Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘პარიზი’

*Champs – მინდვრები (იკითხება როგორს “შამ”: წარმოითქმის ცხვირისმიერად)

მარი ჩემი ცხოვრებიდან რეკლამასავით გაქრა. გულში კი დაუკმაყოფილებლობის, სისუსტის და უსუსურობის აუტანელი შეგრძნება დამიტოვა. წარმოიდგინეთ, ტელევიზორში რომ უყურებთ მადისაღმძვრელი პროდუქტის რეკლამას, რომელიც ნახევარ წუთში მთავრდება, თქვენ კი რეკლამით მადააღძრულს და სასურველი პროდუქტის უქონლობით პირშიჩალაგამოვლებულებს გტოვებთ. დაახლოებით ასე მომივიდა მეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არც რეკლამა დამთავრებულა და სასურველი პროდუქტიც ჩემს ხელთ იყო. უბრალოდ, ისევ და ისევ ჩემი დაუდევრობის გამო, ავდექი და ერთი ხელის მოსმით ჯერ ტელევიზორი გამოვრთე, შემდეგ კი პროდუქტი მოვიცილე თავიდან. ყველაფერი კი ზუსტად ასე მოხდა…
ბავშვები სულმოუთმენლად ველოდით სკოლის დამთავრებას. საატესტატო გამოცდები ყველაზე რთულად დასაძლევი ბარიერი იყო, ამიტომაც ბოლო ორი თვე მუდმივ მეცადინეობასა და ნასწავლი მასალის გადამეორებაში გავატარეთ. ერთმანეთს კონსპექტებს ვთხოვნიდით და კვირაში რამდენიმეჯერ ერთადაც ვმეცადინეობდით. გართობისა და განტვირთვისთვის ცოტა დრო გვრჩებოდა, რადგან მთელი პირველი და მეორე სემესტრი უსაქმურობაში გავლიეთ, იმის იმედით, რომ ბოლო სემესტრში ყველაფერს მოვასწრებდით. ხოდა, წლის ბოლოს სხვა გზა აღარ გვქონდა: ატესტატის გარეშე ჩვენ მიზნებს ვერასდროს მივაღწევდით. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემი კლასიდან მხოლოდ ერთმა ვერ შეძლო ატესტატის აღება და მომავალ წელსაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლის რანგში მოევლინა ჩვენს ლიცეუმს.
პარიზში ერთი გადასარევი ტრადიციაა: ბოლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ (როდესაც არდადეგები უკვე ოფიციალურად იწყება, მოსწავლეები კი მხოლოდ ფორმალურად ელოდებიან შედეგებს) ყველა მოსწავლე ერთად იკრიბება მარსის მინდვრებზე. ღამისთევა გახარებული ადამიანების გარემოცვაში ცოცხალი მუსიკისა და სასმელის თანხლებით, საუკეთესო საშუალებაა დაძაბული წლის დასავიწყებლად. ეს ტრადიცია არც ჩემ დროს დაირღვა. გამოვედით თუ არა ბოლო გამოცდიდან, ლიცეუმის კარებთანვე შევთანხმდით, რომ ჯერ ჩემ სახლში დავლევდით რამოდენიმე ჭიქას, საღამოს კი პარიზელ სკოლადამთავრებულებს შევუერთდებოდით მარსის მინდვრებზე.
ყველაფერი კარგი უცბად ხდება. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მარსის მინდვრებზე ამ დღემდეც ხშირად ვათენებდით ღამეებს, ამიტომ ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენდა. ტრადიციულად ვისხედით წრიულად, რათა ერთმანეთისთვის თვალებში გვეყურებინა. ვსვამდით, ვთამაშობდით, ათასგვარ ისტორიებს ვყვებოდით, ვმღეროდით, ვუკრავდით. ნაცნობ-მეგობრების წრე ნელ-ნელა იზრდებოდა. 2 საათის მერე უკვე იმასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, იცნობდი თუ არა ადამიანს: თავისუფლად შეგეძლო მისვლა, ნებისმიერ თემაზე საუბარი, მისი ბოთლიდან ერთი ყლუპის მოსმაც კი – არჩევანი დიდი იყო. გამთენიისას კი მოხდა ის, რაც ასე მოულოდნელი იყო ჩემთვის.

მარი მეგობრებთან ერთად მოშორებით იჯდა ბალახზე. დანახვისთანავე მიიპყრო ჩემი ყურადღება. მეგობრებთან ერთად ისე მოვაწყვეთ ყველაფერი, რომ რამოდენიმე წუთში ერთად ვისხედით ყველანი. ვმღეროდით, ვსაუბრობდით, ვსვამდით. თითქოს ყველაფერი იგივენაირად იყო. მე კი მხოლოდ მარის ვამჩნევდი იმ მომენტში. სხვა არავინ და არაფერი არ არსებობდა. დიდხანს ვისაუბრეთ გათენებამდე, ბოლოს სახლამდე მივაცილე და ნომრები გავცვალეთ. მეორე დღესვე დავურეკე და გავისეირნეთ. მესამე დღესაც იგივე გავაკეთეთ, მეოთხე დღესაც. მეათე დღეს უკვე ერთად ვიყავით და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ორი კვირის შემდეგ კი… ერთმანეთს დავშორდით, მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი აურზაურისა და “ვაი-ვუის” გარეშე. რატომ დავშორდით? ჩემ გამო: ტყუილი ვერ ავიტანე. უფრო სწორად ის ვერ ავიტანე და გადავხარშე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ მითხრა. მერე რა რომ მე არ მიკითხავს? თვითონ მაინც უნდა ეთქვა. დღეს ალბათ ვაპატიებდი, მაშინ სხვა დრო იყო. ყველაფერი კი მისი მეგობრის, სტეფანის ბრალი გახლდათ. სტეფანის მე მოვწონდი და ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ ვერაფერს რომ ვერ გახდა ჩემთან, გაბრაზებულმა მარიზე სიმართლე მითხრა, რომელიც ისეთი ძნელად ასატანი იყო, რომ იმ დღესვე დავშორდი მას. აღმოჩნდა, რომ მარის უკვე 3 წელია, რაც შეყვარებული ყავდა. ვისაუბრეთ, მოვისმინე თავის მართლებაც, არგუმენტებიც… მაგრამ იმ მომენტში გონებამ ძალა დაკარგა და მხოლოდ გულის კარნახით ვმოქმედებდი.
ასე დასრულდა ჩვენი ორკვირიანი სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება თან. მარიმ ჩამინერგა იმედი, რომ შეიძლება ადამიანი ერთდროულად მზრუნველი, კეთილი, ჭკვიანი და საინტერესო იყოს; მარიმ მასწავლა მოფერება, სიყვარული, ჩახუტება, კოცნა. საინტერესოდ შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და საინტერესოდვე წავიდა. ყოველთვიურად ვწერთ ხოლმე ერთმანეთს, ის თავის ამბებს მიყვება, მე ჩემსას. რა მოხდებოდა, მე რომ გონებით მემოქმედა და არა გულის კარნახით? ალბათ ახლა ისევ პარიზში ვიქნებოდი და მასთან ერთად ბედნიერად და თან ყველასთვის შეუმჩნევლად ვიცხოვრებდით. რა მოხდა მას შემდეგ რაც მარი დავკარგე? მე მაინც ბედნიერი ვარ. მარის წყალობით ვისწავლე, რომ ურთიერთობები არასდროს არ უნდა დამყარდეს მხოლოდ გრძნობებზე. მადლობა მარი, მადლობა ყველაფრისთვის და შეხვედრამდე პარიზში. ჩემთვის შენ და ეს ქალაქი ყოველთვის სინონიმებად დარჩებით.

Advertisements

Read Full Post »