Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘კულტურა’

მე.
მე.
მე.
მე თავისუფალი ვარ.
მე. მე. მე.
მ. მ. მ.
მე შოვინისტი ვარ.
მე მე მე – მეეეეე!
მე არ მიყვარს სომხები.
მე იმ დღეს სადღეგრძელო დავლიე.
მე არ.
მე რა თქმა უნდა განსხვავებული მოვითხოვე.
მე. მე-თქმევინება.
მე ავიღე განსხვავებული.
მე რიხიანად დავიყვირე “რუსეთის დედას შევეცი”.
მე-ებმა დასჭექეს: ამინ!
მე-ამინება.
მე დავლიე.
მე კმაყოფილი ვარ.
მე ნამდვილი ქართველია.
მე.
შენ?
ამას აქ რა უნდა?
ვინ მისცა უფლება აქ ყოფილიყო?
მე, სასწრაფოდ მომაცილე აქედან ეს უზრდელი.
მე.
მ – ე.
მე-ორე, მე-სამე, მე-ოთხე, მე-ხუთე.
მე-ასი ათასე ქართველი.
მე თავი დავკარგე მეტეხის ხიდზე.
მე სომეხი ვარ.
მე.
მე გავყიდე საქართველო.
მე.
მე ქართველი ვარ.
მე ქუჩაში ნაგავს ვყრი.
მე ქართველი ვარ.
მე.
მე მიყვარს პატრიარქი.
მე ქართველი ვარ.
მე.
მე მძულს სომეხი.
მე ვაჟკაცი ვარ.
მე ვიცი.
მე ვიცი რა მითხრეს.
მე ვაკეთებ იმას რაც მითხრეს.
მე მძაგს ქალი შარვალში.
მე განსაკუთრებით.
მე მიყვარს ფქვილი.
მე.
მ.
ე.
მე ნამდვილი ქართველი ვარ.

Read Full Post »

პოსტი დაწერილია 53 წუთსა და 21 წამში. ზუსტად ამდენი დროა საჭირო Radiohead-ის გენიალური ალბომის, Ok Computer-ის მოსასმენად. პოსტის კითხვისას რეკომენდირებულია Exit Music-ის მოსმენა. ეს პოსტის ექსტრემალურ პირობებში დაწერის პირველი მცდელობაა. თუ მოგეწონებათ, კიდევ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ექსპერიმენტებს.

დილა საინტერესოდ დაიწყო – ჩემთან უცხოპლანეტენელები მოვიდნენ. ისიც კი არ ვიცი საიდან და როგორ, ყველაფერი უცბად მოხდა: თვალები გავახილე და ისინი ჩემ წინ იდგნენ – გაუნძრევლად მაკვირდებოდნენ წვრილი თვალებით. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მათ გრძელი ყურები, მრგვალი ცხვირი და წაგრძელებული თავები ჰქონდათ. სულაც არა – ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მე ეგრევე მივხვდი, რომ სხვა პლანეტიდან გახლდნენ ჩამოსული. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი უცხოპლანეტელების ნახვასა და მათთან კონტაქტის დამყარებაზე, პირველი რეაქცია მაინც ოდნავი შიშით იყო გაჯერებული, გაურკვევლობისა და სიახლის შიშით. ისინი ხუთნი იყვნენ: სამი მათგანი განუვითარებლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ორი კი პირიქით – ზედმეტად განვითარებულის. სასწაულ ხმებს გამოსცემდნენ – ეს არც საუბარი იყო, არც ყვირილი და არც სიმღერა. მათი კომუნიკაციის საშუალებები და ურთიერთობის მანერა უფრო მეტად სამივე ელემენტის სინთეზს ჰგავდა, რამაც ძალიან მომხიბლა და ერთ ადგილას მიმაჯაჭვა. ვუსმენდი 5 უცხოპლანეტელს და ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი: დედამიწაზე თუ რომელიმე სხვა პლანეტაზე. მე სიამოვნებას ვიღებდი მათთან ურთიერთობით, გაღიმებული შევცქეროდი მათი და ისინიც საკმაოდ გულახდილად ცდილობდნენ საკუთარი ემოციების გადმოცემას სხვადასხვა ბგერების საშუალებით. ეს ყველაფერი მაგიჟებდა, თუმცა ამავდროულად უსაზღვრო ბედნიერებას მგვრიდა.
უეცრად მათში რაღაც შეიცვალა. თითქოს დედამიწაზე გატარებული რამოდენიმე წუთის შემდეგ, ისინი უკვე შეწუხდნენ ამ სამყაროში არსებული სინამდვილით და დაიწყეს გაპროტესტება, ყვირილი, ტირილი… უკვე ადამიანური ენაც შეისწავლეს – როგორც ჩანს ზედმეტად აქვთ განვითარებული შესაძლებლობები. ახლა უფრო გარკვევით მესმის მათი სურვილები, უფრო ცხადად ვხედავ მათ თვალებს, მესმის მათი წარმოთქმული სიტყვები. მათთვის დედამიწა ერთი უსახური პლანეტაა, სადაც ყველა ერთმანეთს გავს და ერთნაირად აზროვნებს, სადაც ყველაფერი დღითიდღე უფრო ნაცრისფერი და ერთფეროვანი ხდება. ისინი ამაზე უკვე ბრაზდებიან და ცოტათი ნანობენ კიდეც საკუთარი პლანეტის დატოვებას. უცხოპლანეტელები ერთმანეთთან რადიოტალღების მეშვეობით საუბრობენ. მეც მსურს რადიოტალღების წაკითხვა ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე, მაგრამ ჯერ არ გამომდის. თუმცა მჯერა, რომ მალე გამომივა. მე ისიც კი მჯერა, რომ მალე ყველაფერი უკეთ იქნება: წვიმა გადაიღებს, მზე გამოანათებს და ჩემ უცხოპლანეტელებთან ერთად გაშლილ მინდორზე ვისაუბრებ რადიოტალღების მეშვეობით. ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს არ არის ცუდი. იმისათვის რომ გააცნობიერო საკუთარი დანიშნულება, აუცილებლად უნდა დაკარგო კონტროლი საკუთარ თავზე, ცოტა ხნით მაინც.

კატასტროფა მოხდა, უპატიებელი შეცდომა მოგვივიდა. ჩვენი უცხოპლანეტელი მეგობარი ამქვეყნიური დაავადებით დაავადდა: ის სხვებს დაემსგავსა და ვეღარ შეიგრძნობს თავისუფლების სუნს. ქალაქის სიბინძურე უკვე მასზეც აღარ მოქმედებს და ის ნელ-ნელა მისი ნაწილი ხდება. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიმოქმედოთ რამე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოთხი უცხოპლანეტელიც დაავადდება და ქვეყნად აღარავინ დარჩება ნორმალური: ყველანი მაკდონალდსში შევჭამთ ჩიზბურგერებს, შემდეგ კი კინოთეატრებში წავალთ პოპ-კორნის და კოკა-კოლის მისაღებად, რადგან ფილმები უკვე აღარავის აინტერესებს. მე აუცილებლად უნდა გადავარჩინო ეს ადამიანი, რათა ხუთი სულიერი მაინც დარჩეს ამქვეყნად, ვინც კინოთეატრში ფილმის საყურებლად ივლის და არა პოპ-კორნის საჭმელად ან მეგობარი გოგოს საკოცნელად. ბოლომდე დავიხარჯები და გადავარჩენ, შეცდომის უფლება არ მაქვს.
ჩემი მეგობარი ნელ-ნელა ფხიზლდება – როგორც ჩანს ჩემმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. მთელი დღე ვასმენინებდი რედიოჰედს და ამან თავისი ქნა – დღის ბოლოს ტომასმა თვალი გაახილა (ეს სახელი მე შევარქვი, რადგან რედიოჰედის მოსმენისას განსაკუთრებული მგრძნობელობით ტომ იორკის ფალცეტებზე რეაგირებდა). დღეს კი ჩვენ უკვე გაქცევას ვგეგმავთ. მე და ჩემი 5 მეგობარი, ხუთი უცხოპლანეტელი – ჩვენ შორს წავალთ; ისეთ ადგილას გადავალთ, სადაც სუფთა ჰაერი იქნება და ჩვენ მწვანე ბალახზე ვიგორავებთ; ჩვენ სხეულებს, მზის მხურვალებით დაღლილს, თავისუფალი და დაუოკებელი ქარი გააგრილებს; საღამოობით კი მთვარის ცქერით დავტკბებით და არასდროს არ გვეგონება, რომ მასზე სტალინის სახეა გამოსახული – ჩვენ შორს ვიქნებით საბჭოური შიშებისგან და ცრურწმენებისგან. ცვლილებების დროა, დიდი ცვლილებების. თქვენ შეგიძლიათ იცინოთ, შეგიძლიათ დაგვცინოთ კიდეც და 6 გამოშტერებული გვიწოდოთ. მერე რა, ჩვენს ოცნებებსა და სურვილებს თქვენ მაინც ვერაფერს ვერ დააკლებთ. ჩვენ წავალთ, ძალიან შორს წავალთ და მივაღწევთ ჩვენ სანუკვარ ოცნებას – სამარადისო სიყვარულს. იცით როგორ სიყვარულს? არასდროს რომ არ გაქრება და არასდროს არ დასვამს შეკითხვას: „მართლა გიყვარვარ?“ თქვენ კი ყველანი გაიგუდებით იმ უჰაერობით, რომელიც თქვენ მიერვე დაბინძურებულ სამყაროშია გამეფებული.

ჩვენ გავრბივართ, ნელ-ნელა უკან ვიტოვებთ უფერულ მასას და ერთმანეთში ათქვეფილ სახეებს. ირგვლივ მოწყენილობა და უჰაერობაა: ვხედავთ საქმიან კაცებს, სამსახურიდან სახლში რომ ბრუნდებიან; იქვე სხედან უსახლკარო მოხუცები, რომლებიც მეტროს თავზე გაშლილ კარვებში ათენებენ ღამეებს, რადგან იქ ყველაზე მეტი სითბო ამოდის მიწიდან; რამოდენიმე მეძავსაც ვხედავთ – ისინი მუდამ ფხიზლად არიან კლიენტის ძიებაში. ისინი ხომ არასდროს იძინებენ, რადგან დღე-ღამის ცნება დარღვეულია მათ მიერ არჩეულ პროფესიაში; რამოდენიმე ბავშვსაც ვამჩნევთ, რომლებიც აქეთ-იქით დარბიან და რაღაცას ეძებენ, ოღონდ თვითონაც არ იციან რას. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენ გადავეყარეთ, ერთი საერთო აქვთ – ისინი დაკარგულები არიან, მათი გრძნობები კი სიცარიელითაა სავსე. მათთვის ტკივილი, სიამოვნება, წყენა თუ სიხარული, ერთნაირად უფერული და ცარიელია. ისინი ვეღარაფერს გრძნობენ, რადგან მათი სულები დაცარიელებულია და მთლიანი ყურადღება ყოველდღიურ რუტინაზეა გადატანილი. ჩვენ სწორედ ამას გავურბივართ – მე და ჩემი 5 უცხოპლანეტელი. ჩვენ გვინდა, რომ გრძნობებით სავსე სული ბოლომდე შევინარჩუნოთ: ხშირად ვიტიროთ და ვიცინოთ; ერთ დღეს მოვიწყინოთ, მეორე დღეს კი – მხიარულებისგან დავიღალოთ. სწორედ ამ მრავალფეროვან ცვლილებებში დავამარცხებთ ყოველდღიურობას და ერთფეროვნებას; მხოლოდ ასე შევძლებთ დავრჩეთ უცხოპლანეტელებად საკუთარ პლანეტაზე. მერე კი ვნახოთ, იქნებ ეს ყველაფერი გადამდებიც გამოდგეს და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, უფრო ბევრი უცხოპლანეტელი გამოჩნდეს დედამიწაზე.
ყველაზე მეტად რა გვიშლის ხელს ვიყოთ თავისუფლები? პირველ რიგში საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები და საზოგადოებაში გათქვეფის გაუცნობიერებელი სურვილი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დავემსგავსოთ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ, ვსწავლობთ, ვსეირნობთ… რატომღაც გვგონია, რომ თუ ვინმე ჩვენგან განსხვავებულია, მაშინ ცუდია. იმისიც გვეშინია, რომ სხვებისგან განსვსხვავდებოდეთ, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება გავირიყოთ „საზოგადოებისგან“. ამის შედეგია ის, რომ ყველანი ერთმანეთს ვემსგავსებით და ჩვენ შორის მხოლოდ ფორმალური ურთიერთობები რჩება. პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა მოვსპოთ შეზღუდვები, გავანადგუროთ ჩვენი „სულის პოლიცია“, რომლის შიშითაც ვერ ვასრულებთ ჩვენს რეალურ დანიშნულებას. ჩვენ ხომ მისჯილი გვაქვს თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, ბედნიერების თავისუფლება. ამის სანაცვლოდ, ჩვენ „საზოგადოების“ მიერ დაწესებული ნორმებით ვცხოვრობთ ბრმად: ნაკლებს ვჭამთ და დილაობით ვვარჯიშობთ, რათა არ გავსუქდეთ; ბევრს არ ვსვამთ, რომ სხვამ ცუდი არ იფიქროს; შეხვედრებზე გამოპრანჭული მივდივართ, ვიცავთ ეტიკეტს და ხელის ჩამორთმევით ვესალმებით ყველას; მანქანას ნელა ვატარებთ, რათა წესრიგი არ დავარღვიოთ; ცხოველებიც გვიყვარს – ისინიც ხომ ჩვენი სამყაროს ნაწილს შეადგენენ; ვიცინით კომედიურ ფილმებზე, ვტირით მელოდრამებზე; ვუსმენთ „ხარისხიან“ მუსიკას და ვგმობთ „უხარისხოს“; პირველ პაემანზე არ ვკოცნით ფრანგულად, რადგან პირველ ჯერზე ზომიერებაა საჭირო; მეორე კოცნის დროს უკვე ინტენსიურად ვიყენებთ კოცნის ფრანგულ ტექნიკას (ზოგი კარგად, ზოგი ცუდად). ეს ყველაფერი კარგია, სასიამოვნოც კია ასე ცხოვრება – წესრიგის დაცვით, ზომიერების შენარჩუნებით და მომღიმარი სახით. მაგრამ თუ ასე მხოლოდ იმიტომ ცხოვრობ, რომ საზოგადოებაშია დადგენილი, მაშინ პირიქით – საშინელებაა ეს ყველაფერი. ცხოველები მართლა უნდა გიყვარდეს და არა იმიტომ, რომ ასეა მიღებული; კომედიებზე მხოლოდ მაშინ უნდა გაიცინო, როცა ნამდვილად მოდის გულიდან მხიარულების იმპულსი. არც ყველა მელოდრამაზეა ტირილი საჭირო, რადგან ზოგიერთი მათგანი იაფფასიანი ნაგავია. ჩვენ, მე და ჩემი ხუთი უცხოპლანეტელი მეგობარი. სწორედ ამას ვებრძვით – გრძნობათა და ემოციათა სიყალბეს. გამოგვყევით ჩვენ! უცხოპლანეტელობა არც ისეთი ცუდია, როგორც თქვენ გგონიათ.

Read Full Post »

დღეს გურამმა დამირეკა. გურამი ჩემი საუკეთესო მეგობარია – მე-9 კლასის მერე ერთად ვართ და მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემ ცხოვრებაში. გურამმა მითხრა, რომ ცისკარა, ჩვენი მეგობარი, გველოდებოდა მრგვალ ბაღთან. გავისეინროთ ჩემი მანქანითო – ასე შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ცოტა ხანში მრგვალ ბაღში ველოდებოდით ჩვენ მეგობარ გიორგის (ცისკარას). რამოდნეიმე წუთი ბაღთან დავრჩით და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, როგორც უინტერესო, ისე საინტერესოზე და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით გიორგის (ცისკარას) სახლთან და იქ გაგვეგრძელებინა ცხოვრებისეული დებატები.
წარმოიდგინეთ სცენა: ქაშუეთის ეკლესიის უკან მდებარე ბაღი, საბავშვო გასართობები, მის გვერდით განლაგებული სკამები და ზედ მოთავსებული რამოდენიმე მეგობარი – მე, გურამი, გიორგი (ცისკარა), გიორგი (ფრუზიკა) და ცოტა ხნის შემდეგ მოსული მარი (გიორგი-ცისკარას მეგობარი). ხუთი ადამიანი, რომლებიც სხედან ყველასგან და ყველაფრისგან დავიწყებული პარკის მარტოხელა სკამზე და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ ცხოვრებას. ბუნებრივია, რომ გაჩნდა განსხვავებული აზრები და დაიბადა ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილი; თუმცა მალევე მივხვდით, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს და საერთოდაც, ნებისმიერი რეალობა მხოლოდ ჩვენ მიერაა აღქმული. ასეა თუ ისე, მე თქვენ გიამბობთ იმ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრების შესახებ, რომელიც გაჩნდა ჩვენი საუბრის შემდეგ.
ცისკარამ ასეთი რამ ვკითხა: “თქვენი აზრით, ცხოვრებაში უფრო მეტი კარგია თუ ცუდიო?” ყველას სხვადასხვანაირი პასუხი გვქონდა – გიორგი-ფრუზიკამ ცუდიო, ასე უპასუხა; მე მხოლოდ კარგს ვხედავ და ჩემი პასუხიც ბუნებრივია “კარგი” გახლდათ; გურამმა საერთოდ ორაზროვნად უპასუხა: “ალბათ კარგიო”. ამის შემდეგ ცისკარამ გვკითხა, თუ როგორ წარმოგვედგინა ჩვენი მომავალი. გურამმა უპასუხა, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ ელოდა: სამსახური, ცოლი, შვილები, ერთ-ორ კვირიანი შვებულება და ყველაფერი სტანდარტული. თუმცა ის ამ ყველაფერს კარგად იღებს და არ თვლის თავს ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანად. აი როდესაც ჯერი ჩემზე დადგა, მაშინ დაიწყო ყველაფერი საინტერესო…
ბუნებრივია, ვეცადე ყველაზე კარგად წარმომედგინა ჩემი მომვალი. გონების ძლიერი დაძაბვა არც იყო საჭირო, რადგან უკვე დიდი ხანია რაც წარმოდგენილი მაქვს ჩემი მომავალი. ალბათ თქვენც გაინტერესებთ, არა? მოკელდ გიამბობთ. ჩემი მომავალი ცხოვრება იქნება შემდეგნაირი: ვიქნები მარტოხელა, რადგანაც არ შემხვდება ქალი, რომელიც შეეცდება ჩემ გადაქცევას ნორმალურ ადამიანად; ვიქნები ცოტათი ლოთი, რადგანაც უკვე ძალიან მიყვარს სასმელი; გავხდები არშემდგარი მუსიკოსი, რომელიც მუდამ იწუწუნებს იმაზე, რომ სუბიექტური მიზეზების გამო მისი სიმღერები არ დააფასეს; შიგადაშიგ, თვეში ორჯერ, მოვიხმარ რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებას – ალბათ სიიაფის და ხელმისაწვდომობის მიხედვით; საბოლოო ჯამში კი მოვკვდები ახალგაზრდა, 50-55 წლის, ყველასგან მივიწყებული, ისე რომ შთამომავლობასაც კი არ დავტოვებ. ასე წარმომიდგენია მე ჩემი მომავალი. თუმცა მე იმასაც ვამბობ, რომ  ვცდილობ ასეთი მომავლის თავიდან აცილებას და ჩემი ცხოვრების შეცვლას. თუმცა ცისკარამ მკაცრი ვერდიქტი გამომიტანა: რადგანაც შენ ასე წარმოგიდგენია შენი მომავალი, ე.ი. შენ მოგწონს კიდეც ისო. ასე რომ, ცხოვრების ბოლოს მე იქნები ლოთი და მარტოხელა მუსიკოსი. ვნახოთ, ვნახოთ. ხმამაღალი განაცხადია ბატონი გიორგი-ცისკარას მხრიდან.
ასეა თუ ისე, ჩვენი ბაღის საუბრებიც მალე დამთავრდა და მე, გურამი და ფრუზიკა სახლში დავბრუნდით. საბოლოოდ მე და ფრუზიკა შემოვრჩით ჩვენ იტალიურ ეზოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გვეყიდა ლუდი და ძილის წინ ოდნავ შეზარხოშებულებს ჩაგვეთვლიმა და გვეთქვა ნახვამდის ამ ყოველდღიური რუტინისთვის. მე დავლიე ორი “ნატახატარი ექსტრა” და ახლა ძალიან კარგ ხასითზე ვწერ ამ პოსტს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს ჩემი მომავალი. ჩემთვის მთავარია ორი რამ: (1)ვგრძობდე თავს კარგად და (2)ვუყვარდე იმ ადამიანს, რომელიც მე მეყვარება. თუ ეს ორი რამ ასრულდება, მერე თუნდაც სულ ლოთად და უსახლკაროდ დავღუპულვარ. ცხოვრება მაინც წარმავალია და ყველა კვდება.

Read Full Post »

ოჯახის ფრანგი მეგობრები გვეწვივნენ ყველისა და ბაგეტის ქვეყნიდან: დედა და შვილი – 56 წლის მარტინა და 15 წლის პიერი, მოფერებით პიერო. ეს პიერო მხოლოდ ასაკითაა პატარა, თორემ უკვე მაღალიცაა და საკმაოზე მეტად დაკუნთულიც (განსაკუთრებით გამოკვეთილი მკერდი და სექსუალურად გამობზეკილი უკანალი იქცევს ყურადღებას). მარტინა უმაგრესი ქალია – ამაზე კარგი სიტყვა ვერ მოვიფიქრე მის დასახასიათებლად. ასაკისდა მიუხედავად, ბევრ მასზე უმცროსს ჩაისვამს ჯიბეში, როგორც ჩვენი მამა-პაპა იტყოდა. სამი კვირის მანძილზე იქნებიან საქართველოში და ხშირად მომიწევს მათი “გიდობა”. დღეს პირველი დღე იყო და გზაში გადავწყვიტე, რომ საღამოს მთელი დღის ამსახველი პოსტი დამეწერა. ასე მოვიქცევი ყოველი გიდური დღის შემდეგ და გაგიზიარებთ რა ვნახეთ, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ და ა.შ. უფრო კარგად რომ გავიგოთ, რა აზრის არიან უცხოელები ჩვენზე (ნუ ორი კაცი ვერ იქნება რეპრეზენტატული, მარა მაინც საინტერესო უნდა იყოს წესით).

მამა დავითი – ჯიპიანი მღვდლები, ექსტრემისტი ქალები და აგრესიული დაცვა. ვინაიდან და რადგანაც მთაწმინდაზე ვცხოვრობთ, პირველი ტურისტული დღის დაწყება მამა დავითზე ასვლით გადავწვიტეთ. გზაში მოკლედ ვესაუბრე ასურელ მამებზე, სარწმუნოების განმტკიცებაზე, საქართველოში სამონასტრო ცხოვრების გავრცელებაზე და ა.შ. ისინი ყურადღებით მისმენდნენ, შიგადაშიგ თავს მიქნევდნენ და ძველებური არქიტექტურის საქებარ სიტყვებსაც არ იშურებდნენ: “Qu’est-ce que ces bâtiments sont vieux et en même temps beaux!” (რა ძველი და ამავდროულად რა ლამაზია ეს შენობები). როგორც იქნა ავაღწეით მამა დავითზე. ეკლესიის ასეთ აღმართზე მდებარეობა იმით ავუხსენი, რომ მორწმუნე ადამიანმა ტაძარში მისასვლელად ტანჯული და მძიმე გზა უნდა გაიაროს, რათა უკეთ გააცნობიეროს საკუთარი მიკუთვნება რელიგიისადმი და განიმტკიცოს რწმენა. რამოდენიმე სურათის გადაღების შემდეგ, ეკლესიაში შესვლაც გადავწყვიტეთ. აი აქ დაიწყო სანახაობა: ექსტრემისტი ქალების (ასე შევარქვი 40 წლის ქალიშვილებს, რომლებიც შვებას ღმერთისადმი პლატონურ სიყვარულში პოულობენ) მთელი არმია გვეცა და გარეთ გამოგვაგდო: ეკლესიაში შორტებით შესვლა არ შეიძლებაო. მე ავუხსენი, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მართლმადიდებლები, რომ ისინი უბრალოდ დათვალიერებას აპირებდნენ და ეკლესიასაც აღიქვამდნენ როგორც ისტორიული ძეგლს და არა სალოცავ ადგილს. ისიც შევახსენე, რომ მართლმადიდებლობა პირველ რიგში ტოლერანტობას და მიმტევებლობას გულისხმობს, რომ პირველი ლიბერალები მართლმადიდებლები იყვენენ (თუ დავუჯერებთ გუბაზ სანიკიძეს) და ა.შ. თუმცა, როგორც იტყვიან “ქვა ააგდე და თავი შეუშვირეო”! მერე სიმშვიდის ნიღაბს ამოფარებული აგრესიული დაცვაც მოვიდა და ასეთი არგმუნეტი წამოგვიყენა: “კი მაგრამ, მე რომ მაგათ ეკლესიაში ტრუსიკით შევვარდე, შეიძლებაო?!” არგუმენტია ისეთი, ქვას რომ გახეთქავს და წყალს გამოადენს. ეტყობა მისთვის შორტებსა და მაისურში სიარული იგივეა, რაც ტრუსიკით ტანტალი. მოკლედ, სიტუაცია არ გავამწვავეთ და გავეცალეთ იქაურობას. პანთეონი დავათვალიერეთ და გასასვლელისკენ გავემართეთ. ამ დროს შემოსასვლელში ბოლო მოდელის ჯიპები იდგა. გაკვირვებულ ფრანგებს შეკითხვა დაებადათ: “Ce sont à qui ces belles voitures de luxe?” (ვისია ეს მდიდრული და ლამაზი მანქანები?). პასუხი მგონი თქვენც კარგად მოგეხსენაბათ… ფრანგების პირველი შთაბეჭდილება: ჯიპიანი მღვდლები, ექსტრემისტი ქალები და აგრესიული დაცვა + ლამაზი ბუნება და ხედი (ეს ნამდვილად გვაქვს).

(more…)

Read Full Post »


“მეჩქარება, გავრბივარ” – ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაგვიგონია ეს ჯადოსნური ფრაზა (“ჯადოსნური” არ ასოცირდება “სატანისტურთან”. ასე რომ იმედი მაქვს მართმადიდებელ მშობელთა კავშირისგან ვერანაირ საყვედურს ვერ (არ) მივიღებ). ყველას ეჩქარება: ზოგს სახლში, ზოგს სამსახურში, ზოგს შეყვარებულთან, ზოგს კონკრეტულად არსად და არავისთან – უბრალოდ ეჩქარება. არასდროს არაფერს არ ვაკეთებთ: გამყიდვლები კარგად არ გვემსახურებიან, ბანკის სალაროში თავაზიანად არ მოგვმართავენ, სასტუმროებში ცხვირჩამოშვებული პერსონალი გვემსახურება, უნივერსიტეტში “მეჩემფეხება” ლექტორები და მთქნარებისგან ძალაგამოცლილი ადმინისტრაცია და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მიუხედავად ამისა, ყველას ეჩქარება და ყველა დროის ნაკლებობას განიცდის. უსაქმრუბა, სიზარმაცე და ამავდროულად “დროის ნაკლებობის” განცდა ადრეული ასაკიდანვე გვიჯდება ძვალ-რბილში.

სკოლა. ერთი საყვარელი, “პუტკუნა” და ქერა 7 წლის მეზობელი მყავს. მასზე ასე იტყვიან კეკლუცი თბილისელები: “ჩასაყლაპი ბავშვიაო” (ისე არ მესმის, რატომ უნდა ჩაყლაპო ბავშვი). მართლაც ყველას უყვარს და ყველა ლოყებზე ჩქმეტს; მისთვის ღიაა ყველა მეზობლის კარი და გული. ბავშვიც გათამამებულია, უკვე დაუკაკუნებლადაც კი შედის “მეგობარ” მეზობლებთან. მეორე კლასშია, სკოლაში კი სულ რამოდენიმეჯერ იყო მოსული. არ ვაზვიადებ, მართლა ასეა. როგორ იწყება “ჩასაყლაპი ბავშვის” დილა? “მა, ხაჭაპური მომიტანე რა” – თხოვნა შესრულებულია. “მა, ლობიანიც მინდა რა” – თხოვნა შესრულბულია. “აუ მეზარება რა დღეს სკოლაში” – თხოვნა შესრულებულია. ყოველ დილას, ბავშვის “თხოვნები” სრულდება და ისიც ნელ-ნელა ეჩვევა სიზარმაცეს, უარს ამბობს სკოლაში სიარულზე და ძვალ-რბილში უჯდება ქართული ხასიათი, “მეჩქარება-გავრბივარ” სინდრომი.

(more…)

Read Full Post »

არ დავიჯერებ ვინმე თუ მეტყვის თბილისური ბირჟები არ მიყვარს და არც ვდგავარ ხოლმეო. არ დავიჯერებ და მორჩა! თუ ერთხელ მაინც არ იდექი თბილისის ბირჟაზე, ბევრი რამ დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში… მე არ ვარ ბირჟის მუდმივი “ბინადარი”, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ(ამ სიტყვის ორივე გაგებით) უბანში – ვორონცოვზე ვცხოვრობ, წელიწადში რამოდენიმეჯერ აუცილებლად მიწევს ჩვენი უბნის საპატიო ბირჟის გამაგრება. აქ უზომო მრავალფეროვნებაა: გაიგონებ ყველანაირ იუმორს – სასაცილოსაც და სატირალსაც; მოისმენ ყველაფერს – ხშირ შემთხვევაში უაზრობას, საზიზღრობას და ბილწსიტყვაობას, თუმცა ალაგ-ალაგ ჭკვიანურსაც გამოკრავ ხოლმე ხელს(თუ ყურს, თუ როგორცაა, რა მნიშვნელობა აქვს); ნახავ ყველანაირ ადამიანებს – ძველებს, ახლებს, მაღლებს, დაბლებს, გამხდრებს, მსუქნებს, ქერებს, “რიჟებს”, შავტუხებს, მშიშრებს, გაბედულებს, დაოჯახებულებს, დასაოჯახებლებს, შიგადაშიგ ქვრივებსაც კი (ამ ბოლო დროს “ფარულ” ჰომოსექსუალებსაც, რომლებიც ჰეტეროობენ უბნის დასანახად, ლოგინში კი ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებიან ხოლმე); გადააწყდები მულტინაციონალურ პალიტრას – ერთი-ორ რუსს (მათი რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა, ჩემდა გასაკვირად), ბევრ სომეხს (ღმერთო ადიდე მესროფ მაშტოცი), ცოტა აზერბაიჯანელს (მარნეულში გადავიდნენ, უფრო დიდ “ბირჟაზე”), საკმაო რაოდენობის ქურთს (“კურო ვარე?”) და უთვალავ ქართველს (ნამდვილ მუჟიკებს);

სასაუბრო თემები. რომ დაფიქრდე მთელი დღე საუბრობენ და ალბათ რამდენი რამის განხილვას ასწრებენ არა? პრინციპში ეგრეცაა. მეორე საკითხია რამდენად საინტერესო საკითხებზე “მსჯელობენ”. “აუ ლევან, ბრატ, რომას ორიანი მოვა ხვალ?”“რავი ნიკუშ, რომა გასვლაზე “ტეხავს” ხოლმე და რა გითხრა ბრატ. ისე გამაზე ერთი 500 ლარიანი, შენი რა მიდის, მაგის დედაც ტო!”. ლევანიც უჯერებს ნიკუშას, “მაზავს” 500 ლარს რომაზე და აგებს. წაგების შემდეგ სულ სხვანაირ დიალოგია მათ შორის: “ნიკუშ ძმაო, სად გავჩითო ახლა 500 ლარი? ასეთ პონტში პირველად ვარ ტო. მე და უბანში ფული ვერ გავჩითო? გავგიჟდები რა!” “კაი რა მოგივიდა, სიმონ. ხო იცი როგორ მომრავლდნენ “კრიჟანები”, ამათი დედაც ვატირე მე, 500 ლარს არავინ მოგცემს რა!”. ცოტა ხნის მერე ვიღაცის მობილურს დაალომბარდებენ, მერე ვინმე “გულკეთილი” ერთ 100 ლარს  აჩუქებს და ასე “შეკრავენ” დაახლოებით 500 ლარს. ასე დამთავრდება ერთი დღის აზრიანი საუბარი და ლევანსაც არ მოუწევს ჭრელების ჩაცმა და უბანში სახელგატეხილი სიარული. ერთი ისაა, რომ ნერვიულობისგან რამოდენიმე ჭაღარა მიემატება შავტუხა თმაში.

საყვარელი საქმიანობა. “ბიჭო რა ვქნათ დღეს?”“დავლიოთ, შე ჩემა”. 3.50ლარი ერთი ბოთლი გომი “ორიგინალი”, 1.65ლარი ერთი ზეიკიძის ძეხვი, 65თეთრი – შავი პური – ესეც 5.70 ლარად გაწყობილი სუფრა. “სად მოვსხდეთ?” – ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მარადიულ პრობლემას წარმოადგენს “ბირჟავიკებისთვის”. ადრე უბანში გაჩერებული მანქანების “კაპოტებზე” ნადიმობდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა ჟიგულების რაოდენობა თითქმის ნულს გაუტოლდა და მერსედესის “კაპოტზე” ქეიფი კიდევ არ გამოვა რა, მაინც გერმანულია ტო. არსებობს მეორე ვარიანტი: რომელიმე მყუდრო, ყველასგან მოფარებული სადარბაზო; ან ხიდთან, მტკვირს სანაპიროზე – ლამაზი ხედიცაა და თან შენთვის, მყუდროდ იქნები. თუ დათვრები და ბანაობა მოგინდება, მტკვარიც იქვეა. ასე რომ, რაც გინდა სულო და გულო!

საყვარელი საქმიანობა 2. ნებისმიერი ბირჟა წარმოუდგენელია ცხარე “დებატების” გარეშე. დებატები მიმდინარეობს ყველანაირ თემაზე: ფეხბურთზე, ტოტალიზატორზე, მანქანებზე, ქალებზე, კაცებზე, კაი ბიჭებზე, ჩმორებზე, დედებზე, დებზე, ძმებზე და ა.შ. რა გამოლევს მათი წარმოსახვის ამოუწურავ და დაუშრეტ წყაროს? იმ დღეს შემთხვევით მოვკარი მეზობელ ბირჟაზე გამაგრებული ორი თინეიჯერის ანუ “პაცანას” საუბარს:”აუ ბიჭო, რაგბი უფრო ისეთია რა: დარბიხარ, სრიალდები, ურტყავ” “კი ეგრეა. სხვათაშორის კალათბურთი რაღაცით გავს რაგბს: იქაც ხელით უტევ და აქაც.” “რაგბში 13 კაცი თამაშობს არა?” “კი, ეგრეა. კალათბურთში 7 თუ 8, ზუსტად არ მახსოვს” – ალბათ შეამჩნიეთ, თუ როგორი ენთუზიაზმით განიხილავს ეს ორი ახალგაზრდა ქართული სპორტის ორ, ასე თუ ისე ნათელ წერტილს. სპორტში მთავარია დაარტყა, წააქციო და გასრიალდე, თორემ “გავარტყი ჩოგბურთს, ორი ტიპი აქეთ-იქით აგდებს რაღაც პატარა ბურთს”.

საყვარელი საქმიანობა 3.“მიყვარს ტო!” “დაგენძრა შე ჩემა?!” – დაენძრა, იმიტომ რომ უყვარს. სიყვარული ხომ კარგია, მაგრამ ამავდროულად ზიანის მომტანიც. თბილისური საფიხვნოს წევრს ან არ უნდა უყვარდეს ან კი ჩუმად უყვარდეს, არავინ რომ არ შეამჩნიოს ისე (ეს ტუალეტში ჩუმად ანანისტობას გავს რაღაცით, მეზობელმა რომ დაგინახოს თავი მოგეჭრება). და მაინც, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა ეს “ოხერტიალი სიყვარული”. უსაქმურობისგან შთამომავლობისმომცემადგილგაყინული ქართველი მამულიშვილები, დალევის, მოწევის და საკაცობრიო თემების გარჩევის შემდეგ გადადიან ამ ფრიად მნიშვნელოვან თემაზე. “ოხ, თამუნია, თამუნია…” როგორ ახსოვს თითოეულ მათგანს პირველი სიყვარული, მისი პირველი ჩამოსეირნება ბირჟის მახლობლად. პირველ რიგში ის უნდა გაარკვიონ, მეგობრის და ხომ არ არის; მერე ისიც უნდა გაიგონ, კაი ბიჭის და ხომ არ გახლავთ ან ნათესაობაში ვინმე ქურდი ხომ არ ჰყავს; თუ ეს ყველაფერი არ გამართლდება, საფიხვნოს წევრსაც დიდი იმედი მიეცემა და აქტიურ ქმედებაზე გადავა. მაინც? იყიდის N რაოდენობის ყვავილებს, დაუწყებს გოგონას დევნას ყველგან და ყოველთვის, უბანში გაავრცელებს ხმებს, რომ ეს “მისი გოგოა” და ა.შ. არსებობს მოვლენების შემდგომი განვითარების ორი ვარიანტი: (1) გოგონა ებმევა ბიჭის მახეში და ბირჟის მბრძანებელი უკვე გოგონას გულის მბრძანებელიც ხდება; (2) გოგონა ყველაფერს ხვდება, არ უნდა გახდეს უბრალო “ხორცი” ბიჭის ხელში(© “ჩემო ქალბატონო”); თუ მოვლენები მეორე გზით წავა, ბირჟის მბრძანებელს ეს სრულებითაც არ დაწყვეტს გულს: “გოგოებს რა გამოლევს?”. თუ მოვლენები პირველი სცენარის მიხედვით განვითარდა, გოგონასა და ბიჭის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება: სადღაც გაქრება რომანტიული, მუდმივად ყვავილებით გამანებივრებელი და მზრუნველი ბიჭი და მის ნაცვლად მკაცრი, ეჭვიანი და სულთამხუთავი რაინდი გამოჩნდება. გოგონაც შეეგუება, რადგან “ეს მისი ბედია, უბანში უკვე დაინახეს ერთად” და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, თორემ მოგბეზრდებათ.

პ.ს. რომელი ტერმინი გირჩევნიათ ისე? “უბნის საკრებულო” თუ “თბილისური საფიხვნო”?

Read Full Post »

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მტკვარზე გადასვლისას არაფერსაც არ გრძნობენ და არც არაფერზე ფიქრობენ. მაქსიმუმ სიგარეტის კოლოფს ან ცარიელ ცელოფნის პარკს თუ გადააგდებენ მდინარეში, რომელიც რატომღაც სანაგვე ყუთი ჰგონიათ ან უბრალოდ არც იციან, რომ არსებობს გამოგონება, რომელსაც ნაგვის ყუთი ეწოდება; არსებობს ერთი განსხვავებული ადამიანი, რომელიც მტკვარზე გადასვლისას ბევრ რამეზე ფიქრობს და სხვანაირადაც აღიქვამს ყველაფერს. ის მოაჯირს უახლოვდება ხოლმე, მაგრამ არა ნაგვის გადასაგდებად. ეყრდნობა მოაჯირს და უცქერს მტკვრის მდინარებას. სხვა ყველა იტყვის, რომ მტკვარი მიდის, ხოლო ისინი კი ერთ ადგილას დგანან. ეს ადამიანი კი სულ არ ფიქრობს ასე: მას სჯერა, რომ წყალი ერთ ადგილას დგას, თვითონ კი გემზეა და მიაპობს ტალღებს. ის განსხვავებულია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაფერზე ფიქრობენ, რომლებსაც არაფერი ადარდებთ; არც ამ ცხოვრების ერთფეროვნება აწუხებთ, არც უმიზნობა და არც უსაქმურობა; ისინი არაფერს აკეთებენ, მხოლოდ უბნის ბირჟებს და დისკოთეკებს “ავსებენ”. არსებობს ერთი განსხვავებული ადამიანი, რომელიც სულ სხვანაირად აფასებს ყველაფერს. ადარდებს შავი საზოგადოების ბედი და ფიქრობს მასზე, ცოტა პესიმისტია და არ სჯერა, რომ სიტუაცია შეიცვლება… თუმცა მთავარი ისაა, რომ ფიქრობს. სხვები არ ფიქრობენ, ეს ადამიანი კი ფიქრობს. ის განსხვავებულია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფორმალობის გარეშე ყველაფერი კარგავს ფასს; მათ არ შეუძლიათ არაოფიციალურად ცხოვრება: ვეღარ სუნთქავენ, ვეღარ ჭამენ და ვეღარც ლაპარაკობენ, თუკი ეს ყველაფერი ფორმალური ხასიათის არაა; არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ არაფერს არ სჭირდება ფორმალიზაცია. მთავარია რას გრძნობ და რა გსურს კონკრეტულ მომენტში, რადგან ადამიანის სურვილები და ფიქრები მარადიულია და არ ემორჩილება “კანონებს” თუ “დოგმებს”. სხვები ფორმალურად ცხოვრობენ, ის კი არა. ის განსხვავებულია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ “წესებით”: იღვიძებენ და იძინებენ ადრე; დადიან სამსახურში/უნივერსიტეტში და მთელი დღის გეგმა საათივით აქვთ აწყობილი: 9-ზე ლექცია, პირველზე სადილი, საღამოს 7-ზე ვახშამი და 11-ზე ძილი – “დილით ადრე უნდა ავდგეთ!” არსებობს ადამაინი, რომელსაც სულ არ აინტერესებს “წესები”: იღვიძებს როცა ეღვიძება, იძინებს როცა ეძინება. შეიძლება სულაც არ დაიძინოს და მთელი ღამე საკუთარ ოთახში, ფიქრებთან ერთად გაატაროს და გათენება მზის ამოსვლამ და ქუჩაში მეეზოვის გამოჩენამ შეახსენოს. არსებობენ “წესიერი” ერთფეროვანი ადამიანები, არსებობს ერთი “უწესო” ადამიანი. ის განსხვავებულია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველანაირ ურთიერთობებში “საზოგადოების” მიერ დადგენილ წესებით იქცევიან: არ ჭამენ პირველი შეხვედრის დროს, ან ჭამენ ძალიან ცოტას; არ იცინიან ბევრს, “სულელად” რომ არ გამოჩნდნენ. არ ლაპარაკობენ ბევრს, საკუთარი “გონიერება” რომ არ გამოავლინონ; კითხვებსაც არ სვამენ, მხოლოდ მოკლე პასუხებით კმაყოფილდებიან. არსებობს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გახსნილად და თავისუფლად იქცევა, არ აწუხებს “კომპლექსნი ამა ქვეყნისანი” და არის ის, რაც არის – ბუნებრივი და სხვანაირი. არსებობენ ერთნაირი ადამიანები, არსებობს ის. ის განსხვავებულია.

“საზოგადოების” დიდ ნაწილს სწორედ პირველი კატეგორიის, არაფრით გამორჩეული და ერთნაირი ადამიანები მოსწონს; ისინიც მათსავით მოსაწყენები და უინტერესოები არიან; მათთვისაც მთავარია წესები, წესები და კიდევ ერთხელ წესები. ყველაფერი “კარგადაა” მაშინ, როცა წესები აკონტროლებს მათ ურთიერთობებს, მათ სუნთქვას, მათ სიარულს, მოკლედ რომ ვთქვათ – ცხოვრებას. საბედნიეროდ მე არ ვეკუთვნი საზოგადოების დიდი ნაწილს. მე არ მომწონს ასეთი ადამიანები. მე მირჩევნია განსხვავებული ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს წესებზე და არც არაფრის ეშინია, ყოველთვის გულახდილია და ამბობს იმას რასაც ფიქრობს; ჭამს – როცა შია და არა “ჭამის დროს”, იძინებს – როცა ეძინება და არა “ძილის დროს”, იღვიძებს მაშინ, როცა მოეპრიანება და არა “როცა საჭიროა”. ხანდახან ყვირილიც უნდა, თუნდაც უმიზეზოდ ყვირილი ღია სივრცეში, რათა სამყაროს გაუზიაროს მისი შინაგანი, ლამაზი ფერები. მე მომწონს განსხვავებული ადამიანი.

Read Full Post »

Older Posts »