Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თანამედროვე ქართული კინო’


ფილმის ბოლოს კადრში ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ტყუპი გოგონები რჩებიან. ისინი სცენაზე თოკით არიან დაკიდებულნი და ვერ ხვდებიან რა ხდება, რატომ არავინ არ აქცევს მათ ყურადღებას და რატომ ისმის დარბაზში სიცილით გაჯერებული აპლოდისმენტები. მერე კადრი სრულდება და ტიტრების გაშვებამდე დიდი ასოებით იწერება ეკრანზე – “Keep Smiling ანუ გაიღიმეთ” და მეც გაღიმებული ვზივარ ჩემს ადგილას და ადგომა აღარ მინდა. ყველაფერს სიზარმაცეს ნუ დააბრალებთ, უბრალოდ ფილმი იმდენად საინტერესოდ შეეხო ჩემთვის მნიშვნელოვან თემებს, რომ ცოტათი მონუსხული, ვცდილობ აქტიურად გავაგრძელო ფიქრი და გავაანალიზო.
“ე, რა კარგი ფილმი იყო” – ალბათ ეს არის პირველი და ყველაზე გულწრფელი რეაქცია. ამდენი ხნის მერე პირველად ვნახე ქართული ფილმი, რომელიც ეხება ყველა იმ საჭირბოროტო საკითხს, რომელსაც ჯიუტად არ განიხილავს ქართული საზოგადოება და ქართული ხელოვნება. გაჭირვება, სიღარიბე, აზარტული თამაშები, დევნილები, სამთავრობო ტაკიმასხარაობები, ხალხის ზომბირებულ მასად გადასაქცევად შექმნილი ტელეშოუები, კონკურსები და კიდევ სხვა მრავალი. “Keep Smiling”-მა ერთად გააერთიანა ყველაფერი ეს და თან ისე, რომ გემრიელად, ერთ ამოსუნთქვაზე საყურებელიც გახადა. გვანცა ქართული რეალობაა. გვანცა ის ნიჭიერი ადამიანია, რომელიც არ ფასდება მხოლოდ იმიტომ, რომ არ ერგება ყველას და ყველაფერს. ლტოლვილი ელენე და მისი ოჯახი საერთოდ ცალკე თემაა. “მიეცი, ოღონდ ისე, რომ მე ვერ გავიგო. გახსოვს შენც იგივე მითხარი, როცა ვყაჩაღობდი ოჯახი რომ მერჩინა.” – ამას ეუბნება ელენეს ქმარი, რომელიც ოთხოთახიანი ბინის და 25000 ლარის შესაძლო მოგებით მთლიანად კარგავს განსჯის უნარს. ოც წელზე მეტხანს უსახლკაროდ ცხოვრება ადამიანს ნამდვილად ცვლს. ეს ტრაგედიაა. სამწუხაროდ ასეთი ოჯახები მრავლადაა, რომელიც ჯერ კიდევ საავადმყოფოებში ცხოვრობენ და წამლის სუნით არიან გაჯერებულნი. ამაზე არავინ საუბრობს. მთავარი სხვა თემებია, სხვა სკანდალები, სხვისი დიპლომები, სხვისი განცხადებები. ცოტამ თუ იცის, რომ აუტანელი სიღარიბის გამო ქალმა თავი მოიკლა. სამაგიეროდ ყველამ იცის, რომ უდიპლომო მინისტრი გვყავს. ეს უფრო საინტერესოა.
ბაიას პერსონაჟიც ძალიან მნიშვნელოვანია. ის პროექტის დამფინანსებლის, ერთ-ერთი გავლენიანი პარლამენტარის მეუღლეა, რომელიც კონკურსში იმისთვის მონაწილეობს, რომ მერე მისმა მეუღლემ ეს ყველაფერი საარჩენო კამპანიის დროს გამოიყენოს რეკლამებსა თუ სხვადასხვა აქციებში. და ეგრე არ არის რომ? დღეს ხომ ჩვენს ქვეყანაში ყველა სახის დახმარება მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ მერე ვიღაცამ ამით პიარი გაიკეთოს. ვაჭარბებ, არის გამონაკლისებიც და ეს კარგია, თუმცა როცა ამ გამონაკლისების გარდა ცუდ მხარეზე არავინ საუბრობს და ტელევიზორებში მხოლოდ იმას აჩვენებენ, თუ როგორ აჩუქა პარლამენტარმა 30 ლარი გაჭირვებულ ოჯახს, მიმაჩნია რომ ჩემი მხრიდან გადაჭარბება და მხოლოდ იმის თქმა, რომ უანგაროდ არავინ არავის ეხამრება, მისაღებია. ხანდახან ჯობია გადააჭარბო და იქნებ ამით მაინც დაფიქრდეს ხალხი, რა რეალური პრობლემებია ქვეყანაში.
ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სცენა საუკეთესო მზარეულის კონკურსი იყო. წეროვანის დევნილთა დასახლებაში ჩასული ხალხი, ორგანიზებული აქცია – უფასო საჭმელი ხალხს. მომენტალურად ის კადრები გამახსენდა, ყველა ერთად რომ აცხობდა ხაჭაპურს თბილისობაზე და მერე რამოდენიმე წამში ერთი ლუკმაც რომ აღარ დარჩა, ადამიანები მუჭებით გლეჯდნენ მათივე გამომცხვარ ხაჭაპურს. მწარეა რეალობა, მაგრამ კარგია, როცა ადამიანი ამ რეალობას ფილმში ასახავს. მწარეა ის რეალობაც, რომ ირინას ოჯახი გამოასახლეს. კიდევ უფრო მტკივნეულია იმის გაანალიზება, რომ მისი ოჯახი მეუღლის გამო გამოასახლეს, რომელიც აზარტულ თამაშებსაა გადაყოლილი. სესხის აღებისას საგარანტიოდ ბინა ჩადო, ხოდა ბანკმაც დაიცვა წესრიგი (და არა სამართალი) და გამოაგდო ოჯახი ქუჩაში. მერე პაპარაციმ შიშველ ირინას ჩუმად გადაუღო ფოტოები და მალე ირინას ძუძუები ჟურნალში დაიბეჭდა, რეიტინგულ ქართულ ჟურნალში, რომელიც არაფერს წერს იმაზე, რომ მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. სამაგიეროდ ბეჭდავს ძუძების ფოტოებს. ირინას მეუღლე დიდად არ შეუწუხებია ამ ფაქტს, მისმა 15 წლის ბიჭმა კი სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა გადაიტანა. ძუძუების თემაზე ვსაუბრობთ და აღნიშვნის ღირსია გვანცას სცენაზე გამოსვლა, მკერდის მოშიშვლება, ხალხისთვის სახეში შეფურთხება და იმის მიძახება, რომ მათ ძუძების მეტი არაფერი აინტერესებთ. კიდევ ერთი ქულა ფილმის რეჟისორს, ზუსტად გაგვახსენა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეგრეა – ძუძუები და შოუები გვინდა ჩვენ და სხვა მეტი არც არაფერი.

წავალ-წამოვალ და ისევ გვანცას მივადგები. ძალიან მომეწონა მისი პერსონაჟი, საერთოდ მთავარი გმირადაც კი მივიჩნევ პირადად მე. სტერეოტიპული აზროვნება და ადრეგათხოვილი, შვილიანი და მერე გამოთხოვილი ქალის კახპად შერაცხვა. საზოგადოების მხრიდან მისი გარიყვა, ამრეზად ყურება და იმის მტკიცების სურვილი და მცდელობა, რომ ის არარაობაა. საშინლები ვართ ხანდახან. მართლა საშინლები. 24 წლის გოგოს ის წნეხიც ყოფნის, რომ სამი შვილი ყავს გასაზრდელი და ვეღარ ახერხებს ვიოლინოზე დაკვრას, მითუმეტეს მაშინ, როცა აშკარად ჩანს საკამრისი ნიჭით ნამდვილადაა დაჯილდოებული. სამაგიეროდ ბაიაა წარმატებული, წარმატებულად გათხოვილი და თან ვიღაც ბახის რაღაც კომპოზიციას კი არ უკრავს ტალანტების კონკურსზე, არამედ მუხრან მაჭავარიანის პატრიოტული პათოსით გაჯერებულ ლექსს წარმოთქვამს ხატოვნად და ბოლოში კურცხალსაც ჩამოაგდებს ტონალურით შელესილ სახეზე. ხალხიც უფრო მოხიბლულია, ვიდრე ვიღაც გაჩხიკინებული ბოზის დაკვრით. ვის რად უნდა ვიოლინო და მისი ყურისწამღები ჟღერადობა. გვანცა მთელი ფილმი იბრძვის, პირველ რიგში საკუთარ თავთან. ხვდება, რომ ეს კონკურსი მისი ბოლო შანსია. იცის, რომ ან ახლა, ან არასდროს. გვანცა მარცხდება და ალბათ მასთან ერთად ჩემი იმედებიც, რომ გვანცასნაირი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პირობები და ხელშეწყობა, შეძლებენ მიზნის მიღწევას. არა ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ მაინც, მეტკინა. სადღაც შიგნით.
“ჩვენ ვართ დედები საქართველოსი” – მოჩვენებითი სიამაყით აცხადებს ათივე კონკურსანტი. კონკურსს ხომ საერთოდაც გენიალური სახელი ქვია – “ქართველი დედა”. ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიყოთ “ქართველი კაცი”, “ქართველი ქალი”, “ქართველი დედა”, “ქართველი მამა”, “ქართველი ვაჟკაცი” და ა.შ. თუმცა არავინ არ იცის, რას ნიშნავს სიტყვათაშეთანხმება “ქართველი კაცი” ან “ქართველი ქალი”. აი ვინმეს რომ კითხო, კი მაგრამ, რას ნიშნავს ნაღდი ქართველი კაციაო? ცოტას დაფიქრდება და გიპასუხებს: “აი როგორ გითხრა რა, ქართველი კაცია რა, ქართველი. ხო გესმის?” როგორ არ მესმის! ყველაფერი ცხადზე ცხადია. ქართველი კაცი არის ქართველი კაცი. ნაღდი ქართველი კაცი. და ქართველი დედა როგორია? არ ვიცით. ფილმის ბოლოს ველით, რომ გამოჩნდება ქართველი დედა, მაგრამ ის სცენას ტოვებს და მიდის. ქართველი დედა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დედა. დედას კი ეროვნება არ აქვს. დედა დედაა.
ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, ყველას გირჩევთ წახვიდეთ და ნახოთ ფილმი “Keep Smiling ანუ გაიღიმეთ”. ნუ დაგენანებათ ფული და დრო. მაგ თანხით მაინც რაღაც სისულელის სანახავად წახვალთ კინოში. მსგავს სისულელეებს მეც ვუყურებ, განა არა. უბრალოდ ხანდახან ისეთი ფილმის ნახვაც აუცილებელია, რომელიც ბევრ მტკივნეულ თემას ეხება და კინოთეატრიდან გამოსულს, მხოლოდ ზედმეტი სიცილისგან მუცლის ტკივილის შეგრძნებას კი არ დაგვიტოვებს, არამედ ცოტათი თავსაც აგვატკიებს და პირველ რიგში საკუთარ პიროვნებასთან დაგვტოვებს მარტო და მიგვახვედრებს, რომ საჭიროა იმ თემებზე საუბარი, რომელზეც არავინ საუბრობს. მედიაში ძირითადად ის შუქდება, რაც ხალხს ააცრემლიანებს, ოღონდ დროებით. ისე არა, რომ მერე ამ ტირილმა რამე ცვლილებისკენ წაგვიყვანოს. შოუებით დადგმული ტრაგედიები ბლომადაა სატელევიზიო სივრცეებში, მაგრამ ნამდვილი ტრაგედები, რომლებიც უფრო მრავალრიცხოვანია, შეუმჩნეველი რჩება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელიც მხოლოდ ტელეშოუებით კმაყოფილდება. თუ გინდათ ნუ გამორთავთ ტელევიზორებს, უყურეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და იფიქრეთ იმაზე, რამდენი დიპლომი აქვს მინისტრს. მე გამოვრთავ ტელევიზორს, გავალ ქუჩაში, თვალებს ფართოდ გავახელ და დავინახავ, რომ ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენ კი უყურეთ ტელევიზორებს და “Keep Smiling”, მეგობრებო.

Read Full Post »