*ადამიანი რომელსაც ადვილად მოსდის ცრემლები
- ცრემლები მოიწმინდე ბიჭო, ქალი ხომ არ ხარ?
- ოო, რა გინდა რა. გამანებე თავი. არ ვტირი. უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა.
ის ყოველთვის სევდიანდება როცა მასზე ფიქრობს. თვალები ცრემლებით ევსება და წყლის მარილიანი წვეთები მზად არიან თავი დააღწიონ მისი თაფლისფერი თვალების ტყვეობას.
- ხომ არ გეტირება პატარა ბიჭი?
მეგობრის თავში წამორტყმა და დამცინავი ტონით ნათქვამი ფრაზა ცრემლებს ტყვეობაში ტოვებს, ბიჭის ემოციებს კი საგულდაგულოდ მალავს მოჩვენებითად ცივი სახის უკან.
- არა, რა ვტირი… თვალში რაღაც ჩამივარდა რა. ნუ იცი ხოლმე ამოჩემება. იმის მერე არც მიტირია.
პირველად მამამ დასცინა. სულ პატარა იყო. იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა და უცბად ცრემლები წამოუვიდა. სიხარულით აღივსო. არასდროს დაავიწყდება ის გრძნობა, რაც უეცარი წამოტირების პირველი შემთხვევისას განიცადა. მერე მამამ ირონიულად მისცა შენიშვნა და მკაცრი ტონით დააყოლა, რომ კაცები არ ტირიან, თანაც ასე ტყუილუბრალოდ. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ არ ტიროდნენ კაცები. მერეც ვერ მიხვდა, უბრალოდ მერე აღარ… აღარ ტიროდა. არ უნდოდა ვინმესგან დამცინავი შენიშნვა მიეღო.
- ხოდა ეგრე რა, ნუ იცი ხოლმე ეს დასევდიანებები. იმენა მაგარი ქალიშვილური ზახოდები გაქვს ხანდახან რა.
თავიდან ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. არადა აუცილებლად უნდა გაეგო, როდის და რატომ მოსდიოდა ცრემლები. ამის გარეშე ვერ შეძლებდა თავის შეკავებას და კიდევ ერთხელ შერცხვებოდა მამის და საზოგადოების წინაშე.
მეოთხე კლასში ყველაფერს მიხვდა. ოქტომბერის შუა რიცხვები იყო. უფრო ზუსტად კი – 15 ოქტომბერი. ეს დღე მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაბადების დღე. მაშინ პირველად გაიგო ცრემლდენის მიზეზი. მიზეზი კლასში საკუთარი ფეხით შემოვიდა, გაშლილი თმებითა და აციმციმებული თვალებით. მასწავლებელმა მაინცდამაინც მის გვერდით დასვა, არადა კლასში მეორე ადგილიც იყო თავისუფალად დარჩენილი.
- გამარჯობა, მე ანა ვარ. გინდა დასვენებაზე ერთად ვითამაშოთ?
გოგოს სიხარულით მოციმციმე წყლიანმა თვალებმა და დასვენებაზე ერთად თამაშის შესაძლებლობამ მასში ცრემლების ვუკლანი გააცოცხლა.
- კ-ი.
ენის ბორძიკით უპასუხა გოგონას. ალბათ რამოდენიმე წლის მერე, როცა ანა გათხოვდა და გრძელთმიანი და წყლიანთვალებიანი ბავშვები აჩუქა ნაცრისფერ ქალაქს, მას ჯერ კიდევ ახსოვდა პატარა ბიჭი, რომელიც ცრემლიანი თვალებით ეთამაშებოდა დაჭერობანას. ცოტათი შეეშინდა კიდეც. თუმცა მხიარულმა და გულიანმა სიცილმა მიახვედრა, რომ ბიჭის ცრემლები საშიში არ იყო. მერე დიდხანს თამაშობდნენ, სანამ ანა გათხოვდებოდა.
- გამოფხიზლდი შე ჩემა, რა გჭირს რა! შენი საქმეზე წამოყვანა არ შეიძლება რა! ხანდახან მაგრად გაუბერავ ხოლმე იმენა. შევედით უკვე და ახლა მიდი, დატრიალდი და 15 წუთში გასასვლელში გაიჩითე.
მეოთხე კლასის მერე დიდი ხანი აღარ უტირია. შეკავება ისწავლა. იცოდა როდის გადაწყვეტდნენ მისი ცრემლები სააშკარაოზე გამოსვლას. მიზეზი საკმაოდ ბანალური იყო – საკმარისი იყო დაენახა გოგონა, რომელიც უყვარდა, რომ მისი თვალები სასიამოვნო სისველეს გრძნობდნენ, ხოლო გული ბედნიერებისგან ორჯერ უფრო სწრაფად იწყებდა ფეთქვას. მაგრამ რად გინდა, თითქმის ყოველთვის თავს იკავებდა. როგორ გინდა საჯაროდ იტირო, როცა კაცი ხარ? თანაც ქალაქში, სადაც ქალებიც კი მხოლოდ პანაშვიდებსა და გასვენებებში ტირიან. მერე იყო სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართული ბანკეტი. ცოტა დალია და კონტროლი დაკარგა. მთელი საღამო თავს არიდებდა, ბოლოს კი საცეკვაო მოედანზე შემთხვევით თვალებში შეხედა. დღემდე ახსოვს როგორ დასცინა მთელმა სკოლამ, მათ შორის ღიპიანმა სკოლის დირექტორმაც.
- მე აქედან გავალ, შენ იქითა გასასვლელით გადი და მერე შევხვდეთ ჩვენს ადგილას. მოსულა?
ბანკეტის მერე აღარ უტირია. ვაჟკაცურად დაამთავრა უნივერსიტეტი და დიპლომიც აიღო. სამსახურის დაწყებაზე უარი თქვა და სახლში ჩაიკეტა. ხალხს ერიდებოდა, არ უნდა ხალხის დასაცინი გამხდარიყო. ფული სჭირდებოდა, ამიტომაც ბავშვობის მეგობარ გიოსთან ერთად პატარა ბიზნესი წამოიწყო: ღამით “საშოვარზე” გადიოდნენ, ხან რომელ მაღაზიას ძარცვავდნენ ხან რომელს. მეორე დღეს მოპარულ საქონელს “ასუხარებდნენ” და ამით ირჩენდნენ თავს. ამ საღამოსაც საქმეზე იყვნენ. მან ყველაფერი კარგად გააკეთა, გასასვლელიდანაც ისე გავიდა, ვერავინ შეამჩნია და ის იყო გიოსთან შესახვედრად ქუჩა უნდა გადაეჭრა, რომ უცბად ნაცნობი ხმა შემოესმა.
- ნიკა ნუ გარბიხარ! მანქანები დადიან. მოდი ჩემთან მალე.
ეს ანა იყო. ის ანა, მეოთხე კლასში რომ ატირა და ის ანაც, ბანკეტზე რომ ყველას დასაცინი გახადა.
- ა… ნ-ა?
კბილებში გამოსცრა, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ეს ხომ ანა იყო. მისი ანა. გაუხარდა. ერთ ადგილას გაშეშდა. სიხარულისგან და სიამოვნებისგან ვეღარ მოძრაობდა და არც სურდა. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა. ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო თავი ბედნიერად. მისთვის დრო გაჩერდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა, სამაგიეროდ კი ანა შეიძინა.
- არ გაინძრეთ! ხელები მაღლა ასწიეთ და ძირს დააგდეთ ნაქურდალი! თქვენ დაპატიმრებული ხართ და გაქვთ დუმილის უფლება!
ანა გაკვირვებული უყურებდა. მერე ბავშვებს თვალებზე ხელები ააფარა. კარგად დააკვირდა დაპატიმრებულს და ამოიცნო ის პატარა ბავშვი, აცრემბელბული დაჭერობანას რომ ეთამაშებოდა. მერე ის ბიჭიც გაახსენდა, საცეკვაო მოედნის შუაგულში რომ აუვარდა ტირილი და მთელმა სკოლამ დასცინა.
- ზოგი რა უცნაურია, ღმერთმანი. წავედით ბავშვებო.
საპატრულო პოლიციის მანქანამ დამნაშავე განყოფილებაში გადაიყვანა. მას მთელი გზა არ შეუწყვეტია ტირილი. კარგად იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ბედნიერი წუთები იყო. მას აღარასდროს უტირია. დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ იგი უსულო მდგომარეობაში გადაიყვანეს ციხის მორგში. მას ცრემლები დაუშრა.








ტრაგედიაა უჰ …
ნიკა და ანა
ახლა დავაკვირდი სახელებს…
musika kargi adevs
მაგ სიმღერის ფონზე დაიწერა :დ
ვიცოდი რომ დაბლა როდესაც ჩავიდოდი, ეს სიმღერა დამხვდებოდა <3
Don’t hide your sadness,It’s bad for your health and you have the right to be sad!