Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ღმერთი’


ვფიქრობ.
ჩუმად ვფიქრობ. მარტო ვფიქრობ.
ფიქრობ.
ხმამაღლა ფიქრობ. სხვებისთვის ფიქრობ.
მე აღარ. მე ვეღარ. მე მეყო.
შენ კიდევ. შენ უფრო. შენ მეტად.
გიყურებ. გიყურებ.
სულ შენ გიყურებ.
მზერას მარიდებ. ურცხვად მარიდებ.
თვალებს დაბლა ხრი.
აღარ გიყურებ. ვეღარ გიყურებ.
სხვას ვუყურებ.
მამჩნევ. სულ მამჩნევდი.
მე მზერას გარიდებ.
ვუკრავ. გიტარაზე ვუკრავ.
ცოტ-ცოტას ვმღერი.
არ მისმენ. თვალებს ვერ ამჩნევ.
სივრცეში ეძებ.
მომბეზრდა. მელოდიას ვცვლი.
სიმი გამიწყდა.
თვალებს ეძებ.
სიმები უკვე გაწყდა. თვალებიც.
ნაყინი გინდა?
მე ყელი მტკივა. შენ ვანილი არ გიყვარს.
მე შენ სათამაშო გიყიდე. შენ კიბეზე მოისროლე.
ბავშვობის ოცნება დაიმსხვრა.
შენ არ უნდა აგდებდე სათამაშოს.
ახალ წელს გნახე.
ჩამეხუტე. სულ მიყვარდიო.
მე შენი ტყვეობიდან დახსნა გადავწყვიტე.
მერე გამოვფხიზლდი.
ხანდახან კარგია სიმთვრალე. გმირობა უფრო ადვილია.
ლაჩრობა რთულია. ძნელად ასატანი.
მე ვერ დაგიხსენი.
შენ ახლა სადღაც ხარ. მეც სადღაც ვარ.
მეცეკვეო. გეცეკვე.
მახსოვს ყურში ჩამჩურჩულე.
მეტი აღარაფერი. ბუნდოვნად.
შენი შვილი გოგო უნდა იყოს.
ლამაზი. შენსავით.
ჩემი შვილი გოგო უნდა იყოს.
ლამაზი. შენსავით.
მერე მზე გამოვიდა.
კიდევ დამავიწყდა ბორჯომის ყიდვა.
გინდა რაღაც გითხრა? მოიწი ახლოს.
გეღიმება. როგორც ადრე. ბავშვობაში.
ადრე არ ციოდა.
სახლში მოსვლისას იღიმოდი. სადილობდი.
ახალი წელი გიყვარდა. სკოლაში ერთად ვმღეროდით.
ოცდახუთსა დეკემბერსა. ქრისტე იშვა.
მერე შვიდ იანვარს შობა დგებოდა.
შენ წახვედი. სულ წახვედი.
მე შობას გილოცავ. სულ მოგილოცავ.

Read Full Post »

ღმერთმა უწყის…
რომ შენ მარტოხელა ხარ. შენ მარტოობისთვის ხარ განწირული. ის ვინც შეძლებდა შენთან მთელი ცხოვრების გატარებას, შენ უკვე დაკარგე და სხვასთან გაუშვი. არადა გულის სიღრმეში იმედოვნებ, რომ სხვასთან არ წავა და ისევ შენი იქნება. რომ გულის სიღრმეში მაინც იქნება შენი. შენ ეგოისტი ხარ. ღმერთმა უწყის, რომ შენ ბოლო დონის ეგოისტი ხარ! იმდენად ეგოისტი ხარ, რომ ღმერთიც კი აღარ გიყვარს. არადა ღმერთმა უწყის, რომ შენ მისი დახმარება გჭირდება. ღმერთი მოწყალეა, ის დაგეხარება.

ღმერთმა უწყის…
რომ შენ იდიოტი ხარ. დოსტოევსკის ამ ეპოქაში რომ ეცხოვრა, ალბათ შენზე დაწერდა. შენ იდიოტი ხარ. ამავდროულად შენ გჭირდება ისეთი, ვინც ხშირად გეტყვის, რომ იდიოტი ხარ. რატომ? მაზოხისტი ხარ? არა მგონია. უბრალოდ იდიოტი ხარ. მაზოხისტი იდიოტი რომ იყო, კარგიც კი იქნებოდა ალბათ შენთვის. სიამოვნებას მაინც მიიღებდი. შენ კიდევ, შე საცოდავო, სიამოვნებასაც ვერ იღებ! აი ეგრე! ისევ მე თუ გეტყვი სიმართლეს, თორემ სხვა ვინ გეტყვის. მე ვარ ერთადერთი, ვინც შენზე ზრუნავს. შე იდიოტო!

ღმერთმა უწყის…
რომ დედამიწა ბრტყელია. ჩვენ ყველას გადავარდნა გვემუქრება. იცი რამდენი იდიოტია შენს გარდა? უფ, რამდენიც გინდა. უბრალოდ შენ ის განგასხვავებს, რომ უზრდელი იდიოტი არ ხარ. დაიცა ახლა, ნუ დაიიმედებ თავს. მაინც იდიოტი ხარ. მაგრამ აი ის სხვა, უზრდელი იდიოტები, ერთ დღეს გადაიჩეხებიან კიდევაც ბრტყელი დედამიწიდან. შენ კიდევ არა, იმიტომ რომ უზრდელი არ ხარ და მე მეცოდები. შენი იდიოტობით ისევ და ისეც შენ თავს თუ ავნებ. და სხვა იდიოტებს, რომლებიც კბილებს კარგავენ თუ შენ რამე ცუდს გაკადრებენ. მაგრამ მათივე ბრალი. იდიოტები ეგენი.

ღმერთმა უწყის…
რომ შენ ადამიანი ხარ. ისეთივე ადამიანი, როგორიც მე, მაიკლ ჯორდანი და ტომ იორკი. მართლია მე ისეთივე წარმატებული არ ვარ, როგორც მაიკლი და ტომი, მაგრამ შენთვის ადამიანის მაგალითად მაინც გამოვდგები. ხოდა რადგან შენც ჩვენნაირი ადამიანი ხარ, გაქვს უფლება გაბრაზდე, იყვირო, იგინო, იცინო, იტირო. ოღონდ გემუდარები, მე არ მაგინო და არც მეჩხუბო. მე ხომ მხოლოდ კარგი მინდა. ამას რატომ ვწერ მაშინ? კაი რა, რა შეკითხვაა. ის არ გახსოვს? “მოყვარეს პირში უძრახე და მტერს ზურგს უკანაო”? ხოდა რა გამოვდივარ მე? რა თქმა უნდა მოყვარე, შე იდიოტო!

ღმერთმა უწყის…
რომ ეს ცხოვრება უსასრულოა, ოღონდ არა ადამიანებისთვის. უსასრულოა კოკა-კოლა, მაკდონალდსი, ტომ კრუზი. შენ სასრული ხარ. 80-მდე თუ მიაღწევ, მადლობა თქვი, შე იდიოტო. იმის მერე კაციშვილს არ ემახსოვრები. ნუ კაი, შეიძლება შენმა შვილებმა და შვილიშვილებმა სადღეგრძელეობში მოგიხსენიონ, მაგრამ შენ მაინც ვერ იქნები კოკა-კოლა, მაკდონალდსი ან ტომ კრუზი. შენ იდიოტი ხარ. ისე დოსტოევსკის იდიოტი მაინც ყოფილიყავი, შენც უსასრულო იქნებოდი მასავით. ასეა თუ ისე, შენ მალე დასრულდები და იქამდე ეცადე ბევრი დებილობა გააკეთო, რომ მერე უფრო ინანო და სიკვდილის წინ მაინც მიხვდე, რომ იდიოტი ხარ.

ღმერთმა უწყის…
რომ ეს ცხოვრება ხანმოკლეა. ამიტომაც, “ჭიქით ხელში და ღვინით ყელში” მივეგებით ახალ წელს. უფალი გფარავდეთ!

Read Full Post »

გამარჯობა ღმერთო, წამიყვან?

შენი ავტობუსით მგზავრობა ხომ უფასოა? ძალიან კარგი, თორემ ეს ყვითელი ავტობუსის შავი კონტროლიორები უკვე მომბეზრდნენ. იცი, გუშინ დიდხანს ვფიქრობდი და კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ საკუთარი სიცოცხლე დამესრულებინა. ვიცი ეს დიდი ცოდვაა, მაგრამ მაცადე, აგიხსნი რა და როგორ. სულ რაღაც 22 წელია რაც შენგან კურთხეულ და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწაზე დავაბიჯებ. ხანდახან მეცინება ხოლმე, რომ წარმოვიდგენ, რომ ყველაზე პატარა, უჰაერო და აბდაუბდა, თუმცა შენგან კურთხეულ ქვეყანაში გავჩნდი. თუ ადამიანს ჩემსავით არ გაუმართლა და აქ დაიბადა, მხოლოდ რამოდენიმე გამოსავალი აქვს: ფირმაში წასვლა, გალოთება, წამალზე შეჯდომა, აზარტული თამაშები, გაბოზება, ყველა პროპკაზე უვაზელინოდ მორგება ან საკუთარი თავის უფლისთვის შეწირვა. მე ჯერ არ გადამიწყვეტია რომელ გზას ავირჩევ, თუმცა ცოტ-ცოტა ყველა გზა მაქვს გამოცდილი ბოლოს გარდა. შენთან ჯერ ვერ მოვედი, ალბათ იმიტომ რომ ყველა ეკლესია-მონასტერი აღმართზეა, მე კიდევ არც ისე სპორტული ვარ.

ღმერთო, გესმის ჩემი?

დღეს ისევ მაღვიძარამ გამაღვიძა. ბლექბერი ბლექბერიო გაიძახიან. არადა მაღვიძარის ზარი ვერ შევცვალე ვერაფრით. ეგეც თქვენი ნაქები მარკები და ცნობილი ფეშენ ბრენდები. ისე გუშინ ამ დროს უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი თავის მოკვლა. შენც არ მომიკვდე! რომელ თავის მოკვლაზეა საუბარი, სახლიდან გასვლაც კი დამეზარა. რა ხდება? ნუთუ იმდენად სუსტი ვარ, რომ თავსაც ვერ ვიკლავ? სადღაც წავიკითხე, თვითმკვლელობა სამსახურიდან წასვლასავითაა, შენს უფროსს ეუბნები რომ შენი ნებით მიდიხარ და არავინ გათავისუფლებსო. ვითომ ასეა? არ ვიცი, დღეს ხომ ვერავინ ბედავს სამსახურიდან წასვლას, რადგან ახლის მოძებნა ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამ სირთულეებთან შეჭიდებას, ისევ უსწორმასწორო ზედაპირის პროპკებზე უვაზელინოდ მორგება ჯობს, მგონი. თუმცა ამ უკანასკნელზე ვერ გაგცემ პასუხს, მე უმუშევარი ვარ.

ღმერთო, მოიხსენი ყურსასმენები, არ გესმის რომ გელაპარაკები?!

ნეტავ რას უსმენ? აშკარად რაღაც ისეთია, ჩვენი უფლის მოციქულები რომ გმობენ. ისე მერე თუ გინდა ჩემს მუსიკას მოგასმენინებ. დიდი არაფერი, მაგრამ შეიძლება მოგეწონოს. ძაან კრიტიკულიც ნუ იქნები, დამწყები ვარ. რატომ არაფერს არ მეუბნები? არ გესმის რომ გელაპარაკები? რა დროს მუსიკაა, თავის მოკვლა მსურს და შენი რჩევა მჭრიდება. სად განვუტევო სული? ან როგორ? ეს მდინარეში გადახტომა, თავის ჩამხრჩობა და ათასგვარი სისულელეები მოძველდა. ნამეტანი პაპსაა. პაპსა კიდევ კოლდპლეივით ჟღერს და მე კიდევ აღარ შემიძლია კრის მარტინის მოსმენა. ეგ კი არა უკვე გაზეპილთმიან ჯუჯასაც ვეღარ ვუსმენ ხოლმე ხანდახან. ვბერდები აშკარად. ან უბრალოდ თმები მცვივა და გაშიშვლებული ტივნი კიდევ სხვაგვარად აღიქვამს ყველაფერს.

ღმერთო, ღმერთო, ღმერთო. შენ ყველა ენა გესმის?

სადღაც წავიკითხე, მეორედ მოსვლისას ქართული ენა პრივილეგირებული იქნებაო. ისიც წავიკითხე, ყველა საქართველოში წამოვა, რადგან აქ არ იქნება შიმშილი, სიცივე და უსექსობაო. ანუ რა გამოდის? იმისათვის, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს, საზოგადოება საზოგადოებას, კაცი კაცს და ქალი ქალს, ამისთვის მეორედ მოსვლაა საჭირო? საინტერესოა. ისე ამაზე მარტივი გზაც არსებობს. უბრალოდ ტრაკის ნაცვლად ტვინით უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ტრაკი ფიქრისთვის არ შეგიქმნია. ასე არ არის? კაი ახლა, ნუ მათქმევინებ საჯაროდ რისთვის შექმენი ტრაკი, მორიდება იქონიე.

ღმერთო, რამდენი უნდა გადაგიხადო რომ სამოთხეში მოვხვდე?

გააჩნია? ა, ხო. მართალია. მოიცა, მოიცა. რაღაც არ ემთხვევა ეს ყველაფერი წიგნებში ამოკითხულ ლეგენდებს. შენ ხომ ფულს არ იღებ? ფული ხომ ხელის ჭუჭყია? აქ რა შუაშია, მაგრამ უცბად გამახსენდა და უნდა გკითხო: სოდომი და გომორი გახსოვს? რა თქმა უნდა გახსოვს. მერე? კიდევ გზარავს მის გახსენებაზე? ჯერ სადა ხარ, ეტყობა ლესელიძეზე არ გაგივლია, შენი სურათებით და გამოსახულებებით ბიზნესია დაწყებული და შენ ჩვენს ქვეყანაში კურტ კობეინზე პოპულარული ხარ. ისე გეხვეწები, ლესელიძეს რომ მოუვლენ ციდან ცეცხლს, ლუკა პოლარეს სანაყინე არ დაწვა რა. ჩემ მეგობარს ძალიან უყვარს იქაური გემრიელობები. გემუდარები გაითვალისწინე, კარგი? ჯიგარი ხარ!

ღმერთო, ღმერთო. კიდევ ერთს გკითხავ. პორტუგალიელები ცოდვილები არიან?

რატომ გეკითხები? იმიტომ რომ ერთმა მორწმუნემ დაწერა, მაგათ ისიც ეყოფათ რომ პორტუგალიელები არიან და სამოთხეში ვერ მოხვდებიანო. შემეშინდა. მერე რომ დავფიქრდი და იმ ადამიანის მოსაზრება ისტორიული არგუმენტებით გავამყარე, დავეთანხმე კიდეც. პორტუგალიელები რა სამოთხეში შესაშვები ხალხია? მაგათმა არ აღმოაჩინეს ამერიკა? ხო, ხო. ამერიკა. აი ის ადგილი, ყოველგვარი ბოროტების სათავე რომ გახდა, დაწყებული კოკა-კოლიდან დამთავრებული პრეზერვატივებით. აბა ამერიკა რომ არა, ქართველი გოგოები პრეზერვატივებს გადაყლაპავდნენ?! იმედია ლესელიძის შემდეგ ამერიკასაც დაწვავ.

ღმერთო, როდემდე? ახალ ქალქს აშენებენ, ლაზიკა უნდა დავარქვათო. საძირკველში რომ ჩამატანონ, სამოთხეში მოვხვდები?

ამას იცი რატომ გეკითხები? ძალია მინდა რომ რაიმე საინტერესო გავაკეთო და ისე მოვკვდე. ზურაბს თუ დედა მისტიროდა და არ უნდოდა მისი საძირკველში ჩატანება, ჩემთან სხვაგვარად იქნება. მე წყნარად ვიდგები ან ვიჯდები და ზემოდან პრეზიდენტი ცემენტს დამასხავს. თან იქვე ტელევიზიები გადამიღებენ და მერე საქვეყნოდ ცნობილი ვიქნები. ცნობილი მკვდარი. ისე ამას დადებითი მხარეც აქვს: ყოველთვის იტყვია ჩემს სადღეგრძლოს ქართულ სუფრებზე. შეიძლება განსხვავებულითაც თქვან, გააჩნია რამდენად ღრმად გაიდგამს ფესვებს ქართველთა აზროვნებაში ლეგენდა ბიჭზე, რომელმაც საქართველოს ახალი დედაქალაქის მშენებლობას შეუწყო ხელი და გმირულად გაწირა საკუთარი თავი.

ღმერთო, გაგარინი გირჩევნია თუ არმსტრონგი?

არცერთი და არც მეორე? რა პონტში? ააა, ეგ სულ არ ვიცოდი. აბა საიდან უნდა მცოდნოდა? მე უმეცარს ვინ მეტყოდა იმას, რომ არც გაგარინი ყოფილა კოსმოსში გასული პირველი ადამიანი და არც არმსტრონგს დაუდგამს მთვარეზე ფეხი პირველად? ახლა უკვე ვიცი სიმართლე. შენ ხარ პირველი ასტრონავტი! დღეიდან ჩემი ცხოვრება შეიცვლება და მე ვეცდები, მხიარულად ამოვირბინო შენკენ მომავალი მთა-გორიანი და ეკლებით მორთული გზები.

აქ გამიჩერე რა, ჩავდივარ. 

ძალიან კარგია შენთან საუბარი, მაგრამ სახლში მელოდებიან და არ მინდა ვანერვიულო. მადლობა რომ უფასოდ მამგზავრე, მთელი 20 თეთრის ეკონომიაა, ეხუმრები? ისე შემდეგზეც რომ მოხვდები აქეთ, გამომიარე რა. კაი რა გერიდება, არ გრცხვენია. არ გაბედო და ბანბანერკა და შამპანური არ მოიტანო! ძალიან მეწყინება. იმ სადარბაზოს ხომ ხედავ? ხოდა ეგაა. ძველებური და ნახევრად ჩამონგრეული. აი მანდ რომ კედელზე თეთრი ფერის ზარია, მაგას დარეკავ და გამოვალ. სამჯერ დარეკე, რომ მივხვდე ჩემიანი ხარ. დროებით. მომენატრები შემდეგ მოსვლამდე. ჭკვიანად იცოდე. სბოგამ!

ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებთ, რა ბედნიერები ვართ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი ასტრონავტია!

Read Full Post »