Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიხარული’

მიმღერე. მშვიდად. აი ისე, ძილისწინ რომ უმღერიან ხოლმე ადამიანებს. უკვე დიდი ხანია ვერ ვიძინებ. სასმელი ფიზიკურ ძილს კი იწვევს, მაგრამ სიზმრებში მაინც გრძლედება შფოთვა და საკუთარი თავის ტანჯვა. რატომ? რისთვის? მე? ის? მაინცდამაინც მე? ისევ? წარსულის ლანდები და ადამიანები, რომელიც არასდროს დამტოვებენ. ჩემი ბრალია. არავის და არასდროს არ უნდა მიეჯაჭვო. არავინ და არაფერი არ უნდა დააყენო შენ სულიერ სიმშვიდეზე წინ. ეხ, კი ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ რთულია. ძალიან რთულია. ბოლოს აღმოჩნდება, რომ მე უფრო მიყვარს, მე უფრო ვუწევ ანგარიშს, მე უფრო ვფიქრობ მასზე. ის კი ადგება და ვითომც არაფერი, მე შენ არ აღგიქვამ სერიოზულად და წავა ან უფრო უარესი, გულს მატკენს. კარგი იყო ერთად, კარგი იყო ჩვენ, ახლა მე სხვა ჩვენ მაქვს, ნახვამდის. ნახვამდის, მაგრამ მართლა “ნახვამდის”? სულ მიჭირს ნახვამდის თქმა. ასეთ მომენტებში კი განსაკუთრებით ვფიქრობ ყველაფერზე, რაც აქამდე დადებითი და კარგი გადამხდენია. კარგი იყო ადრე. ახლა ცუდადაა ყველაფერი. ახლა ცივია ყველაფერი. ხანმოკლე გამონათებები და ბედნიერების ძებნაში რამდენიმეწუთანი სიხარულის შეძახილები: როგორც იქნა, ბედნიერი ვარ! მერე ხვდები, რომ ჯერ არ იცი მართლა ბედნიერი ხარ თუ არა. ან კი როდისმე გეცოდინება, ხარ თუ არა? ბედნიერება უნდა იგრძნო და არა გააანალიზო. “Happiness only real when shared”. მე ვის გავუზიარო? აი სანამ გამზიარებელი არ მეყოლება, ვიქნები ასე, ჩემთვის, ჩუმად ან ხმაურიანად ჩუმად. ვეცდები არავინ შეგაწუხოთ, მთავარია ამ უძილობამ გამანებოს თავი. არა რა უნდა? ის არ მეყოფა, რომ აქამდე ვერ ვიპოვე საკუთარი თავი? ბედნიერებას და სხვა სულიერ ფუფუნებებს რომ დავანებოთ თავი.

სარკეში ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს. სხვანაირი ვარ. სიცილი დამავიწყდა. ნამდვილი სიცილი. ისე კი ნუ იტყვი, სულ ვიცინი. არ მიყვარს, როცა ხვდებიან, რომ ვერ ვარ. ამ დროს სულ ვიცინი. ზედმეტსაც კი ვიცინი. კარგი ბიჭი ვარ მე. დამჯერი, მომღიმარი, ზრდილობიანი, თავაზიანი. ეხ. ხანდახან მინდა ვიყო აგრესიული, პირდაპირი, უხეში, უზრდელი. ხანდახან ასე უფრო ადვილია, ალბათ. ზედმეტი წინდახედულობა, ზედმეტი ზრდილობა და ზედმეტი სხვების პატივისცემა ცუდია, ხანდახან. ალბათ. მოდი რა ყველაფერი პირდაპირ ვუთხრათ ერთანეთს. მოდი. მოდი. შენ თვითონ მოდი, თუ კაია. ჩემგან რა გინდა. გამანებე თავი. უკვე ნევროზი მაქვს. ვერ ვთოკავ ნერვებს. დაასხი მაგის დედაც, დავლიოთ, მაინც არ მეძინება. ანდა რა დამაძინებს, როცა ვიცი, რომ ბედნიერების ყველა შანს ქარს გავატანე. ახლა ერთი რიგითი ლუზერი ვარ. როგორ იქნება ნეტა ლუზერი ქართულად? წაგებული? დამარცხებული? არ ვიცი. ცუდად ჟღერს. ლუზერი უფრო ის ტიპია, სულ რომ აგებს. ხოდა ეგ ვარ, ლუზერი ვარ. ოღონდ მე უკვე მთელი ჩემი ცხოვრების “სტავკა” წავაგე: ჩემი ბედნიერება. აღარც კი ვფიქრობ, რომ ოდესმე ბედნიერი ვიქნები. უფრო მტკივნეულია, როცა იმედი გაქვს ბედნიერების. ახლა ნაკლებ მტკივნეულია, იმედი მაინც აღარ გამიცრუვდება. თან ასე უფრო მარტივიცაა, ერთადერთი საზრუნავი ისღა დამრჩა, როგორ დავიძინო ამ ღამეს. მითუმეტეს მთელი დღის მანძილზე მიღებული ლუდის რაოდენობა უკვე აღარ მშველის. ეგეც ხომ ბედის ირონიაა. თავიდან ერთი კათხა ლუდით კარგად ვგრძნობდი თავს. მერე ორით, სამით, ოთხით და ა.შ. ამის მერე საბოლოოდ მივხვდი, რომ ბედნიერება სხვა რეისით მგზავრობს, ჩემგან შორს და თანაც სულ სხვა მიმართულებით. მე ისიც მეყოფა, რომ შემიძლია წარსულზე ვიფიქრო და ვთქვა, რომ რაღაც დღეები მაინც ვიყავი ბედნიერი. ეგეც მეყოფა. და როგორმე ამ უძილობასაც გადავიტან. ვის არ მოსვლია. უძილობა. უძილობა და გამოცლილი ლუდის ბოთლები. ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთთან. მე და ჩემი მოგონებები. მე და ჩემი ლუდის ბოთლები. ლუდის ბოთლები და მოგნებები. და უძილობა, რომელიც არაფრის დიდებით არ მტოვებს და მგონი არც აპირებს. მოდი თავი დაგადო, მოდი. ნუ გარბიხარ. ეხ. ისევ უძილობა შემრჩა თავქვეშ. ლუდის ბოთლები კი კვლავ საწყალი და ცარიელი სახით იყურებიან. იციან, რომ მათ მალე ახალი ლუდის ბოთლები შეცვლიან, სავსეები, დროებით, მაგრამ მაინც სავსეები. მერე ისინიც ისტორიას ჩაბარდებიან და ასე იქნება მანამ, სანამ უძილობასაც არ მოვბეზრდები და ასპარეზს სიკვდილს არ დაუთმობს. სიკვდილი კი, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ცხოვრების დასაწყისია, თორემ მოწყენილი და უბედური აქაც საკმარისად ვარ.

Advertisements

Read Full Post »

მე დღეს შენ გნახე. ყოველ წელს გნახულობ. მერე ვეღარ. მერე რა. მაინც მადლობელი ვარ. ვისი? არ ვიცი. ალბათ ისევ მადლობა ცხოვრებას იმისთვის, რომ გნახულობ თუნდაც წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, ხანდახან სამჯერ. მე ესეც მაბედნიერებს და მყოფნის იმისთვის, რომ მოვიდე და დავწერო რამე. მივჯღაბნო რამე. შენზე. ჩემზე. ჩვენზე. რა თქმა უნდა აბსტრაქტულ ჩვენზე. შენ კარგი ხარ. იცი როგორი კარგი ხარ? აი სახეზე ღიმილი რომ გეფინება გახსენებისას. მერე სულ ვიღიმი. დებილივით. მართლა. არ ვაჭარბებ ერთ სიტყვასაც. მე ცოტას ვიცნობ კარგს. შენსავით კარგს. ცოტას რა, მარტო შენ გიცნობ. მართლა. და მიხარია, რომ თუნდაც წელიწადში ორჯერ (და გამართლების შემეთხვევაში მეტჯერ) მხვდები და მიხალისებ ცხოვრებას. ისე მიხალისებ, რომ მერე კვირები გაღიმებული დავდივარ. დღეს არ ვიცოდი რა მეთქვა. შენ ისევ ისეთი ლამაზი იყავი, როგოც მაშინ, პირველად რომ გნახე. შენ სულ ასეთი ლამაზი ხარ. სულ. არ შეიძლება რა ასე. დამინდე. ერთი ფილმი ვნახე და ტიპმა თავის ძაღლს იმ გოგოს სახელი დაარქვა ვინც უყვარდა. შეიძლება მეც ეგრე მოვიქცე. ლაბრადორის ყიდვას ვაპირებ და რა თქმა უნდა შენს სახელს დავარქმევ. იცი რატომ? შენ სახელს რომ დავიძახებ და ვინმე მიპასუხებს გამიხარდება. თანაც შენ სულ იქნები ჩემს ცხოვრებაში. ხო მართლა. დღეს რაღაცები გებუტბუტე. მარა ეგ რა არის. არ შეიმჩნიო. მე ხომ პატარა ბიჭი ვარ. მხოლოდ ის შემიძლია, რომ გიმღერო და ჩემი გრძნობა მოგცე. მეტი არაფერი. გინდა კი ეს ყველაფერი შენ? არ ვიცი. შენ ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ. მე ალბათ არ გჭირდები. მერე რა, მე გაგიგებ და მესმის კიდეც შენი. შეიძლება მეწყინოს, მარა დებილი არ ვარ. გაგიგებ და გამიხარდება შენი კარგად ყოფნა. შენ ყოველ ნახვაზე ისე მინდა ჩეგეხუტო და გითხრა, რომ სახლამდე მიგაცილებ. ან თუნდაც ის, რომ ხვალ გნახავ. ან საერთოდ უკეთეს შემთხვევაში ის, რომ ხვალ ერთად გავისეირნებთ. არადა ყოველი შეხვედრა ისე მთავრდება: “კაი, შეხვედრამდე. იმედია მალე შევხვდებით” და მერე სულ ან მეგობრის დაბადების დღეზე ვხვდებით, ან ქალაქგარეთ გავდივართ ერთად. იცი რა მომენტია? მე გავიზარდე. შევიცვალე. მართლა. შემიძლია ვიყო შენ გვერდით. მესმის შენიც, მე ხომ პატარა ბიჭი აღარ ვარ, თავის ცხოვრება რომ ვერ მიუგნია და არ იცის რა უნდა. იცი, მე ვიცი რა მინდა. მე სითბო მინდა. კიდევ სიმშვიდე მინდა. არ ვიცი, გავგიჟდი? ალბათ გავგიჟდი, იმიტომ რომ შენ არასდორს წაიკითხავ ამას და ეს ყველაფერიც ისეთივე უცნობი დარჩება შენთვის, როგორც ის, რასაც მე ვგრძნობ. მე მთელი ცხოვრება, ბუხრის წინ მოვუყვები ჩემ შვილიშვილებს, რომ არსებობდა პრინცესა, რომელიც ჩემ მთელ ცხოვრებას ჯობდა. რომ იცოდე, ალბათ შენც გაგიხრდებოდა. მაგრამ ამას ვერ გეტყვი. არ გეტყვი. შენ განწირული ხარ იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. სხვანაირად არ შემიძლია. მართლა არ შემიძლია. მადლობა რომ არსებობ. მე შენ… არ ვიცი რა ვთქვა. მაგრამ იცოდე, რომ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მე შენ…

Read Full Post »

მარტოობა ანუ მდგომარეობა, როდესაც არავინ ფქრობს შენზე, როდესაც შეგიძლია უჩუმრად გაიარო ადამიანებს შორის, დააკვირდე მათ ქცევებს, მიმოხვრასა და ჟესტებს. თავისუფლად შეგიძლია მიეპარო უცნობ ადამიანებს, ყური დაუგდო მათ მიერ ჩურჩულით ნათქვამ თითოეულ ფრაზას და შენი დასკვნებიც გამოიტანო. თან ეს ყველაფერი ისე, რომ სულიერი ვერ შეამჩნევს შენს არსებობას. შენ მარტო ხარ: უდროო დროს და უადგილო ადგილას იმყოფები და გაქცევას ცდილობ, თუმცა ძალა არ გყოფნის. ბავშვობიდან მორჩილებაში იზრდები, ოღონდ ისეთში, თან რომ თავისუფალი გგონია თავი. “მე ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს!” – აცხადებ ამაყად, თუმცა კი ყოველი შენი გადაწყვეტილება აღზრდის დროს ჩანერგილი შიშების, კომპლექსების და “ვალდებულებების” შედეგია. გულის სიღრმეში ყოველთვის იცი, რა უნდა გააკეთო და არასდროს არ იცი, რისი გაკეთება გსურს. მოვალეობები, ვალდებულებები, სტერეოტიპები… ამ ყველაფერს საბოლოოდ მხოლოდ მარტოობამდე მივყავართ, რადგან ადამიანი ყველაზე მარტოსული მაშინაა, როცა საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენს და ხვდება მისთვის უჩვეულო გარემოში, სადაც არავის ესმის მისი სიმღერა, ლექსები, სიტყვები თუ უბრალო მინიშნებები, თვალების ნელი მოძრაობა და თითების კანკალი. ჩვენ მარტოობისთვის ვართ განწირულნი. არასდროს არ გამოჩნდება ის, ვინც შეეცდება გაიგოს “შინაგანი რეალობა”. ადამიანებს ყოველთვის “გარეგანი” და “რეალურად” არსებული იზიდავთ. ყოველთვის ჯობია შეეხო და გაიგო, ვიდრე დაფიქრდე და შეიგრძნო. მარტივია საზოგადოება, მარტივია შეფასების კრიტერიუმები. დღეს მე კიდევ ერთხელ ვიგრძენი მარტოობა. ყველა თავისთვის დადიოდა, დაუფიქრებლად და ზედმეტი ძალდატანების გარეშე. მე სადღაც შუაში ვიყავი გაჩხერილი: თან სიამოვნებას ვიღებდი, თან კი ვიტანჯებოდი იმ მომენტში გამეფებული მარტოობით. მარტოობა ცუდია. თუმცა ყველაფერი რაც არ გკლავს, გაძლიერებს კიდეც.

Read Full Post »