Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘კოსმოსი’


პატარაობაში ყველა ბავშვი ოცნებობს კოსმონავტობაზე. არადა, დღეს უკვე ოცდამეერთე 12 აპრილია, რაც მე სულ არ მადარდებს იური გაგარინი და არც კოსმონავტობაზე ფიქრით ვიკლავ თავს. ეს განზოგადებული მსჯელობა აშკარად მცდარია. ყველა ბავშვი, პირველ რიგში, ინდივიდია და მათი ოცნებები თუ სურვილებიც ინდივიდუალურია და ყველასგან განსხვავებული. მე ოდითგანვე ვოცნებობ სიმშვიდეზე. ჩემთვის სულერთია რომელი პროფესიის ადამიანი ვიქნები, უმთავრესია მივაღწიო სიმშვიდეს. მსურს ჩემი თითოეული ნაბიჯი მდუმარებითა და გაგების თვალით იქნას აღქმული. მე მჯერა, რომ ერთ დღეს ყველა მომისმენს.
მაზეგ მორიგი სიყვარულის დღეა. ჯერ 14 თებერვალს აღნიშნავენ დიდი ენთუზიაზმით: საჩუქრებისა და ლამაზი სიტყვების კორიანტელით ცდილობენ საკუთარი გრძნობების შელამაზებას. ზეგ კი 15 აპრილს შეეგებებიან დიდი სიხარულითა და სიამაყით. არადა მხოლოდ ორი თვეა გასული წინა “სიყვარულის დღის”  შემდეგ. შეიძლება ზედმეტად ძველმოდური ან კრიტიკული ვარ, მაგრამ ჩემთვის სიყვარული ყოველთვის უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალო საჩუქრები თუ სასიამოვნო დიალოგები. “მე შენ მიყვარხარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ!” – და მერე? ეს ყველაფერი ჯობს საქმით დაამტკიცო ადამიანმა და არა ფუჭი სიტყვებით, რომელიც ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს. სიყვარულს არ სჭირდება დღე, სიყვარულს არ სჭირდება დაკანონება და საზეიმოდ აღნიშვნა. სიყვარულს მხოლოდ გაფრთხილება, განებივრება და სამომავლო გამრავლება თუ გადაარჩენს. ჩვენ კი სწორედ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტები გვაკლია.
“ქრისტე აღსდგა!”; “ჭეშმარიტად აღსდგა!” – ძალიან მალე ასეთ დიალოგებს მოისმენთ თბილისის ნებისმიერ უბანსა თუ ქუჩაზე. სააღდგომო ციებ-ცხელება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. აღდგმომადე დაწყებული და წარმოებული მარხვა მოსახლეობის მდედრობითი ნაწილის უმეტესობას მიაახლოებს სხეულის ოპტიმალურ ვარიანტთან, ხოლო კაცების ძალიან ცოტა ნაწილი შეხვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სასმელის გარეშე. რას ვიზამთ, საქართველოში ალკოჰოლი ერთგვარად ითვისებს წმინდა სასმელის ფუნქციას: მიიღებ და თავს უკეთ გრძნობ; მოგაკლდება და რაღაც გაწუხებს. პატარა ვიყავი, როდესაც ორშაბათ დილას, აღდგომის მეორე დღეს, ფეხბურთი ვითამაშე უბნის ბიჭებთან ერთად. თამაშის შემდეგ სახლში უფროს მეგობართან ერთად ვბრუნდებოდი, რომელმაც მრავალფეროვანი საუბრის შემდეგ, ყურადღება აღდგომის ღამესა და ძმაკაცის უკადრის საქციელზე გაამახვილა: “მერაბ, ძმაო. გუშინ ღამე ჩემმა ძმაკაცმა ქალებში წასვლა გადაწყვიტა. გაგიგია?! აღდგომაა და ის კიდევ ქალებში წავიდა. სულ გამოდებილდა დღევანდელი თაობა. აღარ აინტერესებთ არაფერი წმინდა და სუფთა.” იმ დღის მერე ორმაგად შემძულდა “ქალებში წასვლის ფენომენი”. ეს ფენომენიც ხომ სუფთა ქართულია და ჩვენ მოსახლეობას ახასიათებს. ერთხელ მეგობარმა ახსენა, რომ მისი ბორჯომელი ნაცნობები ხეებს ჭრიდნენ, გასაყიდად აბარებდნენ და დაგროვილი ფულით თბილისში მოდიოდნენ “ქალებში”. რა ცუდია, როდესაც “სიამოვნებას” მხოლოდ უგრძნობი მეძავისგან და გამოუცდელი ცოლისგან იღებ.
ნეტავ კოსმოსში რა ხდება? რა უყავრთ უცხოპლანეტელებს? რა სიამოვნებთ? რა აბრაზებთ? საერთოდ არსებობენ კი უცხოპლანეტელები? მე მჯერა, რომ არსებობენ. ალბათ სხვა გალაქტიკაშიც მოიძებნება ერთი პატარა ქვეყანა, რომელიც საქართველოს მსგავად განსხვავდება იმავე გალაქტიკაში არსებული სხვა ქვეყნებისგან. ეს ხომ კანონზომიერებაა: აუცილებლად უნდა არსებობდეს კარგი და ცუდი, განვითარებული და განუვითარებელი, კეთილი და ბოროტი, ჭკვიანი და სულელი, ლამაზი და მახინჯი. ამის გარეშე ვერც ევროპული ხელოვნების განვითარებულობაზე ვიმსჯელებდით და ვერც იური გაგარინს შევადარებდით ნილ არმსტრონგს. კარგია, რომ კოსმოსი არსებობს. კარგია, რომ უცხოპლანეტელები თვეში ერთხელ მაინც ჩამოდიან დედამიწაზე.

Read Full Post »