Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘საზოგადოება’

“დღეს უნდა დაწერო ბიჭო, გაიგე?!” – მეუბნება ჩემი მეორე მე, აი ის – 90-იანებში რომ იზრდებოდა და ძალაუნებურად ცოტას ბლატაობდა, ცოტა შავები ეცვა და ცოტას ქურდობაზე ოცნებობდა. მერე ტუალეტში ანძრევდა, მონიკა ბელუჩიზე. “კაი დავწერ” – პასუხობს კიდევ ერთი მე, აი ის – 90-იანებში რომ იზრდებოდა და ძალაუნებურად ცოტას ჩმორდებოდა, ცოტა ჭრელები ეცვა და ცოტას როკ ვარსკვლავობაზე ოცნებობდა. მერე ესეც ტუალეტში ანძრევდა, ოღონდ ევრილ ლავინზე.
ამ ბოლო დროს კარგი ამინდებია თბილისში. წვიმს. ხო რა იყო, რომანტიული ტიპი ვარ, პრობლემაა რამე? რანაირად მიყურებ. თუ არ გინდა დავაი რა. უკვე აღარ შემიძლია ეს ზედმეტად მიმტევებლური, ცოტათი “შემეცოდე” სახეები: “უი, შე რომანტიკოსო” ან “უი როგორი რომანტიკოსი ხარ”. მერე? შენ თორემ თუ რომანტიკოსი არ ხარ, ბებიაშენისამ რა, ჩემზე კაი ტიპი ხარ. დაახვიეთ რა! აი ეგრე!
რომანტიკოსი ვარ. ხო ვარ. თან მაგრად. ვგიჟდები დეტალებზე. აი ისეთ დეტალებზე, შენ რომ მუღამს ვერ უჭერ, მე კიდევ მაგარს რო ვკაიფობ. მომწონს, როგორ შეიღებე ორშაბათს თვალები. იდეაში ისეთივე მაკიაჟი გაიკეთე, როგორსაც კვირის სხვა დღეებში იკეთებ ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვამჩნევ განსხვავებას. ამ ორშაბათს გაკეთებული მაკიაჟი ოდნავ ნაჩქარევია და უფრო ბუნებრივი. ვსო. მე გავჭედე. ორშაბათი კარგი დღეა.
მაგრად მიტყდება, რომ აქამდე არცერთ გოგოს არაფერი ისეთი არ უჩუქნია, აი მე როგორსაც ვჩუქნი ხოლმე. მე როგორს ვჩუქნი? როგორს და ჩემეულს. ჩემსას. იმას, რაც ჩემთვისაა ძვირფასი. ბევრად უფრო გამიხრდება გოგომ თავისი სამაჯური რომ მოიხსნას და მაჩუქოს, ან საყურე მომცეს, თავისი საყვარელი საყურე. აი რომ წავიდეს და საათობით მაღაზიაში ეძებოს საჩუქარი, კი კარგია, მაგრამ ეგრევე, ექსპრომტად რომ მაჩუქოს თავისი ნაწილი, უფრო გამისწორდება.
სამი დღე რომ სახლში ხარ და ფერი გეცვლება და მერე გინდა რამე ისეთი გააკეთო, რომ ბუნებრივი ფერი დაგიბრუნდეს – აი ასე ვარ დაახლოებით. ამ პოსტსაც ვწერ, იმიტომ რომ დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი. და უკვე ვჭედავ იმაზე, რომ არ ვარ სტაბილური. ვყოფილიყავი რა პრაგმატული გამოსირებული ტიპი. ხო მეკიდებოდა რომანტიკა და ამბები. აი ახლაც როგორი ცვალებადი ვარ. ზემოთ კბილებით ვიცავდი ჩემს “მეობას” და ახლა ვამბობ, სულაც არ მინდა, უკან გაიკეთეთ-მეთქი.
მიყვარს ისეთი გაჭედვები, აი ერთ გოგოს რომ მუღამს უჭერ და ეს გოგოც რომ აგყვება. ოდნავ შესამჩნევად, დასტოინად, ქალურად. კისერზე რომ მეკიდებიან არ მიყვარს. აუფ, მაგრად ვატრაკებ რა. არადა მიყვარს. ანუ მომენტი, რომ კისერზე მეკიდებიან მიყვარს, მაგრამ ის გოგო აღარ მიყვარს. და აი დასტოინად რომ ხდევა ყველაფერი – ერთი-ორი გასეირნება, ხანგრძლივი საუბრები და პატარ-პატარა მინიშნებები. ეგაა კაიფი. მერე პირველი კოცნა – არავითარ შემთხვევაში ფრანგულად. მეორე უკვე ფრანგულად – გემრიელად. ენებით.
სიზმარი ვნახე. ერთი გოგო მომწონდა. ხოდა ამ გოგოსთან არაფერი რა. არ ამყვა, არ შემომყვა ფლირტში, არც დასტოინად და არც ისე. დავიკიდე. ოღონდ ნუ მომწონს ტიპი და რას იზავ. გარეგნობით კაი გოგოა. ხოდა არ ვიცი რატომ, სიზმარში გამეჩითა: ვითომ მონაზონია, კათოლიკურ ეკლესიაში ოღონდ. მე საიდანღაც, ვაფშე ნიპრიჩომ, მაგის ოთახში ვიჩითები და ეს ამ დროს აბაზანიდან გამოდის. ნუ მერე ჩვეულებრივი ბაზარი – “წადი თორემ ხო იცი, არ შეიძლება” და ამბები. მერე კოცნა და ბრახ – სიზმარშივე არ მომწონს როგორ მკოცნის. პახოდუ სიზმარშივე ვიწყებ ფიქრს: არა, ცუდად კი მკოცნის, მარა ისე კაი გოგოა და კოცნას დაამუღამებს. მაგრად მივქარე სიზმარში რა. მე ვაფშეტა მგონია, რომ ზოგ გოგოში სულ არ დევს მოფერების ელემენტი. არც კოცნის. არც სექსუალურობის. აი მინახავს ლამაზი გოგოები და ვაფშე არაფერი ემოცია არ გამოუწვევიათ. მინახავს გოგო, ისე უკოცნია, რომ სიამოვნებისგან თვალები ტომ იორკივით გამქცევია, ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ.
როცა წვიმს და მერე მზე გამოდის (მზე პირს იბანს დვიჟენია რო იჩითება), მაგ დროს მაგრად მინდება გასეირნება. ხელიხელჩაკიდებული გასეირნება. ნუ ამის გარეშეც შეიძლება, ეს იდეალური ვარიანტია. მარა სადაა ეგრე. ზემოდან მგონი ვიღაც ტიპი დამცინის. წვიმას გამოუშვებს, მომანდომებს სეირნობას და მერე ღადაობს ჩემზე, რომ ასე მარტოხელად ვლპები კომპიუტერის მონიტორთან. მაგარი გაიძვერა ტიპია, ვინც წვიმის სამუშაო გრაფიკს არეგულირებს. ან არაა გაიძვერა და უბრალოდ კარგი იუმორის გრძნობა აქვს. და ვაფშე ვის მოყავს რო წვიმა? დამაკავშირეთ რა თუ გაიგებთ. ვეტყვი, რომ სანამ თანამოსეირნეს ვერ ვიშოვი, ცოტა ხანი თავი შეიკავოს რა. თორემ ახლაც წვიმს და მე კიდევ დებილივით ველოდები ერთ გოგონას, მინდა რომ მომწეროს. ეტყობა არ მოხვდა ფეისბუკზე. ნუ დამცინი, თავს არ ვიმშვიდებ. არ მწერს არა, ვერ. კარგად დააკვირდი სიტყვას – ვერ მწერს, არაა ფეისბუკზე. ეეე, ნუ მშლი ნერვებზე! შემოგარტყავ!
გოგოები წერენ ხოლმე, მუცელში პეპლები გვყავსო. ნეტა როგორია პეპელა მუცელში. ისე რა ცოდოა ტო. ისედაც რა ცოტა ხანი ცხოვრობს და ისიც  მუცელში უწევს ყოფნა. მაგრად ტეხავს. ბიჭებს არ გვყავს მუცელში პეპლები. მუცელში ვაფშე არაფერი არ გვყავს ხოლმე. ახლა იფიქრებთ, მე ვიცი სადაც რა გყავთ, შარვალში გაქვთ ბილიარდის ბურთებიო. აი ეგრეა, სტერეოტიპულად აზროვნებთ. არა იმას არ ვამბობ, რომ ბლა ბლა ბლა, ქალს ტრაკზე არ ვუყურებ და ა.შ. მარა მთლად მარტო ეგ არაა. ყველაზე მაგარი გოგო ისაა, გულს რომ გიჩქარებს. მემართება ხოლმე ეგრე. გული რომ გიჩქარდება, მერე ყველაფერიც უფრო მაგარია. ზედემეტად მაგარი.
“შე ჩემა, რომ გითხარი დაწერე მეთქი, ის კი არ მითქვამს, რუსთაველი გაიჩითე-თქო.” – მეუბნება ის, ბნელი მე. “ნუ მჩაგრავ, პატარა აღარ ვარ. და აღარც ჩვენი ქვეყანაა ძველი ბიჭების” – პასუხობს ის, ნათელი მე. ორივეს მაგრად აკლია რა. ჯერ წერეო, მერე რატომ წერო. ესეც ეტყვიან წერეო – წერს. გაჩერდიო – ჩერდება. დედიკოს ბიჭი. მალჩიკ ნა პაბეგუშკახ რა. ფუ. არ მევასებით!

Read Full Post »

გამარჯობა. მე ჟულიენი ვარ. მე ოქროსფერი ვარ და ხვალ მოვკვდები.
გამარჯობა. მე ელენი ვარ. მე მიყვარს სპილოები და სიმპატიური ბიჭები. მე ხვალ ვქორწინდები. ჯეფს დიდი სპილო ყავს.
გამარჯობა. მე ჯოფრი ვარ. გუშინ პირველად მეძინა ქალთან. უფრო მეტს ველოდი.
გამარჯობა. მე ლილიანი ვარ. მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ ამბობდნენ უფროსები, რომ “ზამთარში ფრინველები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ”. უცნაურია, ჩემი თუთიყუში ყოველთვის გალიაში რჩებოდა.
გამარჯობა. მე ბორისი ვარ. ყველას გონია, რომ რუსი ვარ.
გამარჯობა. მე კორანტენი ვარ. მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მაქვს. ყველას მოვწონვარ. მე კი მხოლოდ გრეგუარი მიყვარს, რომელიც არ არის გეი.
გამარჯობა. მე მარჯვენა ხელზე ფრჩხილებს არ ვიჭრი და კლასიკურ გიტარაზე ვუკრავ. ჩემი მეგობარი ჰიუგო, რომელიც ფრჩხილებს იკვნეტს, მაინც უფრო მეტ გოგოს აბავს, ვიდრე მე.
გამარჯობა. მე სილვი ვარ. მე ის გოგო ვარ, ლამაზ გოგოებს რომ ემეგობრება და თვითონ მახინჯია.
გამარჯობა. მე ჯონი ვარ. მიყვარს ვისკი და სიგარა. ვოცნებობ პორნოფილმში გადამიღონ, მაგრამ ჩემი პენისის ზომის გამო, ეს წარმოუდგენელია. ოცნებები არ ხდება, ეს ამერიკა არ არის.
გამარჯობა. მე სვეტლანა ვარ. გუშინ დამირეკეს სარეკლამო სააგენტოდან. თვით სააგენტოს შეფი სერჟი მელაპარაკა. რეკლამაში გადაგიღებ, ოღონდ რაღაც უნდა შემისრულოო. ხვალამდე მაქვს დრო მოსაფიქრებლად.
გამარჯობა. მე ვლადიმირი ვარ. დღეს მაკდონალდში დამატებით საათებს ვმუშაობ. შაბათ-კვირას ლუსის კინოში დაპატიჟება მსურს. ლუსის ფულიანი ბიჭები უყვარს. ტანსაცმელს მეგობარი მათხოვებს.
გამარჯობა. მე იაკუბუ ვარ. მამაჩემი აფრიკელია, დედა – ფრანგი. ყველას გონია, რომ დედა მამას დიდი პენისის გამო გაყვა ცოლად. მეზიზღება ჩემი დიდი პენისი.
გამარჯობა. მე როჯერი ვარ. მე შვეიცარიელი ვარ. არ მიყვარს ფედერერი და არც საათს ვატარებ.
გამარჯობა. მე გიორგი ვარ. ვსწავლობ და უმუშევარი ვარ. საღამოობით ლუდს ვსვავ და მერე ვიძინებ. არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ.
გამარჯობა. მე ნათია ვარ. მე მიყვარს ლევანი. ლევანი იდეალური მამაკაცია. ყოველთვის მზადაა წამიყვანოს მდიდრულ კაფეებსა და ბარებში. იმ დღეს სენატში მაგარი გავერთეთ.
გამარჯობა. მე უფუკი ვარ. მამამ არ იცის, რომ გეი ვარ. ჩემ სოფელში ამის გამო მომკლავენ. ერთი სული მაქვს როდის წავალ აქედან. ამბობენ სტამბულში უფრო მეტი თავისუფლებააო.
გამარჯობა. მე ლეონი ვარ. მესამე დღეა ზახოდზე ვჩალიჩობ. მაგრად გაიშვიათდა წამალი.
გამარჯობა. მე ჰიდეტოში ვარ. დღეს თმები ლურჯად შევიღებე. ამ თვეში უკვე მესამედ ვიცვლი თმის ფერს. არ მინდა სხვებს ვგავდე.
გამარჯობა. მე ტანტალო ვარ. ჩემ სოფელში ყველაზე ძლიერი და მოქნილი მე ვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში და ნადირობა. ყანაში მუშაობა მეზარება, მაგრამ მიწევს. მეზობელ სოფელში ერთი გოგო მომწონს. მალე ცოლად მოვიყვან.
გამარჯობა. მე დერიკი ვარ. ჩვენ გეტოში ყველა ქურდობს. ორი გზა გაქვს – უნდა იქურდო ან მშენებლობაზე იმუშაო. მე კალათბურთელობა მინდა.
გამარჯობა. მე მელისა ვარ. ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში ორივე ფეხი დავკარგე. დასანახად ვერ ვიტან სავარძელს, რომელშიც მთელ დღეებს ვატარებ. ვფიქრობ სუიციდზე, მაგრამ ვერ ვბედავ. ზუსტად ერთი წელია სახლიდან არ გავსულვარ. ინტერნეტში ყველას გონია, რომ კიმი მქვია.
გამარჯობა. მე გულივერი ვარ. ჩვენ ცირკში ვმუშაობთ. კვირაში ერთხელ პუბლიკა მხურვალედ გვეგებება ჩვენ, ჯუჯების ოჯახს. მამამ ჩემზე განსაკუთრებულად იზრუნა და შესანიშნავი სახელი შემირჩია.
გამარჯობა. მე იათამზე მქვია. მთელი სკოლა დამცინის სახელის გამო. იამზე მაინც ვყოფილიყავი, იას დამიძახებდნენ. ახლა მოფერებით იათას მეძახიან.
გამარჯობა. მე პოლი ვარ. მე მახინჯი ვარ. დიდი ხანია ველი მას, ვინც ჩემი სულის სილამაზეს დაინახავს.
გამარჯობა. მე ჟანი ვარ. მევასება ჩერჩეტი გოგონები. პატარა პრინცის ისტორიებს ვუყვები და გონიათ, ავტორი მე ვარ. გიჟდებიან მელიისა და ბავშვის მეგობრობის ისტორიაზე. ხანდახან სველდებიან კიდეც.
გამარჯობა. მე კევინი ვარ. ერთი სული მაქვს თავი დავაღწიო ნიუ-იორკულ ცხოვრებას. არ მესმის, რატომ ისწრაფიან უცხოელები ასე თავზეხელაღებულად ცათამბჯენებისკენ?
გამარჯობა. მე ჰერბერტი ვარ. მე არ მომწონს ჩემი სახელი. ძალიან ვდარდობ, რომ თმები მცვივა.
გამარჯობა. მე ლუსი ვარ. შენ?

Read Full Post »

*ადამიანი რომელსაც ადვილად მოსდის ცრემლები

– ცრემლები მოიწმინდე ბიჭო, ქალი ხომ არ ხარ?
– ოო, რა გინდა რა. გამანებე თავი. არ ვტირი. უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა.
ის ყოველთვის სევდიანდება როცა მასზე ფიქრობს. თვალები ცრემლებით ევსება და წყლის მარილიანი წვეთები მზად არიან თავი დააღწიონ მისი თაფლისფერი თვალების ტყვეობას.
– ხომ არ გეტირება პატარა ბიჭი?
მეგობრის თავში წამორტყმა და დამცინავი ტონით ნათქვამი ფრაზა ცრემლებს ტყვეობაში ტოვებს, ბიჭის ემოციებს კი საგულდაგულოდ მალავს მოჩვენებითად ცივი სახის უკან.
– არა, რა ვტირი… თვალში რაღაც ჩამივარდა რა. ნუ იცი ხოლმე ამოჩემება. იმის მერე არც მიტირია.
პირველად მამამ დასცინა. სულ პატარა იყო. იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა და უცბად ცრემლები წამოუვიდა. სიხარულით აღივსო. არასდროს დაავიწყდება ის გრძნობა, რაც უეცარი წამოტირების პირველი შემთხვევისას განიცადა. მერე მამამ ირონიულად მისცა შენიშვნა და მკაცრი ტონით დააყოლა, რომ კაცები არ ტირიან, თანაც ასე ტყუილუბრალოდ. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ არ ტიროდნენ კაცები. მერეც ვერ მიხვდა, უბრალოდ მერე აღარ… აღარ ტიროდა. არ უნდოდა ვინმესგან დამცინავი შენიშნვა მიეღო.
– ხოდა ეგრე რა, ნუ იცი ხოლმე ეს დასევდიანებები. იმენა მაგარი ქალიშვილური ზახოდები გაქვს ხანდახან რა.
თავიდან ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. არადა აუცილებლად უნდა გაეგო, როდის და რატომ მოსდიოდა ცრემლები. ამის გარეშე ვერ შეძლებდა თავის შეკავებას და კიდევ ერთხელ შერცხვებოდა მამის და საზოგადოების წინაშე.
მეოთხე კლასში ყველაფერს მიხვდა. ოქტომბერის შუა რიცხვები იყო. უფრო ზუსტად კი – 15 ოქტომბერი. ეს დღე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაბადების დღე. მაშინ პირველად გაიგო ცრემლდენის მიზეზი. მიზეზი კლასში საკუთარი ფეხით შემოვიდა, გაშლილი თმებითა და აციმციმებული თვალებით. მასწავლებელმა მაინცდამაინც მის გვერდით დასვა, არადა კლასში მეორე ადგილიც იყო თავისუფალად დარჩენილი.
– გამარჯობა, მე ანა ვარ. გინდა დასვენებაზე ერთად ვითამაშოთ?
გოგოს სიხარულით მოციმციმე წყლიანმა თვალებმა და დასვენებაზე ერთად თამაშის შესაძლებლობამ მასში ცრემლების ვუკლანი გააცოცხლა.
– კ-ი.
ენის ბორძიკით უპასუხა გოგონას. ალბათ რამოდენიმე წლის მერე, როცა ანა გათხოვდა და გრძელთმიანი და წყლიანთვალებიანი ბავშვები აჩუქა ნაცრისფერ ქალაქს, მას ჯერ კიდევ ახსოვდა პატარა ბიჭი, რომელიც ცრემლიანი თვალებით ეთამაშებოდა დაჭერობანას. ცოტათი შეეშინდა კიდეც. თუმცა მხიარულმა და გულიანმა სიცილმა მიახვედრა, რომ ბიჭის ცრემლები საშიში არ იყო. მერე დიდხანს თამაშობდნენ, სანამ ანა გათხოვდებოდა.
– გამოფხიზლდი შე ჩემა, რა გჭირს რა! შენი საქმეზე წამოყვანა არ შეიძლება რა! ხანდახან მაგრად გაუბერავ ხოლმე იმენა. შევედით უკვე და ახლა მიდი, დატრიალდი და 15 წუთში გასასვლელში გაიჩითე.
მეოთხე კლასის მერე დიდი ხანი აღარ უტირია. შეკავება ისწავლა. იცოდა როდის გადაწყვეტდნენ მისი ცრემლები სააშკარაოზე გამოსვლას. მიზეზი საკმაოდ ბანალური იყო – საკმარისი იყო დაენახა გოგონა, რომელიც უყვარდა, რომ მისი თვალები სასიამოვნო სისველეს გრძნობდნენ, ხოლო გული ბედნიერებისგან ორჯერ უფრო სწრაფად იწყებდა ფეთქვას. მაგრამ რად გინდა, თითქმის ყოველთვის თავს იკავებდა. როგორ გინდა საჯაროდ იტირო, როცა კაცი ხარ? თანაც ქალაქში, სადაც ქალებიც კი მხოლოდ პანაშვიდებსა და გასვენებებში ტირიან. მერე იყო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართული ბანკეტი. ცოტა დალია და კონტროლი დაკარგა. მთელი საღამო თავს არიდებდა, ბოლოს კი საცეკვაო მოედანზე შემთხვევით თვალებში შეხედა. დღემდე ახსოვს როგორ დასცინა მთელმა სკოლამ, მათ შორის ღიპიანმა სკოლის დირექტორმაც.
– მე აქედან გავალ, შენ იქითა გასასვლელით გადი და მერე შევხვდეთ ჩვენს ადგილას. მოსულა?
ბანკეტის მერე აღარ უტირია. ვაჟკაცურად დაამთავრა უნივერსიტეტი და დიპლომიც აიღო. სამსახურის დაწყებაზე უარი თქვა და სახლში ჩაიკეტა. ხალხს ერიდებოდა, არ უნდა ხალხის დასაცინი გამხდარიყო. ფული სჭირდებოდა, ამიტომაც ბავშვობის მეგობარ გიოსთან ერთად პატარა ბიზნესი წამოიწყო: ღამით “საშოვარზე” გადიოდნენ, ხან რომელ მაღაზიას ძარცვავდნენ ხან რომელს. მეორე დღეს მოპარულ საქონელს “ასუხარებდნენ” და ამით ირჩენდნენ თავს. ამ საღამოსაც საქმეზე იყვნენ. მან ყველაფერი კარგად გააკეთა, გასასვლელიდანაც ისე გავიდა, ვერავინ შეამჩნია და ის იყო გიოსთან შესახვედრად ქუჩა უნდა გადაეჭრა, რომ უცბად ნაცნობი ხმა შემოესმა.
– ნიკა ნუ გარბიხარ! მანქანები დადიან. მოდი ჩემთან მალე.
ეს ანა იყო. ის ანა, მეოთხე კლასში რომ ატირა და ის ანაც, ბანკეტზე რომ ყველას დასაცინი გახადა.
– ა… ნ-ა?
კბილებში გამოსცრა, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ეს ხომ ანა იყო. მისი ანა. გაუხარდა. ერთ ადგილას გაშეშდა. სიხარულისგან და სიამოვნებისგან ვეღარ მოძრაობდა და არც სურდა. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო თავი ბედნიერად. მისთვის დრო გაჩერდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა, სამაგიეროდ კი ანა შეიძინა.
– არ გაინძრეთ! ხელები მაღლა ასწიეთ და ძირს დააგდეთ ნაქურდალი! თქვენ დაპატიმრებული ხართ და გაქვთ დუმილის უფლება!
ანა გაკვირვებული უყურებდა. მერე ბავშვებს თვალებზე ხელები ააფარა. კარგად დააკვირდა დაპატიმრებულს და ამოიცნო ის პატარა ბავშვი, აცრემბელბული დაჭერობანას რომ ეთამაშებოდა. მერე ის ბიჭიც გაახსენდა, საცეკვაო მოედნის შუაგულში რომ აუვარდა ტირილი და მთელმა სკოლამ დასცინა.
– ზოგი რა უცნაურია, ღმერთმანი. წავედით ბავშვებო.
საპატრულო პოლიციის მანქანამ დამნაშავე განყოფილებაში გადაიყვანა. მას მთელი გზა არ შეუწყვეტია ტირილი. კარგად იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ბედნიერი წუთები იყო. მას აღარასდროს უტირია. დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ იგი უსულო მდგომარეობაში გადაიყვანეს ციხის მორგში. მას ცრემლები დაუშრა.

Read Full Post »