მცივა. 3:44 – მიჩვენებს მონიტორის მარჯვენა დაბალ კუთხეში განთავსებული ციფერბლატი. ხანდახან ჩემი კომპიუტერი ერთი საათით უკანაა ხოლმე. გაიგე ახლა რომელია, 3:44 თუ 4:44? თან მცივა. ერთი და იგივე სიმღერა ტრიალებს და ტრიალებს. უკვე ზეპირადაც ვიცი.
3:50. ვითარება უცვლელია. სიცივე. სიმღერა. ფიქრები, რომელიც არასდროს გტოვებს. მერე ვინმეს ეძებ, რომ გაუზიარო. უზიარებ, მარა მაინც არ კმაყოფილდები. ისეთი მომენტებია, რომ ხვდები, ის რაც ახლა შენშია, მხოლოდ იმისთვისაა და მხოლოდ ის თუ გაიგებს. გჯერა ან ცდილობ რომ დაიჯერო. გინდა რომ დაიჯერო? არ ვიცი, მჯერა. ალბათ იმ ლოგიკით, რომ ყოველთვის ჯობს გჯეროდეს, ვიდრე არ გჯეროდეს.
3:57. მეღიმება.
3:58. ვღიღინებ. ჩემებს ძინავთ. იმედია არ გავაღვიძებ. არ მიყვარს როცა მცივა და ოთახში ახალგაღვიძებული ადამიანები შემოდიან.
4:05. გავძლებ გათენებამდე? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფიქრი დაუსრულებელია, შეიძლება შემომათენდეს კიდეც. ლამაზი ხედი მაინც მქონდეს ფანჯრიდან, განთიადს შევეგებებოდი.
4:17. რა ვქნა აღარ ვიცი. დედაჩემმა გაიღვიძა. რომელი საათიაო, იკითხა. ოთხი-მეთქი, ვუპასუხე და დაიძინა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე კარგი დედა მყავს. წავალ ახლა ღვინოს დავისხავ და დავლევ.
4:23. წითელი. წითელი ფერი. წითელი ღვინო. წითელი ტუჩები. წითელი.
4:26. თითები. ხელის გულები. სიცოცხლის ხაზები. ჩვენი სიცოცხლის ხაზები. ტუჩებზე წვეთად ჩამოსული წითელი ღვინო, რომელიც ლაქად რჩება. გიხდება.
4:31. ერთი ჭიქა დავცალე უკვე. რა კარგია, რომ ღვინო და მეგობრები ყოველთვის გვერდით არიან. რა თქმა უნდა ნამდვილ ღვინოს და ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ.
4:33. როცა იცი, რომ მას კონკრეტული სიმღერა, ფილმი თუ წიგნი უყვარს. ზიხარ და უსმენ. უყურებ. კითხულობ. გსიამოვნებს, სითბოთი ივსები. თან ღელავ. მომავალზე ღელავ.
4:38. უკვე ისე გავიყინე, რომ პლედი მოვიტანე, შემოვიხვიე და ისე ვზივარ და ვწერ. მეორე ჭიქა გავივსე და ნახევრამდე დავცალე. სიმღერა იგივე. ყველი მინდა. ფრანგული ყველი.
4:41. ნიკალა კიბის ქვეშ მოკვდაო, ამბობენ. მე სულ არ მიყვარს პრიმიტივისტი ნიკალა, მაგრამ მაინც. მე კომპიუტერის წინ მოვკვდები. როგორ შეიცვალა დრო. ნიკალაზე თუ ამბობენ საწყალი, ციოდა კიბის ქვეშ და გარდაიცვალაო, ჩემზე იტყვიან – დეგენერატი, კომპიუტერის წინ გაიყინა და მოკვდაო.
4:50. ხელები გამითბა. ღვინო თავისას შვრება. მიყვარს. წვიმაში სეირნობა მინდა. თავიდან გეუცხოვება სხეულზე წვიმის წვეთების მოხვედრა, მერე ნელ-ნელა ეჩვევი და ბოლოს გსიამოვნებს.
4:58. გარეთ მინდა გასვლა. მაგრამ მარტო სეირნობა სასტიკად მეზარება. ძაღლი უნდა მეყიდა თავის დროზე.
5:01. ზაფხულში უკვე დღის სინათლე შემოვიდოდა ფანჯრებში. ახლა კი ბნელა. ვიღაც ისევ მღერის. თავისთვის. ჩემთვის. შენთვის. ყველაზე კარგად სიმღერით გადმოვცემ იმას, რასაც ვგრძნობ.
5:06. Fail with consequence, lose with eloquence
and smile. I’m not in this movie, I’m not in this song. Never.
5:10. სასწორი ვარ. და უკვე მერამდენედ ვხვდები, რომ თუ მინდა გავიგო როგორი ვარ, უნდა წავიკითხო ჩემი დახასიათება ზოდიაქოს მიხედვით. სულაც არ მიხარია. ცუდია, როცა ვიღაც იმას წერს, რასაც შენ აკეთებ და ან აპირებ გააკეთო.
5:17. მესამე ჭიქაც მალე დაიცლება. ხანდახან, როცა გინდა ყველაფერს თავი გაანებო, სასმელი მოიმარაგო და მუსიკას უსმინო. ხანდახან, როცა ხვდები, რომ მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ბედნიერების და სიმშვიდის ძიებას. მიაღწევ კი როდესმე?
5:27. ბევრი მეგობარი გყავს? არ იცი? აბა ახლა დაფიქრდი, უცბად. მალე მიპასუხე, არ მაქვს დრო. არც ისე ბევრი ხო? კარგია, გულახდილი პასუხია, მომწონს.
5:34. You’re the colour, you’re the movement and the spin.
5:40. გარშემო ყველას ძინავს, საბანში გახვეულს, თბილად. შენ მარტო ზიხარ კომპიუტერთან. ისევ იმ სიმღერას უსმენ, რასაც უკვე მთელი ღამეა ვერ თიშავ. ხანდახან გვსიამოვნებს, როცა სასიამოვნოდ ვსევდიანდებით.
5:44. სიმღერა შევცვალე.
5:48. ისევ ძველი სიმღერა დავაბრუნე. დღევანდელ ღამეს იდეალურად შეეფერება.
5:56. თითქმის მთლიანად გამოვწრუპე ღვინო. მაღაზიაში გასვლა ნამდვილად მეზარება. არც ისე ახლოსაა 24 საათიანი სუპერმარკეტი. რა ვქნა?
6:02. მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა. სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა.
6:12. მგონი მზის ამოსვლა გადაიდო. გათენებაც გადაიდო. და საერთოდაც, ყველაფერი გადაიდო. “რეისი ნომერი 7756 გადაიდო უამინდობის გამო”. შეგიძლიათ შეკრული ღვედები გაიხსნათ, აღარ მივფრინავთ.
6:19. ისევ მცივა. ღვინო ვეღარ მათბობს. ალბათ მალე დავიძინებ. თან თვალები ნელ-ნელა მეხუჭება, თუმცა ფარ-ხმალს ჯერ არ ვყრი. მინდა რაც შეიძლება დიდხანს არ დავიძინო.
6:37. მთელი მსოფლიო ოსკარების გადაცემის ცერემონიას უყურებს. მე არ მაინტერესებს. ჩავრთე და მალევე გამოვრთე. მე მხოლოდ შენ, შენთან დაკავშირებული სიმღერები და ამბები მაინტერესებს. შენ მიფერადებ ცხოვრებას.
6:41. How many reasons do you have to live your life without me?
6:47. გუშინ ფილმს ვუყურე. პარალიზებულ ადამიანზე. ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ არავის შეეხედა მისთვის შეცოდების თვალით. ამიტომ მეც გთხოვთ, ნუ შემიცოდებთ. მერე რა რომ პარალიზებული ვარ და ვერ ვმოძრაობ. სამაგიეროდ კეთილი ვარ და არასდროს არაფერი ცუდი არ გამიკეთებია.
6:52. დიდი ხანია ასე გვიანობამდე არ ვყოფილვარ ფხიზლად. აშკარად მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩემ თავს.
6:58. მამაჩემი იღვიძებს. სანთებელის ხმა მესმის. პირველ ღერ სიგარეტს გემრიელად ეუფლება დილის 7 საათზე. სხვანაირად არ შეიძლება.
7:04. ახალი სიმღერა ჩავრთე, კიდევ ერთხელ. ამჯერად კარგი შემცვლელი მოვუძებნე ჩემი ღამის საუნდტრეკს. გათენდა.
7:08. უკვე დროა დავიძინო. ძალიან კარგი იყო ღამის გათენება ღვინოსთან და შენ მუსიკასთან ერთად. ფაქტობრივად აქ იყავი, ჩემთან. ან თავს ვიტყუებ. სინამდვილეში ვიცი, რომ სიმღერა ვერ შეგცვლის. დილა მშვიდობის, შუადღე მშვიდობის ან საღამო მშვიდობის. დღის ნებისმიერ დრო მშვიდობის. მადლობა რომ ხარ.
meboo ❤ dzalian lamazi da tbilia :*
♥
გავთბი..
დილისკენ მეც გავთბი. სიცივე დავძლიე.
აააწ აააწწწ ❤
♥
ვერასოდეს გავათენებ კომპიუტერთან თუ ამის ძალიან დიდი მიზეზი არ მქონდა ^^
ზუსტადაც ძალიან დიდი მიზეზი მქონდა :დ