Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიყალბე’

დღეს გურამმა დამირეკა. გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია – მე-9 კლასის მერე ერთად ვართ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემ ცხოვრებაში. გურამმა მითხრა, რომ ცისკარა, ჩვენი მეგობარი, გველოდებოდა მრგვალ ბაღთან. გავისეინროთ ჩემი მანქანითო – ასე შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ცოტა ხანში მრგვალ ბაღში ველოდებოდით ჩვენ მეგობარ გიორგის (ცისკარას). რამოდნეიმე წუთი ბაღთან დავრჩით და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, როგორც უინტერესო, ისე საინტერესოზე და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით გიორგის (ცისკარას) სახლთან და იქ გაგვეგრძელებინა ცხოვრებისეული დებატები.
წარმოიდგინეთ სცენა: ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე ბაღი, საბავშვო გასართობები, მის გვერდით განლაგებული სკამები და ზედ მოთავსებული რამოდენიმე მეგობარი – მე, გურამი, გიორგი (ცისკარა), გიორგი (ფრუზიკა) და ცოტა ხნის შემდეგ მოსული მარი (გიორგი-ცისკარას მეგობარი). ხუთი ადამიანი, რომლებიც სხედან ყველასგან და ყველაფრისგან დავიწყებული პარკის მარტოხელა სკამზე და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ ცხოვრებას. ბუნებრივია, რომ გაჩნდა განსხვავებული აზრები და დაიბადა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილი; თუმცა მალევე მივხვდით, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს და საერთოდაც, ნებისმიერი რეალობა მხოლოდ ჩვენ მიერაა აღქმული. ასეა თუ ისე, მე თქვენ გიამბობთ იმ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ, რომელიც გაჩნდა ჩვენი საუბრის შემდეგ.
ცისკარამ ასეთი რამ ვკითხა: “თქვენი აზრით, ცხოვრებაში უფრო მეტი კარგია თუ ცუდიო?” ყველას სხვადასხვანაირი პასუხი გვქონდა – გიორგი-ფრუზიკამ ცუდიო, ასე უპასუხა; მე მხოლოდ კარგს ვხედავ და ჩემი პასუხიც ბუნებრივია “კარგი” გახლდათ; გურამმა საერთოდ ორაზროვნად უპასუხა: “ალბათ კარგიო”. ამის შემდეგ ცისკარამ გვკითხა, თუ როგორ წარმოგვედგინა ჩვენი მომავალი. გურამმა უპასუხა, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდა: სამსახური, ცოლი, შვილები, ერთ-ორ კვირიანი შვებულება და ყველაფერი სტანდარტული. თუმცა ის ამ ყველაფერს კარგად იღებს და არ თვლის თავს ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანად. აი როდესაც ჯერი ჩემზე დადგა, მაშინ დაიწყო ყველაფერი საინტერესო…
ბუნებრივია, ვეცადე ყველაზე კარგად წარმომედგინა ჩემი მომვალი. გონების ძლიერი დაძაბვა არც იყო საჭირო, რადგან უკვე დიდი ხანია რაც წარმოდგენილი მაქვს ჩემი მომავალი. ალბათ თქვენც გაინტერესებთ, არა? მოკელდ გიამბობთ. ჩემი მომავალი ცხოვრება იქნება შემდეგნაირი: ვიქნები მარტოხელა, რადგანაც არ შემხვდება ქალი, რომელიც შეეცდება ჩემ გადაქცევას ნორმალურ ადამიანად; ვიქნები ცოტათი ლოთი, რადგანაც უკვე ძალიან მიყვარს სასმელი; გავხდები არშემდგარი მუსიკოსი, რომელიც მუდამ იწუწუნებს იმაზე, რომ სუბიექტური მიზეზების გამო მისი სიმღერები არ დააფასეს; შიგადაშიგ, თვეში ორჯერ, მოვიხმარ რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას – ალბათ სიიაფის და ხელმისაწვდომობის მიხედვით; საბოლოო ჯამში კი მოვკვდები ახალგაზრდა, 50-55 წლის, ყველასგან მივიწყებული, ისე რომ შთამომავლობასაც კი არ დავტოვებ. ასე წარმომიდგენია მე ჩემი მომავალი. თუმცა მე იმასაც ვამბობ, რომ  ვცდილობ ასეთი მომავლის თავიდან აცილებას და ჩემი ცხოვრების შეცვლას. თუმცა ცისკარამ მკაცრი ვერდიქტი გამომიტანა: რადგანაც შენ ასე წარმოგიდგენია შენი მომავალი, ე.ი. შენ მოგწონს კიდეც ისო. ასე რომ, ცხოვრების ბოლოს მე იქნები ლოთი და მარტოხელა მუსიკოსი. ვნახოთ, ვნახოთ. ხმამაღალი განაცხადია ბატონი გიორგი-ცისკარას მხრიდან.
ასეა თუ ისე, ჩვენი ბაღის საუბრებიც მალე დამთავრდა და მე, გურამი და ფრუზიკა სახლში დავბრუნდით. საბოლოოდ მე და ფრუზიკა შემოვრჩით ჩვენ იტალიურ ეზოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გვეყიდა ლუდი და ძილის წინ ოდნავ შეზარხოშებულებს ჩაგვეთვლიმა და გვეთქვა ნახვამდის ამ ყოველდღიური რუტინისთვის. მე დავლიე ორი “ნატახატარი ექსტრა” და ახლა ძალიან კარგ ხასითზე ვწერ ამ პოსტს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს ჩემი მომავალი. ჩემთვის მთავარია ორი რამ: (1)ვგრძობდე თავს კარგად და (2)ვუყვარდე იმ ადამიანს, რომელიც მე მეყვარება. თუ ეს ორი რამ ასრულდება, მერე თუნდაც სულ ლოთად და უსახლკაროდ დავღუპულვარ. ცხოვრება მაინც წარმავალია და ყველა კვდება.

Read Full Post »

სანამ დაიწყებთ პოსტის კითხვას, ეს სიმღერა ჩართეთ:

ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. თანაც რედიოჰედი ჩემი ცხოვრების საკმაოდ სასიამოვნო პერიოდს უკავშირდება. მერე რა რომ ეს პერიოდი სევდიანი, მელანქოლიური და დეპრესიული იყო? განა არ შეიძლება დეპრესიული კარგი იყოს? პირადად ჩემთვის იყო. მე კარგად მახსოვს ის დრო: სწორედ იმ რთულ პერიოდში ვისწავლე ბევრი რამ, თუნდაც ის, თუ როგორ არ უნდა დავბრუნდე უკან, დეპრესიაში. ვისწავლე ის, რომ არ შეიძლება ყველას უყვარდე, ისევე როგორც შეუძლებელია ყველა გიყვარდეს. ხოდა რა შუაშია დღეს ეს სიმღერა და საერთოდ, რატომ დავწერე ეს პოსტი (თანაც სულ რაღაც 10 წუთში, “ნაუცფათევად”)? ისეთი არაფერი, უბრალოდ FaceBook-ზე პატარა დებატები გაიმართა და მეც ეს სიმღერა და მასში აღწერილი რეალობა გამახსენდა. ყველაფერი ყალბია. ყველაფერი ტყუილია. ყველა თვალთმაქცობს, ყველა გარბის, ყველა ზურგს გაქცევს, ყველას შენი მოკვლა უნდა (ნუ აქ ცოტას ვამეტებ და ალბათ ვხუმრობ კიდეც, არ ვიცი ზუსტად).

ამ ბოლო დროს ძალიან ყალბად მეჩვენება ყველაფერი, მხოლოდ წიგნებში და ფილმებში თუ ვპოულობ რაღაც “ნამდვილს”. მყავს მეგობრები, რომელთანაც პირადად მე არასდროს არ მიცდია ვყოფილიყავი ყალბი. თუმცა შეიძლება სწორედ ამაში ვიყავი ყალბი, რომ არ მიცდია ვყოფილიყავი ყალბი და ისეთი, როგორიც მათ გაუხარდებოდათ ან ესიამოვნებოდათ. ხანდახან შეიძლება უხეშიც ვარ, ხანდახან უტაქტოც, მაგრამ ეს სწორედ იმიტომ, რომ ის ადამიანები მიყვარს და განვიცდი მათ მდგომარეობას. ესაა მეგობრობა, ჩემი მოკრძალებული აზრით. არც მათგან მიგვრძვნია სიყალბე, ამის თქმა ტყუილი იქნება. სიყალბე უფრო ნაცნობი (და არა მეგობარი) ადამიანების ურთიერთობში დავინახე, ვიდრე ჩემი და ჩემი მეგობრების ურთიერთობისას (თუმცა ჩვენც ადამიანები ვართ, რა თქმა უნდა). მაგალითისთვის ავიღოთ სმაილი “:*” – ეს სმაილი გამოხატავს კოცნას. ვის ვკოცნით ჩვენ? ჩვენთვის ძვირფას ადამიანს, რომელსაც ვაფასებთ და გვსურს სითბო გავუზიაროთ ამბორით. რა ხდება ფეისბუკზე? მასობრივი ზასაობა! ყველა ყველას ეზასავება და ენას ადებს თუ უყოფს, ვეღარ გაარკვევ კაცი. ადრე ვთქვი, რომ სექსუალური რევოლუცია გვჭირდებოდა. კიდევ უფრო ვრწმუნდები ამაში. ყველას რატომ კოცნით? მე არ ვიცი ამაზე პასუხი, ალბათ თქვენც არ იცით (ან იცით და ამიტომაც ზასაობთ ფეისბუკზე). მაგრამ ის ვიცი, რომ შეუძლებელია ისე გიყვარდეს 1000 კაცი, რომ ათასივესთან პირზე კოცნით იყო ადამიანი. შეიძლება ვცდები, შეიძლება სწორედ მე ვარ ყალბი, ცუდი, ბოღმა, ჩაკეტილი, მარტოსული და მიუსაფარი. არ ვიცი, შეიძლება ასეცაა. რაც არ უნდა იყოს, ამის დაწერა მჭირდებოდა და დავწერე კიდეც. თუ თქვენ მართლა გიყვართ 750 კაცი, მე მშურს თქვენი, რადგან ჩემი აზრით სიყვარული და მეგობრობა ძალზედ ინტიმური გრძნობებია, რომელსაც დიდი ენერგია და შინაგანი სიმდიდრე სჭირდება. თუ თქვენ გაქვთ იმდენი ენერგია, რომ 750 კაცს ერთდოულად მოემსახუროთ, მე მშურს თქვენი და ამას ღიად ვამბობ, ნაცნობ-მეგობრებო. დამშვიდობებისას კი ვკოცნი ჩემი პოსტის ყველა მკითხელს :*. მიყვარხართ! ♥ :*

Read Full Post »