ჩემი მეგობრის, საშკა ინაძის პოსტი.
ახლა ღამის 2 საათია, სახლში ყველას ძინავს. მხოლოდ მე, მონიტორის შუქი და ჩემი ყვითელი ქემელი ვარსებობთ ამ წუთას; და საერთოდ ჩემი ცხოვრების პერსპექტივაც მხოლოდ მე და ჩემი სიგარეტი ვართ, ყოველ შემთხვევაში ახლა ასეა, ხვალ არ ვიცი რა იქნება… ვზივარ კომპიუტერთან და ვცდილობ რაიმე დავწერო. ხო, ზუსტადაც ვცდილობ რადგან მეც და ამ წერილის მკითხველიც უკვე კარგად ვხვდებით, რომ არაფერი ღირებული აქ არ წერია. ვერაფერს შევძენ ამის დაწერით ვერც ჩემ თავს და ვერც ჩემს ირგვლივ მყოფთ. უბრალოდ მინდოდა ჩემი და სიგარეტის გარდა კიდევ ვინმე გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში და რატომღაც საუკეთესო მეგობრად ვორდის ფაილი ჩავთვალე. არც თემა ვიცი რაზე უნდა დავწერო და არც რაიმე მიზანი მაქვს, უბრალოდ ვგრძნობ რომ შიგნიდან რაღაც ძალიან მაწუხებს და ვერაფრით მივმხვდარვარ რა არის ეს. შეიძლება ჩემი ეს სურვილი იმანაც გამოიწვია, რომ უბრალოდ მინდა ვინმემ წაიკითხოს და მოეწონოს ჩემი ნაწერი, რათა იმიჯი შევიქმნა ჭკვიანი და განათლებული ადამიანის, რომელიც ცხოვრების ამაოებამ (ან საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამ) შეაწუხა; შეიძლება სულაც ჩემს მეგობარს ვბაძავ, რომელიც ძალიან საინტერესოდ, არაჩვეულებრივად და ლამაზად წერს და რომელის პოსტებიც ძალიან პოპულარულია სამეგობროში და არამარტო… მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა რატომ დავჯექი და დავიწყე ამის წერა. უბრალოდ ვცდილობ მაქსიმალურად გულახდილი, ვიყო პირველ რიგში საკუთარი თავის და მერე ყველას წინაშე, ვინც ამას წაიკითხავს.
ცხოვრებაშიც ხომ მთავარი ეს არის – გულახდილობა, სიყვარული და სრული გათავისუფლება ყველაფრისგან. ჯობს გამოვაჩინოთ ყველაფერი. ეს ცუდათ იმოქმედებს ჩვენს იმიჯზე თუ კარგად, ამას არ აქვს მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ძალიან ცუდად ვიგრძნობთ. საერთოდ ცნება თავისუფლება ჩემამდე სხვანაირად აღწევს, ბევრჯერ მომისმენია როგორ ამბობენ ადამიანები “რაც მინდა იმას ვაკეთებ და თავისუფალი ვარო”. ეს სინამდვილეში საკუთარ სურვილებს დამორჩილებაა და ამას ვერც აცნობიერებენ, რომ საკუთარ აზრების და სურვილების მონები არიან. როდესაც რაღაც გინდა და იცი რომ ეს არ არის საჭირო ან თუმდაც შენთვის მავნეა, როდესაც ამაზე უარს იტყვი და თავს ძალას დაატან აი სწორედ მაშინ აკონტროლებ სრულად შენ თავს, აი ეს არის ნამდვილი თავისუფლება.
ხო რაც შეეხება სიყვარულს. ჩემთვის ეს უფრო ზოგადი თემაა ვიდრე ხალხშია მიღებული. ჩემთვის სიყვარული ყველაფერია, მთელი ჩემი ცხვორებაა, თითოეული წუთი და წამი; ყველაფერს რასაც კი ვაკეთებ სიყვარული მაკეთებინებს: მიყვარს, როდესაც დილით ადგომა მეზარება და დედაჩემს კეთილად გაბრაზებული სახე აქვს; მიყვარს სახლიდან გასვლა, რადგან ვიცი გარეთ კიდევ ერთი სასიამოვნო და საინტერესო დღე მელოდება; მიყვარს როდესაც ტრანსპორტში ვჯდები და სასწავლებელში მივდივარ, მიუხედავად იმისა რომ გრძელი გზა მაქვს გასავლელი და დიდ ხანს მიწევს იქ ყოფნა; მიყვარს ეს ხანგრძლივი მარშუტიც, რადგან გზაში რაიმე კარგ მუსიკას მოვუსმენ, ჩემს მუსიკალურ ოცნებებში წავალ (რომელსაც ახდენა არ უწერია), ან თუნდაც რომელიმე პოეტის კრებულს დავიჭერ ხელში და ჩემთვის გულში გამოთქმით წავიკითხა; მიყვარს მეგობრებთან ერთად გარეთ უაზროდ, უფულოდ სიარული და იმაზე მსჯელობა თუ რა შეიძლება რომ ვქნათ; მიყვარს ეს, რადგან მე მეგობრებთან ერთად ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ; მიყვარს ეს სამყარო, ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება. მოვიშველიებ გაბრიელ გარსია მარკესის ნააზრევს (ოღონდ პირველ პირში) და გეტყვით, რომ ყველანი ძალიან მივარხართ, მინდა ჩაგეხუტოთ და აღარასდროს გაგიშვათ ხელი, რადგან როდესაც ჩემი ვალში აღებული დრო დამეხარჯება, არ მინდა ვინანო, რომ ვიღაცას ნაკლებად ვაგრძნობინე ჩემი სიყვარული.