Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘გურჯისტანი’

მე.
მე.
მე.
მე თავისუფალი ვარ.
მე. მე. მე.
მ. მ. მ.
მე შოვინისტი ვარ.
მე მე მე – მეეეეე!
მე არ მიყვარს სომხები.
მე იმ დღეს სადღეგრძელო დავლიე.
მე არ.
მე რა თქმა უნდა განსხვავებული მოვითხოვე.
მე. მე-თქმევინება.
მე ავიღე განსხვავებული.
მე რიხიანად დავიყვირე “რუსეთის დედას შევეცი”.
მე-ებმა დასჭექეს: ამინ!
მე-ამინება.
მე დავლიე.
მე კმაყოფილი ვარ.
მე ნამდვილი ქართველია.
მე.
შენ?
ამას აქ რა უნდა?
ვინ მისცა უფლება აქ ყოფილიყო?
მე, სასწრაფოდ მომაცილე აქედან ეს უზრდელი.
მე.
მ – ე.
მე-ორე, მე-სამე, მე-ოთხე, მე-ხუთე.
მე-ასი ათასე ქართველი.
მე თავი დავკარგე მეტეხის ხიდზე.
მე სომეხი ვარ.
მე.
მე გავყიდე საქართველო.
მე.
მე ქართველი ვარ.
მე ქუჩაში ნაგავს ვყრი.
მე ქართველი ვარ.
მე.
მე მიყვარს პატრიარქი.
მე ქართველი ვარ.
მე.
მე მძულს სომეხი.
მე ვაჟკაცი ვარ.
მე ვიცი.
მე ვიცი რა მითხრეს.
მე ვაკეთებ იმას რაც მითხრეს.
მე მძაგს ქალი შარვალში.
მე განსაკუთრებით.
მე მიყვარს ფქვილი.
მე.
მ.
ე.
მე ნამდვილი ქართველი ვარ.

Read Full Post »

გთავაზობთ ჩემი მეგობრის, გემო ვნებიანი იდიოტი-ს პოსტს. მას ჯერ-ჯერობით არ აქვს საკუთარი ბლოგი, ამიტომ მის პოსტს ვაქვეყნებ ჩემ ბლოგზე. იმედი მაქვს მალე გაიკეთებს საკუთარ ბლოგს და ყველა შეძლებს მისი ნააზრევის წაკითხვას.

გოიმები და სნობები

ადამიანები ერთმანეთისგან ასე თუ ისე განვსხვავდებით. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობა, ქცევები, შეხედულებები, მსოფლმხედველობა, გემოვნება, საუბრის მანერა და მშობლიურ ენაზე სიტყვებსაც კი სხვადასხვაგვარად გამოვთქვამთ ხოლმე.ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ნორმალური და გასაგებია. უჩვეულოც თითქოსდა არაფერია, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა როგორც ეს ჩვეულებრივ ჩანს.
ხშირად, როდესაც ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ თუ როგორი გემოვნებიანები, მოდურები, თანამედროვეები, ჯანმრთელად მოაზროვნეები, განათლებულები და უბრალოდ ბევრზე უკეთესები არიან, მიუთითებენ სხვების ცუდზე, უნიჭობაზე, უგემოვნობაზე და ასე შემდეგ.საუბრობენ, რომ მათ მეტი ესმით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მეტად გემოვნებით იმოსებიან, ვინაიდან ცნობილი ბრენდების სამოსს ატარებენ, უფრო გამართულად საუბრობენ, სწორად მეტყველებენ და ‘ლ’-საც არ ურტყამენ.
არადა ვის რატომ უნდა გაუჩნდეს პრეტენზია ვინმე კონკრეტული ადამიანის “ლ”-ზე თუ ამ ადამიანს არ აქვს პრეტენზია საჯაროდ საუბარზე. როგორც ეხერხება ადამიანს ისე მეტყველებს, არავის გასაკიცხი არ უნდა იყოს ვინმე რბილ “ლ”-ს ამბობს თუ მოჭარბებული “შ” აქვს ან “ს”? რბილი “ლ”-თი მეტყველება გოიმობად ითვლება. ვინ დაადგინა რო ეს გოიმობაა ეს კიდევ სხვა საკითხია. ალბათ, სნობებმა.
“ლ”-სთან მიმართებით არსებობს ცოტათი განსხვავებული დამოკიდებულებაც. თუ ზემოხსენებულ თანხმოვანს საუბრისას დარბილებულად იყენებ ძერსკი ხარ (გოგო), საყვარლად ბაასობ. ოღონდ ეს ყველას კი არ გამოსდის (!). მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლანდშაფტში, უბანზში უნდა იყო გაზრდილი. იქაურები გასცემენ მაგაზე აკრედიტაციას.იმდენად გამაღიზიანებელია უკვე ამ “ლ”-ზე აქცენტის გაკეთება და მისი გამომყენებლის გოიმად შერაცხვა რომ თვითონ გამკრიტიკებელიც კი გადადის ამის გამო ე.წ. გოიმობაში თავისი თავგამოდებული სწორად მეტყველების დაცვით.არ მოგწონს? ნუ იმეტყველებ ეგრე. სხვას რაც უნდა ის უქნია. მარტივად მოგვარებადი ამბავია.

კიდევ ერთი “აღტაცების მომგვრელი” მოვლენა ქართულ რეალობაში: რიცხვების რუსულად გამოთქმა.
საოცარი რამეა ხოლმე ამის მოსმენა რა!
-რომელი სკოლაში სწავლობდი?
-შესტოი დავამთავრე.
ან
-ალო.
-ხო გოგო, სად ხარ?
-პიძისიატ ტრეწისთან გელოდები, მოდი.
საუბრის ასეთი მანერა ძერსკობის დამადასტურებელია, ტი შტო? 🙂
ტელეფონის ნომრების რუსულად კარნახზე არაფერს ვამბობ. ამ მოვლენას ჩვენში ჯერ კიდევ ღრმად აქვს ფესვები გადგმული.

რაც შეეხებათ სნობებს: ესენიც მაგარი ანტიკვარები გახლავან. რას ქვია?! მათთვის მეტროთი მგზავრობა პაზორია. ლევის ჯინსი არ გაცვია? წასულია შენი საქმე. გოიმებში ეწერები “სხოდუ”. მოდის ბოლო კივილის შესაბამისად უნდა გქონდეს “ზმანი” გარდერობში დალაგებული. არა მარტო ეს! უნდა ერკვეოდე კიდეც რამე-რუმეებში. Fashion-ობაზე სხვაგვარად ვერ გექნება პრეტენზია. აუცილებლად უნდა შეიძინო რაღაც რაღაც მახინჯობები, რომლებიც შეიძლება საერთოდაც არ გიხდებოდეს მაგრამ ბრენდის სახელი მაინც თავისდა უნებურად მუშაობს. რა თქმა უნდა უნდა “გაიჩითო “სასტავში” მაგ “ზმანით”(დაენახო რა ბარე ორს). თუ გაგიმართლა და ბრენდის სახელს გამოსაჩენი ადგილი აქვს მიკუთვნებული სამოსზე მაშინ ამაყი სნობი ხარ. The Dersk! ისე რა საინტერესოა, თუ მელიის კუდი მხარზე არ გადავიგდე ან ნუტრიის ბეწვით არ შევიმოსე, (არა სიასამურიც “ნავაროჩენი” რამეა), ისე გლამურნი ვერ ვიქნები? :))
გადაირევი კაცი!
ერთი რამ ცხადია: ბრენდებისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება პროვინციალიზმის ნიშნის მატარებელია!
საერთოდაც ცოტა გაუგებარია რატომ უნდა იყოს გემოვნების მომწოდებელი და მკარნახებელი ვინმე?
რა განსაზღვრავს საერთოდ გემოვნებიანობას?
რა იგულისხმება გემოვნებაში?
ის რომ კარგი ავტომობილი უნდა გყავდეს და მოდური სამოსი გეცვას?
მგონი შხვართი გოგო რო დადის შენთან ერთად ეს უფრო ძერსკია, არა?
თუ ის რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია?
არა ტო! დასტოევსკის უნდა კითხულობდე მხოლოდ და მხოლოდ რუსულად, ტი შტო?
(თან ამის აპელირებას უნდა ახდენდე, სხვაგვარად არ აქვს მუღამი)
იქნებ ის რომ საყვარელი კერძი აუცილებლად სუში უნდა იყოს?
ხოდა კიდევ: ვისი გემოვნება უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის რომ ადამიანი გემოვნებიანად ჩაითვალოს?

მოკლედ, ყველამ საკუთარს მივხედოთ და შევეშვათ სხვისკენ თითის კი არა ხელების გაშვერას. არ მოგვწონს კონკრეტული ადამიანის ქმედება? ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და აკეთოს ის რაც სურს, როგორც სურს და ვისთან ერთადაც სურს თუ კი თავისი ქმედებით ჩვენ უსიამოვნოდ არ გვეხება.
მიუღებელია ასევე, რომ ვაფიქსირებდეთ გარკვეულ კონკრეტულ პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ რომ ის იმ დროს საღ აზრად ჩაითვლება.
რეალურად უნდა გვქონდეს გააზრებული რას ვამბობთ და სხვის გაკიცხვას რო დავიწყებთ,
იმაზეც ვიფიქროთ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ როგორ მოვიქცევით.

სნობები

Read Full Post »

არ დავიჯერებ ვინმე თუ მეტყვის თბილისური ბირჟები არ მიყვარს და არც ვდგავარ ხოლმეო. არ დავიჯერებ და მორჩა! თუ ერთხელ მაინც არ იდექი თბილისის ბირჟაზე, ბევრი რამ დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში… მე არ ვარ ბირჟის მუდმივი “ბინადარი”, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ(ამ სიტყვის ორივე გაგებით) უბანში – ვორონცოვზე ვცხოვრობ, წელიწადში რამოდენიმეჯერ აუცილებლად მიწევს ჩვენი უბნის საპატიო ბირჟის გამაგრება. აქ უზომო მრავალფეროვნებაა: გაიგონებ ყველანაირ იუმორს – სასაცილოსაც და სატირალსაც; მოისმენ ყველაფერს – ხშირ შემთხვევაში უაზრობას, საზიზღრობას და ბილწსიტყვაობას, თუმცა ალაგ-ალაგ ჭკვიანურსაც გამოკრავ ხოლმე ხელს(თუ ყურს, თუ როგორცაა, რა მნიშვნელობა აქვს); ნახავ ყველანაირ ადამიანებს – ძველებს, ახლებს, მაღლებს, დაბლებს, გამხდრებს, მსუქნებს, ქერებს, “რიჟებს”, შავტუხებს, მშიშრებს, გაბედულებს, დაოჯახებულებს, დასაოჯახებლებს, შიგადაშიგ ქვრივებსაც კი (ამ ბოლო დროს “ფარულ” ჰომოსექსუალებსაც, რომლებიც ჰეტეროობენ უბნის დასანახად, ლოგინში კი ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებიან ხოლმე); გადააწყდები მულტინაციონალურ პალიტრას – ერთი-ორ რუსს (მათი რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა, ჩემდა გასაკვირად), ბევრ სომეხს (ღმერთო ადიდე მესროფ მაშტოცი), ცოტა აზერბაიჯანელს (მარნეულში გადავიდნენ, უფრო დიდ “ბირჟაზე”), საკმაო რაოდენობის ქურთს (“კურო ვარე?”) და უთვალავ ქართველს (ნამდვილ მუჟიკებს);

სასაუბრო თემები. რომ დაფიქრდე მთელი დღე საუბრობენ და ალბათ რამდენი რამის განხილვას ასწრებენ არა? პრინციპში ეგრეცაა. მეორე საკითხია რამდენად საინტერესო საკითხებზე “მსჯელობენ”. “აუ ლევან, ბრატ, რომას ორიანი მოვა ხვალ?”“რავი ნიკუშ, რომა გასვლაზე “ტეხავს” ხოლმე და რა გითხრა ბრატ. ისე გამაზე ერთი 500 ლარიანი, შენი რა მიდის, მაგის დედაც ტო!”. ლევანიც უჯერებს ნიკუშას, “მაზავს” 500 ლარს რომაზე და აგებს. წაგების შემდეგ სულ სხვანაირ დიალოგია მათ შორის: “ნიკუშ ძმაო, სად გავჩითო ახლა 500 ლარი? ასეთ პონტში პირველად ვარ ტო. მე და უბანში ფული ვერ გავჩითო? გავგიჟდები რა!” “კაი რა მოგივიდა, სიმონ. ხო იცი როგორ მომრავლდნენ “კრიჟანები”, ამათი დედაც ვატირე მე, 500 ლარს არავინ მოგცემს რა!”. ცოტა ხნის მერე ვიღაცის მობილურს დაალომბარდებენ, მერე ვინმე “გულკეთილი” ერთ 100 ლარს  აჩუქებს და ასე “შეკრავენ” დაახლოებით 500 ლარს. ასე დამთავრდება ერთი დღის აზრიანი საუბარი და ლევანსაც არ მოუწევს ჭრელების ჩაცმა და უბანში სახელგატეხილი სიარული. ერთი ისაა, რომ ნერვიულობისგან რამოდენიმე ჭაღარა მიემატება შავტუხა თმაში.

საყვარელი საქმიანობა. “ბიჭო რა ვქნათ დღეს?”“დავლიოთ, შე ჩემა”. 3.50ლარი ერთი ბოთლი გომი “ორიგინალი”, 1.65ლარი ერთი ზეიკიძის ძეხვი, 65თეთრი – შავი პური – ესეც 5.70 ლარად გაწყობილი სუფრა. “სად მოვსხდეთ?” – ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მარადიულ პრობლემას წარმოადგენს “ბირჟავიკებისთვის”. ადრე უბანში გაჩერებული მანქანების “კაპოტებზე” ნადიმობდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა ჟიგულების რაოდენობა თითქმის ნულს გაუტოლდა და მერსედესის “კაპოტზე” ქეიფი კიდევ არ გამოვა რა, მაინც გერმანულია ტო. არსებობს მეორე ვარიანტი: რომელიმე მყუდრო, ყველასგან მოფარებული სადარბაზო; ან ხიდთან, მტკვირს სანაპიროზე – ლამაზი ხედიცაა და თან შენთვის, მყუდროდ იქნები. თუ დათვრები და ბანაობა მოგინდება, მტკვარიც იქვეა. ასე რომ, რაც გინდა სულო და გულო!

საყვარელი საქმიანობა 2. ნებისმიერი ბირჟა წარმოუდგენელია ცხარე “დებატების” გარეშე. დებატები მიმდინარეობს ყველანაირ თემაზე: ფეხბურთზე, ტოტალიზატორზე, მანქანებზე, ქალებზე, კაცებზე, კაი ბიჭებზე, ჩმორებზე, დედებზე, დებზე, ძმებზე და ა.შ. რა გამოლევს მათი წარმოსახვის ამოუწურავ და დაუშრეტ წყაროს? იმ დღეს შემთხვევით მოვკარი მეზობელ ბირჟაზე გამაგრებული ორი თინეიჯერის ანუ “პაცანას” საუბარს:”აუ ბიჭო, რაგბი უფრო ისეთია რა: დარბიხარ, სრიალდები, ურტყავ” “კი ეგრეა. სხვათაშორის კალათბურთი რაღაცით გავს რაგბს: იქაც ხელით უტევ და აქაც.” “რაგბში 13 კაცი თამაშობს არა?” “კი, ეგრეა. კალათბურთში 7 თუ 8, ზუსტად არ მახსოვს” – ალბათ შეამჩნიეთ, თუ როგორი ენთუზიაზმით განიხილავს ეს ორი ახალგაზრდა ქართული სპორტის ორ, ასე თუ ისე ნათელ წერტილს. სპორტში მთავარია დაარტყა, წააქციო და გასრიალდე, თორემ “გავარტყი ჩოგბურთს, ორი ტიპი აქეთ-იქით აგდებს რაღაც პატარა ბურთს”.

საყვარელი საქმიანობა 3.“მიყვარს ტო!” “დაგენძრა შე ჩემა?!” – დაენძრა, იმიტომ რომ უყვარს. სიყვარული ხომ კარგია, მაგრამ ამავდროულად ზიანის მომტანიც. თბილისური საფიხვნოს წევრს ან არ უნდა უყვარდეს ან კი ჩუმად უყვარდეს, არავინ რომ არ შეამჩნიოს ისე (ეს ტუალეტში ჩუმად ანანისტობას გავს რაღაცით, მეზობელმა რომ დაგინახოს თავი მოგეჭრება). და მაინც, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა ეს “ოხერტიალი სიყვარული”. უსაქმურობისგან შთამომავლობისმომცემადგილგაყინული ქართველი მამულიშვილები, დალევის, მოწევის და საკაცობრიო თემების გარჩევის შემდეგ გადადიან ამ ფრიად მნიშვნელოვან თემაზე. “ოხ, თამუნია, თამუნია…” როგორ ახსოვს თითოეულ მათგანს პირველი სიყვარული, მისი პირველი ჩამოსეირნება ბირჟის მახლობლად. პირველ რიგში ის უნდა გაარკვიონ, მეგობრის და ხომ არ არის; მერე ისიც უნდა გაიგონ, კაი ბიჭის და ხომ არ გახლავთ ან ნათესაობაში ვინმე ქურდი ხომ არ ჰყავს; თუ ეს ყველაფერი არ გამართლდება, საფიხვნოს წევრსაც დიდი იმედი მიეცემა და აქტიურ ქმედებაზე გადავა. მაინც? იყიდის N რაოდენობის ყვავილებს, დაუწყებს გოგონას დევნას ყველგან და ყოველთვის, უბანში გაავრცელებს ხმებს, რომ ეს “მისი გოგოა” და ა.შ. არსებობს მოვლენების შემდგომი განვითარების ორი ვარიანტი: (1) გოგონა ებმევა ბიჭის მახეში და ბირჟის მბრძანებელი უკვე გოგონას გულის მბრძანებელიც ხდება; (2) გოგონა ყველაფერს ხვდება, არ უნდა გახდეს უბრალო “ხორცი” ბიჭის ხელში(© “ჩემო ქალბატონო”); თუ მოვლენები მეორე გზით წავა, ბირჟის მბრძანებელს ეს სრულებითაც არ დაწყვეტს გულს: “გოგოებს რა გამოლევს?”. თუ მოვლენები პირველი სცენარის მიხედვით განვითარდა, გოგონასა და ბიჭის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება: სადღაც გაქრება რომანტიული, მუდმივად ყვავილებით გამანებივრებელი და მზრუნველი ბიჭი და მის ნაცვლად მკაცრი, ეჭვიანი და სულთამხუთავი რაინდი გამოჩნდება. გოგონაც შეეგუება, რადგან “ეს მისი ბედია, უბანში უკვე დაინახეს ერთად” და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, თორემ მოგბეზრდებათ.

პ.ს. რომელი ტერმინი გირჩევნიათ ისე? “უბნის საკრებულო” თუ “თბილისური საფიხვნო”?

Read Full Post »

დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ჯერ დაწერის სურვილი გაჩნდა და შემდეგ – საწერი თემა. მეგობრებს ვეკითხებოდი, ვის რა აწუხებდა, რა აინტერესებდა და მათთან საუბარში ვცდილობდი საინტერესო თემის გამოძებნას. ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრე, რომ მომხიბვლელი ქალბატონი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ახლაც მას უნდა უსაყვედუროთ ის, რომ მე კიდევ ერთი ნაჯღაბნით მოგაბეზრებთ თავს. მომხიბვლელ ქალბატონს აწუხებს შავი ფერი, უფრო სწორად აწუხებს შავი ფერის სიჭარბე ჩვენ საზოგადოებაში. მეც მაწუხებს შავი ფერი, ოღონდ არა მომხიბვლელი ქალბატონის შავი თმის ფერი. მაწუხებს შავი მაისურები, ჭუჭყს რომ დიდხანს იტანენ; მაწუხებს შავი ფეხსაცმლები, ლილოს ბაზრობაზე რომ იყიდება; მაწუხებს შავი შარვლები, ჩაცუცქვით მუხლებზე რომაა გაცვეთილი; მაწუხებს შავი ქუდები, უაზრო სახეებს რომ მალავს. ზოგადად მაწუხებს ეს სიშავე.

შავ ფერზე ფიქრისას, ნელ-ნელა გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც განასხვავებს საზოგადოების მიდგომას ამ აწ უკვე ავადსახსენებელ ფერთან დაკავშირებით: (1) გამოიყოფა ერთი ნაწილი, რომელიც უბრალოდ აღმერთებს ამ ფერს; (2) მათ უპირისპირდება მეორე ნაწილი, რომელიც არაფერს შავს არ იცვამს, ფობიაც კი სჭირს შავ ფერზე. განვიხილოთ ეს ორი უკიდურესობა და შევეცადოთ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, ანუ ის რაც ასე გვაკლია ქართველებს, ნებისმიერ დროსა და სივრცეში.

(more…)

Read Full Post »

ჩემთვის მეტად საინტერესო საკითხია. წესით და რიგით საზოგადოებაც უნდა განიცდიდეს ამ პრობლემას, მაგრამ ვაი რომ არა: სწორედ ამ საზოგადოებამ შექმნა ეს მოვლენა და შესაბამისად არც განიცდის მის არსებობას. ჩემმა მეგობარმა დაწერა თავის ბლოგზე ამ ფენომენის შესახებ და მეც პირველად მაშინ დავფქირდი. შევეცდები ჩამოვაყალიბო რამდენიმე პუნქტად, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს “კარგად გათხოვებად”. მცირე ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ წარმატებლად შეიძება ჩაითვალოს რამოდენიმე ტიპის გათხოვება.

1.გათხოვება ანუ ოჯახი და ბავშვობის ოცნება
ყველა ქალის ოცნებაა გათხოვება. ადრეული ასაკიდან გოგონები უკვე არჩევენ საქორწილო კაბებს, წარმოიდგენენ საკუთარ თავს პატარძლის ამპლუაში და ამით გაჰყავთ დრო. თითქმის ყველას უსრულდება ეს “ოცნება” – საქორწილო კაბაში, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მეუღლის გვერდით, ნაზად გაღიმებულნი იღებენ უამრავ სურათს. შემდეგ იწყება რუტინული ცხოვრება: სახლის საქმეები და ქმრის მოვლა. ერთ წელში ქმარს ემატება შვილი, მერე შვილები და უკვე მათი მოვლაც ხდება ქალის ყოველდღიური “საქმიანობა”. შემდეგ ქმრის მოხუცებული მშობლების მოვლა, საკუთარ მშობლებზე ზრუნვა. შვილებიც იზრდებიან, მათზე საზრუნავიც უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ქალი, რომელიც ბავშვობიდან გათხოვების ოცნებით იყო შეპრყობილი, ზედმეტი შეკითხვების გარეშე ასრულებს ამ ყველაფერს, რადგან ეს მისი მოვალეობაა. ის შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან გათხოვდა, შვილებიც ჰყავს და ბავშვობის ოცნებაც აიხდინა. ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთ ტიპის ქალებისთვის ეს იდეალური ქორწინებაა.

2. გათხოვება ანუ აუცილებლობა და სტატუსის მოპოვება
გადავივეთ მეორე ტიპის ქორწინებაზე. ამ კატეგორიაში გადიან ქალები, რომლებსაც არასდროს უოცნებიათ გათხოვებაზე. ისინი წყნარად მიჰყვებოდნენ საკუთარი ცხოვრების მდარე და უინტერესო დინებას. ინერციით მოქმედებდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე: დაამთავრეს სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრიატი + მაგისტრატურა), დაიწყეს მუშაობა. თვალსა და ხელს შუა გადააბიჯეს 23 წლის ზღვარს და აქ დაიწყო მთელი “უბედურება”: ოჯახი, ნათესავები და მეზობლებიც კი ლაპარაკს იწყებენ – “ეს გოგო არ აპირებს გათხოვებას? კი მაგრამ, რამე პრობლემა ხომ არ აქვს?” და ასე უსასრულოდ. გოგონა, რომელიც არ გამოირჩევა შინაგანი სიძლიერით, ვერ იტანს ასეთი ჭორების გავრცელებას. ოჯახი, მეგობარი ან სხვა რაიმე საშუალებები ეხმარება მას იპოვოს “ცხოვრების მამაკაცი”, რომელიც მას იმ აუცილებელ და საციცოცხლოდ მნიშვნელოვან – გათხოვილი ქალის სტატუსს მიანიჭებს. ამის შემდეგ მისი ცხოვრება კალაპოტში ჯდება. უჩნდება შვილები, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდის სამსახურიდან და სიცოცხლის დარჩენილ წლებს 2 საყვარლიან ქმართან ერთად ატარებს. ქალი არ არის ბედნიერი, სამაგიეროდ მას აქვს “კარგი ქალის” სტატუსი და ეს უმთავრესია, სასიცოცხლოდ უმთავრესიც კი.

3. გათხოვება ანუ სექსი აკრძალვის გარეშე
თოჯინებთან თამაშის სტადიიდან ყველა გოგო გადადის ბიჭებთან თამაშის სტადიაზე. ეს პერიოდი დგება დაახლოებით 14-15 წლის ასაკში. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ეს პერიოდი აუცილებლად დგება, განურჩევლად რელიგიისა და ეროვნებისა. ქართულ ღირებულებებზე ადრეც მეწერა და აქაც მომიწევს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს თქვენ განსაჯეთ. ქალიშვილობის ინსტიტუტი (სამჯერ დავაკაკუნე მაგიდაზე) ყველას გაგვიგია. მის მიერ დაწესებული “შეზღუდვების” გამო, გოგონათა უმეტესობა (კარგია რომ “ყველა გოგონადან” “გოგონათა უმეტესობა”-ზე გადავედით) ვერ იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს ან იკმაყოფილებს, მაგრამ “ისე რა”, ნახევრად. ამიტომ, გოგონათა გარკვეული ნაწილი ირჩევს გათხოვებას, რათა ამით დაიკანონოს ის, რაც მას ისედაც ეკუთვნის ყველა კანონისა თუ წესის დაცვით: სექსი. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა: ასეთი “ოჯახები” ძალიან მალე იშლება, რადგან ერთი პარტნიორით დაკმაყოფილება არავის არ უყვარს და არც სიამოვნებს. ახალი პარტნიორების ძებნას კი ბუნებრივად მივყავართ ოჯახის დაშლამდე. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთ შემთხვევაში გოგონა უბედურია. მას სურდა სექსის დაკანონება. მან ეს შეძლო და ახლა თავისუფლად შეუძლია ფეხი აწიოს ან დაწიოს, ისაუბროს იმაზე მუხლებზე ურჩევნია და ფეხზე მდგარს, მისიონერულად მოსწონს თუ დომინანტურ პოზაში და ა.შ. გოგონა ბედნიერია და ესეც შეიძლება ჩაითვალოს “კარგად გათხოვებად”.

4. გათხოვება ანუ “გამდიდრება”
მოდი ყველამ კარგად ჩავიხედოთ საკუთარ თავში: რამდენჯერ გიფიქრიათ, ერთი ამ ადგილს დამაღწევინა თავი, ერთი აქედან გამიყვანა და პირველივე შემხვედრს გავყვებიო. ოღონდ ეს “პირველივე” აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს, სასურველია უცხოელიც. საქართველოს ჭაობიდან გასაღწევად, ეს იდეალური საშუალებაა. თუ უცხოელი არა, ვაკელი ან ვერელი მაინც უნდა იყოს: გარეუბნიდან (ან თუნდაც რაიონიდან) თბილისის ცენტრში გადასვლა უკვე გარკვეული სტატუსის და პატივისცემის მოპოვების ტოლფასია. ასეთი ტიპის გათხოვება ჩაითვლება ბედნიერად, რადგან გოგონას სხვა არაფერი სურდა, გარდა სიმდიდრისა. ახლა იკითხავთ, კი მარა სექსიო? კი მაგრამ, მართლა გჯერათ რომ სექსი მხოლოდ გათხოვების შემდეგ აქვთ? მიმოიხედეთ გარშემო, ოღონდ ფართოდ გახელილი და არა ვარდისფერი შუშით შენიღბული თვალებით.

ამდენი ვწერე და რატომ ნამდვილად არ ვიცი. ბრმები მაინც ვერ დაინახავენ, ყრუები მაინც ვერაფერს გაიგებენ და მუნჯებიც არაფერს იტყვიან. მე კი მაინც ვიტყვი დასკვნის სახით: ჩვენ გვჭირდება ის, რაც კუბამ 60-70 იან წლებში, ხოლო ევროპამ უფრო ადრე გამოიარა. ჩვენ გვჭირდება რევოლუცია, სექსუალური რევოლუცია.

პ.ს. გაფუჭებული და უზნეო ვარ, მართალია. მაგრამ ჩემ თავთან მაინც ვარ გულახდილი და არაფერს ვმალავ. მადლობ ყურადღებისთვის.

Read Full Post »

ორი ქართველის საუბარი:
– ამ ფილმმა ჩემზე ძალიან მაგარი იმპრეშენი მოახდინა რა!
– რა მოახდინა?
– იმპრეშენი.
– იმპრეშენი რაღაა?
– როგორ არ იცი, დუდ! აი როცა ძალიან მაგარი ფილინგი გიჩნდება და რავი რა…
– უი ახლა გავიგე, როგორ ამომივარდა თავიდან ეგ ქული სიტყვა…
– არა უშავს. მთელი ლაიფი წინ გაქვს. ახლა გავრბივარ. სი ია, მენ.
– დროებით, ბრო.

გეცნოთ სიტუაცია? თუ ვერ გაიგეთ დიალოგის შინაარსი, მაშინ გოიმი ყოფილხართ! ინგლისური ადამიანმა არ იცოდეს 21-ე საუკუნეში, ეს ხომ სამშობლოს ღალატია! რაც შეეხება კონკრეტულად ამ დიალექტს (რომელზეც ზემოთ ხსენებული დიალოგი შედგა), ეს არის ანგლო-ქართული (ან ამერიკო-ქართული, როგორც გირჩევნიათ). ჯერ მხოლოდ ინგლისურ ენას გავუშინაურდით. ცოტა ხანში გვექნება ფრანგო-ქართული, იტალო-ქართული, გერმანო-ქართული… მერე საერთოდ ქართული გაქრება და დარჩება მხოლოდ ინგლისური, ფრანგული, გერმანული… მარილი და სუნელები გემოვნებით, რა თქმა უნდა!

(more…)

Read Full Post »