Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დაცინვა’

მე ერთი კვირის წინ დავტოვე ეს ქვეყანა. ყველაფერი უცბად მოხდა: გადამღალა ყოველდღიურობამ, მომბეზრდა მუდმივი წნეხი და თავის აუტანელი ტკივილი,  ავდექი და მოვკვდი. იცით რა მარტივია ცხოვრება, როდესაც გარდაცვლილი ხარ?! აღარავინ გაწუხებს, აღარაფერი გადარდებს. აღარ ხარ ვადელბული ნაძალადევად მიესალმო ნაცნობებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მეგობრებად ასაღებენ თავს. რაც მთავარია, ვეღარავინ გაყენებს შეურაცხყოფას – მკვდარზე ხომ ცუდის თქმა არ შეიძლება? ალბათ გაინტერესებსთ აქ რა ხდება, როგორ ვარ, ვისთან ვარ და მართლა ისეთი მშვიდია თუ არა ყველაფერი, როგორც ამას წიგნებში აღწერენ. მე თქვენ კიდევ ერთხელ გაგიცრუვებთ იმედებს და მხოლოდ იმის შესახებ მოგიყვებით, რაც სიკვდილამდე მაწუხებდა და ალბათ ახლაც მაწუხებს, გარდაცვალების შემდეგ. ალბათ გული დაგწყვიტეთ, მაგრამ ამას ხომ ისედაც მიჩვეულია ხალხი ჩემგან.
სკოლაში არავის მოვწონდი. ყოველთვის ცალკე დავდიოდი, კედელ-კედელ. მახსოვს, კლასელები ყოველ დილით ყველას ესალმებოდნენ, ჩემთან კი დისტანციას იცავდნენ და მერხზე ხშირ შემთხვევაში მარტო მიწევდა ჯდომა. შესვენებებზე კლასიდან არც გავდიოდი. ხანდახან მშიოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბუფეტში კვლავ გავიგებდი დამცინავ ფრაზებს, ამრეზი სახეებით რომ წარმოთქვამდნენ ჩემი სკოლელები. ამიტომაც, მერხიდან იშვიათად ვდგებოდი და თითქმის მთელ დროს წიგნების კითხვაში ვატარებდი. პირველი წიგნი, რომელიც სკოლაში, შესვენებებზე წავიკითხე, “დორიან გრეის პორტრეტი” იყო. ამის შემდეგ შემიყვარდა ოსკარ უაილდი და სიკვდილის შემდეგაც შეყვარებული ვარ მასზე. შეიძლება შევხვდე კიდეც აქ, მაგრამ თქვენ მაინც არ გიამბობთ, რათა კიდევ ერთხელ გაგიწბილოთ იმედები.
ინსტიტუტში ჩაბარებისას მჯეროდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. ზრდასრული ადამიანები ხომ გაგებით ეკიდებიან ერთმანეთს? მაგრამ მწარედ შევცდი. აქაც ისეთივე სიტუაცია დამხვდა, როგორიც სკოლაში. ერთი განსხვავება ის იყო, რომ ღიად აღარავინ დამცინოდა. მაგრამ ამით რა? მე ისევ მარტო დავდიოდი, ისევ არ მყავდა მეგობარი და კვლავ წიგნებში ვპოულობდი ხსნას. ერთადერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ცოტა ხანი “მემეგობრებოდა”, თუმცა როგორც კი უკეთ გამიცნო და ყველაფერი გაიგო ჩემ შესახებ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამშორდა და მას მერე მხოლოდ ცივი მოსალემბით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა. თუმცა ესეც წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან სხვები ცივადაც კი არ მესალმებოდნენ. 4 წელი გავიდა და მეც სიხარულით დავტოვე უნივერსიტეტის ცივი და უგრძნობი კედლები მასში გამოკეტილ ადამიანებთან ერთად.
სამსახურში უკვე აღარ მექმნებოდა ეს პრობლემა, რადგან ჭკუა ვისწავლე: საქართველოში უნდა იყო ისეთი, როგორიც სურთ რომ იყო და არა ისეთი, როგორიც ხარ. საკუთარ თავთან 20 წლიანი ბრძოლის შემდეგ, გადავწყვიტე პირველად ვყოფილიყავი “მისაღები” პიროვნება და დამეწყო საზოგადოების მიერ აპრობირებული ადამიანის როლის თამაში. თუმცა ამან საერთოდა ვერ გამაბედნიერა და არც აუტანელი თავის ტკივილი გამიჩერდა. თანაც ჩვენთან ხომ ვერაფერს დამალავ? სამსახურშიც მალევე გაიგეს ვინ ვიყავი სინამდვილეში და ჩემი “ბედნიერი” ცხოვრებაც აქ დასრულდა. ქალაქში ხმა გავარდა ჩემი არსებობის შესახებ და  უკვე თითქმის ყველა ალმაცერად მიყურებდა. ალბათ ადამიანი ყველაზე ძლიერი ცხოველია, რადგან დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ გამოვიმუშავე იმპულსი,  თვითგადარჩენის იმპულსი, რომელიც ამ შემთხვევაში უგრძნობლობით გამოიხატებოდა. აღარაფერზე აღარ ვრეაგირებდი: არც დაცინვაზე, არც ზიზღზე, არც ძალადობაზე. ყველაფერს ვიტანდი, რადგან ვიცოდი, რომ ცუდი ადამანი არ ვიყავი. მე ხომ ყველასთან ზრდილობიანი, მომღიმარი და კეთილი ვიყავი. იმათთანაც კი, ვინც ზიზღით მიყურებდა და ყველა შანსს იყენებდა ჩემი მორალური თუ ფიზიკური დამცირებისთვის.
ასეთი იყო ჩემი ცხოვრება: აუტანელი და მძიმე. მხოლოდ წიგნებით და რამოდენიმე კეთილშობილი ადამიანით ვიფერადებდი შავ ყოველდღიურობას. ძირითადად ინტერნეტით ვმეგობრობდი ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოებისგან განსხავებულად აზროვნებდნენ და ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდნენ ჩემში. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ზოგს არც ვუმხელდი ჩემი პიროვნების ნამდვილ რაობას. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ ან თქვენთვის თავის შეცოდება მსურს. არა, უბრალოდ მინდა გარდაცვალების შემდეგ მაინც გითხრათ ყველაფერი, რაც აქამდე არცერთხელ ამ მომიყოლია. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ერთ დღესაც მომბეზრდა ეს ყველაფერი და გარდავიცვალე. მერე იყო სტანდატული სცენები: საწყალი, როგორი ახალგაზრდა იყო, ნეტავ რატომ? ეხ, არადა როგორც ამბობენ, კარგი ბიჭი იყოო… ამის შემდეგ პანაშვიდები, თვალებზე აფარებული ცხვირსახოცები და შავებში ჩაცმული საზოგადოება. გასვენება, დასაფლავება, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო. მახსოვს მათი ანერვიულებული სახეები: მალე უნდოდათ ამ ყველაფრის დამთავრება, რათა საფეხბურთო მატჩისთვის ან საყვარელი სერიალისთვის დროზე მიესწროთ სახლში. მე ამ ყველაფერს ზემოდან ვუყურებდი და მეღიმებოდა. მეღიმებოდა თქვენზე, რომლებიც ვერ ჯობნით საკუთარ თავს და სასაცილო პრინციპებს; რომლებიც არასდროს არ ფიქრდებით, რა რთული შეიძლება იყოს განსხვავებული ადამიანის ცხოვრება თქვენს გარემოცვაში; რომლებსაც გგონიათ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება თქვენი დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი. ამავდროულად ამაყი ვარ, რომ არასდროს არაფერი დამიმალავს. ყველამ იცოდა და იცის, რომ მე განსხვავეული ვარ. ახლა უკვე – გარდაცვლილი განსხვავებული.

Read Full Post »