Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ძალა’

მარტოობა ანუ მდგომარეობა, როდესაც არავინ ფქრობს შენზე, როდესაც შეგიძლია უჩუმრად გაიარო ადამიანებს შორის, დააკვირდე მათ ქცევებს, მიმოხვრასა და ჟესტებს. თავისუფლად შეგიძლია მიეპარო უცნობ ადამიანებს, ყური დაუგდო მათ მიერ ჩურჩულით ნათქვამ თითოეულ ფრაზას და შენი დასკვნებიც გამოიტანო. თან ეს ყველაფერი ისე, რომ სულიერი ვერ შეამჩნევს შენს არსებობას. შენ მარტო ხარ: უდროო დროს და უადგილო ადგილას იმყოფები და გაქცევას ცდილობ, თუმცა ძალა არ გყოფნის. ბავშვობიდან მორჩილებაში იზრდები, ოღონდ ისეთში, თან რომ თავისუფალი გგონია თავი. “მე ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს!” – აცხადებ ამაყად, თუმცა კი ყოველი შენი გადაწყვეტილება აღზრდის დროს ჩანერგილი შიშების, კომპლექსების და “ვალდებულებების” შედეგია. გულის სიღრმეში ყოველთვის იცი, რა უნდა გააკეთო და არასდროს არ იცი, რისი გაკეთება გსურს. მოვალეობები, ვალდებულებები, სტერეოტიპები… ამ ყველაფერს საბოლოოდ მხოლოდ მარტოობამდე მივყავართ, რადგან ადამიანი ყველაზე მარტოსული მაშინაა, როცა საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენს და ხვდება მისთვის უჩვეულო გარემოში, სადაც არავის ესმის მისი სიმღერა, ლექსები, სიტყვები თუ უბრალო მინიშნებები, თვალების ნელი მოძრაობა და თითების კანკალი. ჩვენ მარტოობისთვის ვართ განწირულნი. არასდროს არ გამოჩნდება ის, ვინც შეეცდება გაიგოს “შინაგანი რეალობა”. ადამიანებს ყოველთვის “გარეგანი” და “რეალურად” არსებული იზიდავთ. ყოველთვის ჯობია შეეხო და გაიგო, ვიდრე დაფიქრდე და შეიგრძნო. მარტივია საზოგადოება, მარტივია შეფასების კრიტერიუმები. დღეს მე კიდევ ერთხელ ვიგრძენი მარტოობა. ყველა თავისთვის დადიოდა, დაუფიქრებლად და ზედმეტი ძალდატანების გარეშე. მე სადღაც შუაში ვიყავი გაჩხერილი: თან სიამოვნებას ვიღებდი, თან კი ვიტანჯებოდი იმ მომენტში გამეფებული მარტოობით. მარტოობა ცუდია. თუმცა ყველაფერი რაც არ გკლავს, გაძლიერებს კიდეც.

Advertisements

Read Full Post »