Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სილამაზე’

გპირდები:
არასდროს გადავიწერ პირჯვარს აფთიაქის წინ.
არასდროს დამავიწყდება გაგაცნო ადამიანები, ვისაც ვიცნობ.
არასდროს დაგიმალავ რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელოს და ყველაზე უინტერესოს.
არასდროს დავივიწყებ შენს პირველ კოცნას – უცხოპლანენელთა შემოსავეზე უფრო მოულოდნელს და ზურგში ჩაცურებულ ყინულებზე უფრო ამაღელვებელს.
არასდროს ვიფიქრებ, რომ შენ ხარ ჩვეულებრივი.
არასდროს შეგადარებ სხვებს, იმ სხვებს, ჩემი ღირსნი რომ არ იყვნენ და სითავხედიდან გამომდინარე თავი ადამიანებაც კი მოჰქონდათ.
არასდროს გაგიცრუებ იმედებს, რადგან იმედი ერთადერთია, რაც შემოგვრჩა.
არასდროს დაგტოვებ ამ გაპარტახებულ ყოველდღიურობაში.
არასდროს ვიმღერებ ისე, თვალზე მომდგარი ცრემლის სინანულით მოიწმენდის საბაბი რომ მოგცე.
არასდროს ვიმღერებ ხმამაღლა.
არასდროს დავუკრავ ისე, რომ ადგე და ოთახიდან გახვიდე
არასდროს გატკენ გულს.
არასდროს დავაწიყდება ვის უნდა გავუფრთხილდე ცხოვრებაში.
არასდროს დავუბრუნდები პერიოდს, როცა საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და ხან ალთას ვიყავი და ხან ბალთას…
არასდროს დავიწუწუნებ წარსულზე, რომელიც ცალ-ცალკე გავატარეთ.
არასდროს დავივიწყებ ადამიანებს, რომლებიც არასწორად გაფასებდნენ.
არასდროს არავინ გეტყვის, რომ მე შორს ვარ.

ვერ შეგპირდები:
ოდესმე მივხვდები, რა მინდა.
ოდესმე მეცოდინება, რა მიყვარს.
ოდესმე ვიპოვი სიმშვიდეს.
ოდესმე შევძლებ გავიცინო.
ოდესმე მოვრჩები საკუთარი თავის ძიებას.
ოდესმე ვიქნები ის, ვინც ვარ.
ოდესმე ვიპოვი ძალას ვიარსებო უშენოდ.
ოდესმე ვიცხოვრებ სტაბილურად.

ვიცი:
შემიძლია სიყვარული.
შემიძლია ზრუნვა.
შემიძლია ტირილი.
შემიძლია გემრიელი სადილის მომზადება.
შემიძლია სუპრიზების გაკეთება.
შემიძლია ჩემი ცხოვრება შენ დაგითმო.
შემიძლია მიყვარდე.

Read Full Post »

გამარჯობა. მე ჟულიენი ვარ. მე ოქროსფერი ვარ და ხვალ მოვკვდები.
გამარჯობა. მე ელენი ვარ. მე მიყვარს სპილოები და სიმპატიური ბიჭები. მე ხვალ ვქორწინდები. ჯეფს დიდი სპილო ყავს.
გამარჯობა. მე ჯოფრი ვარ. გუშინ პირველად მეძინა ქალთან. უფრო მეტს ველოდი.
გამარჯობა. მე ლილიანი ვარ. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ ამბობდნენ უფროსები, რომ “ზამთარში ფრინველები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ”. უცნაურია, ჩემი თუთიყუში ყოველთვის გალიაში რჩებოდა.
გამარჯობა. მე ბორისი ვარ. ყველას გონია, რომ რუსი ვარ.
გამარჯობა. მე კორანტენი ვარ. მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მაქვს. ყველას მოვწონვარ. მე კი მხოლოდ გრეგუარი მიყვარს, რომელიც არ არის გეი.
გამარჯობა. მე მარჯვენა ხელზე ფრჩხილებს არ ვიჭრი და კლასიკურ გიტარაზე ვუკრავ. ჩემი მეგობარი ჰიუგო, რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს, მაინც უფრო მეტ გოგოს აბავს, ვიდრე მე.
გამარჯობა. მე სილვი ვარ. მე ის გოგო ვარ, ლამაზ გოგოებს რომ ემეგობრება და თვითონ მახინჯია.
გამარჯობა. მე ჯონი ვარ. მიყვარს ვისკი და სიგარა. ვოცნებობ პორნოფილმში გადამიღონ, მაგრამ ჩემი პენისის ზომის გამო, ეს წარმოუდგენელია. ოცნებები არ ხდება, ეს ამერიკა არ არის.
გამარჯობა. მე სვეტლანა ვარ. გუშინ დამირეკეს სარეკლამო სააგენტოდან. თვით სააგენტოს შეფი სერჟი მელაპარაკა. რეკლამაში გადაგიღებ, ოღონდ რაღაც უნდა შემისრულოო. ხვალამდე მაქვს დრო მოსაფიქრებლად.
გამარჯობა. მე ვლადიმირი ვარ. დღეს მაკდონალდში დამატებით საათებს ვმუშაობ. შაბათ-კვირას ლუსის კინოში დაპატიჟება მსურს. ლუსის ფულიანი ბიჭები უყვარს. ტანსაცმელს მეგობარი მათხოვებს.
გამარჯობა. მე იაკუბუ ვარ. მამაჩემი აფრიკელია, დედა – ფრანგი. ყველას გონია, რომ დედა მამას დიდი პენისის გამო გაყვა ცოლად. მეზიზღება ჩემი დიდი პენისი.
გამარჯობა. მე როჯერი ვარ. მე შვეიცარიელი ვარ. არ მიყვარს ფედერერი და არც საათს ვატარებ.
გამარჯობა. მე გიორგი ვარ. ვსწავლობ და უმუშევარი ვარ. საღამოობით ლუდს ვსვავ და მერე ვიძინებ. არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ.
გამარჯობა. მე ნათია ვარ. მე მიყვარს ლევანი. ლევანი იდეალური მამაკაცია. ყოველთვის მზადაა წამიყვანოს მდიდრულ კაფეებსა და ბარებში. იმ დღეს სენატში მაგარი გავერთეთ.
გამარჯობა. მე უფუკი ვარ. მამამ არ იცის, რომ გეი ვარ. ჩემ სოფელში ამის გამო მომკლავენ. ერთი სული მაქვს როდის წავალ აქედან. ამბობენ სტამბულში უფრო მეტი თავისუფლებააო.
გამარჯობა. მე ლეონი ვარ. მესამე დღეა ზახოდზე ვჩალიჩობ. მაგრად გაიშვიათდა წამალი.
გამარჯობა. მე ჰიდეტოში ვარ. დღეს თმები ლურჯად შევიღებე. ამ თვეში უკვე მესამედ ვიცვლი თმის ფერს. არ მინდა სხვებს ვგავდე.
გამარჯობა. მე ტანტალო ვარ. ჩემ სოფელში ყველაზე ძლიერი და მოქნილი მე ვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში და ნადირობა. ყანაში მუშაობა მეზარება, მაგრამ მიწევს. მეზობელ სოფელში ერთი გოგო მომწონს. მალე ცოლად მოვიყვან.
გამარჯობა. მე დერიკი ვარ. ჩვენ გეტოში ყველა ქურდობს. ორი გზა გაქვს – უნდა იქურდო ან მშენებლობაზე იმუშაო. მე კალათბურთელობა მინდა.
გამარჯობა. მე მელისა ვარ. ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში ორივე ფეხი დავკარგე. დასანახად ვერ ვიტან სავარძელს, რომელშიც მთელ დღეებს ვატარებ. ვფიქრობ სუიციდზე, მაგრამ ვერ ვბედავ. ზუსტად ერთი წელია სახლიდან არ გავსულვარ. ინტერნეტში ყველას გონია, რომ კიმი მქვია.
გამარჯობა. მე გულივერი ვარ. ჩვენ ცირკში ვმუშაობთ. კვირაში ერთხელ პუბლიკა მხურვალედ გვეგებება ჩვენ, ჯუჯების ოჯახს. მამამ ჩემზე განსაკუთრებულად იზრუნა და შესანიშნავი სახელი შემირჩია.
გამარჯობა. მე იათამზე მქვია. მთელი სკოლა დამცინის სახელის გამო. იამზე მაინც ვყოფილიყავი, იას დამიძახებდნენ. ახლა მოფერებით იათას მეძახიან.
გამარჯობა. მე პოლი ვარ. მე მახინჯი ვარ. დიდი ხანია ველი მას, ვინც ჩემი სულის სილამაზეს დაინახავს.
გამარჯობა. მე ჟანი ვარ. მევასება ჩერჩეტი გოგონები. პატარა პრინცის ისტორიებს ვუყვები და გონიათ, ავტორი მე ვარ. გიჟდებიან მელიისა და ბავშვის მეგობრობის ისტორიაზე. ხანდახან სველდებიან კიდეც.
გამარჯობა. მე კევინი ვარ. ერთი სული მაქვს თავი დავაღწიო ნიუ-იორკულ ცხოვრებას. არ მესმის, რატომ ისწრაფიან უცხოელები ასე თავზეხელაღებულად ცათამბჯენებისკენ?
გამარჯობა. მე ჰერბერტი ვარ. მე არ მომწონს ჩემი სახელი. ძალიან ვდარდობ, რომ თმები მცვივა.
გამარჯობა. მე ლუსი ვარ. შენ?

Read Full Post »

*ადამიანი რომელსაც ადვილად მოსდის ცრემლები

– ცრემლები მოიწმინდე ბიჭო, ქალი ხომ არ ხარ?
– ოო, რა გინდა რა. გამანებე თავი. არ ვტირი. უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა.
ის ყოველთვის სევდიანდება როცა მასზე ფიქრობს. თვალები ცრემლებით ევსება და წყლის მარილიანი წვეთები მზად არიან თავი დააღწიონ მისი თაფლისფერი თვალების ტყვეობას.
– ხომ არ გეტირება პატარა ბიჭი?
მეგობრის თავში წამორტყმა და დამცინავი ტონით ნათქვამი ფრაზა ცრემლებს ტყვეობაში ტოვებს, ბიჭის ემოციებს კი საგულდაგულოდ მალავს მოჩვენებითად ცივი სახის უკან.
– არა, რა ვტირი… თვალში რაღაც ჩამივარდა რა. ნუ იცი ხოლმე ამოჩემება. იმის მერე არც მიტირია.
პირველად მამამ დასცინა. სულ პატარა იყო. იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა და უცბად ცრემლები წამოუვიდა. სიხარულით აღივსო. არასდროს დაავიწყდება ის გრძნობა, რაც უეცარი წამოტირების პირველი შემთხვევისას განიცადა. მერე მამამ ირონიულად მისცა შენიშვნა და მკაცრი ტონით დააყოლა, რომ კაცები არ ტირიან, თანაც ასე ტყუილუბრალოდ. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ არ ტიროდნენ კაცები. მერეც ვერ მიხვდა, უბრალოდ მერე აღარ… აღარ ტიროდა. არ უნდოდა ვინმესგან დამცინავი შენიშნვა მიეღო.
– ხოდა ეგრე რა, ნუ იცი ხოლმე ეს დასევდიანებები. იმენა მაგარი ქალიშვილური ზახოდები გაქვს ხანდახან რა.
თავიდან ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. არადა აუცილებლად უნდა გაეგო, როდის და რატომ მოსდიოდა ცრემლები. ამის გარეშე ვერ შეძლებდა თავის შეკავებას და კიდევ ერთხელ შერცხვებოდა მამის და საზოგადოების წინაშე.
მეოთხე კლასში ყველაფერს მიხვდა. ოქტომბერის შუა რიცხვები იყო. უფრო ზუსტად კი – 15 ოქტომბერი. ეს დღე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაბადების დღე. მაშინ პირველად გაიგო ცრემლდენის მიზეზი. მიზეზი კლასში საკუთარი ფეხით შემოვიდა, გაშლილი თმებითა და აციმციმებული თვალებით. მასწავლებელმა მაინცდამაინც მის გვერდით დასვა, არადა კლასში მეორე ადგილიც იყო თავისუფალად დარჩენილი.
– გამარჯობა, მე ანა ვარ. გინდა დასვენებაზე ერთად ვითამაშოთ?
გოგოს სიხარულით მოციმციმე წყლიანმა თვალებმა და დასვენებაზე ერთად თამაშის შესაძლებლობამ მასში ცრემლების ვუკლანი გააცოცხლა.
– კ-ი.
ენის ბორძიკით უპასუხა გოგონას. ალბათ რამოდენიმე წლის მერე, როცა ანა გათხოვდა და გრძელთმიანი და წყლიანთვალებიანი ბავშვები აჩუქა ნაცრისფერ ქალაქს, მას ჯერ კიდევ ახსოვდა პატარა ბიჭი, რომელიც ცრემლიანი თვალებით ეთამაშებოდა დაჭერობანას. ცოტათი შეეშინდა კიდეც. თუმცა მხიარულმა და გულიანმა სიცილმა მიახვედრა, რომ ბიჭის ცრემლები საშიში არ იყო. მერე დიდხანს თამაშობდნენ, სანამ ანა გათხოვდებოდა.
– გამოფხიზლდი შე ჩემა, რა გჭირს რა! შენი საქმეზე წამოყვანა არ შეიძლება რა! ხანდახან მაგრად გაუბერავ ხოლმე იმენა. შევედით უკვე და ახლა მიდი, დატრიალდი და 15 წუთში გასასვლელში გაიჩითე.
მეოთხე კლასის მერე დიდი ხანი აღარ უტირია. შეკავება ისწავლა. იცოდა როდის გადაწყვეტდნენ მისი ცრემლები სააშკარაოზე გამოსვლას. მიზეზი საკმაოდ ბანალური იყო – საკმარისი იყო დაენახა გოგონა, რომელიც უყვარდა, რომ მისი თვალები სასიამოვნო სისველეს გრძნობდნენ, ხოლო გული ბედნიერებისგან ორჯერ უფრო სწრაფად იწყებდა ფეთქვას. მაგრამ რად გინდა, თითქმის ყოველთვის თავს იკავებდა. როგორ გინდა საჯაროდ იტირო, როცა კაცი ხარ? თანაც ქალაქში, სადაც ქალებიც კი მხოლოდ პანაშვიდებსა და გასვენებებში ტირიან. მერე იყო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართული ბანკეტი. ცოტა დალია და კონტროლი დაკარგა. მთელი საღამო თავს არიდებდა, ბოლოს კი საცეკვაო მოედანზე შემთხვევით თვალებში შეხედა. დღემდე ახსოვს როგორ დასცინა მთელმა სკოლამ, მათ შორის ღიპიანმა სკოლის დირექტორმაც.
– მე აქედან გავალ, შენ იქითა გასასვლელით გადი და მერე შევხვდეთ ჩვენს ადგილას. მოსულა?
ბანკეტის მერე აღარ უტირია. ვაჟკაცურად დაამთავრა უნივერსიტეტი და დიპლომიც აიღო. სამსახურის დაწყებაზე უარი თქვა და სახლში ჩაიკეტა. ხალხს ერიდებოდა, არ უნდა ხალხის დასაცინი გამხდარიყო. ფული სჭირდებოდა, ამიტომაც ბავშვობის მეგობარ გიოსთან ერთად პატარა ბიზნესი წამოიწყო: ღამით “საშოვარზე” გადიოდნენ, ხან რომელ მაღაზიას ძარცვავდნენ ხან რომელს. მეორე დღეს მოპარულ საქონელს “ასუხარებდნენ” და ამით ირჩენდნენ თავს. ამ საღამოსაც საქმეზე იყვნენ. მან ყველაფერი კარგად გააკეთა, გასასვლელიდანაც ისე გავიდა, ვერავინ შეამჩნია და ის იყო გიოსთან შესახვედრად ქუჩა უნდა გადაეჭრა, რომ უცბად ნაცნობი ხმა შემოესმა.
– ნიკა ნუ გარბიხარ! მანქანები დადიან. მოდი ჩემთან მალე.
ეს ანა იყო. ის ანა, მეოთხე კლასში რომ ატირა და ის ანაც, ბანკეტზე რომ ყველას დასაცინი გახადა.
– ა… ნ-ა?
კბილებში გამოსცრა, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ეს ხომ ანა იყო. მისი ანა. გაუხარდა. ერთ ადგილას გაშეშდა. სიხარულისგან და სიამოვნებისგან ვეღარ მოძრაობდა და არც სურდა. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო თავი ბედნიერად. მისთვის დრო გაჩერდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა, სამაგიეროდ კი ანა შეიძინა.
– არ გაინძრეთ! ხელები მაღლა ასწიეთ და ძირს დააგდეთ ნაქურდალი! თქვენ დაპატიმრებული ხართ და გაქვთ დუმილის უფლება!
ანა გაკვირვებული უყურებდა. მერე ბავშვებს თვალებზე ხელები ააფარა. კარგად დააკვირდა დაპატიმრებულს და ამოიცნო ის პატარა ბავშვი, აცრემბელბული დაჭერობანას რომ ეთამაშებოდა. მერე ის ბიჭიც გაახსენდა, საცეკვაო მოედნის შუაგულში რომ აუვარდა ტირილი და მთელმა სკოლამ დასცინა.
– ზოგი რა უცნაურია, ღმერთმანი. წავედით ბავშვებო.
საპატრულო პოლიციის მანქანამ დამნაშავე განყოფილებაში გადაიყვანა. მას მთელი გზა არ შეუწყვეტია ტირილი. კარგად იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ბედნიერი წუთები იყო. მას აღარასდროს უტირია. დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ იგი უსულო მდგომარეობაში გადაიყვანეს ციხის მორგში. მას ცრემლები დაუშრა.

Read Full Post »

დღეს პირველად დავფიქრდი, რომ არასოდეს მომწონებია გოგო ტყუილუბრალოდ. რა იგულისხმება “ტყუილუბრალოდ”-ში: გავერთობი, ერთ ღამეს გავატარებ, ცოტას გულს გადავაყოლებ. მეგობრები ყოველთვის მსაყვედურობენ, რომ არ შემიძლია გოგოს შევხედო “გულის გადაყოლების” ამბავში. მე თუ მომწონს, მომწონს ბოლომდე: თმის ღერებიდან ფეხის თითებით დამთავრებული. მომწონს გულის სიღრმეში და არასდროს არ ვფიქრობ მისთვის ტყუილის თქმას და არც ისტორიების გამოგონებით ვიკლავ თავს, ყოველთვის ვარ ნამდვილი და უბრალოდ მომწონს. ბევრი კი ამ ყველაფერს აღიქვამს როგორც არანამდვილს და არაგულწრფელს. რატომ დავფიქრდი დღეს ამაზე? გეტყვით. ერთი გოგო მომწონდა ძალიან. სამწუხაროდ ჩემი ყოველი მცდელობა წამომეწყო მასთან საუბარი, უკეთ გამეცნო და შემდეგ დავახლოვებოდი უშედეგოდ მთავრდებოდა. გოგონა არ მპასუხობდა არც ზარებზე, არც მესიჯებზე… იმაზე საუბარიც ზედმეტია, რომ როდესმე საკუთარი ინიციატივით შემხმიანებოდა. მე კი ერთი თვისება მაქვს, რომელიც არც ცუდია და არც კარგი: როგორი სიმძარფითაც მომწონს, ისეთივე სისწრაფით ვივიწყებ. ეს გოგონაც ასე დავივიწყე, რადგან ვთვლი, რომ თუ გოგოს არ სურს ჩემთან საუბარი (თუნდაც ამას თავის დაფასების მიზნით აკეთებდეს), მე მასთან არ მაქვს არაფერი საერთო. ხოდა დღეს კვლავ ვიხილე ეს გოგონა. უკვე აღარ მსურდა მისი ნახვა, არც თბილად მისალმება, ლამაზ თვალებში ჩახედვა ხომ აზრადაც არ მომსვლია. გოგონას სახეზე გაკვირვება შევატყვე: “ეს ის მებო არაა, რომ მოვწონდი?” – ალბათ გაიფიქრა მან. შემდეგ სავარაუდოდ ისიც იფიქრა, რომ თუ ასე მალე დავივიწყე, ე.ი. არც არასდროს მომწონდა რეალურად. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს რა გაიფიქრა. უბრალოდ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თუ ოდნავ მაინც ავიცრუე გული, გრძნობების უკან დაბრუნება ძალიან მიჭირს. არადა ყველაფერი რა ძალიან მარტივად იყო და არის: მომწონხარ… შენც მოგწონვარ? მაშინ რატომ თამაშობ? რატომ ცდილობ თავი უკარება არსებად და მიუწვდომელ პრინცესად წარმოაჩინო? რაც არის არის. შენ ასეთი გზა აირჩიე, მე კი ასეთი ვარ – უცბად მიჩნდება სიმპატია, რომელიც ყოველთვის გულწრფელია და ასევე უცბად მიქრება იგი, რადგან ვერ ვიტან, როცა მეთამაშებიან.
ეს პოსტი იმათ, ვისაც გონია, რომ გართობის მიზნით მომწონდა ისინი. თქვენ ცდებით. მე ყოველთვის მომწონდით, უბრალოდ და უმიზნოდ; და რომ არა თქვენ მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯები, დღეს შეიძლება ჩვენ შორის კარგი ურთიერთობაც ყოფილიყო.
მე ერთი რამ ვიცი, უბრალოდ მომწონხარ…

Read Full Post »

*Champs – მინდვრები (იკითხება როგორს “შამ”: წარმოითქმის ცხვირისმიერად)

მარი ჩემი ცხოვრებიდან რეკლამასავით გაქრა. გულში კი დაუკმაყოფილებლობის, სისუსტის და უსუსურობის აუტანელი შეგრძნება დამიტოვა. წარმოიდგინეთ, ტელევიზორში რომ უყურებთ მადისაღმძვრელი პროდუქტის რეკლამას, რომელიც ნახევარ წუთში მთავრდება, თქვენ კი რეკლამით მადააღძრულს და სასურველი პროდუქტის უქონლობით პირშიჩალაგამოვლებულებს გტოვებთ. დაახლოებით ასე მომივიდა მეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არც რეკლამა დამთავრებულა და სასურველი პროდუქტიც ჩემს ხელთ იყო. უბრალოდ, ისევ და ისევ ჩემი დაუდევრობის გამო, ავდექი და ერთი ხელის მოსმით ჯერ ტელევიზორი გამოვრთე, შემდეგ კი პროდუქტი მოვიცილე თავიდან. ყველაფერი კი ზუსტად ასე მოხდა…
ბავშვები სულმოუთმენლად ველოდით სკოლის დამთავრებას. საატესტატო გამოცდები ყველაზე რთულად დასაძლევი ბარიერი იყო, ამიტომაც ბოლო ორი თვე მუდმივ მეცადინეობასა და ნასწავლი მასალის გადამეორებაში გავატარეთ. ერთმანეთს კონსპექტებს ვთხოვნიდით და კვირაში რამდენიმეჯერ ერთადაც ვმეცადინეობდით. გართობისა და განტვირთვისთვის ცოტა დრო გვრჩებოდა, რადგან მთელი პირველი და მეორე სემესტრი უსაქმურობაში გავლიეთ, იმის იმედით, რომ ბოლო სემესტრში ყველაფერს მოვასწრებდით. ხოდა, წლის ბოლოს სხვა გზა აღარ გვქონდა: ატესტატის გარეშე ჩვენ მიზნებს ვერასდროს მივაღწევდით. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემი კლასიდან მხოლოდ ერთმა ვერ შეძლო ატესტატის აღება და მომავალ წელსაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლის რანგში მოევლინა ჩვენს ლიცეუმს.
პარიზში ერთი გადასარევი ტრადიციაა: ბოლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ (როდესაც არდადეგები უკვე ოფიციალურად იწყება, მოსწავლეები კი მხოლოდ ფორმალურად ელოდებიან შედეგებს) ყველა მოსწავლე ერთად იკრიბება მარსის მინდვრებზე. ღამისთევა გახარებული ადამიანების გარემოცვაში ცოცხალი მუსიკისა და სასმელის თანხლებით, საუკეთესო საშუალებაა დაძაბული წლის დასავიწყებლად. ეს ტრადიცია არც ჩემ დროს დაირღვა. გამოვედით თუ არა ბოლო გამოცდიდან, ლიცეუმის კარებთანვე შევთანხმდით, რომ ჯერ ჩემ სახლში დავლევდით რამოდენიმე ჭიქას, საღამოს კი პარიზელ სკოლადამთავრებულებს შევუერთდებოდით მარსის მინდვრებზე.
ყველაფერი კარგი უცბად ხდება. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მარსის მინდვრებზე ამ დღემდეც ხშირად ვათენებდით ღამეებს, ამიტომ ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენდა. ტრადიციულად ვისხედით წრიულად, რათა ერთმანეთისთვის თვალებში გვეყურებინა. ვსვამდით, ვთამაშობდით, ათასგვარ ისტორიებს ვყვებოდით, ვმღეროდით, ვუკრავდით. ნაცნობ-მეგობრების წრე ნელ-ნელა იზრდებოდა. 2 საათის მერე უკვე იმასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, იცნობდი თუ არა ადამიანს: თავისუფლად შეგეძლო მისვლა, ნებისმიერ თემაზე საუბარი, მისი ბოთლიდან ერთი ყლუპის მოსმაც კი – არჩევანი დიდი იყო. გამთენიისას კი მოხდა ის, რაც ასე მოულოდნელი იყო ჩემთვის.

მარი მეგობრებთან ერთად მოშორებით იჯდა ბალახზე. დანახვისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება. მეგობრებთან ერთად ისე მოვაწყვეთ ყველაფერი, რომ რამოდენიმე წუთში ერთად ვისხედით ყველანი. ვმღეროდით, ვსაუბრობდით, ვსვამდით. თითქოს ყველაფერი იგივენაირად იყო. მე კი მხოლოდ მარის ვამჩნევდი იმ მომენტში. სხვა არავინ და არაფერი არ არსებობდა. დიდხანს ვისაუბრეთ გათენებამდე, ბოლოს სახლამდე მივაცილე და ნომრები გავცვალეთ. მეორე დღესვე დავურეკე და გავისეირნეთ. მესამე დღესაც იგივე გავაკეთეთ, მეოთხე დღესაც. მეათე დღეს უკვე ერთად ვიყავით და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ორი კვირის შემდეგ კი… ერთმანეთს დავშორდით, მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი აურზაურისა და “ვაი-ვუის” გარეშე. რატომ დავშორდით? ჩემ გამო: ტყუილი ვერ ავიტანე. უფრო სწორად ის ვერ ავიტანე და გადავხარშე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ მითხრა. მერე რა რომ მე არ მიკითხავს? თვითონ მაინც უნდა ეთქვა. დღეს ალბათ ვაპატიებდი, მაშინ სხვა დრო იყო. ყველაფერი კი მისი მეგობრის, სტეფანის ბრალი გახლდათ. სტეფანის მე მოვწონდი და ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ ვერაფერს რომ ვერ გახდა ჩემთან, გაბრაზებულმა მარიზე სიმართლე მითხრა, რომელიც ისეთი ძნელად ასატანი იყო, რომ იმ დღესვე დავშორდი მას. აღმოჩნდა, რომ მარის უკვე 3 წელია, რაც შეყვარებული ყავდა. ვისაუბრეთ, მოვისმინე თავის მართლებაც, არგუმენტებიც… მაგრამ იმ მომენტში გონებამ ძალა დაკარგა და მხოლოდ გულის კარნახით ვმოქმედებდი.
ასე დასრულდა ჩვენი ორკვირიანი სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება თან. მარიმ ჩამინერგა იმედი, რომ შეიძლება ადამიანი ერთდროულად მზრუნველი, კეთილი, ჭკვიანი და საინტერესო იყოს; მარიმ მასწავლა მოფერება, სიყვარული, ჩახუტება, კოცნა. საინტერესოდ შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და საინტერესოდვე წავიდა. ყოველთვიურად ვწერთ ხოლმე ერთმანეთს, ის თავის ამბებს მიყვება, მე ჩემსას. რა მოხდებოდა, მე რომ გონებით მემოქმედა და არა გულის კარნახით? ალბათ ახლა ისევ პარიზში ვიქნებოდი და მასთან ერთად ბედნიერად და თან ყველასთვის შეუმჩნევლად ვიცხოვრებდით. რა მოხდა მას შემდეგ რაც მარი დავკარგე? მე მაინც ბედნიერი ვარ. მარის წყალობით ვისწავლე, რომ ურთიერთობები არასდროს არ უნდა დამყარდეს მხოლოდ გრძნობებზე. მადლობა მარი, მადლობა ყველაფრისთვის და შეხვედრამდე პარიზში. ჩემთვის შენ და ეს ქალაქი ყოველთვის სინონიმებად დარჩებით.

Read Full Post »

პოსტი ეძღვნება ყველაზე ლამაზ, დახვეწილ და გემოვნებიან გოგონას.

ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე ალბათ გლეხი ვიქნებოდი, შენ კი – თავადის ქალი. იმდენად ლამაზი ხარ, სხვანაირი ცხოვრება არც კი მოგიხდებოდა. შენი წვრილი და ნაზი კოჭები ვერ გაუძლებდნენ მძიმე ტვირთის ტარებას და გლეხურ ცხოვრებას. შენ ფუფუნებაში იცხოვრებდი და ცინ ნიავს არ მოგაკარებდნენ მსახურები. მიუხედავად ამისა, მე მაინც მომეწონებოდი და ყოველდღე, ყანაში მუშაობისას, შორიდან დავტკბებოდი შენი ლამაზი ნაწნავებით. შენ ამ დროს ფანჯარასთან იჯდებოდი: ხან თმას დაივარცხნიდი, ხან წიგნს წაიკითხავდი, დახატავდი კიდეც. მე ეს ყველაფერი მეცოდინებოდა, მაგრამ ისე, ჩუმად და ჩემთვის. ასე ხომ უფრო ლამაზი და საინტერესოა. თანაც ჩემი დაკოჟრილი ხელებით ვერც გავბედავდი შენი ნაზი თმის მოფერებას, ჩემი გლეხური გაერგნობით კი ვერც დაგენახებოდი.
ჩვენ რომ სხვა დროში და სხვა ადგილას ვყოფილიყავით, ორივენი პარიზში ვიცხოვრებდით. შენ მე-16 უბანში, ბურჟუების გარემოცვაში, მე – მე-18-ში, პარიზელ თავქარიანებთან ერთად. შენ ყოველ საღამოს კლასიკურ მუსიკას მოუსმენდი მეგობრების ვიწრო წრეში – თაყვანისმცემლები არასდროს მოგაკლებდნენ ძვირფას ყვავილებისგან გაკეთებულ თაიგულებსა და მუქ შოკოლადს, რომელიც შენ ძალიან გეყვარებოდა. მე ერთი წყალწაღებული მუსიკოსი ვიქნებოდი: ღამეებს სმაში, სიმღერასა და შენზე ფიქრში გავატარებდი. მერე დილისკენ რამეს დავწერდი: ხან სიმღერას, ხან ლექსს, ხან ჩანახატს. ფოსტით გამოგიგზავნიდი, ოღონდ ჩემს ვინაობას არ მივაწერდი. თან ნოტრ-დამის ეზოში შეგროვილ მინდვრის ყვავილებსაც გამოგიგაზავნიდი, აბა მე სად გავწვდებოდი ძვირფასი თაიფულების ყიდვას. შენ ალბათ მოგეწონებოდა ჩემი ნაჯღაბნი, ყვევილებსაც ნაზად დასუნავდი. შეიძლება მეც მოგწონებოდი, შეიძლება. მაგრამ მე შენთან მოსვლას ვერასდროს გავბედავდი: არც სათანადოდ მეცმეოდა და არც საჭირო გამბედაობით ვიქნებოდი დაჯილდოვებული ღმერთისგან.
ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, მე შენი საცხოვრებელი კორპუსის კონსიერჟი ვიქნებოდი. გავაკონტროლებდი ვინ მოვიდოდა შენთან, ვინ გამოგიგზავნიდა საჩუქრებს, ვინ გაწყენინებდა, ვინ გაგამხიარულებდა, ვინ გაგაბედნიერებდა… აუცილებლად საქმიანი ქალი იქნებოდი: კარგი კარიერის მქონე, მომხიბვლელი და ჭკვიანი. შენ ხომ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ წარმატებული იყო. მე ზეპირად მეცოდინებოდა რომელ საათზე გახვიდოდი სამსახურში და როდის დაბრუნდებოდი ოდნავ დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი სახით, რადგან შენ ძალიან გეყვარებოდა შენი პროფესია. მეც კმაყოფილი ვიქნებოდი ჩემი სამსახურით: არც არავის შევაწუხებდი, საჭმლის ფულიც მექნებოდა და რაც მთავარია, ყოველდღე, დღეში ორჯერ გნახავდი შენ. შენი სახლის გასაღებიც მექნებოდა და შენს არყოფნაში ჩუმად დავათვალიერებდი  ცარიელ ოთახებს, სადაც ნაზი სურნელი დაუსრულებლად იტრიალებდა. ასე გავიმრავალფეროვნებდი უინტერესო დღეებს: დილით მზის მაგივრად შენ გამინათებდა, ღამით კი ძილი ნებისას მეტყოდი და მთვარის ფუნქციას შეითავსებდი.
ჩვენ რომ სხვა დროში გვეცხოვრა, პირველყოფილები ვიქნებოდით. შენ ისეთი ლამაზი ხარ, ველურებიც კი მორიდებით მოგეპყრობოდნენ. იქნებოდი ერთადერთი ქალი, რომელიც ახლად დამკვიდრებულ პატრიარქალურ წყობაში, მაინც ისარგებლებდი პრივილეგიებით. იცხოვებდი ჩვენგან განსხვავებულად, ადამიანურად, მაგრამ ამის გამო ვერავინ ვერ გაგიბედავდა ზედმეტს. მე ბელადის მარჯვენა ხელი ვიქნებოდი. ხოდა როგორც მეორე კაცი ტომში, ვერასდროს გავბედავდი შენთვის ჩემი გრძნობების ახსნას. რამეს რომ მოვინადირებდი, ჩუმად შენ საძინებელ ადგილთან დავდებდი, რათა შენს ჯანსაღ სხეულს არ მოკლებოდა ენერგია და სიცოცხლის ნიშან-წყალი. შენ გულში გადაუხდიდი მადლობას კეთილშობილ პირველყოფილს, რომელიც თავის ვინაობას არასდროს გაგიმხელდა. შენი სილამაზით მოხიბლული, ერთ დღესაც შევიცვლებოდი და მეც ადამიანს დავემსგავსებოდი, შენსავით. ამის გამო მე ტომიდან გამაძევებდნენ, უშენობით გამოწვეულ სიმძიმეს ვერ ავიტანდი და ისტორიაში პირველ თვითმკვლელობასაც ჩავიდენდი.
თუმცა, ჩვენ არ ვცხოვრობთ სხვა დროში. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ შენი. ახლა ღამის ორი საათია, კომპიუტერთა ვზივარ და ამ პოსტს ვწერ.  გარშემო სრული სიჩუმეა, მხოლოდ კლავიატურის ხმაური არღვევს იდილიას. შენ  ჰაეროვნად გძინავს და შენსავით ლამაზი სიზმრების ყურებით ტკბები. ხვალ ისევ გნახავ, ისევ მოგესალმები და შენ ისევ გამილამაზებ ერთფეროვან დღეს. სამყაროში ისეთი უჰაერობაა, რომ უშენოდ ნამდვილად გავიგუდებოდი აქამდე.

Read Full Post »

დღეს კარგი დღე იყო. კინოთეატრებ რუსთაველისა და ამირანის წყალობით (ერთხელ მაინც გამოვიყენებ სიტყვა “წყალობას” სხვა დროს სულ ამ კინოთეატრების კრიტიკაა, მძიმე ფორმებში), აგვისტო-სექტემბერში მაყურებელს შეუძლია რამოდენიმე კარგი ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე. მართალია აქციის სახელწოდება “101 საუკეთესო ფილმია”, მაგრამ ჩემთვის იმ 101-იდან მხოლოდ ნახევარი თუ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას. ასეა თუ ისე, დღეს კარგი ფილმი გადიოდა – 99 ფრანკი. ერთხელ უკვე მქონდა ნანახი დიდ ეკრანზე და იმდენად მომეწონა, რომ მეორე შანსსაც ვერ გავუშვებდი ხელიდან. კიდევ ერთხელ უნდა დავმტკბარიყავი ჟან ძუჟარდენის თამაშით, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი უზომოდ ნიჭიერი და ღრმად ნარკომანი რეკლამების დიზაინერის როლის თამაშს.

მთლიანად ფილმი რომ მომწონს, უკვე აღვნიშნე. ახლა კონკრეტულად და მოკლედ ვისაუბრებ იმ დეტალებზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დამაფიქრა სხვადასხვა საკითხებზე.

  • ოკტავი და სოფია – პარიზის პატარა, მიკიბულ-მოკიბულ ქუჩებში მოსეირნე ორი ადამიანი, რომელთაც ყველაფერი ფეხებზე კიდიათ; ვგიჟდები და ტანში მბურძგლავს, როცა ვხედავ ამ ორ ადამიანს, რომლებიც ყოველი სახლის მოხერხებულ ფანჯრის რაფაზე, მოფარებულ სადარბაზოსა თუ უბრალოდ კონფორტულ კუთხეში აგრესიული სინაზით ეუფლებიან ერთმანეთს. ალბათ ოცნებად დამრჩება ასეთი წყვილის ხილვა ჩვენი ჩამკვდარი ქალაქის, აჭრელებული ქუჩების თუ მიძინებული უნივერსიტეტის მიდამოებში. ყველაფერში გვძინავს და არც სექსუალურ რევოლუციას შემოუღწევია ჩვენს აზროვნებაში; მიყვარს ოკტავი, რომელიც სოფიას ფეხმძიმობისგან გამოწვეულ შოკს არ იმჩნევს და ფსელის სუნზე კაიფობს; მშურს ოკტავის, რომელიც უარს ისე ეუბნება მისი შვილის დედას, რომ საერთოდ არ წარმოთქვამს სიტყვა “არას” და არც თავს იმართლებს სხვა ნებისმიერი ჟღვლინტიანი მოკვდავივით, რომლებიც ათას სისულელეს მოიგონებენ თავის გასამართლებლად. ოკტავი არ იმართლებს თავს, მას არ ეკადრება ამ დონემდე დაცემა; ყველაზე მეტად ის მგვრის შოკს, რომ ოკტავს უყვარს სოფია, მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ ის ვერ იღებს თავზე ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას. არც არის საჭირო. როგორც ის იტყოდა, “ყველაფერი წარმავალია, დედამიწა, ადამიანები, თქვენ, მე. მე – განსაკუთრებით”.

  • საცოდავი კარიერისტები – ეს თემა ყოველთვის ახლოს მხვდება გულთან და ამაზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ისევე როგორც მე შემიძლია ხანგრძლივად საუბარი ამ საკითხზე, კარიერისტებსაც შესწევთ ამის ძალა, ოღონდ მათ ჩემგან განსხვავებით დიდხანს შეუძლიათ ტრაკის ლოკვა, დიდხანს და თან დაუღლელად, რაც მთავარია. “დღეს თეთრი პერანგი უნდა ჩავიცვა, უფროსს მოეწონება”, “ჩემი შეფი ბრაზდება და ვერ იტანს, როცა ოთახში მზე შემოდის. სასწრაფოდ უნდა ცამოვაფარო ფარდები”, “დღეს ჩემი უფროსის შვილის დაბადების დღეა, საჩუქარი უნდა ვიყიდო, მის გულს საბოლოოდ მოვიგებ”, “ბატონო ფრანსუა, გნებავთ წყალი მოგიტანოთ? ყავა? ჩაი? თქვენ ოღონდ ბრძანეთ!” “ბატონო ფრანკო, გინდათ მინეტი გაგიკეთოთ? საკმაოდ კარგად გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თქვენ გიკეთებთ, ისიც კვირაში ორჯერ” – საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებაზე მორგება, საკუთარი შეხედულებების შეცვლა იმისდამიხედვით, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძა “ბოსმა” და რამდენად ისიამოვნა მდივნის მიერ შეთავაზებული სამაგიდო სერვისებით. გრცხვენოდეთ მეგობრებო, გრცხვენოდეთ. თქვენ ალბათ სექსზეც იტყვით უარს, თუკი ამას უფროსი მოგთხოვთ. ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ, გაგახსენებთ იმ სცენას, ოკტავს რომ ფეხებში უვარდება თანამშრომელი – არ დამაღალატო თორემ სამსახურს დავკარგავო. “წატიშენი”©დავიდ ჩიხლაძე – ასე უნდა ეპასუხა ოკტავსაც, მარა არა – ის საცოდავი ამ პასუხის ღირსიც კი არ იყო.


  • ორი დასასრული – მახსოვს პირველი ყურებისას გამიკვირდა, ტიტრები გადის და დარბაზში შუქს რატომ არ ანთებენ-მეთქი? თურმე ის “დროებითი” ტიტრები იყო. ფილმს აქვს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დასასრული. ორივე ძალიან კარგია და ადამიანზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევს. მე პირველი დასასრული უფრო მომწონს: სოფია თავს იკლავს; ოკტავი ფრენის სწავლას იწყებს ცათამბჯენის ბოლო სართულიდან და  პირველივე მცდელობაზე უხეშად ეცემა იმ კაცის მანქანაზე, ვინც მას რეკლამებს უკვეთავდა . დაცემისას, სიკვდილის წინ, ოკტავი იმ დაუვიწყარ ფრაზას ამბობს, რომ ყველაფერი წარმავალია – ეს ერთი ფრაზაც ღირს იმად, რომ მე პირველ ვარიანტს მივანიჭო უპირატესობა. მეორე დასასრულსაც აქვს თავისი ხიბლი: ოკტავს მიეცა შანსი ახლიდან დაეწყო ცხოვრება – ის ცივილიზაციას მოშორდა და სადღაც კუნძულზე გადაბარგდა, აბორიგენებთამ საცხოვრებლად. იქამდე მიწასთან გაასწორა სარეკლამო ინდუსტრია და ყველას დაანახა, რომ რეკლამები მხოლოდ ადამიანის გონების დეგრადაციას, მის ზომბირებას და გამოდებილებას ემსახურება. ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ, მაინტერესებს, თქვენ რომელ დასასრულს ანიჭებთ უპირატესობას. ვინც ამ პოსტის მერე ნახავთ, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ამ შუაღამეს სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა თქვენთვის.

პ.ს. ტუალეტში შესვლისას დაფიქრდით, რამდენად სწორად შეარჩიეთ ტუალეტის ქაღალდი. იმაზეც დაფიქრდით, რეკლამების გავლენით რამდენი უაზრო რამ გიყიდიათ ცხოვრებაში. იქნებ ამ უაზროდ გადაყრილი ფულით შიმშილს ებრძოლოთ აფრიკის კონტინენტზე? დაფიქრდით მაინც, თორემ თქვენ რომ აფრიკა და მოშიშილე შავკანიანები სულ არ გადარდებთ, ამაზე არსებული მდგომარეობაც მეტყველებს.
პ.პ.ს. 99 ფრანკს უყურეთ საღამოსკენ. ნაბახუსევზე არ გირჩევთ ფილმის ყურებას.

Read Full Post »

Older Posts »