Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბედნიერება’

მიმღერე. მშვიდად. აი ისე, ძილისწინ რომ უმღერიან ხოლმე ადამიანებს. უკვე დიდი ხანია ვერ ვიძინებ. სასმელი ფიზიკურ ძილს კი იწვევს, მაგრამ სიზმრებში მაინც გრძლედება შფოთვა და საკუთარი თავის ტანჯვა. რატომ? რისთვის? მე? ის? მაინცდამაინც მე? ისევ? წარსულის ლანდები და ადამიანები, რომელიც არასდროს დამტოვებენ. ჩემი ბრალია. არავის და არასდროს არ უნდა მიეჯაჭვო. არავინ და არაფერი არ უნდა დააყენო შენ სულიერ სიმშვიდეზე წინ. ეხ, კი ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ რთულია. ძალიან რთულია. ბოლოს აღმოჩნდება, რომ მე უფრო მიყვარს, მე უფრო ვუწევ ანგარიშს, მე უფრო ვფიქრობ მასზე. ის კი ადგება და ვითომც არაფერი, მე შენ არ აღგიქვამ სერიოზულად და წავა ან უფრო უარესი, გულს მატკენს. კარგი იყო ერთად, კარგი იყო ჩვენ, ახლა მე სხვა ჩვენ მაქვს, ნახვამდის. ნახვამდის, მაგრამ მართლა “ნახვამდის”? სულ მიჭირს ნახვამდის თქმა. ასეთ მომენტებში კი განსაკუთრებით ვფიქრობ ყველაფერზე, რაც აქამდე დადებითი და კარგი გადამხდენია. კარგი იყო ადრე. ახლა ცუდადაა ყველაფერი. ახლა ცივია ყველაფერი. ხანმოკლე გამონათებები და ბედნიერების ძებნაში რამდენიმეწუთანი სიხარულის შეძახილები: როგორც იქნა, ბედნიერი ვარ! მერე ხვდები, რომ ჯერ არ იცი მართლა ბედნიერი ხარ თუ არა. ან კი როდისმე გეცოდინება, ხარ თუ არა? ბედნიერება უნდა იგრძნო და არა გააანალიზო. “Happiness only real when shared”. მე ვის გავუზიარო? აი სანამ გამზიარებელი არ მეყოლება, ვიქნები ასე, ჩემთვის, ჩუმად ან ხმაურიანად ჩუმად. ვეცდები არავინ შეგაწუხოთ, მთავარია ამ უძილობამ გამანებოს თავი. არა რა უნდა? ის არ მეყოფა, რომ აქამდე ვერ ვიპოვე საკუთარი თავი? ბედნიერებას და სხვა სულიერ ფუფუნებებს რომ დავანებოთ თავი.

სარკეში ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს. სხვანაირი ვარ. სიცილი დამავიწყდა. ნამდვილი სიცილი. ისე კი ნუ იტყვი, სულ ვიცინი. არ მიყვარს, როცა ხვდებიან, რომ ვერ ვარ. ამ დროს სულ ვიცინი. ზედმეტსაც კი ვიცინი. კარგი ბიჭი ვარ მე. დამჯერი, მომღიმარი, ზრდილობიანი, თავაზიანი. ეხ. ხანდახან მინდა ვიყო აგრესიული, პირდაპირი, უხეში, უზრდელი. ხანდახან ასე უფრო ადვილია, ალბათ. ზედმეტი წინდახედულობა, ზედმეტი ზრდილობა და ზედმეტი სხვების პატივისცემა ცუდია, ხანდახან. ალბათ. მოდი რა ყველაფერი პირდაპირ ვუთხრათ ერთანეთს. მოდი. მოდი. შენ თვითონ მოდი, თუ კაია. ჩემგან რა გინდა. გამანებე თავი. უკვე ნევროზი მაქვს. ვერ ვთოკავ ნერვებს. დაასხი მაგის დედაც, დავლიოთ, მაინც არ მეძინება. ანდა რა დამაძინებს, როცა ვიცი, რომ ბედნიერების ყველა შანს ქარს გავატანე. ახლა ერთი რიგითი ლუზერი ვარ. როგორ იქნება ნეტა ლუზერი ქართულად? წაგებული? დამარცხებული? არ ვიცი. ცუდად ჟღერს. ლუზერი უფრო ის ტიპია, სულ რომ აგებს. ხოდა ეგ ვარ, ლუზერი ვარ. ოღონდ მე უკვე მთელი ჩემი ცხოვრების “სტავკა” წავაგე: ჩემი ბედნიერება. აღარც კი ვფიქრობ, რომ ოდესმე ბედნიერი ვიქნები. უფრო მტკივნეულია, როცა იმედი გაქვს ბედნიერების. ახლა ნაკლებ მტკივნეულია, იმედი მაინც აღარ გამიცრუვდება. თან ასე უფრო მარტივიცაა, ერთადერთი საზრუნავი ისღა დამრჩა, როგორ დავიძინო ამ ღამეს. მითუმეტეს მთელი დღის მანძილზე მიღებული ლუდის რაოდენობა უკვე აღარ მშველის. ეგეც ხომ ბედის ირონიაა. თავიდან ერთი კათხა ლუდით კარგად ვგრძნობდი თავს. მერე ორით, სამით, ოთხით და ა.შ. ამის მერე საბოლოოდ მივხვდი, რომ ბედნიერება სხვა რეისით მგზავრობს, ჩემგან შორს და თანაც სულ სხვა მიმართულებით. მე ისიც მეყოფა, რომ შემიძლია წარსულზე ვიფიქრო და ვთქვა, რომ რაღაც დღეები მაინც ვიყავი ბედნიერი. ეგეც მეყოფა. და როგორმე ამ უძილობასაც გადავიტან. ვის არ მოსვლია. უძილობა. უძილობა და გამოცლილი ლუდის ბოთლები. ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთთან. მე და ჩემი მოგონებები. მე და ჩემი ლუდის ბოთლები. ლუდის ბოთლები და მოგნებები. და უძილობა, რომელიც არაფრის დიდებით არ მტოვებს და მგონი არც აპირებს. მოდი თავი დაგადო, მოდი. ნუ გარბიხარ. ეხ. ისევ უძილობა შემრჩა თავქვეშ. ლუდის ბოთლები კი კვლავ საწყალი და ცარიელი სახით იყურებიან. იციან, რომ მათ მალე ახალი ლუდის ბოთლები შეცვლიან, სავსეები, დროებით, მაგრამ მაინც სავსეები. მერე ისინიც ისტორიას ჩაბარდებიან და ასე იქნება მანამ, სანამ უძილობასაც არ მოვბეზრდები და ასპარეზს სიკვდილს არ დაუთმობს. სიკვდილი კი, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ცხოვრების დასაწყისია, თორემ მოწყენილი და უბედური აქაც საკმარისად ვარ.

Advertisements

Read Full Post »

ენის წვერზე გვადგას ფრაზა… დიდი ხნის ნანატრი ფრაზა, რომელსაც ვერ ვამბობთ.
მე მეშინია. შენ? იცი მე რისი მეშინია? იმის რომ ერთ დღეს ბედნიერი ვიქნები. მეშინია, რომ ვეყვარები ვინმეს. ძალიან მეშინია. მცივა, ვკანკალებ. რას აკეთებ აქ? ნამდვილად იცი რა გინდა? მართლა გინდა რომ აღარ მეშინოდეს? და იმის არ გეშინია, რომ აღარ შემეშინდება? რა იცი როგორი ვარ, როცა არ მეშინია? გარისკავ? მზად ხარ ყველაფერი დადო სასწორზე და გარისკო? დავიჯერო მართლა ასე ძვირფასი ვარ შენთვის? მე ხომ იდიოტი ვარ.
წლებია მარტოობაში ვკლავ წუთებს და ვფლანგავ სიყვარულს, რომელიც ჩემში საკმარისზე მეტი დოზითაა და რომელიც მანადგურებს, რადგან ბედნიერება მხოლოდ გაზიარებულია სრულფასოვანი. იცი, ნაცრისფერ ქალაქში საერთოდ აღარაფერია ჩემთვის დარჩენილი. მხოლოდ შენ ხარ ფერადი. მე მაინც მეშინია შენი. შენ ხომ ჩემი ძირეული შიშის დაძლევას ცდილობ. მე კიდევ რატომღაც ისევ ჩვენი წინაპრების მიერ გაცვეთილი პრინციპით ვხელმძღვანელობ: “შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი ჯობიაო”. აუ რა დებილი ვარ. ღმერთო, რა დებილი ვარ.
დღეს ვფიქრობდი და მიხაროდა. მიხაროდა, რომ ვფიქრობდი. მიხაროდა, რომ შენზე ვფიქრობდი. უფრო მეტად კი ის მიხაროდა, რომ შენზე ვფიქრობდი როგორც ადამიანზე, რომელსაც გავუზაირებდი ჩემ სითბოს. ბევრს ვფიქრობ. არ შეიძლება უბრალოდ გაგიზიარო ჩემი სითბო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ სიამოვნებით გაგიზიარებდი მას? როგორ არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ხომ ზედმეტს ვფიქრობთ. დღეს აღარავინ ფიქრობს ჩვენს გარდა. იმედია ჩვენც მალე გადავშენდებით, როგორც დინოზავრები. ან თუ არ გადავშენდებთ, ამდენ ფიქრს მაინც გადავეჩვევით. ისე მეორე ვარიანტი ჯობს, ალბათ დამეთანხმები. ჯერ არ მინდა სიკვდილი. არ გვინდა სიკვდილი.
“In the Dark There’s a lot we don’t show” – და შუქი რომ ავანთოთ არ შეიძლება? მერე ალბათ ყველაფერი გამოჩნდება. მე, მაგალითად, 22 წელია სიბნელეში ვარ. უკუნითში. აი ისეთში, თვალთან თითს რომ ვერ მიიტან. სწორედ ამ სიბნელის გამო ვერ ვარჩევ, ვინ კარგია და ვინ – ცუდი; ვის ვუყვარვარ და ვის – ვუნდივარ; ვის ვჭირდები და ვინ – მიყენებს; ვის ვეხმარები და ვინ – მხმარობს. ვითომ ეს ყველაფერი 90-ნების ბრალია? უშუქობას და სიბნელეს ზედმეტად მივეჩვიე.
მერამდენე ხუთშაბათია პარასკევს ველი და მერამდენე პარასკევია, რომლის მოსვლაც არ მიხარია. მოდი გავერთიანდეთ რა. მოდი, ერთნი გავხდეთ. აი უბრალოდ ავდგეთ და ერთნი გავხდეთ. ერთად ვისუნთქოთ, ერთად ვიდარდოთ, ერთად ვიყოთ მარტო და ერთად ვიტიროთ. მიყვარს, როცა ერთად ვტირით. ვინ თქვა კაცები არ ტირიანო? აბა კი. მე ვტირი. მე იცი რას გასწავლი? რას და როგორ უნდა იყო კარგ ხასიათზე. ოღონდ ერთი პირობით: შენ უნდა მასწავლო, როგორ გამოვიდე სიბნელიდან და როგორ აღარ მეშინოდეს.
ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი და ვოცნებობ: ვინმე ძილის წინ ჩემზე ფიქრობდეს, როგორც ადამიანზე. ძალიან მინდა ეს ოცნება ამიხდეს. იცი როგორ ფიქრობდეს? აი ასე: “მერაბს რამე აწუხებს?” “ნეტავ მერაბი ბედნიერია?” “ნეტავ მერაბს როგორ ძინავს?”
მე მორწმუნე ვარ. მუხლებზე დაჩოქილი დემიენის და კიდევ იმის მწამს, რომ ერთ დღეს ენის წვერზე მომდგარ ფრაზას მომღიმარი სახეებით გავაჟღერებთ. წარმოდგენილიც კი მაქვს სცენა. ერთმანეთს შევხედავთ, ოდნავ გაგვეღიმება და სინქრონში ვიტყვით ენის წვერზე მომდგარ ფრაზას… დიდი ხნის ნანატრ ფრაზას, რომელსაც ვერ ვამბობთ.
ისე, ვიტყვით კი ოდისმე?

Read Full Post »


– რა ლამაზი ხარ…
– ასეთიც? ახალგაღვიძებულიც და დაბღვერილიც?
– კი, ძალიან ლამაზი ხარ. ის კი არა, ასე უფრო ლამაზი ხარ. მიყვარხარ.
– მეც, ძალიან, ძალიან…

Read Full Post »

“შუქი მოვიდა!!!” – ისმის გახარებული ბავშვის ყვირილი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე. ტელევიზორს ვრთავთ და კასანდრას დაწყებას ველოდებით. თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც სულ რაღაც ხუთ წუთში ქრება შუქი და ჩვენც სიბნელეში ვიძირებით. “წავედით, ჯულიას აკუმულატორი აქვს და მთელი სამეზობლო იქ ვუყურებთ სერიალს” – ამბობს დედაჩემი და ჩვენ ერთად, მთელი ოჯახით ჩავდივართ ჯულიასთან მე-14 სართულზე კასანდრას საყურებლად. შარვალზე მუხლები მაქვს გაცვეთილი და ძალიან მრცხვენია, ამიტომაც შესვლისთანავე ხალიჩაზე ვეცემი და ასე მივღოღავ პატარა ტელევიზორისკენ, რომელიც შავ-თეთრად გადმოსცემს ბოშა ქალის ისტორიას. უფროსებს ჰგონიათ, რომ ძაღლის იმიტაციას ვაკეთებ და მათ გახალისებას ვცდილობ, სინამდვილეში კი შარვლის გაცვეთილი მუხლების მრცხვენია. მთელი ჩემი კორპუსი აქაა, გარდა შეძლებული მეზობლებისა, რომელთაც საკუთარი აკუმულატორი ან, უკეთეს შემთხვევაში, გენერატორი გააჩნიათ. სერიალი მალე მთავრდება, ჩვენც სახლში ვბრუნდებით.
ყველანი ერთ ოთახში ვართ, რადგან მთელი სახლის გასათბობად ნავთი არ გვყოფნის. ბებიაჩემი სკამზე ზის, რომელზეც სქლად დაკეცილი პლედი აფარია სითბოს შესანარჩულებად. მამიდაჩემი ზღაპრებს მიკითხავს, რომელიც თვითონვე დაწერა; მე მთავარი გმირი ვარ, ახალგაზრდა მონადირე, რომელსაც არაფრის არ ეშინია: მე ხომ ჩემი სათამაშო იარაღით დავამარცხე ტყის მეფე, ღრმად პატივცემული ლომი. ცოტა ხანში მე და ჩემს დას ძილი გვერევა და დედაჩემსაც საძინებლისკენ მივყავართ. ჯერ თვითონ წვება ჩვენს ლოგინებში, რათა გაათბოს სიცივისგან გალურჯებული საბნები და არ გვაგრძნობინოს ზამთრის სიმკაცრე. მალე სიზმრებს ვხედავთ. მე, როგორც ყოველთვის, ოცნებებში დავფრინავ; ჩემი და კი უკვე მერამდენედ ხედავს დევებს, რის გამოც დილით ატირებული იღვიძებს და დედას უყვება როგორ შეაშინეს წყაროს თავში მოკალათებულმა ცხრათავებმა.
დედა თბილად გვაცმევს, რადგან ვარკეთილში და თანაც მეთექვსმეტე სართულზე, საშინელი ზამთარი იცის. სათამაშოდ გავდივარ. ვეძახი ვიტალიკას, რომას, ტიგრანას და ნოდარს, ჩემი ბავშობის განუყოფელ მეგობრებს. დერეფანში ვთამაშობთ ფეხბურთს, ომობანას, დაჭერობანას. მერე ეზოშიც ჩავდივართ. არცერთს არ გვეზარება 16 სართულის ფეხით ჩასვლა, რადგან ვიცით, რომ ქვემოთ ძალიან კარგად გავერთობით. დახუჭობანას თამაშს ვიწყებთ. პირველი უიღბლო ვიტალიკაა – სწორედ მას უწევს დახუჭვა. ისე ძლიერ მინდა ვერავინ მიპოვოს, რომ დასამალად სხვა მიკრო-რაიონში გადავდივარ და კორპუსების გროვაში ვიკარგები. გულმოდგინედ დახუჭული ვიტალიკა კი არა, თავად დეტექტივი კოლომბოც კი ვერ მიპოვის ისე ვარ ჩაკარგული ცივ შენობებში. მივუყვები გზას და თან ვაკვირვდები ხალხს, რომელიც თბილად საუბრობს, თამაშობს, შიგადაშიგ ჩხუბობს კიდეც. კორპუსების წინ ყოველთვის ნახავ ბირჟაზე დროის გასაყვანად გამოსულ რამოდენიმე ადამიანს, ეს ხომ ჩვენი დროის ტრადიციაა. მბეზრდება მარტო ხეტიალი და ჩემ კორპუსთან ვბრუნდები. ვიტალიკას ჩემთვის სამი ქულა მოუცია: ოღონდაც გამოდი, ნუღარ იმალებიო. მეც გახარებული ჩემი სამი ქულით, ვაგრძელებ დახუჭობანას თამაშს გვიანობამდე.
“მერაბ! ამოდი სახლში” – მესმის დედაჩემის ხმა მაღლიდან.  ზანტად და მოწყენილად ავდივარ 16 სართულს, მთლიანად მტვერში ამოგანგლული და დაღლილი. დედა კერასინკაზე გაცხელებული წყლით მბანს და თბილად მაცმევს, რომ არ გავცივდე. ყველანი ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ დღეს მაინც მოვა შუქი და შევძლებთ სერიალის ყურებას. “მეცხრე ბლოკი გაფუჭებულა” – უხალისოდ გვეუბნება ჩვენი მეზობელი. კვლავ სიბნელეში მოგვიწევს საღამოს გატარება. დღეს ჯულიასთანაც ვეღარ ჩავალთ – აკუმულატორის დატენვა ვერ შეძლო და მის სახლშიც ისეთივე სიწყნარე და სიბნელეა, როგორც ჩვენთან. სამაგიეროდ კარტს ვითამაშებთ ოჯახურ გარემოში, ან დედა წაგვიკითხავს ზღაპრებს სანთლის შუქზე. მიუხედავად უშუქობისა, სიცივისა თუ სიღარიბისა, მე მაინც ბედნიერი ბავშვი ვარ.
ხშირად მენატრება 90-იანები, რადგან გაჭირვების ჟამს ხალხი ყოველთვის უფრო ახლოსაა ერთმანეთთან. თანაც მაშინ თოვლის ბაბუას ჯერ კიდევ მოჰქონდა ჩემთვის საჩუქრები: დღემდე ვერ ვივიწყებ ბალიშის ქვეშ სათამაშო რკინიგზის აღმოჩენის სიხარულს. მე ძალიან ბედნიერი ბავშვი ვიყავი.

Read Full Post »

გიფიქრიათ ოდესმე, რომ თქვენ ერთ დღეს აღარ იქნებით? მე მიფიქრია, თან ძალიან ხშირად. ვიღაც 80 წელი ცოცხლობს, ვიღაც დაბადებისთანავე იღუპება… ყველა ადამიანს აერთიანებს სიკვდილი. ბუნებრივი წრე იქმნება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის: რომ არა სიკვდილი, არ იქნებოდა სიცოცხლე და პირიქით – რომ არა სიცოცხლე, არ იქნებოდა სიკვდილი. არსებობენ უკვდავი ადამიანები? ფიზიკურად არა, სულიერად – კი. “თუ გსურთ იყოთ მარადიული, შექმენით წიგნები ან ბავშვები” – ბრძანა პლატონმა. მის ნათქვამში სრული სიმართლეა: მარადიულობის უზრუნველსაყოფად, ადამიანმა უნდა დატოვოს შთამომავლობა – სულიერი შთამომავლობა, რომელიც აისახება წიგნებში, მუსიკაში, ბავშვებში (ბავშვი არ არის მატერიალური მემკვიდრეობა, ის სულიერის ასახვაა მატერიალურში).
13 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე ჩემი ბავშვობის მეგობრის, ჩემზე ორი წლით უფროსი თენგოს გარდაცვალების ამბავი. თენგო სიცოცხლით იყო სავსე, მასში არ იყო არაფერი ნეგატიური.სახე მუდამ უბრწყინავდა და ყველას მეგობრულად შესციცინებდა მუქი შავი თვალებით. მთელი სამეზობლო იცნობდა თენგოს, ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. 15 წლის ასაკში კი მისი სიცოცხლე უდროოდ დასრულდა – თენგო ლიფტის შახტაში ჩავარდა და მისმა ხერხემალმა ვერ გაუძლო 10 სართულიან ვარდნას. მის საფლავზე არც კი მივსულვარ… ან რა უნდა მექნა? იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდეგ, აღარც დავბრუნებულვარ ძველ უბანში. თენგოსთან ერთად, ჩემთვის ბავშვობა დასრულდა.
მეგობრებთან ხშირად მომდის კამათი ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: როგორ უნდა იცხოვორო ადამიანმა – ყველაფერი წინასწარ დაგეგმო თუ გული კარნახს მიჰყვე და მისი დახმარებით იხელმძღვანელო ცხოვრების რთულ გზაზე? სამეგობრო წრეში ორივე აზრის მიმდევრები მყავს, საბედნიეროდ. ერთნი მიმტკიცებენ, რომ დაუფიქრებლად არასდროს არ უნდა მოვიქცე, ყველა ნაბიჯი უნდა მქონდეს განსაზღვრული; მომავალზეც უნდა ვიფიქრო, გეგმებიც დავალაგო. მეორენი პირიქით, მირჩევენ მქსიმალურად მოვდუნდე, ცხოვრებას მარტივად შევხედო და ვაკეთო ის, რაც ჩემს გულს გაუხარდება; “მთავარია სულიერი შიმშილის დაკმაყოფილება და არა ხორციელის”-ო, მარიგებენ ისინი. მე ვცდილობ ვიპოვო ოქროს შუალედი ორ უკიდურესობას შორის. ვმოქმედებ გონებით, მაგრამ გრძნობების გათვალისწინებით. ცარიელი გრძნობები უფსკრულისკენ წაგვიყვანს, ისევე როგორც ცარიელი პრაგმატიზმი. რაც მთავარია უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ, რომ ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი. ვაკეთოთ სიკეთე, გვიყვარდეს ადამიანები და გონიერად განვაგოთ ჩვენი ცხოვრება და ბედნიერება. Memento Mori!

Read Full Post »