფერი ნეგატიური.სახე მუდამ უბრწყინავდა და ყველას მეგობრულად შესციცინებდა მუქი შავი თვალებით. მთელი სამეზობლო იცნობდა თენგოს, ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. 15 წლის ასაკში კი მისი სიცოცხლე უდროოდ დასრულდა – თენგო ლიფტის შახტაში ჩავარდა და მისმა ხერხემალმა ვერ გაუძლო 10 სართულიან ვარდნას. მის საფლავზე არც კი მივსულვარ… ან რა უნდა მექნა? იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდეგ, აღარც დავბრუნებულვარ ძველ უბანში. თენგოსთან ერთად, ჩემთვის ბავშვობა დასრულდა.
მეგობრებთან ხშირად მომდის კამათი ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: როგორ უნდა იცხოვორო ადამიანმა – ყველაფერი წინასწარ დაგეგმო თუ გული კარნახს მიჰყვე და მისი დახმარებით იხელმძღვანელო ცხოვრების რთულ გზაზე? სამეგობრო წრეში ორივე აზრის მიმდევრები მყავს, საბედნიეროდ. ერთნი მიმტკიცებენ, რომ დაუფიქრებლად არასდროს არ უნდა მოვიქცე, ყველა ნაბიჯი უნდა მქონდეს განსაზღვრული; მომავალზეც უნდა ვიფიქრო, გეგმებიც დავალაგო. მეორენი პირიქით, მირჩევენ მქსიმალურად მოვდუნდე, ცხოვრებას მარტივად შევხედო და ვაკეთო ის, რაც ჩემს გულს გაუხარდება; “მთავარია სულიერი შიმშილის დაკმაყოფილება და არა ხორციელის”-ო, მარიგებენ ისინი. მე ვცდილობ ვიპოვო ოქროს შუალედი ორ უკიდურესობას შორის. ვმოქმედებ გონებით, მაგრამ გრძნობების გათვალისწინებით. ცარიელი გრძნობები უფსკრულისკენ წაგვიყვანს, ისევე როგორც ცარიელი პრაგმატიზმი. რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ, რომ ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი. ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ადამიანები და გონიერად განვაგოთ ჩვენი ცხოვრება და ბედნიერება. Memento Mori!

Read Full Post »

ყველამ ვიცით ტერმინი WTF. ვინც არ იცით, ახლავე აგიხსნით: What The Fuck – ასე იშიფრება და გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც რაიმე ძალიან უცნაური ხდება ჩვენს თავს. ინტენეტში ხეტიალისას გადავაწყდი ამ სურათებს. ეს არის WTF-ს გამომხატველი 22 ნახატი. იმედია მაქვს გაერთობით და გახალისდებით. მე ძალიან ვიხალისე, რამოდენიმე მათგანზე განსაკუთრებით. მისი ავტორია ვინმე MINGA.

(more…)

Read Full Post »

ლოსტი ან გიყვარს ან გეზიზღება. ინდეფერენტული ვერ იქნები ამ სერიალის მიმართ. მე მიყვარს ლოსტი. პირადად ჩემთვის, საიდუმლო მასალებთან ერთად, ის ამერიკული TV Show-ების რეიტინგში პირველ-მეორე ადგილს იკავებს. ინტერნეტში უაზრდო ხეტიალისას, გადავაწყდი ლოსტის ანიმაციურ ვარიანტს. თითქმის ყველა პერსონაჟია დახატული. მე ძალიან მომეწონა და ამიტომაც გადავწყვიტე გაგიზიაროთ.

(more…)

Read Full Post »

*Champs – მინდვრები (იკითხება როგორს “შამ”: წარმოითქმის ცხვირისმიერად)

მარი ჩემი ცხოვრებიდან რეკლამასავით გაქრა. გულში კი დაუკმაყოფილებლობის, სისუსტის და უსუსურობის აუტანელი შეგრძნება დამიტოვა. წარმოიდგინეთ, ტელევიზორში რომ უყურებთ მადისაღმძვრელი პროდუქტის რეკლამას, რომელიც ნახევარ წუთში მთავრდება, თქვენ კი რეკლამით მადააღძრულს და სასურველი პროდუქტის უქონლობით პირშიჩალაგამოვლებულებს გტოვებთ. დაახლოებით ასე მომივიდა მეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არც რეკლამა დამთავრებულა და სასურველი პროდუქტიც ჩემს ხელთ იყო. უბრალოდ, ისევ და ისევ ჩემი დაუდევრობის გამო, ავდექი და ერთი ხელის მოსმით ჯერ ტელევიზორი გამოვრთე, შემდეგ კი პროდუქტი მოვიცილე თავიდან. ყველაფერი კი ზუსტად ასე მოხდა…
ბავშვები სულმოუთმენლად ველოდით სკოლის დამთავრებას. საატესტატო გამოცდები ყველაზე რთულად დასაძლევი ბარიერი იყო, ამიტომაც ბოლო ორი თვე მუდმივ მეცადინეობასა და ნასწავლი მასალის გადამეორებაში გავატარეთ. ერთმანეთს კონსპექტებს ვთხოვნიდით და კვირაში რამდენიმეჯერ ერთადაც ვმეცადინეობდით. გართობისა და განტვირთვისთვის ცოტა დრო გვრჩებოდა, რადგან მთელი პირველი და მეორე სემესტრი უსაქმურობაში გავლიეთ, იმის იმედით, რომ ბოლო სემესტრში ყველაფერს მოვასწრებდით. ხოდა, წლის ბოლოს სხვა გზა აღარ გვქონდა: ატესტატის გარეშე ჩვენ მიზნებს ვერასდროს მივაღწევდით. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემი კლასიდან მხოლოდ ერთმა ვერ შეძლო ატესტატის აღება და მომავალ წელსაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლის რანგში მოევლინა ჩვენს ლიცეუმს.
პარიზში ერთი გადასარევი ტრადიციაა: ბოლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ (როდესაც არდადეგები უკვე ოფიციალურად იწყება, მოსწავლეები კი მხოლოდ ფორმალურად ელოდებიან შედეგებს) ყველა მოსწავლე ერთად იკრიბება მარსის მინდვრებზე. ღამისთევა გახარებული ადამიანების გარემოცვაში ცოცხალი მუსიკისა და სასმელის თანხლებით, საუკეთესო საშუალებაა დაძაბული წლის დასავიწყებლად. ეს ტრადიცია არც ჩემ დროს დაირღვა. გამოვედით თუ არა ბოლო გამოცდიდან, ლიცეუმის კარებთანვე შევთანხმდით, რომ ჯერ ჩემ სახლში დავლევდით რამოდენიმე ჭიქას, საღამოს კი პარიზელ სკოლადამთავრებულებს შევუერთდებოდით მარსის მინდვრებზე.
ყველაფერი კარგი უცბად ხდება. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მარსის მინდვრებზე ამ დღემდეც ხშირად ვათენებდით ღამეებს, ამიტომ ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენდა. ტრადიციულად ვისხედით წრიულად, რათა ერთმანეთისთვის თვალებში გვეყურებინა. ვსვამდით, ვთამაშობდით, ათასგვარ ისტორიებს ვყვებოდით, ვმღეროდით, ვუკრავდით. ნაცნობ-მეგობრების წრე ნელ-ნელა იზრდებოდა. 2 საათის მერე უკვე იმასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, იცნობდი თუ არა ადამიანს: თავისუფლად შეგეძლო მისვლა, ნებისმიერ თემაზე საუბარი, მისი ბოთლიდან ერთი ყლუპის მოსმაც კი – არჩევანი დიდი იყო. გამთენიისას კი მოხდა ის, რაც ასე მოულოდნელი იყო ჩემთვის.

მარი მეგობრებთან ერთად მოშორებით იჯდა ბალახზე. დანახვისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება. მეგობრებთან ერთად ისე მოვაწყვეთ ყველაფერი, რომ რამოდენიმე წუთში ერთად ვისხედით ყველანი. ვმღეროდით, ვსაუბრობდით, ვსვამდით. თითქოს ყველაფერი იგივენაირად იყო. მე კი მხოლოდ მარის ვამჩნევდი იმ მომენტში. სხვა არავინ და არაფერი არ არსებობდა. დიდხანს ვისაუბრეთ გათენებამდე, ბოლოს სახლამდე მივაცილე და ნომრები გავცვალეთ. მეორე დღესვე დავურეკე და გავისეირნეთ. მესამე დღესაც იგივე გავაკეთეთ, მეოთხე დღესაც. მეათე დღეს უკვე ერთად ვიყავით და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ორი კვირის შემდეგ კი… ერთმანეთს დავშორდით, მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი აურზაურისა და “ვაი-ვუის” გარეშე. რატომ დავშორდით? ჩემ გამო: ტყუილი ვერ ავიტანე. უფრო სწორად ის ვერ ავიტანე და გადავხარშე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ მითხრა. მერე რა რომ მე არ მიკითხავს? თვითონ მაინც უნდა ეთქვა. დღეს ალბათ ვაპატიებდი, მაშინ სხვა დრო იყო. ყველაფერი კი მისი მეგობრის, სტეფანის ბრალი გახლდათ. სტეფანის მე მოვწონდი და ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ ვერაფერს რომ ვერ გახდა ჩემთან, გაბრაზებულმა მარიზე სიმართლე მითხრა, რომელიც ისეთი ძნელად ასატანი იყო, რომ იმ დღესვე დავშორდი მას. აღმოჩნდა, რომ მარის უკვე 3 წელია, რაც შეყვარებული ყავდა. ვისაუბრეთ, მოვისმინე თავის მართლებაც, არგუმენტებიც… მაგრამ იმ მომენტში გონებამ ძალა დაკარგა და მხოლოდ გულის კარნახით ვმოქმედებდი.
ასე დასრულდა ჩვენი ორკვირიანი სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება თან. მარიმ ჩამინერგა იმედი, რომ შეიძლება ადამიანი ერთდროულად მზრუნველი, კეთილი, ჭკვიანი და საინტერესო იყოს; მარიმ მასწავლა მოფერება, სიყვარული, ჩახუტება, კოცნა. საინტერესოდ შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და საინტერესოდვე წავიდა. ყოველთვიურად ვწერთ ხოლმე ერთმანეთს, ის თავის ამბებს მიყვება, მე ჩემსას. რა მოხდებოდა, მე რომ გონებით მემოქმედა და არა გულის კარნახით? ალბათ ახლა ისევ პარიზში ვიქნებოდი და მასთან ერთად ბედნიერად და თან ყველასთვის შეუმჩნევლად ვიცხოვრებდით. რა მოხდა მას შემდეგ რაც მარი დავკარგე? მე მაინც ბედნიერი ვარ. მარის წყალობით ვისწავლე, რომ ურთიერთობები არასდროს არ უნდა დამყარდეს მხოლოდ გრძნობებზე. მადლობა მარი, მადლობა ყველაფრისთვის და შეხვედრამდე პარიზში. ჩემთვის შენ და ეს ქალაქი ყოველთვის სინონიმებად დარჩებით.

Read Full Post »

კითხვისას მოუსმინეთ Damien Rice-ის The Animals Were Gone-ს.

ვზივარ ჩემ კომპთან, ვუსმენ რაღაც სიმღერებს და ვწერ ამ პოსტს. ცვლილებების დროა ჩემ ცხოვრებაში… მნიშვნელოვანი ცვლილებების.

ამ ფრაზით დავიწყე ჩემი ერთ-ერთი პოსტი სიმღერებში დაკარგული მოგონებები. 9 სექტემბერი იყო, ჯეოსტარის შესარჩევი ტურების პერიოდი. 11 სექტემბერს მესამე ტური იყო და მზადების პროცესში, განტვირთვის მიზნით, შემომეწერა ეს პოსტიც. მაშინ უკვე ვხვდებოდი, რომ მართლაც გარდამტეხი პერიოდი დგებოდა ჩემ ცხოვრებაში. ალბათ სწორედ ამიტომაც ვისაუბრე ორი სიტყვით ჩემს წარსულზე. მართლაც, მას მერე თითმის სამი თვე გავიდა და მე სხვა ადამიანი ვარ. არა, გატყუებთ. მე იგივე ვარ, იგივე მერაბ ნუცუბიძე, იგივე მებო, იგივე მერაბინო, მერაბიკო… უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მე ისევ “მე” ვარ, ისევ დავიბრუნე ჩემი თავი, რომელიც რაღაც პერიოდის მანძილზე დაკარგული მქონდა. ამაზე ცალკე პოსტის დაწერა მაქვს დაგეგმილი, სადაც ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ “6 თვიანი კომის” შესახებ. რამ განაპირობა ჩემი დაბრუნება? რა მოხდა ისეთი, რომ მე აღარ მიწევს საკუთარ თავთან გამუდმებული ბრძოლა და იმის მტკიცება, რომ ასეთი და ისეთი არ ვარ? ვეცდები თქვენთან ერთად გავიგო რაშია საქმე.
დღეს მეგობრის დაბადების დღე იყო. ვისხედით, ვსაუბრობდით, ვერთობოდით. რაღაც დროის შემდეგ, როცა ყველას სასმელი მოეკიდა, მე კი ფხიზლად ვიყავი, ჩემთვის განვმარტოვდისავით. ვაკვირდებოდი ყველას და ყველაფერს, ვცდილობდი გამეგო ვინ რას ფიქრობდა, ვის რა სურდა და რატომ სურდა. საკმარისი დრო მქონდა ყველაფრის გასაანალიზებლად. ასეთ გარემოში ყოფნა 3 თვის წინ აუცილებლად გამაღიზიანებდა. მაშინ ვერ ვიტანდი სტანდარტულ რესტორნებს, სტანდარტულ დაბადების დღეებს და ა.შ. სულ იმას გავიძახოდი, არ გვინდა ეს ერთფეროვნება, ცოტა სხვანაირად ვიცხოვროთ-მეთქი. მრავალფეროვნება ახლაც მინდა, ოღონდ არა ისეთი, ერთფეროვნების გამუდმებული შიშით თვითონაც რომ მას ემსგავსება. დღეს პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ძალიან მესიამოვნებოდა:
პიკნიკი ქალაქგარეთ. ვახშამი რესტორანში. საღამოს სეანსი კინოთეატრში. რაღაც მომენტში ისე ძალიან მომინდა ვინმესთვის დამერეკა და სადმე დამეპატიჟა, რომ ლამის დაბადების დღიდანაც კი წამოვედი. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ იმ გოგოების უმრავლესობა ვისაც მე ვიცნობ, წყნარ და თბილ რესტორნებში ვახშმობას მზიურში ლუდის დალევას ამჯობინებდა. ასე რომ, ჩემ განზრახვაზე ხელი მალევე ავიღე. სამაგიეროდ დავწმუნდი იმაში, რომ ძალიან მსიამოვნებს და ყოველთვის მსიამოვნებდა ელეგანტურად ჩაცმულ ადამიანთან ერთად საღამოს გატარება ელეგანტურ დაწესებულებაში.
ფიქრებში წასულს ნელ-ნელა მახსენდებოდა ყველაფერი და მგონი საბოლოოდ მივუახლოვდი კიდეც საკუთარ თავს: თვალწინ გამირბინა ყველა იმ პიკნიკმა თუ ქალაქგარეთ მოწყობილმა მინი-ექსკურსიამ, რომელიც ასე ძალიან მახარებდა ყოველთვის. მერე რაღაც მოხდა და გადავწყვიტე, რომ დროის საინტერესოდ გატარება დალევის გარეშე არ შეიძლებოდა. როგორ ვცდებოდი. დღეს წვეთიც არ დამილევია, მაგრამ ძალიან კარგი დრო გავატარე. საყვარელ ადამიანთან ერთად პიკნიკზე ხომ საერთოდ მაგარ დროს გავატარებ.
კინოში სიარულზე რაღას იტყვით? ბანალურია? ყველა ასე იქცევა? მერე რა. მე უკვე ვეღარ ვხედავ ამაში ვერაფერს ცუდს. ორიგინალურობა მხოლოდ იმისთვის, რომ იყო ორიგინალური, არის იმის მაჩვენებელი, რომ შენ არ ხარ შემდგარი, როგორც ადამიანი. მე ძალიან მინდა კინოში ვიარო ჩემთვის ძვირფას ადამიანთან ერთად, მივირთვა პოპ-კორნი და დავაყოლო კოკა-კოლა. ოღონდ ჩვენ ამას ისე გავაკეთებთ, რომ ბანალურობის და ერთფეროვნების ელემენტები საერთოდ გაქრება. პიკნიკი + ვახშამი + დღის ბოლო სეანსი კინოში = სტანდარტული ფორმულა ბედნიერებისთვის. რა გირჩევნიათ, იყოთ სტანდარტული და ბედნიერი, თუ არასტანდარტული და არც ისე ბედნიერი? არჩევანი თქვენზეა.
ოჯახი. ეს უკვე საღამოს გვირგვინია, ყველაფრის პიკი. პირველად ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, მომინდა ოჯახური ატმოსფერო: მოსიყვარულე ცოლი და პატარა ბავშვები, ყველაფერს რომ ანგრევენ სახლში და მაინც რომ ვერ ვუბრაზდებით მათ. თანაც ამ ყველაფრის სურვილი უკვე გააზრებულად დამებადა: ისიც გავითავისე, რომ ოჯახი მხოლოდ “ვაი, როგორ მიყვარს”, “უიმე, როგორ ვგიჟდები” არაა, რომ ის პირველ რიგში ვალდებულება და დიდი პასუხიმგებლობაა. ისიც შევისისხლხორცე, რომ ოჯახში უამრავი პრობლემაა. და ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ მინდოდა და ახლაც მინდა ოჯახი და თბილი კერა. გამოვჯანმრთელდი?! ადრე ყოველთვის ვამბობდი: “არა, რა ცოლი, რის შვილები” და ა.შ. გამოგიტყდებით და ძალიან ვთალთმაქცობდი. იმედია მაპატიებთ. ყოველთვის როცა ვინმეს ამ ფრაზას ვეუბნებოდი, გულის სიღრმეში საწინააღმდეგოს ვფიქრობდი. უბრალოდ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მე ყველაფრის “ანტი” პოზიცია მეჭირა. არა, აშკარად გავიზარდე და გამოვჯანმრთელდი.
ბედნიერება. ძალიან მომინდა ვყოფილიყავი ბედნიერი. დავიღალე ერთ კვირიანი ფლირტებით, რომლებსაც საბოლოო ჯამში არაფერთან არ მივყავდი. დავიღალე საკუთარ თავთან თამაშით და ყველაფრის უარყოფით. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც თქვენსავით უყვარს ძილი, ჭამა, სეირნობა, ტელევიზორის ყურება, Facebook-ზე მეგობრების სტატუსების შემოწმება და სურათების დათვალიერება. თქვენგან მხოლოდ იმით განვსხვავდები, რომ ინდივიდუალური სურვილები და მისწრაფებები მაქვს, ისევე როგორც თქვენ გაქვთ ჩემგან განსხვავებული სურვილები და მიზნები. თუმცა ამ საკითხშიც საკმაოდ მოკრძალებული გახლავართ: ბევრს არაფერს ვითხოვ, მხოლოდ მცირეოდენი სიყვარული და სითბო მჭირდება. აგვისტო ჩემთვის რთული პერიოდის პიკი იყო. იმდენად უიმედოდ ვიყავი, რომ საკუთარი მომავალიც კი საშინელ ფერებში წარმოვიდგინე. იმედი მაქვს ჩემი “წინასწარმეტყველება” არ ახდება და

შემხვდება ქალი, რომელიც შეეცდება ჩემ გადაქცევას ნორმალურ ადამიანად

დიდი სიყვარულით, თქვენი მებო.

Read Full Post »