Feeds:
Posts
Comments

Archive for March, 2011

პირველად მაშინ დამეუფლა შიში, როცა 10 წლის, ჯერ კიდევ ძალიან პატარა, უცხოელების ოჯახში მოვხვდი. მეშინოდა, ყველაფრის და ამავდროულად, არც არაფერი კონკრეტულის. მაშინ შიში იმით “დავძლიე”, რომ უარი ვთქვი უცხო ქვეყანაში ცხოვრებაზე და სამშობლოში დავბრუნდი, სადაც სიცივე, მიწისძვრა და უშუქობა მელოდებოდა. ოდნავ მეტი რწმენა რომ მქონოდა, ალბათ არც ჩამოვიდოდი და დღეს სულ სხვა ქვეყნიდან დავწერდი ამ პოსტს (ან სულაც არ დავწერდი, იმიტომ რომ სავარაუდოდ ბლოგიც არ მექნებოდა).
მერე იყო პირველი სიყვარულის შიში. თქმას ვერ ვბედავდი, არც ის ვიცოდი რისი გაკეთება შეიძლებოდა. ბუნებრივია კარგი მრჩეველიც არ მყავდა გვერდში (ეს პრობლემა ყოველთვის თან მდევს). ხოდა ასე შეშინებული დავრბოდი აქეთ-იქით. ერთადერთი რაც მაშინ აზრად მომივიდა საჩუქრების და წერილების გაგზავნა იყო. მან კი, ბუნებრივია, მორცხვ და გაუბედავ მეშვიდე კლასელს თამამი და საკუთარ თავში დარწმუნებული მეთერთმეტე კლასელი ამჯობინა და ერთ წელში გათხოვდა კიდეც. მე მარტო დავრჩი. პრინციპში დავრჩი რატომ, იქამდეც ხომ სიმარტოვეში ვიყავი. არ მჯეროდა საკუთარი თავის და იმის, რომ შეიძლებოდა სკოლის ყველაზე ლამაზ გოგონას მე მოვწონებოდი. არც სიძნელეების გადალახვის გამბედაობა გამაჩნდა საკმარისი რაოდენობით.
მერე იყო დეპრესიული სამი თვე (ან უფრო მეტი, ზუსტად ვერ ვიხსენებ). სახლში გამოკეტვის და ადამიანებისგან შორს ყოფნის სურვილი, რომელსაც ყოველ დილით თან ახლდა ჩხუბი სკოლაში წასვლაზე. მთელი დღეები სიბნელეში ვიჯექი და ლინკინ პარკის კონცერტებს ვუყურებდი, თითოეულს რამოდენიმეჯერ. სიმარტოვის და დეპრესიულობის თან ერთვოდა ისიც, რომ არ მქონდა რწმენა, უკეთესი მომავლის და საკუთარი თავის რწმენა. ერთადერთი რაც პრობლემის მოგვარებად მესახებოდა, ამ ქვეყნიდან გაქცევა იყო. ეს კი ალბათ ყველაზე დიდი სისუსტეა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. მე მეშინოდა პრობლემების და ყოველთვის გავურბოდი მათ. მაშინაც ასე მოხდა. მე გავიქეცი.
პრობლემებს გავექეცი და საფრანგეთშიც მოვხვდი. ყოველთვის ვამბობ, რომ საფრანგეთი ჩემი ოცნების ქვეყანაა. არა იმიტომ, რომ მშვიდი ცხოვრებაა და ყველა თავის საქმეს აკათებს. არა, ჩემთვის სულ სხვა მიზეზითაა პარიზი და საფრანგეთი საოცნებო – მე იქ ვიპოვე ის, რაც არასდროს მქონდა: რწმენა. თუმცა იქაც სულ თან დამყვებოდა რაღაც ძვირფასის დაკარგვის შიში. მალევე დავუმეგობრდი კლასელებს და თავსაც აღარ ვგრძნობდი მარტოსულად. მაგრამ სკოლა დავამთავრე თუ არა, რაღაც მოხდა ჩემში. არ ვიცი რა იყო, მაგრამ ის კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ რადიკალურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ყველაფერი ფრანგულისადმი. ძვირფასი ადამიანების დაკარგვის შიში კიდევ უფრო გამიძლიერდა და მეც იმის რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თბილისისკენ გამოვემართე და ყველაფერი ფრანგული შუა გზაში მივატოვე: სწავლა, მეგობრობა, სიყვარული…
იმ პერიოდში საქართველო და ქართველი მეგობრები ჩემთვის იდეალური ადამიანები იყვნენ. ისიც მჯეროდა, რომ ყველაზე კარგი ადგილი საქართველო იყო. ცუდი ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა დღეს უკვე იმას ნამდვილად ვეღარ ვიტყვი, რომ საუკეთესოა. საქართველოში კვლავ დავკარგე რწმენა, რომელიც ცოტა ხნით მქონდა ნაპოვნი. ბოლოს ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ცხოვრებაში ასე ხდება – ზოგს აქვს რწმენა, ზოგს არა და თანაც ეს სამუდამოა. მეგონა რომ მისჯილი მქონდა შიში და რწმენის ნაკლებობა.
ჰორიზონტზე ახალი მაგობრები გამოჩნდნენ, რომლებიც ცოტა ხანში გაქრნენ კიდეც. ამას უკვე მივეჩვიე, ეს ხომ ცხოვრების მძიმე და არასასიამოვნო მხარეა. სამაგიეროდ ბევრი ისეთი ადამიანიც გამოჩნდა, რომელმაც ცხოვრება გამილამაზა და გამიფერადა. ასე რომ, რაღაც კანონზომიერება მგონი არსებობს. თუმცა შიში მაინც არ მტოვებდა და ჩემი თითოეული ნაბიჯი სწორედ შიშით იყო ნაკარნახევი. სიყვარულიც კი შიშნარევი ვიცოდი: დაკარგვის მეშინოდა.
დღეს უკვე სხვანაირი ვარ. ბოლო ერთი თვეა ან უფრო მეტი სულ ამაზე ვფიქრობ. ეს რატომ მოხდა? ის რატომ მოიქცა ასე? ნუთუ არაფერი იცვლება? ნუთუ შეიძლება მეგობარმა მიგატოვოს? შეიძლება ვიღაცას უყვარდე, მაგრამ არ გეუბნებოდეს? სიყვარული მართლა ბრმაა? ჰოლივუდში მართლა კარგი ზაფხული იცის? არ არსებობს სილამაზე? ნუთუ არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ უელბეკი? დედამიწა მართლა გადაიხარა? 2012 წელს მართლა მოვკვდებით?
სიმართლე გითხრათ ამდენი ფიქრის მიუხედავად ვერცერთ კითხვას ვერ გავეცი პასუხი. თუმცა ფიქრმა თავისი შედეგი გამოიღო. მე რწმენა გამიჩნდა. დღეს უკვე მჯერა, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს: შენ ყოფილ შეყვარებულს შენი მეგობარი შეუყვარდეს და მერე ეს გითხრას და საიდუმლოდ გაგანდოს; შენი ნათესავი სულით ავადმყოფი მანიაკი აღმოჩნდეს და შენ კი ამ ამბავს ბოლოს იგებდე; მეგობარმა ხმამაღალი ნათქვამი არ გაპატიოს და შენთან ურთიერთობაზე უარი თქვას; მშობლებს შენი ყველაზე ცუდი სურათები მოსწონდეთ და გიმტკიცებდნენ, რომ ყველაზე კარგად სწორედ იმ ფოტოში ხარ; მეზობელმა წყალი ჩამოგიშვას და თან არ აღიაროს, რომ მისი გასაკეთებელია შენი ჩამონგრეული ჭერი; ბიჭმა გოგო დააფეხმძიმოს და მერე ბავშვის მოსაცილებლად მოკლას და მიყრუებულ ადგილას დამარხოს. გავაცნობიერე რა, რომ ადამიანები ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალონ და სულ სხვანაირები გახდნენ, რწმენაც გამიჩნდა. დღეს უკვე მჯერა, რომ თუ ცვლილებები მუდმივად ხდება, ერთ დღესაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მსურს. დღეიდან მჯერა უკეთესი მომავლის და რაც მთავარია აღარაფრის აღარ მეშინია, მოსახდენი ხომ მაინც მოხდება. შიში დაძლეულია, რწმენა – მოპოვებული.

Advertisements

Read Full Post »


ბავშვებს უჭირთ, მათი პრობლემების თავი და თავი კი გაურკვევლობაა – თვითონაც არ იციან, რომ გასაჭირში იმყოფებიან. მათ სიცხე აქვთ, ჩვენ კი ყინულსაც ვერ ვაძლევთ რომ ეს ყველაფერი მათთვის უფრო ადვილად ასატანი გახდეს. შენ ერთადერთი ხარ, ვინც კიდევ მაინტერესებს ამ ცხოვრებაში. ჩვენ ყავითა და ყვავილებით ვცხოვრობთ და სულ არ გვადარდებს, როგორი ამინდი იქნება ხვალ, ზეგ ან მაზეგ. უკვე გავარკვიეთ რა გვაკლია და რა შეგვივსებს ცხოვრებას; მე კი ისევ პატარა სისულელეებზე გესაუბრები, რა თქმა უნდა როცა გძინავს.
ჩვენ დავტოვეთ საოცნებო ქალაქი, რადგან ოცნებები გაგვიუფერულდა… და ყველაფერმა ყველაფრის აზრი დაკარგა.
ეს ჰოლივუდური ზაფხულია. შენ არასდროს გაიზიარებ და მითუმეტეს არ დაიჯერებ ჩემს უაზრო იდეებსა და სურვილებს. ჩვენ სადილზე მეგობრებთან დავდივართ, მე კი კვლავ არაფრისმომცემად და უშინაარსოდ გესაუბრები. ჩვენ ფილმში ვართ, ჰოლივუდურ ფილმში. ვცდილობთ ერთად ვიყოთ, სანამ ჩვენი მეგობრები ისევ ჩვენ გვერდით არიან. ხშირად მოგვიწევს დინების მიმართულებით ცურვა, რათა არავინ დავტოვოთ გაწბილებული. თუმცა…
ჩვენ უკვე დავტოვეთ საოცნებო ქალაქი, რადგან ოცნებები გაგვიუფერულდა…
მე ძალიან მეშინია, უფრო მეტადაც კი, ვიდრე გგონია. მე ბოროტი ვარ, ჩემში არის რაღაც არაკეთილი. მეშინია შენც არ გადმოგიბირო, ჩემნაირი არ გაგხადო. ძალიან მეშინია შენი ტვინიც ჩემს გამოფიტულ და გაშავებულ ე.წ. “ტვინს” არ დაემსგავსოს.
მე თავდაჯერებული მატყუარა ვარ, თვითონაც ვიწამე ჩემი გამონაგონი. შენ ადვილად მიპოვი, მე ხომ გამოსაჩენ ადგილას გემალები. ვცდილობ უფრო რომანტიული ვიყო და დავიჯერო ყველაფერი, რაც შენ გჯერა. არც ისეთი იდეალური ვარ, რომ ვხვდებოდე რატომ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მხოლოდ ის ვიცი, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვინც კიდევ მიზიდავს და მაინტერესებს ამ ცხოვრებაში.
ჩვენ სამუდამოდ დავტოვეთ ოცნების ქალაქი. მე კი მეშინია, მეშინია არ შემომეჭამო. მე ხომ ბოროტი ვარ, გაუცნობიერებლად ბოროტი: საკუთარ თავზე ვფიქრობ და ლამაზი ადამიანების ოცნებებსა და ტვინებს მივირთმევ სადილად.
სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქალაქი, რადგან ჩვენს შორის ეს საუბარიც უკვე დასრულდა.

Read Full Post »

Crush… ქართულად ვერ მოვუფიქრე შესატყვისი. ჯერ გატაცებაო, მერე სატრფოო. საბოლოოდ კი Crush მგონი უფრო სხვა რამაა, ვიდრე გატაცება ან უბრალოდ ტრფობა. Crush ისაა, რის შესახებაც მე უნდა გიამობოთ და ვისაც მე უნდა მივწერო.

ჩემო ძვირფასო crush,

იცი რა მომენტია? საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში. ბევრი პატარა მოწონება, ფლირტი და თანმდევი მოვლენები მინახავს და გამომივლია. ის, რომ წარსულში საკმაოდ ბევრი რამ მაქვს ნანახი, მეხმარება იმაში, რომ გავიგო, რას განვიცდი და რას ვგრძნობ კონკრეტულ მომენტში. წარსულის გაანალიზებით, ყველა ჩემი ურთიერთობის განსჯით და მათზე დაფიქრებით დავასკვენი, რომ შენ ჩემი ყველაზე სერიოზული Crush ხარ. ასეთი ჯერ არასდროს მქონია. მარიზე მეტადაც კი ვარ შენით მოხიბლული, არადა აქამდე მარი ჩემთვის ქალის იდეალი იყო.

დღეს ჩემ მეგობარ, ანუნას ვესაუბრებოდი და ასეთი რამ ვკითხე: როგორ ხვდები, რომ ადამიანი უფრო მეტია შენთვის, ვიდრე უბრალო მოწონება მეთქი? “თუ ამ ადამიანზე სულ ფიქრობ; თუ ის გენატრება, როცა შენ გვერდით არ არის; თუ ნერვიულობ მის გვერდით ყოფნისას, მაშინ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოწონებაო” – ასე მიპასუხა ანუნამ. მეც დავფიქრდი და მივხვდი, რომ შენ ჩენი Crush ხარ, რაც ბევრად უფრო მეტია ვიდრე უბრალო მოწონება, გატაცება ან ტრფობა. მე შენზე ვფიქრობ, მენატრები, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც გიცნობ კარგად. მაგრამ მე მინდა გაგიცნო, დაგიახლოვდე და უფრო მეტად დავრწმუნდე იმაში, რომ შემ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. მე არ გიცნობ, მარა უკვე ვიცი, რომ შენი ყველაფერი მომწონს და მომეწონება. “ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო?” – მე კი იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად მცირე რაოდენობის ეკლებს გადავაწყდები შენი მოპოვების გზაზე.

პატივისცემით და უფრო მეტი გრძნობით, ვიდრე უბრალო მეგობრობაა,

შენი მერაბ მებო ნუცუბიძე – მუსიკოსი, რომელიც თავისუფალ დროს მღერის კიდეც

Read Full Post »

„ბარნოვზე სამ ლარად გავალთ?“
„ჩაჯექი შვილო, ჩაჯექი“
ასე ვაჩერებ მანქანას და მძღოლი ზედმეტი ვაჭრობის გარეშე მთანხმდება მიზერულ თანხად გამიყვანოს მშრალი ხიდიდან ვაკეში: რა ქნას, სასოწარმკვეთი სიცივის გამო კლიენტების რაოდენობ საგრძნობლად შემცირებულია. დამცავი ღვედის შეკვრა არ მავიწყდება, რაც აკვირვებს კიდეც. ალბათ იმასაც ფიქრობს, ევროპაში ხომ არ ცხოვრობდაო. ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს ტაქსის მძღოლებთან. არაფერი რომ არ ვთქვა, ეგეც არ მინდა და ისიც არ ვიცი, რაზე შეიძლება გავესაუბრო. სულ მინდა, რომ სალაპარაკო თემა იქით შემომთავაზონ ხოლმე. ამჯერად კარგი ტაქსისტი შემხვდა და საუბარი თვითონ წამოიწყო.
„ლიცენზიების შემოღებას აპირებენ. წლიური გადასახადი გვექნება. ბევრი კი წუწუნებს, მარა ჩემთვის უფრო კარგი იქნება. შენ თვითონ წარმოიდგინე: ახლა ქალაქში ისეთი საშინელი სიტუაციაა, რომ უფრო მეტი ტაქსისტი დადის, ვიდრე კლიენტი“
პირველად დავფიქრდი ამაზე. ფანჯრის მინიდან  გავიხედე და ჩვენ გარშემო მიმავალი ათი მანქანდან ექვსი ტაქსი აღმოჩნდა, რომლებიც ბუნებრივია კლიენტების გარეშე დასეირნობდნენ ქალაქში. როგორც ჩანს არც ისე მარტივად ყოფილა საქმე.
„ხოდა გადავიხდი იმ თანხას და მშვიდადაც ვიქნები. მეცოდინება, რომ დღეში 50 ლარს მაინც გავაკეთებ. ეს მინიმუმი, რა თქმა უნდა. მერე აქედან 25 ლარი ბენზინისთვის, 5 ლარი ჭამაზე და მინიმუმ 20 ლარიც სუფთა მოგება. მოკლედ არ ვერჩი მე ამ იდეას რა. მომწონს კიდეც.“
„ისე, რთულია ტაქსის მძღოლობა არა? დამღლელი საქმე უნდა იყოს…“
„შვილო აბა სხვა რა ვქნა. დავამთავრე ორი უნივერსიტეტი, დიპლომები სახლში მიდევს. მაგრამ მაშინ რა პროფესიაც მომგებიანი იყო, ის დღეს აღარავის სჭირდება. აბა ვის რაში უნდა ხიდები და გვირაბები? ყველა გვირაბი გაყვანილია, ყველა ხიდი – აგებულია. შევცდი, სხვა პროფესია უნდა ამერჩია და ახლა ხომ აღარ ვიტაქსავებდი?!“
დამაფიქრა მისმა პასუხმა. „შევცდიო“, განსაკუთრებით ეს სიტყვა მომხვდა გულზე. მეც ხომ სულ იმას ვცდილობ, არ შევცდე. მალე ბარნოვზეც მივედით, გადავუხადე კუთვნილი თანხა და გულთბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს: ის მომდევნო კლიენტის ძიებაში ნელი სვლით გაუყვა გზას, მე კი სწრაფი ნაბიჯით გავემართე მეგობრებთან შესახვედრად. მთელი საღამო ტაქსის მძღოლზე და მის მიერ „შეცდომით“ არჩეულ პროფესიაზე ვფიქრობდი.
ძალიან რთულია სწორად შეარჩიო შენი საქმე: ბავშვობაში ხომ თითქმის ყველას კოსმონავტობა, პოლიციელობა და მსახიობობა გვინდა. მერე დგება გადამწყვეტი მომენტი – სკოლის დამამათავრებელი კლასი. მშობლები რა თქმა უნდა იმ მომენტისთვის პრესტიჟულ პროფესიებს გვირჩევენ: „შვილო, იურიდიული ყველაზე კარგია!“, „მამა, ექიმი გახდი და სიბერეში მაინც მიმკურნალე რა!“, „ყოველთვის მინდოდა დიპლომატი შვილი მყოლოდა და მასთან ერთად მომევლო უცხო ქვეყნები“, „ყველაზე მაგარი პროფესია ეკონომისტობაა, მამი! ყოველთვის მოგებაში იქნები და მერე ბიზნესმენიც გახდები!“. ასეთია დღევანდელი რეალობა. პრესტიჟულ პროფესიებად ითვლება საერთაშორისო სფეროსთან დაკავშირებული ყველა სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვ. 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში სამედიცინო სფეროც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იყო, რადგან კარგი ექიმები ყველგან სჭირდებოდათ და სჭირდებათ (თანაც მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ კანადა ოფიციალურად ეძებდა ექიმებს, რომლებიც ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნის მოსახლეობისათვის გაწეული დახმარებისთვის უცხოურ მოქალაქეობასაც კი მიიღებდნენ). თუმცა დღეს ექიმობა აღარაა ისეთი „კარგი“, როგორიც ადრე იყო. ამაზე სტუდენტების შემცირებული რაოდენობაც მეტყველებს. ასეა თუ ისე, ჩვენს ქვეყანაში შესამჩნევია პროფესიების არჩევა მისი „მოდურობის“ მიხედვით. 70-იანებში ინჟინრობა იყო პრესტიჟული, 80-იანებში არქიტექტორობა, 90-იანებში ექიმობა, 2000-იანებიდან კი საერთაშორისო სფერო გამოვიდა წინა პლანზე. ასეთმა ტენდენციამ შეიძლება სავალალო შედეგი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას.
პედაგოგიკა, ისტორია, უცხო ენები, ბიოლოგია, ქიმია და სხვა „არაპრესტიჟული“ პროფესიები თითქმის საბოლოოდ მიივიწყა ახალგაზრდობამ. რამოდენიმე წელიწადში ჩვენს ქვეყანაში იქნება ბევრი საერთაშორისო ურთიერთობების „მცოდნე“ და კიდევ უფრო მეტი ეკონომისტი, მაგრამ მათ შვილებს აღარ ეყოლებათ მასწავლებლები, რადგან აღარავის ექნება პედაგოგის დიპლომი და რაც მთავარია – აღარც მოსწავლეების აღზრდის სურვილი. კიდევ უფრო დიდი საფრთხე ისაა, რომ ამჟამად „მოდური“ პროფესია, შეიძლება სულაც აღარ იყოს აქტუალური მომდევნო ათწლეულებში, რაც ისევ გამოიწვევს ორდიპლომიანი უმუშევრების ნაკადის ზრდას. გამოსავალი? გამოსავალი საყვარელი საქმის კეთებაა. ყველამ შევარჩიოთ ჩვენი საყვარელი პროფესია, ის რისი კეთებაც გვსიამოვნებს და რაც ნამდვილად კარგად გამოგვდის. ყოველთვის შეიძლება ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს საკუთარი საქმით, თუ ის ამისთვის მაქსიმუმს გაიღებს. ასე რომ, ორდიპლომიან ტაქსის მძღოლობას და იმაზე წუწუნს, რომ „პროფესიის არჩევაში შევცდით“, აჯობებს არ ავყვეთ მოდას და ავირჩიოთ ის საქმე, რაც ნამდვილად ჩვენია. პური ხაბაზმა უნდა გამოაცხოსო, უთქვამთ ბრძენს ადამიანებს.

 

Read Full Post »


დედა სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა სოფელში გაზრდილი უბრალო ქალია. მამა ადრე დაეღუპა – მთვრალმა მძღოლმა ნაადრევად დააობლა 4 ბავშვი. ოჯახში ყველაფერი ბებიას კისერზე გადავიდა და ისიც ვაჟკაცურად შეუდგა საკუთარი ოჯახის რჩენასა და მოვლა-პატრონობას. დედა მეორე ბავშვია ოჯახში. მისი უფროსი და სასწავლებლად თბილისში მალევე წამოვიდა და სოფელში თითქმის ყველა საქმე დედას გასაკეთებელი იყო, ბებიასთან ერთად, რაღა თქმა უნდა. ის დედას ეხმარებოდა ძროხის მოწველაში, ფრინველების დაბინავებაში, სიმინდის მოკრეფაში, ბალახის მოჭრაში… ამავდროულად უმცროსი და-ძმაც არ ავიწყდებოდა და მათზეც ზრუნავდა. დედა ბავშვობიდანვე ზედმეტად დატვირთული და ყველაზე მზრუნველი იყო. მიუხედავად ამდენი საქმისა, ის ჯიუტად აგრძელებდა სწავლას. და სოფელში საუკეთესო მოსწავლეც იყო. მასწავლებლები სულ მის ქებაში იყვნენ და ახლაც სიამოვნებით იხსენებენ მათ საყვარელ მოსწავლეს. თანასოფლელები ხშირად მიყვებიან, რომ დედა კლასელებს მათემატიკაში ამეცადინებდა, თანაც ამას დაუზარებლად და უანგაროდ აკეთებდა. დამამთავრებელ კლასში, კომუნისტური ჩამორჩენილი აზროვნების გამო, მათემატიკაში 4-იანი დაუწერეს, ვაითუ გამოცდებზე 5 ვეღარ მიიღოსო. დედას პატრონი არ ყავდა, რომ დირექტორთან მისულიყო და დალაპარაკებოდა. სამაგიეროდ მან თავისი საქმით დაუმტკიცა ყველას, რომ შეუძლებელი არაფერი იყო. გამოცდებზე 5 მიიღო და 16 წლის გოგონა, რომელიც ის-ის იყო ცხოვრებას იწყებდა, თბილისისკენ გამოემართა უკეთესი მომავლის ძიებაში.
თბილისში ბაბულია ბებოსთან ცხოვრობდა ორჯონიკიძის ქუჩაზე, სადაც მალევე შეაყვარა ყველას თავი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ეკონომიკის ფაკულტეტზე. აქაც საუკეთესო სტუდენტი იყო და ჯგუფელებს ისევ უანგაროდ ამეცადინებნდა. დედა ყველას უყვარდა ჯგუფშიც, კურსზეც და უნივერსიტეტშიც. მერე მამაც გაიცნო: 30 წლის სიმპატიური ახალგაზრდა. თვითონ 26 წლის იყო. მალევე დაქორწინდნენ და ერთ წელში მეც გავჩნდი. შვილის დაბადებით დედას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ის უკვე აღარ ფიქრობდა საკუთარ თავზე და ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის აკეთებდა. ცოტა ხანში ჩემი დაც მოევლინა ქვეყანას და დედას უკვე ორი პატარა (ისე კი ყველაზე დიდი) საზრუნავი დაემატა ცხოვრებაში. მე ტკბილად მახსენდება ბავშვობა, რადგან გაჭირვების, უშუქობის, სიცივის და შიმშილის მიუხედავად, არასდროს არ მიგრძვნია თავი უბედურად. ეს კი დედას დამსახურებაა. თავის წილ საჭემელს ჩვენ გვინაწილებდა, სიცივეში გვათბობდა, წიგნებს გვიკითხავდა და სულიერ საზრდოსაც არ გვაკლებდა. ამასთან ერთად საოჯახო საქმეებსაც ასწრებდა: ოთახებს ალაგებდა, საჭმელს ამზადებდა, სარეცხს რეცხავდა, წყალი ამოჰქონდა მე-16 სართულზე და კიდევ სხვა მრავალ წვრილმანსაც ასწრებდა, რომელიც შეიძლება შეუმჩნეველიც კი რჩებოდა.
ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებოდით და დედას საფიქრალი ემატებოდა. სკოლა და იმ პერიოდის პრობლემები ერთად გამოვიარეთ; მერე იყო საფრანგეთში წასვლა და თანმდევი მსჯელობები ჩემ მომავალზე; კარგად მახსოვს საქართველოში დაბრუნება და დედას თან გახარებული, თან კი გაურკვევლობაში მყოფი სახე – “ნეტავ რას უპირებს ეს ბავშვი თავის ცხოვრებას?”, ალბათ ფიქრობდა ჩემზე. დედა ყოველთვის ჩემ გვერდითაა, რჩევებს მაძლევს და ცდილობს სწორი არჩევანი გამაკეთებინოს, თუმცა არასდროს არ ცდილობს თავს მომახვიოს საკუთარი შეხედულებები. ეს ალბათ ყველაზე მეტად დასაფასებელია მასში.
დედას ერთი პატარა კუთხე აქვს სახლში. მთელი დღეები იქ ზის: ხან ქსოვს, ხან კერავს, ხან კი უბრალოდ ფიქრობს – წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ქსოვა და კერვა დედას შემოსავლის წყაროცაა და ჩვენი ჩაცმა-დახურვის საშუალებაც. “დედა, ჯინსი ჩამივიწროვე, რა”, “დედა, ეს მაიკა გადამიკეთე, გთხოვ” – ისიც ყველაფერს დროზე ადრე და უსიტყვოდ გვისრულებს. ღამის სამ საათზე იძინებს და დილით შვიდზე უკვე ფეხზეა. მე ბევრს ვნერვიულობ მასზე, მინდა რომ უფრო მეტი დაისვენოს, თავს მიხედოს და ნაკლებ იდარდოს ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე. თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ დედას ეს არ შეუძლია. დედა ყოველთვის ასეთი იქნება: დილით 7 საათზე გაიღვიძებს, საუზმეს გაგვიმზადებს, მერე კი მაღვიძარას მაგივრობასაც გასწევს და თბილი კოცნით გამოგვაფხიზლებს ღრმა ძილიდან.  აუცილებლად გაგვაცილებს უნივერსიტეტში მე და მაკოს – სახლიდან გასვლის წინ კარებამდე მოგვყვება და კოცნით დაგვილოცავს გზას. ამის მერე მიუჯდება თავის სამუშაო მაგიდას და ჩვენს დაბრუნებამდე თავაუწევლად მოქსოვს ან შეკერავს. შუადღეს საჭმელს დაგვახვედრებს და ჩვენთან ერთად ისადილებს, რადგან იცის, რომ მარტო ჭამა არ გვიყვარს. დედა ყოველთვის ასეთი იქნება. ჩვენ შევიცვლებით, დედა კი არა. მან თავისი ცხოვრება ჩვენზე, საკუთარ შვილებზე ააწყო. ეს კი ძალიან დასაფასებელია ადამიანში. მე ბევრ მაგალითს ვიღებ მისგან და ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მის გარეშე.

დღეს დედის დღეა. მე კი არაფერი არ მიჩუქნია მისთვის ამ ჩემი სიტყვების გარდა.

მადლობა ყველაფრისთვის, დე.

Read Full Post »

ჩემო საუკეთესო მეგობარო,

ერთი სიტყვითაც შევძლებდი შენთვის ჩემი ძირითადი სათქმელის მოწერას და ეს სიტყვა, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, “მადლობა” იქნებოდა. მადლობა იმისთვის, რომ მისმენ: ხანდახან ისე, რომ არც კი მგონია, თუ შენ გინდა ჩემი მოსმენა ან გადარდებს ის, რას განვიცდი და ვგრძნობ. მადლობ შენ ჩემზე ზრუნვისთვის. ყოველთვის ნერვიულობ, როცა ცუდად ვარ და განიცდი, რომ ვერ ვაკეთებ იმას, რაც ასე მსურს. მადლობა გვერდში დგომისთვის, თავაზიანობისთვის. ყველაზე დიდი მადლობა კი იმიტომ გეკუთვნის, რომ ჩემ ცვალებად ხასიათს ადვილად იტან. იტან რა, წესით უკვე უნდა მოგწონდეს კიდეც.
ბოლოს მითხარი, მიხარია რომ კარგად ხარო. ეს ყველაზე თბილი სიტყვები იყო, რომელიც ოდესმე ვინმესგან გამიგია. შენ გიხარია, რომ მე კარგად ვარ. უბრალოდ გიხარია… ჩემთვის კი ეს უბრალო სიხარული უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. შენ არასდროს არ გიპასუხია ჩემთვის უხეშად, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვიქცევი არასწორად. მე მახსოვს, ერთი პერიოდი ბევრს ვსვამდი და ხშირად სისულელეებსაც ვაკეთებდი. შენ არ მეუბნებოდი, არ დალიოო. პირიქით, ცდილობდი ჩემთან ერთად დაგელია და ამით თავიდან აგეცილებინა ის სისულელეები, რისი ჩადენაც სიმთვრალეში შემეძლო. მე ამ ყველაფერს ახლა ვხვდები, ამ წერილის წერისას. ეს კი ორმაგი სითბოთი მავსებს. შენ ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები, რაც არ უნდა მოხდეს. თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ მოხდება, რადგან შენ გესმის ჩემი, ისევე როგორც – მე შენი. გაბრაზებულზე არასდროს შეეცდები, უფრო გამაღიზიანო. ნაწყენზე მოხვალ და ღიმილით მეტყვი, “შენ ხომ არ გაგიჟდიო?”. ლხინში ყოველთვის ჩემთან ერთად მოილხენ და გასაჭირში გვერდით დამიდგები.
მეც მინდა, რომ შენთვის ისეთივე კარგი მეგობარი ვიყო, როგორც შენ ხარ ჩემთვის. მაპატიე, თუ ხანდახან რაღაცებს ვერ ვხვდები და ვერ ვიქცევი სწორად. თუმცა შენ იმასაც კარგად ხვდები, რომ მე ყოველთვის გულწრფელი ვარ შენთან. ისე კი, სულ მგონია, რომ ჩვენ საუკუნეებია ვმეგობრობთ. მადლობა გვერდში დგომისთვის. შენ ზედმეტი სიტყვებისა და ჭკუა-დარიგების გარეშე ჩემთან ხარ და შენი საქციელით მახვედრებ, რა შეცდომებსაც ვუშვებ და რა გზა უნდა ავირჩიო მომავალში. იმედი მაქვს, ჩემგანაც სწავლობ რაღაც-რაღაცეებს.

დიდი სიყვარულით,
შენი საუკეთესო მეგობარი

Read Full Post »