Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიკვდილი’

მაგარი გაღადაო. იმ დღეს გამეღვიძა და ვეღარ ავდექი. ხო რა, აი ეგრე. იმენა ვეღარ ავდექი. რა გეღადავები შე ჩემა, გაგიჟდი? ახლაც ვწევარ. მხოლოდ თითებს ვამოძრავებ. არავის არ უთხრა ბიჭო, გაიგე? არა ვიცი ტო, ცუდად კი არ მიიღო ამას რო გეუბნები. პროსტა მაინც რა. ხო აზზე ხარ. ოჯახური საიდუმლო გაიჩითა და რამე. დედაჩემი გიჟს გავს. მამაჩემმა ლეპტოპი დამითრია. ინტერნეტში მაინც იყოს, ცოდოა ეგ ჩემისაო. უკვე ორი თვეა ხმა არ ამომიღია. არა რა, ვერ. რაღაცის თქმა მინდა ხოლმე, მაგრამ ვერ ვამბობ. ჩემებს მესიჯებით ვებაზრები. ბილაინის რაღაც ძიშოვი სირული ტარიფი ჩავრთეთ და დღეში რამდენ მესიჯსაც მინდა იმდენს ვაგზავნი. თავიდან იმენა საშინელება იყო. თავს დავიბრიდავ-თქო, ვფიქრობდი. მერე მუღამი დავუჭირე. აი წარმოიდგინე, წევხარ და უცბად მოგინდა ლუდი. იღებ მობილურს, წერ მესიჯს და აგზავნი. ლუდი თავისი ჩიფსებით და ფისტაშკებით ეგრევე შენს საწოლთან იჩითება. მისაყოლებელი იმ პონტში მოაქვთ რო ეცოდებით რა. ავად ხარ და ზრუნავენ შენზე. მარა არ მკიდია? რითი ვარ ახლა ცოდო? რომ ვერ დავდივარ და ვერ ვლაპარაკობ? ბებიამაგათის რა! სამაგიეროდ ხო ვწერ და ვფიქრობ? არ ესმით რა. მაგრად არ ესმით. ინტერნეტში ისევ კაი როჟა ვარ. თესლი სურათები მიდევს და იასნად ყველა სურათში ფეხზე ვდგავარ. გოგოებს ჩვეულებრივ ვკერავ რა, როგორც ადრე. ბეზ პრაბლემ. პროსტა თუ რომელიმე ნაბოზარი ვიდეოთვალის ჩართვას მთხოვს, იასნად ვეუბნები გაფუჭებული მაქვს-თქო რა. აბა რა პონტია, ხომ არ ვეტყვი ინვალიდი რომ ვარ შე ჩემა. ღადაობ? ბიჭო სიმუნჯეს კიდევ ეშველება ბაზარი არაა. იმასაც ეშველება რო ვერ დავდივარ. მარა აი რო აღარ მიდგება ეგ მაგრა ტეხავს რა. იმენა პლატონი გავიჩითე. პლატონურად მიყვარს. ხო იცი ეგ ბაზარი არა? შენ რო გიყვარს და პლატონი რო ტყნავს რა. ბიჭო ვეღარც კი ვანძრევ შე ჩემა. პრინციპში რომც მიდგებოდეს მაინც ვერ დავანძრევდი, სულ ვიღაცაა ჩემ ოთახში. აი ამ მხრივ კი მართლა დამენძრა. ერთი ეს ტეხავს, თორე ისე სამოთხეა რა. არავინ მეუბნება წადი იმუშავე, წადი ეს ქენი, ის ქენი. პახაობა არ მიწევს. მომავალზე აღარ ვფიქრობ. იტოკში ასწორებს რა. შენ როდის უნდა გამომიარო შე ჩათლახო შენა? ხო ვიცი ტო. აქამდე სულ გეუბნებოდი არ მცალია-თქო. ეგ იმ პონტში რომ არ იცოდი ეს ბაზარი რა. ახლა ხო აზზე ხარ, შეგიძლია ბეზ პრაბლემ მოხვიდე. ჩემებს ვეტყვი რომ ყველაფრის აზზე ხარ და შეუძლიათ გენდონ. წინასწარ მოიწერე და ლუდს ან რამეს დაგახვედრებ რა. ვაფშე ისეთ დროს გაიჩითე ან ფეხბურთი იყოს ან კალათბურთი. ვუყუროთ რა. ხო კიდევ მაგარი უნდა გითხრა ტო. ეს დღეები რაც ასე მკვდარივით ვწევარ, ბევრ რამეს დავაკვირდი რა. და იმენა ვატყობ, რომ სასტავი მაგარი გამოსირებულია. ბიჭო დაჟე ჩვენიანებს ვაკვირდები და ისინიც მაგრად უბერავენ ტო. აქამდე ვერ ვამჩნევდი. რაღაც პონტში მგონია რო დროა რამე შევცვალოთ რა. ძაან ერთნაირი დღეებია ყველასთვის. ძაან. პოკერი, შმოკერი. ხოდა რომ გამოხვალ ჩემთან გეტყვი რაღაც დვიჟენიების პონტებს. გეტყვი რა, ფურცელზე დაგიწერ რა. სიგარეტს ეწევი კიდე? მალბოროს ხო? დაგახვედრებ ერთ პაჩკას. თუ გინდა პარლამენტსაც გაგიძრობ. კაი რა ტეხავს, ვერ ხარ შენ შე ჩემა რა. ჩემთვის ყველაფერს აკეთებენ. ოჯახის ბუდა ვარ ტო. იმენა. პროსტო ჯერ ეგრე ვერ გავსივდი იმ ჩემისასავით. აუ მაგრად გამისწორდა შენთან ბაზარი ტო. იმენა მომეშვა. წავალ ახლა, ერთი ნაშა უნდა დავკერო. კაროჩე ერთ საიდუმლოსაც გეტყვი. იტოკში რაც აღარ მიდგება და ამბები, სხვა ადგილით ვიღებ კაიფს – ცხივირს წვერით. იტოკში აი ნაშას რომ დავკერავ, ჩემ ცხვირს უნდა დაეჩალიჩოს რა. ბუნება მაგარი ვეშია. სულ ისე არ დამტოვა რა. რა გაცინებს? მართლა ეგრეა. იმენა სერიოზულად მაგდებს ცხვირის პონტი რა და მაგრად მინდა ვინმე დავითრიო. თან მაგისიც რა წავა, მოვა და ჩემ ცხვირს გაეთამაშება რა. რა დრო დადგა ბლიად. ამას ვიფიქრებდი ორი თვის წინ? თავი ტონი მონტანა მეგონა. ახლა მე მართლა გავედი რა ნიკუშ და არ დაიკარგო რა ძმა. ის გოგო მწერს კაკრას და დავებაზრები. მაგარი ვეშია რა ეს ფეისბუკი.

Read Full Post »

*ადამიანი რომელსაც ადვილად მოსდის ცრემლები

– ცრემლები მოიწმინდე ბიჭო, ქალი ხომ არ ხარ?
– ოო, რა გინდა რა. გამანებე თავი. არ ვტირი. უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა.
ის ყოველთვის სევდიანდება როცა მასზე ფიქრობს. თვალები ცრემლებით ევსება და წყლის მარილიანი წვეთები მზად არიან თავი დააღწიონ მისი თაფლისფერი თვალების ტყვეობას.
– ხომ არ გეტირება პატარა ბიჭი?
მეგობრის თავში წამორტყმა და დამცინავი ტონით ნათქვამი ფრაზა ცრემლებს ტყვეობაში ტოვებს, ბიჭის ემოციებს კი საგულდაგულოდ მალავს მოჩვენებითად ცივი სახის უკან.
– არა, რა ვტირი… თვალში რაღაც ჩამივარდა რა. ნუ იცი ხოლმე ამოჩემება. იმის მერე არც მიტირია.
პირველად მამამ დასცინა. სულ პატარა იყო. იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა და უცბად ცრემლები წამოუვიდა. სიხარულით აღივსო. არასდროს დაავიწყდება ის გრძნობა, რაც უეცარი წამოტირების პირველი შემთხვევისას განიცადა. მერე მამამ ირონიულად მისცა შენიშვნა და მკაცრი ტონით დააყოლა, რომ კაცები არ ტირიან, თანაც ასე ტყუილუბრალოდ. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ არ ტიროდნენ კაცები. მერეც ვერ მიხვდა, უბრალოდ მერე აღარ… აღარ ტიროდა. არ უნდოდა ვინმესგან დამცინავი შენიშნვა მიეღო.
– ხოდა ეგრე რა, ნუ იცი ხოლმე ეს დასევდიანებები. იმენა მაგარი ქალიშვილური ზახოდები გაქვს ხანდახან რა.
თავიდან ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. არადა აუცილებლად უნდა გაეგო, როდის და რატომ მოსდიოდა ცრემლები. ამის გარეშე ვერ შეძლებდა თავის შეკავებას და კიდევ ერთხელ შერცხვებოდა მამის და საზოგადოების წინაშე.
მეოთხე კლასში ყველაფერს მიხვდა. ოქტომბერის შუა რიცხვები იყო. უფრო ზუსტად კი – 15 ოქტომბერი. ეს დღე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაბადების დღე. მაშინ პირველად გაიგო ცრემლდენის მიზეზი. მიზეზი კლასში საკუთარი ფეხით შემოვიდა, გაშლილი თმებითა და აციმციმებული თვალებით. მასწავლებელმა მაინცდამაინც მის გვერდით დასვა, არადა კლასში მეორე ადგილიც იყო თავისუფალად დარჩენილი.
– გამარჯობა, მე ანა ვარ. გინდა დასვენებაზე ერთად ვითამაშოთ?
გოგოს სიხარულით მოციმციმე წყლიანმა თვალებმა და დასვენებაზე ერთად თამაშის შესაძლებლობამ მასში ცრემლების ვუკლანი გააცოცხლა.
– კ-ი.
ენის ბორძიკით უპასუხა გოგონას. ალბათ რამოდენიმე წლის მერე, როცა ანა გათხოვდა და გრძელთმიანი და წყლიანთვალებიანი ბავშვები აჩუქა ნაცრისფერ ქალაქს, მას ჯერ კიდევ ახსოვდა პატარა ბიჭი, რომელიც ცრემლიანი თვალებით ეთამაშებოდა დაჭერობანას. ცოტათი შეეშინდა კიდეც. თუმცა მხიარულმა და გულიანმა სიცილმა მიახვედრა, რომ ბიჭის ცრემლები საშიში არ იყო. მერე დიდხანს თამაშობდნენ, სანამ ანა გათხოვდებოდა.
– გამოფხიზლდი შე ჩემა, რა გჭირს რა! შენი საქმეზე წამოყვანა არ შეიძლება რა! ხანდახან მაგრად გაუბერავ ხოლმე იმენა. შევედით უკვე და ახლა მიდი, დატრიალდი და 15 წუთში გასასვლელში გაიჩითე.
მეოთხე კლასის მერე დიდი ხანი აღარ უტირია. შეკავება ისწავლა. იცოდა როდის გადაწყვეტდნენ მისი ცრემლები სააშკარაოზე გამოსვლას. მიზეზი საკმაოდ ბანალური იყო – საკმარისი იყო დაენახა გოგონა, რომელიც უყვარდა, რომ მისი თვალები სასიამოვნო სისველეს გრძნობდნენ, ხოლო გული ბედნიერებისგან ორჯერ უფრო სწრაფად იწყებდა ფეთქვას. მაგრამ რად გინდა, თითქმის ყოველთვის თავს იკავებდა. როგორ გინდა საჯაროდ იტირო, როცა კაცი ხარ? თანაც ქალაქში, სადაც ქალებიც კი მხოლოდ პანაშვიდებსა და გასვენებებში ტირიან. მერე იყო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართული ბანკეტი. ცოტა დალია და კონტროლი დაკარგა. მთელი საღამო თავს არიდებდა, ბოლოს კი საცეკვაო მოედანზე შემთხვევით თვალებში შეხედა. დღემდე ახსოვს როგორ დასცინა მთელმა სკოლამ, მათ შორის ღიპიანმა სკოლის დირექტორმაც.
– მე აქედან გავალ, შენ იქითა გასასვლელით გადი და მერე შევხვდეთ ჩვენს ადგილას. მოსულა?
ბანკეტის მერე აღარ უტირია. ვაჟკაცურად დაამთავრა უნივერსიტეტი და დიპლომიც აიღო. სამსახურის დაწყებაზე უარი თქვა და სახლში ჩაიკეტა. ხალხს ერიდებოდა, არ უნდა ხალხის დასაცინი გამხდარიყო. ფული სჭირდებოდა, ამიტომაც ბავშვობის მეგობარ გიოსთან ერთად პატარა ბიზნესი წამოიწყო: ღამით “საშოვარზე” გადიოდნენ, ხან რომელ მაღაზიას ძარცვავდნენ ხან რომელს. მეორე დღეს მოპარულ საქონელს “ასუხარებდნენ” და ამით ირჩენდნენ თავს. ამ საღამოსაც საქმეზე იყვნენ. მან ყველაფერი კარგად გააკეთა, გასასვლელიდანაც ისე გავიდა, ვერავინ შეამჩნია და ის იყო გიოსთან შესახვედრად ქუჩა უნდა გადაეჭრა, რომ უცბად ნაცნობი ხმა შემოესმა.
– ნიკა ნუ გარბიხარ! მანქანები დადიან. მოდი ჩემთან მალე.
ეს ანა იყო. ის ანა, მეოთხე კლასში რომ ატირა და ის ანაც, ბანკეტზე რომ ყველას დასაცინი გახადა.
– ა… ნ-ა?
კბილებში გამოსცრა, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ეს ხომ ანა იყო. მისი ანა. გაუხარდა. ერთ ადგილას გაშეშდა. სიხარულისგან და სიამოვნებისგან ვეღარ მოძრაობდა და არც სურდა. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო თავი ბედნიერად. მისთვის დრო გაჩერდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა, სამაგიეროდ კი ანა შეიძინა.
– არ გაინძრეთ! ხელები მაღლა ასწიეთ და ძირს დააგდეთ ნაქურდალი! თქვენ დაპატიმრებული ხართ და გაქვთ დუმილის უფლება!
ანა გაკვირვებული უყურებდა. მერე ბავშვებს თვალებზე ხელები ააფარა. კარგად დააკვირდა დაპატიმრებულს და ამოიცნო ის პატარა ბავშვი, აცრემბელბული დაჭერობანას რომ ეთამაშებოდა. მერე ის ბიჭიც გაახსენდა, საცეკვაო მოედნის შუაგულში რომ აუვარდა ტირილი და მთელმა სკოლამ დასცინა.
– ზოგი რა უცნაურია, ღმერთმანი. წავედით ბავშვებო.
საპატრულო პოლიციის მანქანამ დამნაშავე განყოფილებაში გადაიყვანა. მას მთელი გზა არ შეუწყვეტია ტირილი. კარგად იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ბედნიერი წუთები იყო. მას აღარასდროს უტირია. დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ იგი უსულო მდგომარეობაში გადაიყვანეს ციხის მორგში. მას ცრემლები დაუშრა.

Read Full Post »

ბუმ!
თქვენი ოთახი ძალიან ლამაზია. თანამედროვე კატალოგებში ნანახ სურათს გავს, მადისაღმძვრელად რომ აჩენს თითოეულ პროდუქტს. დილით რატომღაც იფიქრეთ, რა რეაქცია გექნებოდათ თქვენი სახლი, თქვენივე შერჩეული ავეჯით ერთ წუთში რომ გამქრალიყო? სამსახურიდან ახლახანს დაბრუნდით. ისევ მარტო ხართ. ფიქრობთ იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევა მეგობრებთან ერთად. არადა მაგიდა სპეციალურად შეარჩიეთ, მეგობრებისთვის კომფორტული იქნებაო. ესეც იმიჯის ნაწილი იყო: ავეჯის გამყდველს ხომ არ გამოუტყდებოდით, რომ არათუ მეგობრები, ერთი მეგობარიც კი არ გყავთ? რამდენი ხანია ოცნებობთ ახალ გარემონტებული ბინაში ვინმემ შემოდგას ფეხი. მეძავები რომელთაც ფულს უხდით, სახლში არ მოგყვებიან. ეს ალბათ თქვენი სათვალეების და შუბლზე ჩამოყრილი თმის ბრალია. თქვენ მათ ბინურ საწოლებში უწვებით, მათსავე ბინძურ სხეულებს ეფერებით და ყოველი შეხებისას წარმოიდგენთ, როგორ გელოდებათ ახალგარემონტებულ სახლში, საწოლზე წამოწოლილი ლამაზი ქალი. სუფთა ქალი. თქვენ არ გინახავთ სუფთა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ფულს სუნი არ აქვს. ზიხართ თქვენს ოთახში და ბუმ! აქამდე იცოდით რომ თქვენს კორპუსში ცნობილი პოლიტიკოსი ცხოვრობდა? ძალიან ცუდი. სწორედ მის მოკვლას ცდილობდნენ თქვენს ბინაში დამონტაჟებული ბომბით. ბედის ირონია – სართული შეეშალათ. შეცდომის წყალობით თქვენი ახალგარემონტებულ ბინისგან მხოლოდ შიშველი კარკასი და აქეთ-იქით უპატრონოდ მიყრილი თქვენი ძვირფასი ავეჯის ნაფლეთებიღა დარჩა. ბუმ! ერთი წამი, მხოლოდ ერთი წამი და თქვენ არარაობად იქეცით. ერთადერთი რასაც ნანობთ ისაა, რომ არასდროს არავის არ უყვარდით. დედათქვენს არ დასცალდა ნაადრევი სიკვდილის გამო, თორემ ისიც შეგიძულებდათ. გაქონილთმიანი, სათვალიანი, ისტერიული და კომპლექსებიანი – არ როგორი იყავით თქვენ. თქვენ მოსახსენებლადაც სწორედ ასეთ სურათს დაკიდებენ სადმე, კუთხეში.

ბუმ!
თქვენ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ხართ. ავტობუსში ჭყლეტვაა. ხალხის რუტინისა და გაჭირვებისგან წაშლილ სახეებზე შიგადაშიგ სიძულვილსაც ამჩნევთ. თქვენ მათგან განსხვავდებით. თეთრი შარვალ-კოსტუმი გაცვიათ, ფეხსაცმელები თეთრად გიპრიალებთ და თმა კი სველი ეფექტის ჟელით გაქვთ გულდმოდგინედ დავარცხნილი. ბუმ! ერთი წამი და თქვენსა და მათ შორის ყველანაირი განსხვავება ქრება. თქვენგან მხოლოდ ძვლები რჩება, მათგანაც. თქვენ დილით ნახევარი საათი დაკარგეთ მოსამზადებლად, მათ – არცერთი წუთი. საბოლოოდ ვერც თქვენ იხეირეთ იმ ნახევარი საათით და არც მათ დააკლდათ ბევრი არაფერი. ერთმა წამმა თქვენ ყველანი გაგაერთიანეთ, ერთმანეთს დაგამსგავსათ და სამუდამოდ დაგაკავშირათ. თქვენ ერთად გადაგიყვანენ ექსპერტიზაზე პოლიციის განყოფილებაში, შეეცდებიან გაიგონ იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. ალბათ ვერც ვერასდროს მიხვდებიან, რომ ყველაფერი აუტანელი სიცხის ბრალი იყო, რომელსაც გაჭირვებისგან სახეწაშლილი ხალხი გამოყოფდა. თქვენ ისინი ვერ დააბალანსეთ, რადგან თქვენ მართალი არ გიჭირთ, თუმცა თქვენს თვალებში კიდევ უფრო მეტი სიღარიბეა. მგონი ამ აფეთქებამ გაგახარათ კიდეც. ხომ ასეა? გამოტყდით, თქვენს იმიჯს მაინც ვეღარაფერი შელახავს, თქვენ მოკვდით.

ბუმ!
თქვენ უნივერსიტეტიდან სახლში ბრუნდებით. მძღოლს წინასწარ შეუთანხმდით 60 თეთრად მგზავრობაზე. სხვა რა გზა გქონდათ, რომ არა ის 20 თეთრი, მგზავრობის ფულს რომ მოაკელით და ლარიანი ლობიანის საყიდლად გაიმეტეთ, ახლა მშიერი იქნებოდით. თანაც კარგად იცით, რომ სახლშიც არაფერი გელოდებათ. ძველებური მოდელის სამარშრუტო ტაქსი ნერვული მანევრით მიგაქროლებთ სახლისკენ. ჯერ არ იცით, მაგრამ სადაც ცოტა ხანში მოხვდებით, იმდენად მოიხიბლებით, რომ დაბრუნებას გადაიფიქრებთ კიდეც. თუმცა უკან წამოსასვლელ ბილეთზე ფული არც გეყოფათ, უფასოდ კი აღარვინ აღარაფერს გასცემს. ხალხს აკვირდებით. მძღოლი ისტერიულად ეწევა სიგარეტს, მის გვერდით მსხდომი ორი ახალგაზრდა კი შეუსვენებლივ განიხილავს უკანასკნელ გროშებს, რომელიც აჭარა-ბეტის სათამაშო აპარატებისთვის მსხვერპლშესაწირად მიაქვს ; უკანა სკამზე ახალგაზრდა გოგონა აზრდაუტანებლად ათამაშებს მობილურ ტელეფონს – მესიჯს ელოდება, რომელიც საერთოდ აღარ მოვა, ან მოვა, მაგრამ მას ვერავინ ნახავს; ერთ კაცს ნაძვის ხე უჭირავს ხელში, პატარა ასაწყობი ნაძვის ხე. თქვენ პირველად მაშინ გახსენდებათ, რომ ახალი წელი მოდის და იწყებთ ნერვიულობას – წელს რა უნდა აჭამოთ თქვენს მეკვლეს? ნუ ნერვულობთ, მალე პრობლემა მოგეხსნებათ. აი ერთი მოსახვევიც და… მოვედით. სამარშრუტო ტაქსი გაზზეა გადაწყობილი. კონტაქტი ირღვევა, საიდანღაც გაზი იპარება, მძღოლი კი კვლავ ისტერიულად აბოლებს სიგარეტს. ბუმ! ახალი წელი აღარ იქნება.

ბუმ!
თქვენ უნივერსიტეტთან დგახართ. ეს ცნობილი ადგილია “საბირჟაოდ”. თქვენ თითქმის ყველას იცნობთ. ამჯერად ვის შეეკედლებით? მერე რა რომ სულ რაღაც ორი ლარი გიდევთ ჯიბეში, მაინც შეძლებთ თქვენი დოზა ლუდის მიღებას. ლექციებზე ისე როგორ შეხვალთ თუ არ დალიეთ? არა, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ნეტავ ლექტორებიც სვავენ? თუმცა ამას ვეღარ გაიგებთ. სულ მალე თქვენი უნივერსიტეტული ცხოვრება დასრულდება, ოღონდ დიპლომის გარეშე, სამწუხაროდ. შესასვლელთან რამოდენიმე ჯგუფი დგას. აკვირდებით პირველ ჯგუფს – სამი გოგო და ერთი ბიჭი; ბიჭს ძალიან სურს რომ არ გავდეს სხვებს და ამიტომ გოგოს მანერებით საუბრობს. ეს მას უსაზღვრო განსხვავებულობას ანიჭებს. თქვენ მალევე იღლებით მათი ცქერით – ისინი მხოლოდ ბილწსიტყვაობენ და თავს იწონებენ საკუთარი აიფონებით. მზერა მათგან მოშორებით, შავებში ჩაცმულ ბიჭებზე გადაგაქვთ. ისინიც იგინებიან, ოღონდ აიფონები არ აქვთ სამარიაჟოდ. დღეს ბიჭების საზრუნავი ერთი გოგოს ნომრის აგდებაა, რომელიც ძალიან მოსწონს საძმოს წევრს. ჯერ გოგოს ნომერს ააგდებენ, მერე სახლის მისამართს გაიგებენ, მერე უმღერებენ, მერე… თუმცა რაღა მერე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ცოტა კიდევ მოშორებით შეშინებული და ეჭვიანი მზერით დგას რამოდენიმე ახალგაზრდა. ისინი ისტერიულად ათამაშებენ ხელში საქაღალდეებს, რომლებშიც მთელი წლის მასალ უდევთ უფრო სქელი რომ გამოჩდენს. ისინი მსჯელობენ საკაცობრიო თემებზე, თუ რატომ იყო სოკრატე მახინჯი, თუ რა აუცილებელია სულის სილამაზე და რომ ამაზე სოკრატეს შემთხვევაც მოწმობს და ათასი მსგავსი სისულელე. მათ უბრალოდ ქალი უნდათ. სამწუხაროა, რომ ვერც ვერასდროს იგემებენ სანატრელ ხილს. ბუმ! წამის მეასედში ყველა ერთმანეთს ემსგავსება: გოგოს მანერებით მოსაუბრე ბიჭი მამაკაცურად ეცემა მიწაზე, დასისხლიანებული. მისი აიპოდიც იმსხვრევა მის მეგობარ სამ გოგოსთან ერთად. ბიჭების საძმო ერთად, ძმურად ეგებება სიკვდილს. გოგონაზე ოცნება ოცნებად რჩება, ხოლო აზარტული თამაშებით გამდიდრებაზე ფიქრი კი სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებს მათ. ისტერიული, მძიმე საქაღალდეებიანი ახალგაზრდები კი სიკვდილის წინ იმაზე ფიქრობენ, რომ სულიერ სილამაზეზე არავინ ზრუნავს და ჯობდა ბიბლიოეთაკაში გატარებული დრო სავარჯიშო დარბაზებში გაეტარებინათ. ბუმ! ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან. თქვენ მათი ნაწილი ხდებით – დამკვირვებელი თავად ხდებით დაკვირვების ობიექტი, რადგან ქუჩის მეორე მხარეს მყოფი მოხუცებული ქალბატონი ყველას ერთად აღგიქვამთ. ტკბება თქვენი აფეთქებით, მას ხომ დიდი ხანია ასეთი საინტერესო არაფერი უნახავს.

ბუმ!
იცით რომ შემდეგი აფეთქება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს? ამიტომ ჩაალაგეთ ბარგი და დასხედით ჩემოდნებზე, გამგზავრების წინ კარგის ნიშანია. არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ თქვენი ძვირფასეულობა, თქვენი სუვენირები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან და გასაბერი ნავი, იმ შემთხვევაში თუ წყალში მოგიწევთ გარკვეული დროის გატარება. აუცილებლად თან იქონიეთ თქვენი მუსიკალური პლეერები, ასეთ მომენტებს უხდება მუსიკა. თანაც ბოლოჯერ მოუსმინეთ სიმღერებს თქვენი გემოვნებით. იქ, აფეთქების შემდეგ ყველანი მხოლოდ ერთ სიმღერას მოვუსმენთ.

ბუმ!

[http://www.youtube.com/watch?v=RYllKEkAtYU]

Read Full Post »

მე ერთი კვირის წინ დავტოვე ეს ქვეყანა. ყველაფერი უცბად მოხდა: გადამღალა ყოველდღიურობამ, მომბეზრდა მუდმივი წნეხი და თავის აუტანელი ტკივილი,  ავდექი და მოვკვდი. იცით რა მარტივია ცხოვრება, როდესაც გარდაცვლილი ხარ?! აღარავინ გაწუხებს, აღარაფერი გადარდებს. აღარ ხარ ვადელბული ნაძალადევად მიესალმო ნაცნობებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მეგობრებად ასაღებენ თავს. რაც მთავარია, ვეღარავინ გაყენებს შეურაცხყოფას – მკვდარზე ხომ ცუდის თქმა არ შეიძლება? ალბათ გაინტერესებსთ აქ რა ხდება, როგორ ვარ, ვისთან ვარ და მართლა ისეთი მშვიდია თუ არა ყველაფერი, როგორც ამას წიგნებში აღწერენ. მე თქვენ კიდევ ერთხელ გაგიცრუვებთ იმედებს და მხოლოდ იმის შესახებ მოგიყვებით, რაც სიკვდილამდე მაწუხებდა და ალბათ ახლაც მაწუხებს, გარდაცვალების შემდეგ. ალბათ გული დაგწყვიტეთ, მაგრამ ამას ხომ ისედაც მიჩვეულია ხალხი ჩემგან.
სკოლაში არავის მოვწონდი. ყოველთვის ცალკე დავდიოდი, კედელ-კედელ. მახსოვს, კლასელები ყოველ დილით ყველას ესალმებოდნენ, ჩემთან კი დისტანციას იცავდნენ და მერხზე ხშირ შემთხვევაში მარტო მიწევდა ჯდომა. შესვენებებზე კლასიდან არც გავდიოდი. ხანდახან მშიოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბუფეტში კვლავ გავიგებდი დამცინავ ფრაზებს, ამრეზი სახეებით რომ წარმოთქვამდნენ ჩემი სკოლელები. ამიტომაც, მერხიდან იშვიათად ვდგებოდი და თითქმის მთელ დროს წიგნების კითხვაში ვატარებდი. პირველი წიგნი, რომელიც სკოლაში, შესვენებებზე წავიკითხე, “დორიან გრეის პორტრეტი” იყო. ამის შემდეგ შემიყვარდა ოსკარ უაილდი და სიკვდილის შემდეგაც შეყვარებული ვარ მასზე. შეიძლება შევხვდე კიდეც აქ, მაგრამ თქვენ მაინც არ გიამბობთ, რათა კიდევ ერთხელ გაგიწბილოთ იმედები.
ინსტიტუტში ჩაბარებისას მჯეროდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. ზრდასრული ადამიანები ხომ გაგებით ეკიდებიან ერთმანეთს? მაგრამ მწარედ შევცდი. აქაც ისეთივე სიტუაცია დამხვდა, როგორიც სკოლაში. ერთი განსხვავება ის იყო, რომ ღიად აღარავინ დამცინოდა. მაგრამ ამით რა? მე ისევ მარტო დავდიოდი, ისევ არ მყავდა მეგობარი და კვლავ წიგნებში ვპოულობდი ხსნას. ერთადერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ცოტა ხანი “მემეგობრებოდა”, თუმცა როგორც კი უკეთ გამიცნო და ყველაფერი გაიგო ჩემ შესახებ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამშორდა და მას მერე მხოლოდ ცივი მოსალემბით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა. თუმცა ესეც წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან სხვები ცივადაც კი არ მესალმებოდნენ. 4 წელი გავიდა და მეც სიხარულით დავტოვე უნივერსიტეტის ცივი და უგრძნობი კედლები მასში გამოკეტილ ადამიანებთან ერთად.
სამსახურში უკვე აღარ მექმნებოდა ეს პრობლემა, რადგან ჭკუა ვისწავლე: საქართველოში უნდა იყო ისეთი, როგორიც სურთ რომ იყო და არა ისეთი, როგორიც ხარ. საკუთარ თავთან 20 წლიანი ბრძოლის შემდეგ, გადავწყვიტე პირველად ვყოფილიყავი “მისაღები” პიროვნება და დამეწყო საზოგადოების მიერ აპრობირებული ადამიანის როლის თამაში. თუმცა ამან საერთოდა ვერ გამაბედნიერა და არც აუტანელი თავის ტკივილი გამიჩერდა. თანაც ჩვენთან ხომ ვერაფერს დამალავ? სამსახურშიც მალევე გაიგეს ვინ ვიყავი სინამდვილეში და ჩემი “ბედნიერი” ცხოვრებაც აქ დასრულდა. ქალაქში ხმა გავარდა ჩემი არსებობის შესახებ და  უკვე თითქმის ყველა ალმაცერად მიყურებდა. ალბათ ადამიანი ყველაზე ძლიერი ცხოველია, რადგან დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ გამოვიმუშავე იმპულსი,  თვითგადარჩენის იმპულსი, რომელიც ამ შემთხვევაში უგრძნობლობით გამოიხატებოდა. აღარაფერზე აღარ ვრეაგირებდი: არც დაცინვაზე, არც ზიზღზე, არც ძალადობაზე. ყველაფერს ვიტანდი, რადგან ვიცოდი, რომ ცუდი ადამანი არ ვიყავი. მე ხომ ყველასთან ზრდილობიანი, მომღიმარი და კეთილი ვიყავი. იმათთანაც კი, ვინც ზიზღით მიყურებდა და ყველა შანსს იყენებდა ჩემი მორალური თუ ფიზიკური დამცირებისთვის.
ასეთი იყო ჩემი ცხოვრება: აუტანელი და მძიმე. მხოლოდ წიგნებით და რამოდენიმე კეთილშობილი ადამიანით ვიფერადებდი შავ ყოველდღიურობას. ძირითადად ინტერნეტით ვმეგობრობდი ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოებისგან განსხავებულად აზროვნებდნენ და ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდნენ ჩემში. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ზოგს არც ვუმხელდი ჩემი პიროვნების ნამდვილ რაობას. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ ან თქვენთვის თავის შეცოდება მსურს. არა, უბრალოდ მინდა გარდაცვალების შემდეგ მაინც გითხრათ ყველაფერი, რაც აქამდე არცერთხელ ამ მომიყოლია. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ერთ დღესაც მომბეზრდა ეს ყველაფერი და გარდავიცვალე. მერე იყო სტანდატული სცენები: საწყალი, როგორი ახალგაზრდა იყო, ნეტავ რატომ? ეხ, არადა როგორც ამბობენ, კარგი ბიჭი იყოო… ამის შემდეგ პანაშვიდები, თვალებზე აფარებული ცხვირსახოცები და შავებში ჩაცმული საზოგადოება. გასვენება, დასაფლავება, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო. მახსოვს მათი ანერვიულებული სახეები: მალე უნდოდათ ამ ყველაფრის დამთავრება, რათა საფეხბურთო მატჩისთვის ან საყვარელი სერიალისთვის დროზე მიესწროთ სახლში. მე ამ ყველაფერს ზემოდან ვუყურებდი და მეღიმებოდა. მეღიმებოდა თქვენზე, რომლებიც ვერ ჯობნით საკუთარ თავს და სასაცილო პრინციპებს; რომლებიც არასდროს არ ფიქრდებით, რა რთული შეიძლება იყოს განსხვავებული ადამიანის ცხოვრება თქვენს გარემოცვაში; რომლებსაც გგონიათ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება თქვენი დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი. ამავდროულად ამაყი ვარ, რომ არასდროს არაფერი დამიმალავს. ყველამ იცოდა და იცის, რომ მე განსხვავეული ვარ. ახლა უკვე – გარდაცვლილი განსხვავებული.

Read Full Post »

გიფიქრიათ ოდესმე, რომ თქვენ ერთ დღეს აღარ იქნებით? მე მიფიქრია, თან ძალიან ხშირად. ვიღაც 80 წელი ცოცხლობს, ვიღაც დაბადებისთანავე იღუპება… ყველა ადამიანს აერთიანებს სიკვდილი. ბუნებრივი წრე იქმნება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის: რომ არა სიკვდილი, არ იქნებოდა სიცოცხლე და პირიქით – რომ არა სიცოცხლე, არ იქნებოდა სიკვდილი. არსებობენ უკვდავი ადამიანები? ფიზიკურად არა, სულიერად – კი. “თუ გსურთ იყოთ მარადიული, შექმენით წიგნები ან ბავშვები” – ბრძანა პლატონმა. მის ნათქვამში სრული სიმართლეა: მარადიულობის უზრუნველსაყოფად, ადამიანმა უნდა დატოვოს შთამომავლობა – სულიერი შთამომავლობა, რომელიც აისახება წიგნებში, მუსიკაში, ბავშვებში (ბავშვი არ არის მატერიალური მემკვიდრეობა, ის სულიერის ასახვაა მატერიალურში).
13 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე ჩემი ბავშვობის მეგობრის, ჩემზე ორი წლით უფროსი თენგოს გარდაცვალების ამბავი. თენგო სიცოცხლით იყო სავსე, მასში არ იყო არაფერი ნეგატიური.სახე მუდამ უბრწყინავდა და ყველას მეგობრულად შესციცინებდა მუქი შავი თვალებით. მთელი სამეზობლო იცნობდა თენგოს, ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. 15 წლის ასაკში კი მისი სიცოცხლე უდროოდ დასრულდა – თენგო ლიფტის შახტაში ჩავარდა და მისმა ხერხემალმა ვერ გაუძლო 10 სართულიან ვარდნას. მის საფლავზე არც კი მივსულვარ… ან რა უნდა მექნა? იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდეგ, აღარც დავბრუნებულვარ ძველ უბანში. თენგოსთან ერთად, ჩემთვის ბავშვობა დასრულდა.
მეგობრებთან ხშირად მომდის კამათი ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: როგორ უნდა იცხოვორო ადამიანმა – ყველაფერი წინასწარ დაგეგმო თუ გული კარნახს მიჰყვე და მისი დახმარებით იხელმძღვანელო ცხოვრების რთულ გზაზე? სამეგობრო წრეში ორივე აზრის მიმდევრები მყავს, საბედნიეროდ. ერთნი მიმტკიცებენ, რომ დაუფიქრებლად არასდროს არ უნდა მოვიქცე, ყველა ნაბიჯი უნდა მქონდეს განსაზღვრული; მომავალზეც უნდა ვიფიქრო, გეგმებიც დავალაგო. მეორენი პირიქით, მირჩევენ მქსიმალურად მოვდუნდე, ცხოვრებას მარტივად შევხედო და ვაკეთო ის, რაც ჩემს გულს გაუხარდება; “მთავარია სულიერი შიმშილის დაკმაყოფილება და არა ხორციელის”-ო, მარიგებენ ისინი. მე ვცდილობ ვიპოვო ოქროს შუალედი ორ უკიდურესობას შორის. ვმოქმედებ გონებით, მაგრამ გრძნობების გათვალისწინებით. ცარიელი გრძნობები უფსკრულისკენ წაგვიყვანს, ისევე როგორც ცარიელი პრაგმატიზმი. რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ, რომ ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი. ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ადამიანები და გონიერად განვაგოთ ჩვენი ცხოვრება და ბედნიერება. Memento Mori!

Read Full Post »

დღეს გურამმა დამირეკა. გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია – მე-9 კლასის მერე ერთად ვართ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემ ცხოვრებაში. გურამმა მითხრა, რომ ცისკარა, ჩვენი მეგობარი, გველოდებოდა მრგვალ ბაღთან. გავისეინროთ ჩემი მანქანითო – ასე შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ცოტა ხანში მრგვალ ბაღში ველოდებოდით ჩვენ მეგობარ გიორგის (ცისკარას). რამოდნეიმე წუთი ბაღთან დავრჩით და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, როგორც უინტერესო, ისე საინტერესოზე და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით გიორგის (ცისკარას) სახლთან და იქ გაგვეგრძელებინა ცხოვრებისეული დებატები.
წარმოიდგინეთ სცენა: ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე ბაღი, საბავშვო გასართობები, მის გვერდით განლაგებული სკამები და ზედ მოთავსებული რამოდენიმე მეგობარი – მე, გურამი, გიორგი (ცისკარა), გიორგი (ფრუზიკა) და ცოტა ხნის შემდეგ მოსული მარი (გიორგი-ცისკარას მეგობარი). ხუთი ადამიანი, რომლებიც სხედან ყველასგან და ყველაფრისგან დავიწყებული პარკის მარტოხელა სკამზე და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ ცხოვრებას. ბუნებრივია, რომ გაჩნდა განსხვავებული აზრები და დაიბადა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილი; თუმცა მალევე მივხვდით, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს და საერთოდაც, ნებისმიერი რეალობა მხოლოდ ჩვენ მიერაა აღქმული. ასეა თუ ისე, მე თქვენ გიამბობთ იმ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ, რომელიც გაჩნდა ჩვენი საუბრის შემდეგ.
ცისკარამ ასეთი რამ ვკითხა: “თქვენი აზრით, ცხოვრებაში უფრო მეტი კარგია თუ ცუდიო?” ყველას სხვადასხვანაირი პასუხი გვქონდა – გიორგი-ფრუზიკამ ცუდიო, ასე უპასუხა; მე მხოლოდ კარგს ვხედავ და ჩემი პასუხიც ბუნებრივია “კარგი” გახლდათ; გურამმა საერთოდ ორაზროვნად უპასუხა: “ალბათ კარგიო”. ამის შემდეგ ცისკარამ გვკითხა, თუ როგორ წარმოგვედგინა ჩვენი მომავალი. გურამმა უპასუხა, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდა: სამსახური, ცოლი, შვილები, ერთ-ორ კვირიანი შვებულება და ყველაფერი სტანდარტული. თუმცა ის ამ ყველაფერს კარგად იღებს და არ თვლის თავს ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანად. აი როდესაც ჯერი ჩემზე დადგა, მაშინ დაიწყო ყველაფერი საინტერესო…
ბუნებრივია, ვეცადე ყველაზე კარგად წარმომედგინა ჩემი მომვალი. გონების ძლიერი დაძაბვა არც იყო საჭირო, რადგან უკვე დიდი ხანია რაც წარმოდგენილი მაქვს ჩემი მომავალი. ალბათ თქვენც გაინტერესებთ, არა? მოკელდ გიამბობთ. ჩემი მომავალი ცხოვრება იქნება შემდეგნაირი: ვიქნები მარტოხელა, რადგანაც არ შემხვდება ქალი, რომელიც შეეცდება ჩემ გადაქცევას ნორმალურ ადამიანად; ვიქნები ცოტათი ლოთი, რადგანაც უკვე ძალიან მიყვარს სასმელი; გავხდები არშემდგარი მუსიკოსი, რომელიც მუდამ იწუწუნებს იმაზე, რომ სუბიექტური მიზეზების გამო მისი სიმღერები არ დააფასეს; შიგადაშიგ, თვეში ორჯერ, მოვიხმარ რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას – ალბათ სიიაფის და ხელმისაწვდომობის მიხედვით; საბოლოო ჯამში კი მოვკვდები ახალგაზრდა, 50-55 წლის, ყველასგან მივიწყებული, ისე რომ შთამომავლობასაც კი არ დავტოვებ. ასე წარმომიდგენია მე ჩემი მომავალი. თუმცა მე იმასაც ვამბობ, რომ  ვცდილობ ასეთი მომავლის თავიდან აცილებას და ჩემი ცხოვრების შეცვლას. თუმცა ცისკარამ მკაცრი ვერდიქტი გამომიტანა: რადგანაც შენ ასე წარმოგიდგენია შენი მომავალი, ე.ი. შენ მოგწონს კიდეც ისო. ასე რომ, ცხოვრების ბოლოს მე იქნები ლოთი და მარტოხელა მუსიკოსი. ვნახოთ, ვნახოთ. ხმამაღალი განაცხადია ბატონი გიორგი-ცისკარას მხრიდან.
ასეა თუ ისე, ჩვენი ბაღის საუბრებიც მალე დამთავრდა და მე, გურამი და ფრუზიკა სახლში დავბრუნდით. საბოლოოდ მე და ფრუზიკა შემოვრჩით ჩვენ იტალიურ ეზოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გვეყიდა ლუდი და ძილის წინ ოდნავ შეზარხოშებულებს ჩაგვეთვლიმა და გვეთქვა ნახვამდის ამ ყოველდღიური რუტინისთვის. მე დავლიე ორი “ნატახატარი ექსტრა” და ახლა ძალიან კარგ ხასითზე ვწერ ამ პოსტს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს ჩემი მომავალი. ჩემთვის მთავარია ორი რამ: (1)ვგრძობდე თავს კარგად და (2)ვუყვარდე იმ ადამიანს, რომელიც მე მეყვარება. თუ ეს ორი რამ ასრულდება, მერე თუნდაც სულ ლოთად და უსახლკაროდ დავღუპულვარ. ცხოვრება მაინც წარმავალია და ყველა კვდება.

Read Full Post »

დღეს კარგი დღე იყო. კინოთეატრებ რუსთაველისა და ამირანის წყალობით (ერთხელ მაინც გამოვიყენებ სიტყვა “წყალობას” სხვა დროს სულ ამ კინოთეატრების კრიტიკაა, მძიმე ფორმებში), აგვისტო-სექტემბერში მაყურებელს შეუძლია რამოდენიმე კარგი ფილმის ნახვა დიდ ეკრანზე. მართალია აქციის სახელწოდება “101 საუკეთესო ფილმია”, მაგრამ ჩემთვის იმ 101-იდან მხოლოდ ნახევარი თუ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას. ასეა თუ ისე, დღეს კარგი ფილმი გადიოდა – 99 ფრანკი. ერთხელ უკვე მქონდა ნანახი დიდ ეკრანზე და იმდენად მომეწონა, რომ მეორე შანსსაც ვერ გავუშვებდი ხელიდან. კიდევ ერთხელ უნდა დავმტკბარიყავი ჟან ძუჟარდენის თამაშით, რომელმაც მშვენივრად გაართვა თავი უზომოდ ნიჭიერი და ღრმად ნარკომანი რეკლამების დიზაინერის როლის თამაშს.

მთლიანად ფილმი რომ მომწონს, უკვე აღვნიშნე. ახლა კონკრეტულად და მოკლედ ვისაუბრებ იმ დეტალებზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დამაფიქრა სხვადასხვა საკითხებზე.

  • ოკტავი და სოფია – პარიზის პატარა, მიკიბულ-მოკიბულ ქუჩებში მოსეირნე ორი ადამიანი, რომელთაც ყველაფერი ფეხებზე კიდიათ; ვგიჟდები და ტანში მბურძგლავს, როცა ვხედავ ამ ორ ადამიანს, რომლებიც ყოველი სახლის მოხერხებულ ფანჯრის რაფაზე, მოფარებულ სადარბაზოსა თუ უბრალოდ კონფორტულ კუთხეში აგრესიული სინაზით ეუფლებიან ერთმანეთს. ალბათ ოცნებად დამრჩება ასეთი წყვილის ხილვა ჩვენი ჩამკვდარი ქალაქის, აჭრელებული ქუჩების თუ მიძინებული უნივერსიტეტის მიდამოებში. ყველაფერში გვძინავს და არც სექსუალურ რევოლუციას შემოუღწევია ჩვენს აზროვნებაში; მიყვარს ოკტავი, რომელიც სოფიას ფეხმძიმობისგან გამოწვეულ შოკს არ იმჩნევს და ფსელის სუნზე კაიფობს; მშურს ოკტავის, რომელიც უარს ისე ეუბნება მისი შვილის დედას, რომ საერთოდ არ წარმოთქვამს სიტყვა “არას” და არც თავს იმართლებს სხვა ნებისმიერი ჟღვლინტიანი მოკვდავივით, რომლებიც ათას სისულელეს მოიგონებენ თავის გასამართლებლად. ოკტავი არ იმართლებს თავს, მას არ ეკადრება ამ დონემდე დაცემა; ყველაზე მეტად ის მგვრის შოკს, რომ ოკტავს უყვარს სოფია, მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ ის ვერ იღებს თავზე ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას. არც არის საჭირო. როგორც ის იტყოდა, “ყველაფერი წარმავალია, დედამიწა, ადამიანები, თქვენ, მე. მე – განსაკუთრებით”.

  • საცოდავი კარიერისტები – ეს თემა ყოველთვის ახლოს მხვდება გულთან და ამაზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ისევე როგორც მე შემიძლია ხანგრძლივად საუბარი ამ საკითხზე, კარიერისტებსაც შესწევთ ამის ძალა, ოღონდ მათ ჩემგან განსხვავებით დიდხანს შეუძლიათ ტრაკის ლოკვა, დიდხანს და თან დაუღლელად, რაც მთავარია. “დღეს თეთრი პერანგი უნდა ჩავიცვა, უფროსს მოეწონება”, “ჩემი შეფი ბრაზდება და ვერ იტანს, როცა ოთახში მზე შემოდის. სასწრაფოდ უნდა ცამოვაფარო ფარდები”, “დღეს ჩემი უფროსის შვილის დაბადების დღეა, საჩუქარი უნდა ვიყიდო, მის გულს საბოლოოდ მოვიგებ”, “ბატონო ფრანსუა, გნებავთ წყალი მოგიტანოთ? ყავა? ჩაი? თქვენ ოღონდ ბრძანეთ!” “ბატონო ფრანკო, გინდათ მინეტი გაგიკეთოთ? საკმაოდ კარგად გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თქვენ გიკეთებთ, ისიც კვირაში ორჯერ” – საკუთარი ცხოვრების სხვის ცხოვრებაზე მორგება, საკუთარი შეხედულებების შეცვლა იმისდამიხედვით, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძა “ბოსმა” და რამდენად ისიამოვნა მდივნის მიერ შეთავაზებული სამაგიდო სერვისებით. გრცხვენოდეთ მეგობრებო, გრცხვენოდეთ. თქვენ ალბათ სექსზეც იტყვით უარს, თუკი ამას უფროსი მოგთხოვთ. ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ, გაგახსენებთ იმ სცენას, ოკტავს რომ ფეხებში უვარდება თანამშრომელი – არ დამაღალატო თორემ სამსახურს დავკარგავო. “წატიშენი”©დავიდ ჩიხლაძე – ასე უნდა ეპასუხა ოკტავსაც, მარა არა – ის საცოდავი ამ პასუხის ღირსიც კი არ იყო.


  • ორი დასასრული – მახსოვს პირველი ყურებისას გამიკვირდა, ტიტრები გადის და დარბაზში შუქს რატომ არ ანთებენ-მეთქი? თურმე ის “დროებითი” ტიტრები იყო. ფილმს აქვს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დასასრული. ორივე ძალიან კარგია და ადამიანზეა დამოკიდებული, რომელს აირჩევს. მე პირველი დასასრული უფრო მომწონს: სოფია თავს იკლავს; ოკტავი ფრენის სწავლას იწყებს ცათამბჯენის ბოლო სართულიდან და  პირველივე მცდელობაზე უხეშად ეცემა იმ კაცის მანქანაზე, ვინც მას რეკლამებს უკვეთავდა . დაცემისას, სიკვდილის წინ, ოკტავი იმ დაუვიწყარ ფრაზას ამბობს, რომ ყველაფერი წარმავალია – ეს ერთი ფრაზაც ღირს იმად, რომ მე პირველ ვარიანტს მივანიჭო უპირატესობა. მეორე დასასრულსაც აქვს თავისი ხიბლი: ოკტავს მიეცა შანსი ახლიდან დაეწყო ცხოვრება – ის ცივილიზაციას მოშორდა და სადღაც კუნძულზე გადაბარგდა, აბორიგენებთამ საცხოვრებლად. იქამდე მიწასთან გაასწორა სარეკლამო ინდუსტრია და ყველას დაანახა, რომ რეკლამები მხოლოდ ადამიანის გონების დეგრადაციას, მის ზომბირებას და გამოდებილებას ემსახურება. ვისაც ფილმი ნანახი გაქვთ, მაინტერესებს, თქვენ რომელ დასასრულს ანიჭებთ უპირატესობას. ვინც ამ პოსტის მერე ნახავთ, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ამ შუაღამეს სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა თქვენთვის.

პ.ს. ტუალეტში შესვლისას დაფიქრდით, რამდენად სწორად შეარჩიეთ ტუალეტის ქაღალდი. იმაზეც დაფიქრდით, რეკლამების გავლენით რამდენი უაზრო რამ გიყიდიათ ცხოვრებაში. იქნებ ამ უაზროდ გადაყრილი ფულით შიმშილს ებრძოლოთ აფრიკის კონტინენტზე? დაფიქრდით მაინც, თორემ თქვენ რომ აფრიკა და მოშიშილე შავკანიანები სულ არ გადარდებთ, ამაზე არსებული მდგომარეობაც მეტყველებს.
პ.პ.ს. 99 ფრანკს უყურეთ საღამოსკენ. ნაბახუსევზე არ გირჩევთ ფილმის ყურებას.

Read Full Post »

Older Posts »