Feeds:
Posts
Comments

ჩვენი მოგზაურობა მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში გრძელდება. ჩვენ არ ვუშინდებით სხვადასხვა ჟღერადობებს, ახალ ინსტრუმენტებსა და სიახლეებს. პირიქით. მაქსიმალურად ვცდილობთ არ შევიზღუდოთ თავი და რაღაცაზე უარი არ ვთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ “ამ ინსტრუმენტზე ვინ უკრავს” ან სხვა ბანალური “მიზეზის” გამო.

პირველი შეხვედრა ყოველთვის ჯადოსნურია. მორიდებული ღიმილი, ფიქრი იმაზე, კარგად იქცევი თუ არა. ბავშვური დაბნეულობა. სიხარული. აჩქარებული გულისცემა. პირველი შეხვედრა ან დიდი და ლამაზი ზღაპრის დასაწყისია, ან დასასრული. ორივე შემთხვევაში, პირველი შეხვედრა არასდროს კარგავს ჯადოსნურობას.

საქართველოში არსებობს ერთი ძალიან კარგი ბენდი – ხმამაღლა მოლაპარაკეთა ბენდი. მე ისინი რამდენიმე წლის წინ გავიცანი. ჯერ მათი უბრალო მსმენელი ვიყავი და Fallen In You-ზე ვგიჟდებოდი. მერე უფრო ახლოს გავიცანი ისინი და დღეს ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან. კარგ მუსიკას ცუდი ადამიანები ვერ აკეთებენ. ეს ასეა. ლოუდები კარგი ადამიანები არიან. დღეს მათ ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროებათ. უყურეთ ვიდეოს და არ დაგენანოთ თქვენი ცხოვრების სულ რაღაც 2 წუთი ამ კარგი ადამიანების დასახმარებლად. დიდი მადლობა ყველას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გოგომ, რომელიც მევასებოდა, ფეხებზე დამიკიდა. ალბათ ხვდებით, ამის გადახარშვა არც ისე მარტივია. თანაც, აუცილებლად უნდა მოგახსენოთ სხვადასხვა გარემო-ფაქტორების შესახებ, რამაც ეს დაკიდება კიდევ უფრო მწვავე და ზაფხულის სიცხესავით რთულად გადასატანი გახადა. ძალიან მინდა ჩემს მდგომარეობაში შემოხვიდეთ და გამიგოთ, მაგიტომ გიხსნით ამ ყველაფერს.
ეს გოგო დიდი ვერაფერი, არ მოგატყუებთ. თანაც, ვიცი რო თქვენ მონიკა ბელუჩები და ანჯელინა ჯოლები გევასებათ და მაგათთან შედარებით, ეს გოგო იური ნიკულინს უფრო წააგავს. მარა რას იზავ, ყველას თავისი გემოვნება აქვს. ხოდა მეც, ეს ჩემი იური ნიკულინი, იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე სადმე დამეპატიჟებინა. სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე, ორიგინალურობაზე პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს და არც მქონია. აქედან მივუდექი, იქიდან მოვუდექი, არაფერმა გაჭრა. ყვავილები ვაჩუქე, კომპლიმენტები ვუთხარი. ერთი სიტყვით, ყველა ნაცადი მეთოდი გამოვიყენე და არაფერმა გაჭრა. ბოლოს ეტყობა ისიც დაიღალა და ეგრევე მაჯახა, სხვა მევასებაო.
ვის არ მოსვლია, რეალურად ყველას სხვა მოგვწონს ხოლმე და მაინც სხვებთან ვართ. პრობლემა ეს არ არის. მე ხომ არ მქონდა იმაზე პრეტენზია, მე მოვწონებოდი და ისე დაელია ჩემთან ერთად ლუდი? მარა არა. ეტყობა ის გოგო სხვანაირად იყო აწყობილი და იმენა თუ არ ევასებოდი, კინოშიც არ წამოგყვებოდა. ნუ რას იზავ, ყველას არ უყვარს იმ ტიპებთან ზასაობა, რომლებიც არ ევასებათ. ისე მართლა ტეხავს. მეც არ მევასება, მარა მაინც მიწევს ხოლმე. ყოველთვის, როცა ვეზასავები ტიპს, რომელიც არ მევასება, ვფიქრობ იმაზე, ვინც ძილში არ მასვენებს და აღმაგზნებს, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ სერიოზულად მასევდიანებს და მაგრად მერხევა. მერე ამ ყველაფერს ვეჩვევი და ლომკა მაქვს. მინდა კიდევ და კიდევ გამოცადო ეს ენით აღუწერელი სიამოვნება, რომელიც მოაქვს მახინჯ გოგოებთან ზასაობით გამოწვეულ სევდას.
ხოდა, ზუსტად ის პერიოდია, ამ გოგომ რომ დამადო და ვიღაც სხვა ტიპში გამცვალა. კარგა ხანი ვფიქრობდი, კიდევ ვის შეიძლება დავასებოდა იური ნიკულინი, როცა გარშემო ამდენი ანჯელინა ჯოლი დადიოდა. ალბათ ისევ ჩემნაირ ტიპს თუ გაუსწროდებოდა ასეთი გოგო: ცოტა ლოთს, ცოტა პოხუისტს, ცოტა ფეტიშისტს და ცოტა დებილს. ხო, მაზოხისტს კიდევ, თოვლის გუნდების შიშველი ხელით კეთება და მერე ამ ხელების რადიატორთან მიტანა რომ უყვარს. მერე გავიგე ვინ იყო ის ტიპი და მაგრად გამიტყდა. არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც ადამიანს, რომელიც შენში ჰორმონების გაცხოველებულ მოქმედებას იწვევს, სხვა, შენზე ნაკლებ კაი ტიპთან ხედავ, მაშინ ბედნიერდები და თავს საკაიფოდ გრძნობ. მე პირიქით ვარ. მაგრად მიტყდება, როცა გოგოს, რომელიც მომწონს, სხვა – ჩემზე ცუდ ტიპთან ვხედავ. საერთოდ არ მაქვს კმაყოფილების გრძნობა და არც ბოროტი ღიმილით ვეუბნები ჩუმად: “იშ, გაგედო? არ გინდოდი? ახლა მიიღე ეს მახინჯი წიგნის ჭია!” მე პირიქით ვარ. ასეთ დროს სევდისმაგვარი გრძნობა მიპყრობს და ვფიქრდები, რომ ტყუილად დავკარგე ის ძვირფასი დრო, რომელიც შეიძლება ველოსიპედით სეირნობაში ან კომიქსების კითხვაში გამეტარებინა. დავკარგე, ხო, დავკარგე, იმიტომ რომ ამ გოგოს გემოვნება არ ქონია და მახინჯ ტიპში გამცვალა. ახლა მეტყვით ზედმეტად ზედაპირულად აფასებ ყველაფერს და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვსო. მოგცლიათ რა. სიღრმეებში თხრა, შიდა სამყაროს გაშიფვრა და ქალიშვილების სათუთ სხეულში გაურკვეველი სიმბოლოებით დაწერილი საიდუმლოებების ამოხსნა მაგრად მეზარება. შამპოლიონი კი არ ვარ. ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვარ, ცოტა დალევა და ბევრი უსაქმურობა მიყვარს. ხო, კიდევ მინდორში გდება და ვარსკვლავების ყურება.
დავუბრუნდეთ ამბავს. მოკლედ, სასტავი შევიკარით და ქალაქგარეთ გავედით. საჭმელ-სასმელი მოვიმარაგეთ, მანქანებში გადავნაწილდით და დავტოვეთ ქალაქი. მაგ დღეს გავიგე პირველად, ვინ იყო ის ტიპი, ვისშიც გამცვალა ნიკულინმა. მაგრად დავიგრუზე. ეგრევე მაღაზიაში შევვარდი, რამდენიმე ბოთლი ლუდი ვიყიდე და სანამ აგარაკზე ჩავიდოდით კარგა ბლომად ლუდი უკვე მონელებული მქონდა. ცუდი მომენტია, შენ რომ გოგო მოგწონს და მაგას სხვა კოცნის. უფრო მეტის წარმოდგენაზე ხო საერთოდ ცუდად ხდები. როგორმე ხომ უნდა გაგვეტარებინა საღამო ერთად? ხოდა იმდენი დავლიე, აღარც კი მახსოვს, როგორ გავატარეთ საღამო ერთად: მე, ჩემმა იური ნიკულინმა და მისმა ბიჭმა. დილით, პახმელიაზე, ორი ლიტრა ლუდი დავაგემოვნე და თბილისს დავუბრუნდი. მერე ერთ გოგოს დავურეკე, გამიხარდება თუ დამადგები-მეთქი, ვუთხარი და დავიძინე. საღამოსკენ კარზე კაკუნმა გამაღვიძა. პირში საშინელი გემო მქონდა, ჯერ კიდევ მთვრალი ვიყავი. კარი გავაღე და თვალებს არ დავუჯერე. უცბად ვერ მივხვდი რა უნდოდა ამ გოგოს ჩემ სახლში. მერე გამახსენდა, რომ დილით მივწერე და დავპატიჟე. შემოვიდა. წითელი ღვინო მქონდა. ცოტა მოვწრუპეთ. პირში ისეთი საშინელი გემო მქონდა, არაფრის ხალისი არ მქონდა. სექსის მითუმეტეს. მარა არ გქონიათ ეგეთი შემთხვევები? აი რო არ გინდა სექსი, მარა შენს გვერდით მყოფი ისეთი თვალებით გიყურებს, რომ თუ არ გაჟიმე, ან გეი ეგონები, ან დეგენერატი. საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინის და ხელოვნური, უაზრო პრელუდიის შემდეგ საქმეზე გადავედი. ამ გოგოსთან სექსი ყოველთვის მისწორდებოდა. მისი უკან გადაგდებული თავი და კვნესა ბუნებრიობასთან ყველაზე ახლოს იყო. მიფიქრია, რომ შეიძლებოდა უბრალოდ კარგი მსახიობი ყოფილიყო. თუმცა, ეს ფაქტი მაინც არ ცვლიდა იმას, რომ მასთან სექსი სიამოვნებას მანიჭებდა. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მეც ნელ-ნელა დავივიწყე ჩემს პირში გამეფებული საშინელი გემო და სიამოვნების გრძნობას დავნებდი. მარა რად გინდა, მე ხო ბედი არ მაქვს. უცბად ყველაფერი აირია და გოგომ გაჭედა. აი ისე, კომპიუტერზე მუსიკას რომ წერ, ბევრ ტრეკებს ჩააგდებ და მერე პროგრამა ჭედავს. მაგრად გამიკვირდა. გავჩერდი. არ მევასება მარტო გათავება. მიზეზის კითხვა მაგრად მეზარებოდა. უბრალოდ ავდექი, უხალისოდ გადავაგდე პრეზერვატივი და დავჯექი. ასეთ მომენტებში ეწევიან ხოლმე, მე არ ვიცი რა ვქნა. თუ სასმელია, ვსვამ. თუ არა, უბრალოდ ვფიქრდები გოგოზე, რომელთანაც სულ ახლახანს მქონდა სექსი – თუ მევასება, კიდევ მინდება მის მკლავებში მოქცეულს ორგაზმის განცდა, თუ არ მევასება – ვფიქრობ, რა მოვიმიზეზო, რომ მეორედ აღარ გვქონდეს სექსი. ამ შემთხვევაში, უბრალოდ საწოლზე ჩამოვჯექი და ღვინო მოვსვი. ლაპარაკი მაგრად მეზარებოდა. შევხედე და ისევ ისე უხალისოდ იწვა საწოლზე. თვალებით მთხოვდა მეკითხა, რამ გახადა ასე უცბად ცუდად. დავნებდი და ვკითხე “რა მოგივიდა?”. პასუხის გაგონებაზე თავი ძლივს შევიკავე, კინაღამ სიცილი ამივარდა: “რას იფიქრებ ახლა, მოვედი, ეგრევე ვიჟიმავეთ, გეგონება, რომ მარტივი გოგო ვარ, რომელიც ყოველ დაძახებაზე მოვა და მოგცემს.” პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ეს გოგო მგონი დებილია-მეთქი. თქმით კი სულ სხვა რაღაც ვუთხარი: “რა სისულელეა, მე ხო ყველა არ ვარ. ჩემთან მსგავსი სისულეების არ უნდა შეგეშინდეს”. ეხ, რა უცნაური რამაა ცხოვრება, როგორ გვიყვარს საკუთავი თავის მოტყუება და შემდეგ სხვებისგანაც იგივე ტყუილის მოსმენა. არადა, თითონაც იცის, რომ მართლა მარტივი გოგოა, რომელიც ყველას აძლევს, თუკი ერთხელ მაინც გაიგონებს მისგან, რომ ლამაზია.
ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა. საათს ვუყურებდი. მერე მოვიმიზეზე, საქმეზე ვარ გასასვლელი და თუ გინდა, სადმე შენც გაგიყვან-მეთქი. არა, მადლობაო. სწრაფად ჩაიცვა, საწოლზე დაჯდა და მაკიაჟი გაიკეთა. მეზიზღება გოგოები, რომლებიც სექსის მერე მაკიაჟს იკეთებენ. წავიდა თუ არა, მაგრად დავისვენე. ვიჯექი და ვფიქრობდი, რა სისულელე იყო ეს ყველაფერი. ერთ გოგოზე დაგრუზული, რომელმაც სხვაში გაგცვალა, მიდიხარ და სხვა გოგოსთან წვები. ნეტავ რაზე ფიქრობ მაგ დროს ადამიანი? ვითომ შეიძლება ვინმე სხვას, ნებისმიერ გოგოს, ფეხებს შუა ქონდეს ისეთი ადგილი, სადაც მყუდროდ იგრძნობ თავს? არა მგონია. თქვენ თუ იპოვეთ ეგეთი ადგილი ქალის ფეხებს შუა, აუცილებლად გამაგებინეთ, დავსახლდები ეგრევე. უკვე მერამდენე წელია მსგავს სიმყუდროვეს ვეძებ.
ახლა ვფიქრობ, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს. არც კი ვიცი ვინ ხართ, რა მოგწონთ, რაზე აღიგზნებით, რა გწყვეტთ გულს, რაზე ტირით. მე კი გიყვებით იმას, თუ როგორ ვიყავი იური ნიკულინით აღფრთოვანებული და როგორ გამცვალა მან წიგნის ჭიაში, რომელიც მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ გაჟიმავს, ისიც ვალდებულების გამო. ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაწყობ. მირჩევნია ისევ ასე, ლუდის ბოთლით ხელში, ვეგდო სავარძელზე და ვფიქრობდე ყველა იმ გოგოზე, ვინც მახინჯ ტიპებზე გამცვალა. ნეტავ რა არის მათთვის მთავარი? უსაფრთხოება? ფული? მანქანა? სიყვარული? სექსი? არ ვიცი. მახინჯ ტიპს მე მაინც არაფერს არ მივცემდი. მითუმეტეს იმას, რაც ფეხებს შუა მაქვს და თანაც ერთ ეგზემპლარად. იცინეთ, იცინეთ. მე ვიჯდები ასე ლუდის ბოთლით ხელში და თავს დავიმშვიდებ: დაიკიდე რა! სამაგიეროდ ყველას კი არ აქვს შენნაირი წვერი?!


ფილმის ბოლოს კადრში ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ტყუპი გოგონები რჩებიან. ისინი სცენაზე თოკით არიან დაკიდებულნი და ვერ ხვდებიან რა ხდება, რატომ არავინ არ აქცევს მათ ყურადღებას და რატომ ისმის დარბაზში სიცილით გაჯერებული აპლოდისმენტები. მერე კადრი სრულდება და ტიტრების გაშვებამდე დიდი ასოებით იწერება ეკრანზე – “Keep Smiling ანუ გაიღიმეთ” და მეც გაღიმებული ვზივარ ჩემს ადგილას და ადგომა აღარ მინდა. ყველაფერს სიზარმაცეს ნუ დააბრალებთ, უბრალოდ ფილმი იმდენად საინტერესოდ შეეხო ჩემთვის მნიშვნელოვან თემებს, რომ ცოტათი მონუსხული, ვცდილობ აქტიურად გავაგრძელო ფიქრი და გავაანალიზო.
“ე, რა კარგი ფილმი იყო” – ალბათ ეს არის პირველი და ყველაზე გულწრფელი რეაქცია. ამდენი ხნის მერე პირველად ვნახე ქართული ფილმი, რომელიც ეხება ყველა იმ საჭირბოროტო საკითხს, რომელსაც ჯიუტად არ განიხილავს ქართული საზოგადოება და ქართული ხელოვნება. გაჭირვება, სიღარიბე, აზარტული თამაშები, დევნილები, სამთავრობო ტაკიმასხარაობები, ხალხის ზომბირებულ მასად გადასაქცევად შექმნილი ტელეშოუები, კონკურსები და კიდევ სხვა მრავალი. “Keep Smiling”-მა ერთად გააერთიანა ყველაფერი ეს და თან ისე, რომ გემრიელად, ერთ ამოსუნთქვაზე საყურებელიც გახადა. გვანცა ქართული რეალობაა. გვანცა ის ნიჭიერი ადამიანია, რომელიც არ ფასდება მხოლოდ იმიტომ, რომ არ ერგება ყველას და ყველაფერს. ლტოლვილი ელენე და მისი ოჯახი საერთოდ ცალკე თემაა. “მიეცი, ოღონდ ისე, რომ მე ვერ გავიგო. გახსოვს შენც იგივე მითხარი, როცა ვყაჩაღობდი ოჯახი რომ მერჩინა.” – ამას ეუბნება ელენეს ქმარი, რომელიც ოთხოთახიანი ბინის და 25000 ლარის შესაძლო მოგებით მთლიანად კარგავს განსჯის უნარს. ოც წელზე მეტხანს უსახლკაროდ ცხოვრება ადამიანს ნამდვილად ცვლს. ეს ტრაგედიაა. სამწუხაროდ ასეთი ოჯახები მრავლადაა, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოებში ცხოვრობენ და წამლის სუნით არიან გაჯერებულნი. ამაზე არავინ საუბრობს. მთავარი სხვა თემებია, სხვა სკანდალები, სხვისი დიპლომები, სხვისი განცხადებები. ცოტამ თუ იცის, რომ აუტანელი სიღარიბის გამო ქალმა თავი მოიკლა. სამაგიეროდ ყველამ იცის, რომ უდიპლომო მინისტრი გვყავს. ეს უფრო საინტერესოა.
ბაიას პერსონაჟიც ძალიან მნიშვნელოვანია. ის პროექტის დამფინანსებლის, ერთ-ერთი გავლენიანი პარლამენტარის მეუღლეა, რომელიც კონკურსში იმისთვის მონაწილეობს, რომ მერე მისმა მეუღლემ ეს ყველაფერი საარჩენო კამპანიის დროს გამოიყენოს რეკლამებსა თუ სხვადასხვა აქციებში. და ეგრე არ არის რომ? დღეს ხომ ჩვენს ქვეყანაში ყველა სახის დახმარება მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ მერე ვიღაცამ ამით პიარი გაიკეთოს. ვაჭარბებ, არის გამონაკლისებიც და ეს კარგია, თუმცა როცა ამ გამონაკლისების გარდა ცუდ მხარეზე არავინ საუბრობს და ტელევიზორებში მხოლოდ იმას აჩვენებენ, თუ როგორ აჩუქა პარლამენტარმა 30 ლარი გაჭირვებულ ოჯახს, მიმაჩნია რომ ჩემი მხრიდან გადაჭარბება და მხოლოდ იმის თქმა, რომ უანგაროდ არავინ არავის ეხამრება, მისაღებია. ხანდახან ჯობია გადააჭარბო და იქნებ ამით მაინც დაფიქრდეს ხალხი, რა რეალური პრობლემებია ქვეყანაში.
ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სცენა საუკეთესო მზარეულის კონკურსი იყო. წეროვანის დევნილთა დასახლებაში ჩასული ხალხი, ორგანიზებული აქცია – უფასო საჭმელი ხალხს. მომენტალურად ის კადრები გამახსენდა, ყველა ერთად რომ აცხობდა ხაჭაპურს თბილისობაზე და მერე რამოდენიმე წამში ერთი ლუკმაც რომ აღარ დარჩა, ადამიანები მუჭებით გლეჯდნენ მათივე გამომცხვარ ხაჭაპურს. მწარეა რეალობა, მაგრამ კარგია, როცა ადამიანი ამ რეალობას ფილმში ასახავს. მწარეა ის რეალობაც, რომ ირინას ოჯახი გამოასახლეს. კიდევ უფრო მტკივნეულია იმის გაანალიზება, რომ მისი ოჯახი მეუღლის გამო გამოასახლეს, რომელიც აზარტულ თამაშებსაა გადაყოლილი. სესხის აღებისას საგარანტიოდ ბინა ჩადო, ხოდა ბანკმაც დაიცვა წესრიგი (და არა სამართალი) და გამოაგდო ოჯახი ქუჩაში. მერე პაპარაციმ შიშველ ირინას ჩუმად გადაუღო ფოტოები და მალე ირინას ძუძუები ჟურნალში დაიბეჭდა, რეიტინგულ ქართულ ჟურნალში, რომელიც არაფერს წერს იმაზე, რომ მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. სამაგიეროდ ბეჭდავს ძუძების ფოტოებს. ირინას მეუღლე დიდად არ შეუწუხებია ამ ფაქტს, მისმა 15 წლის ბიჭმა კი სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა გადაიტანა. ძუძუების თემაზე ვსაუბრობთ და აღნიშვნის ღირსია გვანცას სცენაზე გამოსვლა, მკერდის მოშიშვლება, ხალხისთვის სახეში შეფურთხება და იმის მიძახება, რომ მათ ძუძების მეტი არაფერი აინტერესებთ. კიდევ ერთი ქულა ფილმის რეჟისორს, ზუსტად გაგვახსენა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეგრეა – ძუძუები და შოუები გვინდა ჩვენ და სხვა მეტი არც არაფერი.

წავალ-წამოვალ და ისევ გვანცას მივადგები. ძალიან მომეწონა მისი პერსონაჟი, საერთოდ მთავარი გმირადაც კი მივიჩნევ პირადად მე. სტერეოტიპული აზროვნება და ადრეგათხოვილი, შვილიანი და მერე გამოთხოვილი ქალის კახპად შერაცხვა. საზოგადოების მხრიდან მისი გარიყვა, ამრეზად ყურება და იმის მტკიცების სურვილი და მცდელობა, რომ ის არარაობაა. საშინლები ვართ ხანდახან. მართლა საშინლები. 24 წლის გოგოს ის წნეხიც ყოფნის, რომ სამი შვილი ყავს გასაზრდელი და ვეღარ ახერხებს ვიოლინოზე დაკვრას, მითუმეტეს მაშინ, როცა აშკარად ჩანს საკამრისი ნიჭით ნამდვილადაა დაჯილდოებული. სამაგიეროდ ბაიაა წარმატებული, წარმატებულად გათხოვილი და თან ვიღაც ბახის რაღაც კომპოზიციას კი არ უკრავს ტალანტების კონკურსზე, არამედ მუხრან მაჭავარიანის პატრიოტული პათოსით გაჯერებულ ლექსს წარმოთქვამს ხატოვნად და ბოლოში კურცხალსაც ჩამოაგდებს ტონალურით შელესილ სახეზე. ხალხიც უფრო მოხიბლულია, ვიდრე ვიღაც გაჩხიკინებული ბოზის დაკვრით. ვის რად უნდა ვიოლინო და მისი ყურისწამღები ჟღერადობა. გვანცა მთელი ფილმი იბრძვის, პირველ რიგში საკუთარ თავთან. ხვდება, რომ ეს კონკურსი მისი ბოლო შანსია. იცის, რომ ან ახლა, ან არასდროს. გვანცა მარცხდება და ალბათ მასთან ერთად ჩემი იმედებიც, რომ გვანცასნაირი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პირობები და ხელშეწყობა, შეძლებენ მიზნის მიღწევას. არა ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ მაინც, მეტკინა. სადღაც შიგნით.
“ჩვენ ვართ დედები საქართველოსი” – მოჩვენებითი სიამაყით აცხადებს ათივე კონკურსანტი. კონკურსს ხომ საერთოდაც გენიალური სახელი ქვია – “ქართველი დედა”. ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიყოთ “ქართველი კაცი”, “ქართველი ქალი”, “ქართველი დედა”, “ქართველი მამა”, “ქართველი ვაჟკაცი” და ა.შ. თუმცა არავინ არ იცის, რას ნიშნავს სიტყვათაშეთანხმება “ქართველი კაცი” ან “ქართველი ქალი”. აი ვინმეს რომ კითხო, კი მაგრამ, რას ნიშნავს ნაღდი ქართველი კაციაო? ცოტას დაფიქრდება და გიპასუხებს: “აი როგორ გითხრა რა, ქართველი კაცია რა, ქართველი. ხო გესმის?” როგორ არ მესმის! ყველაფერი ცხადზე ცხადია. ქართველი კაცი არის ქართველი კაცი. ნაღდი ქართველი კაცი. და ქართველი დედა როგორია? არ ვიცით. ფილმის ბოლოს ველით, რომ გამოჩნდება ქართველი დედა, მაგრამ ის სცენას ტოვებს და მიდის. ქართველი დედა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დედა. დედას კი ეროვნება არ აქვს. დედა დედაა.
ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, ყველას გირჩევთ წახვიდეთ და ნახოთ ფილმი “Keep Smiling ანუ გაიღიმეთ”. ნუ დაგენანებათ ფული და დრო. მაგ თანხით მაინც რაღაც სისულელის სანახავად წახვალთ კინოში. მსგავს სისულელეებს მეც ვუყურებ, განა არა. უბრალოდ ხანდახან ისეთი ფილმის ნახვაც აუცილებელია, რომელიც ბევრ მტკივნეულ თემას ეხება და კინოთეატრიდან გამოსულს, მხოლოდ ზედმეტი სიცილისგან მუცლის ტკივილის შეგრძნებას კი არ დაგვიტოვებს, არამედ ცოტათი თავსაც აგვატკიებს და პირველ რიგში საკუთარ პიროვნებასთან დაგვტოვებს მარტო და მიგვახვედრებს, რომ საჭიროა იმ თემებზე საუბარი, რომელზეც არავინ საუბრობს. მედიაში ძირითადად ის შუქდება, რაც ხალხს ააცრემლიანებს, ოღონდ დროებით. ისე არა, რომ მერე ამ ტირილმა რამე ცვლილებისკენ წაგვიყვანოს. შოუებით დადგმული ტრაგედიები ბლომადაა სატელევიზიო სივრცეებში, მაგრამ ნამდვილი ტრაგედები, რომლებიც უფრო მრავალრიცხოვანია, შეუმჩნეველი რჩება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელიც მხოლოდ ტელეშოუებით კმაყოფილდება. თუ გინდათ ნუ გამორთავთ ტელევიზორებს, უყურეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და იფიქრეთ იმაზე, რამდენი დიპლომი აქვს მინისტრს. მე გამოვრთავ ტელევიზორს, გავალ ქუჩაში, თვალებს ფართოდ გავახელ და დავინახავ, რომ ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენ კი უყურეთ ტელევიზორებს და “Keep Smiling”, მეგობრებო.

დაასხი, დაასხი, ერთი კიდევ დავლიოთ. მერამდენე ჭიქაა? რავიცი, რეებს მეკითხები. ვერ ხარ შენ მგონი.

ზამთრის სიცივე ძვლებში ატანდა. დიდი ზომის შალის ჯემპრე მუხლებამდე უფარავდა სხეულს. აბუზული იდგა აივანზე და სივრცეში მზერით ეძებდა მზის სხივებს. სულ ტყუილად. ზამთარმა მკაცრი ჰეგემონია დაამყარა. მზის სხივებზე გრაფიკი დაწესდა. სხვა რა გზა ჰქონდა, სიგარეტის ახლადგახსნილი კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა. ნაფაზი დაარტყა და სასიამოვნო გემო იგრძნო. მაქსიმალურად დიდხანს შეიკავა თავი ამოსუნთქვისგან და მერე “ჰუუუ”, ნაზად გამოუშვა სიგარეტის ბოლი. სიგარეტის ბოლი არ უყვარდა. სადგურებზე ორთქმავლების გამოშვებული კვამლი ერჩივნა. ბევრად. ბოლომდე კომფორტულად ვერა და ვერ მოეწყო. სიგარეტი საკმარისად ვერ ათბობდა. სიცივე მაინც ახერხებდა მისი ყურადღების გაფანტვას. მოიფიქრა. სახლში შებრუნდა, მძინარე მეგობრებს ფრთხილად გადააბიჯა, არცერთის გაღვიძება არ სურდა, ჯერ მხოლოდ დილის 6 საათი იყო. ოთახის კუთხეში მიგდებული აიპოდი და ყურსასმენები აიღო და აივანზე დაბრუნდა. ყურსასმენებს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის ისიც, რომ ყურებს გითბობს. კომფორტულად მოირგო ისინი და აიპოდში საყვარელი ფლეილისტი ჩართო. She’s only happy in the sun – ფლეილისტის სახელი მაქსიმალურად გადმოსცემდა მის შინაგან მდგომარეობას. მზე ენატრებოდა. საშინლად ენატრებოდა. ყურსასმენებიდან მუსიკა სასიამოვნოდ ჩაეღვარა სულში და სიგარეტის გემრიელ ნაფაზებთან ერთად, ზამთრის აუტანელი სიცივე და სიგარეტის ბოლიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ფიქრობდა მზიან დღეებზე და იმაზე, რომ სადღაც ადამიანები პლაჟებზე იწვნენ და ირუჯებოდნენ, კიდევ უფრო სადღაც კი ბავშვები ტანშიშვლები თამაშობდნენ ფეხბურთს სკოლის ეზოში. დაფიქრდა და გაეღიმა. მშვიდად. წყნარად. ნაფაზის დარტყმისას თვალებს ოდნავ ჭუტავდა და ეს ძალიან უხდებოდა. თუ ადამიანს მოკლე თმები უხდება, ის ნამდვილად ლამაზია. მას მოკლე თმები ძალიან უხდებოდა.
ქუჩაში ხალხს ყოველთვის აკვირდებოდა. ისინიც ამჩნევდნენ მას, მაგრამ ისე, ზედაპირულად. “რა კარგი გოგოაო” – გაიფიქრებდნენ დედები, ბებიები. დროებას ჩამორჩენილები – “რა ბიჭურად შეუჭრია თმები, არადა რა კარგი გოგოაო”. ბირჟავიკები – “ვახ მოკლეთმიანი ნაშა რა პონტია, ბიჭიაო?”. ამ ყველაფერზე ეღიმებოდა. ზედაპურილობაზე ეღიმებოდა. თვითონ კი ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. ბავშვობაში პატარა პრინცი წაიკითხა. მერე კიდევ წაიკითხა. უფრო მერე კიდევ. პატარა პრინცი კაი ტიპიაო, გაიფიქრა პირველ წაკითხვაზე. მეორეზე მიხვდა, რომ პატარა პრინცი თვითონ იყო. მესამეზე კი იმაზე დაფიქრდა, რომ ვარდისთვის წყალი ყოველთვის უნდა დაესხა. ამიტომ აკვირდებოდა ხალხს ქუჩაში და უხაროდა, როცა ვინმეს სახეზე ბედნიერებას და სიხარულს ამოიკითხავდა. პირველად ბიჭმა რომ სახლთან მიაცილა და გაუბედავად, მაგრამ მაინც აკოცა, მთელი საღამო გაღიმებული იყო. ამიტომაც იცოდა, რომ ადამიანების სახეზე ქუჩაში სიარულისას უცბად გაჩენილი ღიმილი მხოლოდ იმას თუ ნიშნავდა, რომ ვიღაცამ სადღაც პირველად აკოცა თავის გულისსწორს. წვრილმანებში დანახული ბედნიერებები ყველაზე მოცულობითია. პარადოქსულია ბედნიერება. ვერ ხსნი. ვერც ის ხსნიდა. დადიოდა თბილისის ქუჩებში, მოკლედ შეჭრილი თმებით და ტანზე გამოყვანილი შარვლებით. ბევრი მეგობარი ყავდა, მაგრამ ყველაზე ერთგულად მაინც საკუთარ აიპოდს და მასში შექმნილ ფლეილისტებს მიიჩნევდა. “Cheers Darlin” – ნისლიანი საღამოებისთვის, როცა ირგვლივ ყველა სვამდა, თვითონ კი ფანჯარასთან იჯდა და ბურუსში გახვეულ ხეებზე მოხტუნავე ციყვების დანახვას ცდილობდა. “Where are we now” – მელანქოლიური დღეებისთვის, როცა ყველაფერი ლურჯდებოდა და ბუნდოვანდებოდა. “True love waits” – ბავშვური რწმენა რომ არ დაეკარგა. და რაღა თქმა უნდა “She’s only happy in the sun” – ზამთრის ცივი დღეების დასამარცხებლად და საკუთარ თავში ზაფხულის მზიანი დღეების გასახსენებლად.
ახლაც აივანზე იდგა, უსმენდა ბენ ჰარპერს და თბილისის ქუჩებში, ჯინსებსა და კედებში მოსიარულე გოგოს გახსენებაზე გემრიელად ეღიმებოდა. სიგარეტის ნაფაზები დასასრულს მიუახლოვდა და სადაცაა სიმღერაც მივიდოდა ბოლო ნოტამდე. ჰორიზონტზე კვლავ არ ჩანდა მზის სხივები. ის კი ოდნავ მოჭუტული თვალებით, მაინც ოპტიმისტურად იყურებოდა სივრცეში და იცოდა, რომ ზამთრის სიცივეს ყოველთვის თან სდევდა სითბო. თანაც ისიც კარგად ახსოვდა, რომ იმ მომენტში, სადღაც შორს, რომელიმე ოკეანის სანაპიროზე, ზაფხულის სიცხისგან დაღლილი ადამიანები სიცივეს ნატრობდნენ და შურდათ მისი, რომელიც თბილ შალის ჯემპრეში შეფუთული და სიგარეტითა და აიპოდით შეიარაღებული, მაქსიმალურად ცდილობდა გამკლავებოდა სიცივეს. ასეა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს რაღაც, რაც სხვას სურს. ამის გახსენებაზე გაეღიმა, სიგარეტი ჩააქრო, ყურსასმენები მოიხსნა და სახლში შებრუნდა. დრო სწრაფად გასულა. უკვე რვა ხდებოდა. მეგობრები სამსახურებში იყვნენ წასასვლელები. ბოლოჯერ დახედა სხვადასხვა სასაცილო პოზებში მძინარეებს, ეშკამურად ჩაიღიმა, ღრმად ჩაისუნთქა და დაიყვირა: “ჰეეეიიი!”

მიმღერე. მშვიდად. აი ისე, ძილისწინ რომ უმღერიან ხოლმე ადამიანებს. უკვე დიდი ხანია ვერ ვიძინებ. სასმელი ფიზიკურ ძილს კი იწვევს, მაგრამ სიზმრებში მაინც გრძლედება შფოთვა და საკუთარი თავის ტანჯვა. რატომ? რისთვის? მე? ის? მაინცდამაინც მე? ისევ? წარსულის ლანდები და ადამიანები, რომელიც არასდროს დამტოვებენ. ჩემი ბრალია. არავის და არასდროს არ უნდა მიეჯაჭვო. არავინ და არაფერი არ უნდა დააყენო შენ სულიერ სიმშვიდეზე წინ. ეხ, კი ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ რთულია. ძალიან რთულია. ბოლოს აღმოჩნდება, რომ მე უფრო მიყვარს, მე უფრო ვუწევ ანგარიშს, მე უფრო ვფიქრობ მასზე. ის კი ადგება და ვითომც არაფერი, მე შენ არ აღგიქვამ სერიოზულად და წავა ან უფრო უარესი, გულს მატკენს. კარგი იყო ერთად, კარგი იყო ჩვენ, ახლა მე სხვა ჩვენ მაქვს, ნახვამდის. ნახვამდის, მაგრამ მართლა “ნახვამდის”? სულ მიჭირს ნახვამდის თქმა. ასეთ მომენტებში კი განსაკუთრებით ვფიქრობ ყველაფერზე, რაც აქამდე დადებითი და კარგი გადამხდენია. კარგი იყო ადრე. ახლა ცუდადაა ყველაფერი. ახლა ცივია ყველაფერი. ხანმოკლე გამონათებები და ბედნიერების ძებნაში რამდენიმეწუთანი სიხარულის შეძახილები: როგორც იქნა, ბედნიერი ვარ! მერე ხვდები, რომ ჯერ არ იცი მართლა ბედნიერი ხარ თუ არა. ან კი როდისმე გეცოდინება, ხარ თუ არა? ბედნიერება უნდა იგრძნო და არა გააანალიზო. “Happiness only real when shared”. მე ვის გავუზიარო? აი სანამ გამზიარებელი არ მეყოლება, ვიქნები ასე, ჩემთვის, ჩუმად ან ხმაურიანად ჩუმად. ვეცდები არავინ შეგაწუხოთ, მთავარია ამ უძილობამ გამანებოს თავი. არა რა უნდა? ის არ მეყოფა, რომ აქამდე ვერ ვიპოვე საკუთარი თავი? ბედნიერებას და სხვა სულიერ ფუფუნებებს რომ დავანებოთ თავი.

სარკეში ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს. სხვანაირი ვარ. სიცილი დამავიწყდა. ნამდვილი სიცილი. ისე კი ნუ იტყვი, სულ ვიცინი. არ მიყვარს, როცა ხვდებიან, რომ ვერ ვარ. ამ დროს სულ ვიცინი. ზედმეტსაც კი ვიცინი. კარგი ბიჭი ვარ მე. დამჯერი, მომღიმარი, ზრდილობიანი, თავაზიანი. ეხ. ხანდახან მინდა ვიყო აგრესიული, პირდაპირი, უხეში, უზრდელი. ხანდახან ასე უფრო ადვილია, ალბათ. ზედმეტი წინდახედულობა, ზედმეტი ზრდილობა და ზედმეტი სხვების პატივისცემა ცუდია, ხანდახან. ალბათ. მოდი რა ყველაფერი პირდაპირ ვუთხრათ ერთანეთს. მოდი. მოდი. შენ თვითონ მოდი, თუ კაია. ჩემგან რა გინდა. გამანებე თავი. უკვე ნევროზი მაქვს. ვერ ვთოკავ ნერვებს. დაასხი მაგის დედაც, დავლიოთ, მაინც არ მეძინება. ანდა რა დამაძინებს, როცა ვიცი, რომ ბედნიერების ყველა შანს ქარს გავატანე. ახლა ერთი რიგითი ლუზერი ვარ. როგორ იქნება ნეტა ლუზერი ქართულად? წაგებული? დამარცხებული? არ ვიცი. ცუდად ჟღერს. ლუზერი უფრო ის ტიპია, სულ რომ აგებს. ხოდა ეგ ვარ, ლუზერი ვარ. ოღონდ მე უკვე მთელი ჩემი ცხოვრების “სტავკა” წავაგე: ჩემი ბედნიერება. აღარც კი ვფიქრობ, რომ ოდესმე ბედნიერი ვიქნები. უფრო მტკივნეულია, როცა იმედი გაქვს ბედნიერების. ახლა ნაკლებ მტკივნეულია, იმედი მაინც აღარ გამიცრუვდება. თან ასე უფრო მარტივიცაა, ერთადერთი საზრუნავი ისღა დამრჩა, როგორ დავიძინო ამ ღამეს. მითუმეტეს მთელი დღის მანძილზე მიღებული ლუდის რაოდენობა უკვე აღარ მშველის. ეგეც ხომ ბედის ირონიაა. თავიდან ერთი კათხა ლუდით კარგად ვგრძნობდი თავს. მერე ორით, სამით, ოთხით და ა.შ. ამის მერე საბოლოოდ მივხვდი, რომ ბედნიერება სხვა რეისით მგზავრობს, ჩემგან შორს და თანაც სულ სხვა მიმართულებით. მე ისიც მეყოფა, რომ შემიძლია წარსულზე ვიფიქრო და ვთქვა, რომ რაღაც დღეები მაინც ვიყავი ბედნიერი. ეგეც მეყოფა. და როგორმე ამ უძილობასაც გადავიტან. ვის არ მოსვლია. უძილობა. უძილობა და გამოცლილი ლუდის ბოთლები. ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთთან. მე და ჩემი მოგონებები. მე და ჩემი ლუდის ბოთლები. ლუდის ბოთლები და მოგნებები. და უძილობა, რომელიც არაფრის დიდებით არ მტოვებს და მგონი არც აპირებს. მოდი თავი დაგადო, მოდი. ნუ გარბიხარ. ეხ. ისევ უძილობა შემრჩა თავქვეშ. ლუდის ბოთლები კი კვლავ საწყალი და ცარიელი სახით იყურებიან. იციან, რომ მათ მალე ახალი ლუდის ბოთლები შეცვლიან, სავსეები, დროებით, მაგრამ მაინც სავსეები. მერე ისინიც ისტორიას ჩაბარდებიან და ასე იქნება მანამ, სანამ უძილობასაც არ მოვბეზრდები და ასპარეზს სიკვდილს არ დაუთმობს. სიკვდილი კი, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ცხოვრების დასაწყისია, თორემ მოწყენილი და უბედური აქაც საკმარისად ვარ.