Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘მუსიკა’ Category

პირველი შეხვედრა ყოველთვის ჯადოსნურია. მორიდებული ღიმილი, ფიქრი იმაზე, კარგად იქცევი თუ არა. ბავშვური დაბნეულობა. სიხარული. აჩქარებული გულისცემა. პირველი შეხვედრა ან დიდი და ლამაზი ზღაპრის დასაწყისია, ან დასასრული. ორივე შემთხვევაში, პირველი შეხვედრა არასდროს კარგავს ჯადოსნურობას.

Advertisements

Read Full Post »

საქართველოში არსებობს ერთი ძალიან კარგი ბენდი – ხმამაღლა მოლაპარაკეთა ბენდი. მე ისინი რამდენიმე წლის წინ გავიცანი. ჯერ მათი უბრალო მსმენელი ვიყავი და Fallen In You-ზე ვგიჟდებოდი. მერე უფრო ახლოს გავიცანი ისინი და დღეს ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან. კარგ მუსიკას ცუდი ადამიანები ვერ აკეთებენ. ეს ასეა. ლოუდები კარგი ადამიანები არიან. დღეს მათ ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროებათ. უყურეთ ვიდეოს და არ დაგენანოთ თქვენი ცხოვრების სულ რაღაც 2 წუთი ამ კარგი ადამიანების დასახმარებლად. დიდი მადლობა ყველას.

Read Full Post »

ზამთრის სიცივე ძვლებში ატანდა. დიდი ზომის შალის ჯემპრე მუხლებამდე უფარავდა სხეულს. აბუზული იდგა აივანზე და სივრცეში მზერით ეძებდა მზის სხივებს. სულ ტყუილად. ზამთარმა მკაცრი ჰეგემონია დაამყარა. მზის სხივებზე გრაფიკი დაწესდა. სხვა რა გზა ჰქონდა, სიგარეტის ახლადგახსნილი კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა. ნაფაზი დაარტყა და სასიამოვნო გემო იგრძნო. მაქსიმალურად დიდხანს შეიკავა თავი ამოსუნთქვისგან და მერე “ჰუუუ”, ნაზად გამოუშვა სიგარეტის ბოლი. სიგარეტის ბოლი არ უყვარდა. სადგურებზე ორთქმავლების გამოშვებული კვამლი ერჩივნა. ბევრად. ბოლომდე კომფორტულად ვერა და ვერ მოეწყო. სიგარეტი საკმარისად ვერ ათბობდა. სიცივე მაინც ახერხებდა მისი ყურადღების გაფანტვას. მოიფიქრა. სახლში შებრუნდა, მძინარე მეგობრებს ფრთხილად გადააბიჯა, არცერთის გაღვიძება არ სურდა, ჯერ მხოლოდ დილის 6 საათი იყო. ოთახის კუთხეში მიგდებული აიპოდი და ყურსასმენები აიღო და აივანზე დაბრუნდა. ყურსასმენებს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის ისიც, რომ ყურებს გითბობს. კომფორტულად მოირგო ისინი და აიპოდში საყვარელი ფლეილისტი ჩართო. She’s only happy in the sun – ფლეილისტის სახელი მაქსიმალურად გადმოსცემდა მის შინაგან მდგომარეობას. მზე ენატრებოდა. საშინლად ენატრებოდა. ყურსასმენებიდან მუსიკა სასიამოვნოდ ჩაეღვარა სულში და სიგარეტის გემრიელ ნაფაზებთან ერთად, ზამთრის აუტანელი სიცივე და სიგარეტის ბოლიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ფიქრობდა მზიან დღეებზე და იმაზე, რომ სადღაც ადამიანები პლაჟებზე იწვნენ და ირუჯებოდნენ, კიდევ უფრო სადღაც კი ბავშვები ტანშიშვლები თამაშობდნენ ფეხბურთს სკოლის ეზოში. დაფიქრდა და გაეღიმა. მშვიდად. წყნარად. ნაფაზის დარტყმისას თვალებს ოდნავ ჭუტავდა და ეს ძალიან უხდებოდა. თუ ადამიანს მოკლე თმები უხდება, ის ნამდვილად ლამაზია. მას მოკლე თმები ძალიან უხდებოდა.
ქუჩაში ხალხს ყოველთვის აკვირდებოდა. ისინიც ამჩნევდნენ მას, მაგრამ ისე, ზედაპირულად. “რა კარგი გოგოაო” – გაიფიქრებდნენ დედები, ბებიები. დროებას ჩამორჩენილები – “რა ბიჭურად შეუჭრია თმები, არადა რა კარგი გოგოაო”. ბირჟავიკები – “ვახ მოკლეთმიანი ნაშა რა პონტია, ბიჭიაო?”. ამ ყველაფერზე ეღიმებოდა. ზედაპურილობაზე ეღიმებოდა. თვითონ კი ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა. ბავშვობაში პატარა პრინცი წაიკითხა. მერე კიდევ წაიკითხა. უფრო მერე კიდევ. პატარა პრინცი კაი ტიპიაო, გაიფიქრა პირველ წაკითხვაზე. მეორეზე მიხვდა, რომ პატარა პრინცი თვითონ იყო. მესამეზე კი იმაზე დაფიქრდა, რომ ვარდისთვის წყალი ყოველთვის უნდა დაესხა. ამიტომ აკვირდებოდა ხალხს ქუჩაში და უხაროდა, როცა ვინმეს სახეზე ბედნიერებას და სიხარულს ამოიკითხავდა. პირველად ბიჭმა რომ სახლთან მიაცილა და გაუბედავად, მაგრამ მაინც აკოცა, მთელი საღამო გაღიმებული იყო. ამიტომაც იცოდა, რომ ადამიანების სახეზე ქუჩაში სიარულისას უცბად გაჩენილი ღიმილი მხოლოდ იმას თუ ნიშნავდა, რომ ვიღაცამ სადღაც პირველად აკოცა თავის გულისსწორს. წვრილმანებში დანახული ბედნიერებები ყველაზე მოცულობითია. პარადოქსულია ბედნიერება. ვერ ხსნი. ვერც ის ხსნიდა. დადიოდა თბილისის ქუჩებში, მოკლედ შეჭრილი თმებით და ტანზე გამოყვანილი შარვლებით. ბევრი მეგობარი ყავდა, მაგრამ ყველაზე ერთგულად მაინც საკუთარ აიპოდს და მასში შექმნილ ფლეილისტებს მიიჩნევდა. “Cheers Darlin” – ნისლიანი საღამოებისთვის, როცა ირგვლივ ყველა სვამდა, თვითონ კი ფანჯარასთან იჯდა და ბურუსში გახვეულ ხეებზე მოხტუნავე ციყვების დანახვას ცდილობდა. “Where are we now” – მელანქოლიური დღეებისთვის, როცა ყველაფერი ლურჯდებოდა და ბუნდოვანდებოდა. “True love waits” – ბავშვური რწმენა რომ არ დაეკარგა. და რაღა თქმა უნდა “She’s only happy in the sun” – ზამთრის ცივი დღეების დასამარცხებლად და საკუთარ თავში ზაფხულის მზიანი დღეების გასახსენებლად.
ახლაც აივანზე იდგა, უსმენდა ბენ ჰარპერს და თბილისის ქუჩებში, ჯინსებსა და კედებში მოსიარულე გოგოს გახსენებაზე გემრიელად ეღიმებოდა. სიგარეტის ნაფაზები დასასრულს მიუახლოვდა და სადაცაა სიმღერაც მივიდოდა ბოლო ნოტამდე. ჰორიზონტზე კვლავ არ ჩანდა მზის სხივები. ის კი ოდნავ მოჭუტული თვალებით, მაინც ოპტიმისტურად იყურებოდა სივრცეში და იცოდა, რომ ზამთრის სიცივეს ყოველთვის თან სდევდა სითბო. თანაც ისიც კარგად ახსოვდა, რომ იმ მომენტში, სადღაც შორს, რომელიმე ოკეანის სანაპიროზე, ზაფხულის სიცხისგან დაღლილი ადამიანები სიცივეს ნატრობდნენ და შურდათ მისი, რომელიც თბილ შალის ჯემპრეში შეფუთული და სიგარეტითა და აიპოდით შეიარაღებული, მაქსიმალურად ცდილობდა გამკლავებოდა სიცივეს. ასეა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს რაღაც, რაც სხვას სურს. ამის გახსენებაზე გაეღიმა, სიგარეტი ჩააქრო, ყურსასმენები მოიხსნა და სახლში შებრუნდა. დრო სწრაფად გასულა. უკვე რვა ხდებოდა. მეგობრები სამსახურებში იყვნენ წასასვლელები. ბოლოჯერ დახედა სხვადასხვა სასაცილო პოზებში მძინარეებს, ეშკამურად ჩაიღიმა, ღრმად ჩაისუნთქა და დაიყვირა: “ჰეეეიიი!”

Read Full Post »

გავიღვიძე. სიცარიელის სუნმა შემაწუხა. მიმოვიხედე გარშემო და ოთახი გუშინდელივით უმოწყალოდ სევდიანი და მარტოსული მეჩვენა. ქუჩიდანაც გუშინდელივით აღარ ისმოდა მანქანების ხმაური და ხალხის ნერვიული მიმოსვლით გამოწვეული შრიალი. უკვე ერთი თვეა ნელ-ნელა ვეჩვევი ახალ რეალობას – მე მარტო ვარ. ყველაფერი რაც აქამდე არსებობდა – უაზრობად იქცა. ყველა ვინც აქამდე აზრს მატებდა ჩემ ცხოვრებას – უბრალოდ გაქრა.
ზანტად ვდგები ლოგინიდან, ვცდილობ გემრიელად გავიზმორო, მაგრამ არ გამომდის. ავტომატური მოძრაობით მივდივარ ტუალეტისკენ. ხელ-პირის დაბანა მეზარება, უბრალოდ ვისველებ თითის წვერებს და თვალებს ვისრეს ცივი წყლით. ვცდილობ გამოვფხიზლდე. სარკეში საკუთარ თავს ვხედავ, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ემსგავსება ნეანდერტალელ ადამიანს. თურმე რა ადვილია პირველყოფილ მდგომარეობაში დაბრუნება. ერთი თვეა წვერი არ გამიპარსავს, თმა არ დამივარცხნია და არც კბილების გამოხეხვით შემიწუხებია თავი. შედეგიც სახეზეა. პრინციპში მაინც მარტო ვარ და… სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუყურებ და ვცდილობ გავიხსენო როგორი ვიყავი იქამდე, სანამ ყველაფერი გაქრებოდა და ყველა მიმატოვებდა. აღარ მახსოვს. პერიოდულად ვცდილობ წარსულის გახსენებას. უშედეგოდ. როგორც ჩანს ძალიან მარტივად ვივიწყებთ ყველას და ყველაფერს.
უხალისოდ ვიცმევ დიდი ხნის გაურეცხავ ტანსაცმელს, რომელსაც უკვე შმორის სუნი ასდის. სიზარმაცემ ბოლომდე დამიპყრო და მჭიდროდ შემომხვია თავისი ძლიერი ხელები. გარშემო თუ არავინაა, აღარც არაფერი გაინტერესებს ადამიანს. სახლიდანაც არ გავიდოდი, რომ არა ერთი “რომ”. ჩვენში სიზარმაცეზე ბევრად ძლიერია თვითგადარჩენის სურვილი. ალბათ სწორედ მან მოგვიყვანა აქამდე. სადამდე ზუსტად არც მე ვიცი, მარა „აქამდე“. ამ გაურკვევლობამდე. მშია. სიზარმაცე მაქსიმალურად დიდი ხნის მანძილზე ჯაბნის თვითგადარჩენას და მეც მშიერი ვგდივარ საკუთარი სახლის ოთხ კედელს შუა. მერე თითგადარჩენა ძალას იკრებს, აი ისე, ჟან-კლოდ ვან დამის ფილმებში რომ მწარდება ხოლმე მთავარი გმირი. ძალამოკრებილი და რევანშს მოწყურებული თივთგადარჩენა სიზარმაცეს ნოკდაუნში აგზავნის და მეც ზანტი ნაბიჯებით ვტოვებ სახლს და უახლოესი სუპერმარკეტისკენ მივემართები.
კიდევ კარგი ადამიანებთან ერთად ელექტროენერგიაც არ გაქრა. პროდუქტები მაცივრებში საიმედოდაა შენახული. მე მარტო ვარ მთელ ქალაქში. შეიძლება მთელ დედამიწაზეც კი. ამ ერთი თვის მანძილზე, ჩემ სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სუპერმარკეტის მთლიანი პროდუქციის დაახლოებით ერთი მეათედი მოვიხმარე. საჭმლის მარაგის პრობლემა ჯერჯერობით არ მაწუხებს. ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი მომიწევს ასე ყოფნა. გავხდი. საჭმელი არის, მაგრამ არ არის ჭამის სურვილი. ან როგორ იქნება? გარშემო არავინაა მადა რომ აღმიძრას. სიმარტოვე ყველაზე კარგი დიეტაა. ერთ დღეს თუ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, მე აუცილებლად, მხიარული სახით ვაცნობებ ჩემს მეგობრებს, რომლებიც სიმსუქნეზე წუწუნებენ: “წადით, დაივიწყეთ ყველა და ყველაფერი, გახდით მარტოსულები და თქვენ აუცილებლად დაიკლებთ წონაში! აირჩიეთ – სიმსუქნე და საზოგადოება ან სიგამხდრე და სიმარტოვე. არჩევანი თქვენზეა”. წარმომიდგენია რა სახეებით შემომხედავენ. სულ გაგიჟდაო, გაიფიქრებენ. მერე ნელ-ნელა გამრიყავენ სამეგობრო წრიდან: ჯერ სატელეფონო ზარებზე მიპასუხებენ ნაკლები სიხშირით, მერე მეგობრებში გაავრცელებენ ჩემი სიგიჟის ამბავს და ბოლოს ფეისბუკიდანაც წამშლიან, ან უარეს შემთხვევაში – დამბლოკავენ. ფეისბუკიდან წაშლით და დაბლოკვით ყველაფერს წერტილი დაესმევა. დღეს ხომ სწორედ ფეისბუკი წყვეტს ყველაფერს: ვინ ვისთან, როგორ და რანაირად. მარკ ცუკერბერგმა შეძლო და შექმნა სოციალური ქსელი, რომელიც ყველაზე მარტივად და ამავდროულად ტოტალურად აკონტროლებს ადამიანებს. მათ კი საკუთარი თავები თოლია ჯონათან ლივინგსტონივით თავისუფლები გონიათ.
სუპერმარკეტში საკმაოდ გრილა. კონდიციონერები ისევ ფუნქციონირებს. რა მაგარია, შეიძლება რამდენი ელექტროენეგიაც გინდა, იმდენი დაწვა. არც გადასახადი მოვა, არც არავინ ჩაგიჭრის დენის კაბელებს. კომუნალური გადასახადებისადმი შიში დაძლეულია, როგორც იქნა. მართალია ამას მსხვერპლად მინიმუმ 300000 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (რა თქმა უნდა მათი რიცხვი გაიზრდება, თუ ვივარაუდებთ, რომ მთელ დედამიწაზე იგივე ხდება, რაც ჩემ ქალაქში), მაგრამ ამას ვინ ჩივის. მთავარია შედეგი: შიში დაძლეულია, პროგრესი სახეზეა.
საჭირო პროდუქტებს ხელი დავავლე და სწრაფად დავტოვე სუპერმარკეტი. ფილმებისა და სიზმრების გარდა არასდროს მინახავს ასეთი ცარიელი ქუჩები. სიმარტოვე არასდროს ყოფილა ასეთი გლობალური და ყოვლისმომცველი. ეს კარგიცაა. პირველად შემიძლია არ დავმალო საკუთარი სიმარტოვე. ხანდახან ხმამაღლაც ვყვირი ხოლმე: “მე მარტო ვაააააააააარ!” აღარ ვმალავ, აღარ მრცხვენია. მე მარტო ვარ. სრულიად მარტო. არ მჭირდება ბედნიერების ნიღაბი, არ მჭირდება ადამიანებთან ერთად გადაღებული ფოტოების ჩვენება მარტოსულის სტატუსის თავიდან ასაცილებლად. ახლა უკვე თავისუფლად ვგრძნობ თავს. საბოლოოდ გავითავისე საკუთარი სიმარტოვე და უკვე ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება.
მზე საშინელი სიძლიერით აჭერს. ასეთი სიცხეები არასდროს ყოფილა ჩემ ქალაქში. ალბათ მზეც მარტოდ გრძნობს თავს. კატებმა და ძაღლებმაც დატოვეს მშობლიური ქალაქი. მტრედებიც აღარ დასეირნობენ მოედნებზე და არც თოლიები ჭყავიან მდინარის სანაპიროებთან. მთელ ქალაქში მხოლოდ მე დავრჩი. მე და კიდევ ერთი ჩიტი. ჯერ ვერ გავიგე რა ჩიტია. ყოველდღე, ერთი და იმავე დროს, ფრთების ზანტი მოძრაობით გადაუფრენს ხოლმე ქალაქს. ვცადე დავლაპარაკებოდი, დავმეგობრებოდი. ხანდახან მარტოობაც ხომ ცუდია როცა მთლად მარტო ხარ, არა? უშედეგოდ. ჩიტი ყურადღებას არ მაქცევს. თავისი წინასწარდაგეგმილი მარშრუტით ჩაფიქრებული მიფრინავს ქალაქის ერთო ბოლოდან მეორე ბოლოსაკენ. ალბათ ისიც ჩემსავით მარტოა. სულ მარტო. ალბათ მანაც დაკარგა ოჯახის წევრები, მეგობრები, მოგონებები. დღეს სამყაროში ორი სულიერი არსებაღა დავრჩით. მე და ჩიტი. ჩიტი და მე. რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი არ ვიცი. სავარაუდოდ ვერც ვერასდროს გავიგებ. მე ალბათ იმიტომ გადავრჩი, რომ კიდევ უფრო მძაფრად შემეგრძნო საკუთარი სიმარტოვე და მენანა ის წუთები, როცა ვფიქრობდი თუ რა კარგი იქნებოდა სრულ სიმარტოვეში ცხოვრება. და ჩიტმა რაღა დააშავა? რატომ დარჩა ასე ეულად და მარტო? არ ვიცი.
სახლში უხალისოდ ვბრუნდები. სიცარიელის სუნი ისევ შემაწუხებლად მეფობს. ფანჯრების გაღებას რა აზრი აქვს, გარეთ კიდევ უფრო მეტად ყარს სიცარიელე. სუპერმარკეტიდან წამოღებულ პროდუქტებს მაცივარში ვაწყობ და ჩემს საყვარელ სავარძელზე მოწყვეტით ვეცემი. როგორ იცვლება ადამაინის დამოკიდებულება საყვარელი ნივთებისადმი. ოდესღაც მიყვარდა ამ ადგილას ჯდომა. ახლა უკვე მძულს. ვერ ვუძლებ სავარძლის მოწითალო ფერს და გაცვეთილ ბალიშებს. მაგრამ მაინც ვზივარ. სხვა რა გზა მაქვს. ვზივარ და ვფიქრობ. ვფიქრობ ჩიტზე, რომელიც ყოველდღე დაფრინავს ქალაქის თავზე. ვფიქრობ და გული მწყედება, რომ ადამიანებს ფრენა არ შეგვიძლია. მერე საკუთარ თავზე ვბრაზდები: კი მარა, ფრენაზე და ათას სისულელეზე ფიქრის დროა ახლა? ადექი და ჭამე რა. მშიერი კუჭით შორს ვერ გაფრინდები, დებილო.

Read Full Post »

I’ve waisted all my energy
I’m searching for the remedy
So leave…
Get the fuck out of my life

I’ve always been the same with you
I’ve always shared my dreams with you
And now bitch
Get out of my life

You know that you just don’t deserve me
You know that you just don’t deserve me

I wrote the songs with you inside
I made you queen of my own dreams
And now you
Live like a whore

In the morning you will never feel
My breath and kisses on your face
Cause you are
Just an ordinary bitch

And you know that you just don’t deserve me
You know that you just don’t deserve me

No one’s gonna hold you close
No one’s gonna get you stars
No one’s gonna give you love
Cause you are
just an ordinary bitch

And you know that you just don’t deserve me
You know that you just don’t deserve me…

http://soundcloud.com/merabino/love-song

Read Full Post »


ვფიქრობ.
ჩუმად ვფიქრობ. მარტო ვფიქრობ.
ფიქრობ.
ხმამაღლა ფიქრობ. სხვებისთვის ფიქრობ.
მე აღარ. მე ვეღარ. მე მეყო.
შენ კიდევ. შენ უფრო. შენ მეტად.
გიყურებ. გიყურებ.
სულ შენ გიყურებ.
მზერას მარიდებ. ურცხვად მარიდებ.
თვალებს დაბლა ხრი.
აღარ გიყურებ. ვეღარ გიყურებ.
სხვას ვუყურებ.
მამჩნევ. სულ მამჩნევდი.
მე მზერას გარიდებ.
ვუკრავ. გიტარაზე ვუკრავ.
ცოტ-ცოტას ვმღერი.
არ მისმენ. თვალებს ვერ ამჩნევ.
სივრცეში ეძებ.
მომბეზრდა. მელოდიას ვცვლი.
სიმი გამიწყდა.
თვალებს ეძებ.
სიმები უკვე გაწყდა. თვალებიც.
ნაყინი გინდა?
მე ყელი მტკივა. შენ ვანილი არ გიყვარს.
მე შენ სათამაშო გიყიდე. შენ კიბეზე მოისროლე.
ბავშვობის ოცნება დაიმსხვრა.
შენ არ უნდა აგდებდე სათამაშოს.
ახალ წელს გნახე.
ჩამეხუტე. სულ მიყვარდიო.
მე შენი ტყვეობიდან დახსნა გადავწყვიტე.
მერე გამოვფხიზლდი.
ხანდახან კარგია სიმთვრალე. გმირობა უფრო ადვილია.
ლაჩრობა რთულია. ძნელად ასატანი.
მე ვერ დაგიხსენი.
შენ ახლა სადღაც ხარ. მეც სადღაც ვარ.
მეცეკვეო. გეცეკვე.
მახსოვს ყურში ჩამჩურჩულე.
მეტი აღარაფერი. ბუნდოვნად.
შენი შვილი გოგო უნდა იყოს.
ლამაზი. შენსავით.
ჩემი შვილი გოგო უნდა იყოს.
ლამაზი. შენსავით.
მერე მზე გამოვიდა.
კიდევ დამავიწყდა ბორჯომის ყიდვა.
გინდა რაღაც გითხრა? მოიწი ახლოს.
გეღიმება. როგორც ადრე. ბავშვობაში.
ადრე არ ციოდა.
სახლში მოსვლისას იღიმოდი. სადილობდი.
ახალი წელი გიყვარდა. სკოლაში ერთად ვმღეროდით.
ოცდახუთსა დეკემბერსა. ქრისტე იშვა.
მერე შვიდ იანვარს შობა დგებოდა.
შენ წახვედი. სულ წახვედი.
მე შობას გილოცავ. სულ მოგილოცავ.

Read Full Post »

ენის წვერზე გვადგას ფრაზა… დიდი ხნის ნანატრი ფრაზა, რომელსაც ვერ ვამბობთ.
მე მეშინია. შენ? იცი მე რისი მეშინია? იმის რომ ერთ დღეს ბედნიერი ვიქნები. მეშინია, რომ ვეყვარები ვინმეს. ძალიან მეშინია. მცივა, ვკანკალებ. რას აკეთებ აქ? ნამდვილად იცი რა გინდა? მართლა გინდა რომ აღარ მეშინოდეს? და იმის არ გეშინია, რომ აღარ შემეშინდება? რა იცი როგორი ვარ, როცა არ მეშინია? გარისკავ? მზად ხარ ყველაფერი დადო სასწორზე და გარისკო? დავიჯერო მართლა ასე ძვირფასი ვარ შენთვის? მე ხომ იდიოტი ვარ.
წლებია მარტოობაში ვკლავ წუთებს და ვფლანგავ სიყვარულს, რომელიც ჩემში საკმარისზე მეტი დოზითაა და რომელიც მანადგურებს, რადგან ბედნიერება მხოლოდ გაზიარებულია სრულფასოვანი. იცი, ნაცრისფერ ქალაქში საერთოდ აღარაფერია ჩემთვის დარჩენილი. მხოლოდ შენ ხარ ფერადი. მე მაინც მეშინია შენი. შენ ხომ ჩემი ძირეული შიშის დაძლევას ცდილობ. მე კიდევ რატომღაც ისევ ჩვენი წინაპრების მიერ გაცვეთილი პრინციპით ვხელმძღვანელობ: “შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი ჯობიაო”. აუ რა დებილი ვარ. ღმერთო, რა დებილი ვარ.
დღეს ვფიქრობდი და მიხაროდა. მიხაროდა, რომ ვფიქრობდი. მიხაროდა, რომ შენზე ვფიქრობდი. უფრო მეტად კი ის მიხაროდა, რომ შენზე ვფიქრობდი როგორც ადამიანზე, რომელსაც გავუზაირებდი ჩემ სითბოს. ბევრს ვფიქრობ. არ შეიძლება უბრალოდ გაგიზიარო ჩემი სითბო და არ ვიფიქრო იმაზე, რომ სიამოვნებით გაგიზიარებდი მას? როგორ არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ხომ ზედმეტს ვფიქრობთ. დღეს აღარავინ ფიქრობს ჩვენს გარდა. იმედია ჩვენც მალე გადავშენდებით, როგორც დინოზავრები. ან თუ არ გადავშენდებთ, ამდენ ფიქრს მაინც გადავეჩვევით. ისე მეორე ვარიანტი ჯობს, ალბათ დამეთანხმები. ჯერ არ მინდა სიკვდილი. არ გვინდა სიკვდილი.
“In the Dark There’s a lot we don’t show” – და შუქი რომ ავანთოთ არ შეიძლება? მერე ალბათ ყველაფერი გამოჩნდება. მე, მაგალითად, 22 წელია სიბნელეში ვარ. უკუნითში. აი ისეთში, თვალთან თითს რომ ვერ მიიტან. სწორედ ამ სიბნელის გამო ვერ ვარჩევ, ვინ კარგია და ვინ – ცუდი; ვის ვუყვარვარ და ვის – ვუნდივარ; ვის ვჭირდები და ვინ – მიყენებს; ვის ვეხმარები და ვინ – მხმარობს. ვითომ ეს ყველაფერი 90-ნების ბრალია? უშუქობას და სიბნელეს ზედმეტად მივეჩვიე.
მერამდენე ხუთშაბათია პარასკევს ველი და მერამდენე პარასკევია, რომლის მოსვლაც არ მიხარია. მოდი გავერთიანდეთ რა. მოდი, ერთნი გავხდეთ. აი უბრალოდ ავდგეთ და ერთნი გავხდეთ. ერთად ვისუნთქოთ, ერთად ვიდარდოთ, ერთად ვიყოთ მარტო და ერთად ვიტიროთ. მიყვარს, როცა ერთად ვტირით. ვინ თქვა კაცები არ ტირიანო? აბა კი. მე ვტირი. მე იცი რას გასწავლი? რას და როგორ უნდა იყო კარგ ხასიათზე. ოღონდ ერთი პირობით: შენ უნდა მასწავლო, როგორ გამოვიდე სიბნელიდან და როგორ აღარ მეშინოდეს.
ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობდი და ვოცნებობ: ვინმე ძილის წინ ჩემზე ფიქრობდეს, როგორც ადამიანზე. ძალიან მინდა ეს ოცნება ამიხდეს. იცი როგორ ფიქრობდეს? აი ასე: “მერაბს რამე აწუხებს?” “ნეტავ მერაბი ბედნიერია?” “ნეტავ მერაბს როგორ ძინავს?”
მე მორწმუნე ვარ. მუხლებზე დაჩოქილი დემიენის და კიდევ იმის მწამს, რომ ერთ დღეს ენის წვერზე მომდგარ ფრაზას მომღიმარი სახეებით გავაჟღერებთ. წარმოდგენილიც კი მაქვს სცენა. ერთმანეთს შევხედავთ, ოდნავ გაგვეღიმება და სინქრონში ვიტყვით ენის წვერზე მომდგარ ფრაზას… დიდი ხნის ნანატრ ფრაზას, რომელსაც ვერ ვამბობთ.
ისე, ვიტყვით კი ოდისმე?

Read Full Post »

Older Posts »