“მე კი ასეთი სიყვარულის არა მწამს, მე შენ მიყვარდე და შენ კი სხვაზე ფიქრობდე”
ხალხური
დღეს შობაა. დღეს სამყაროს მოევლინა იესო ქრისტე. დღეს შენ მეექვსედ აღმაფრთოვანე. დღეს შენ ჩემი ცხოვრება ისევ გააფერადე. ექვსივე აღფრთოვანება კარგად მახსოვს: პირველად მამაკაცს უმშვენებდი გვერდს და მეც ჩემი ემოციები გიტარის დაკვრაში და დალევაში დავხარჯე, თავი შევიკავე; მეორედ – ჩემდა გასაკვირად ვიაქტიურე, მაგრამ უაზრო ფიქრების გამო მალევე დავყარე ფარ-ხმალი; მესამედ – ისევ იქ, სადაც პირველად, უკვე მამაკაცის გარეშე. ისე აღვფრთოვანდი, რომ მალე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი; მეოთხედ – მეგობრის დაბადების დღეზე. დავლიეთ, ვისაუბრეთ, ვიცეკვეთ. მერე მახსოვს მთელი ღამე უბანში დავრბოდი და შენს სახელს ვყვიროდი; მეხუთედ – ამჯერად გვერდს მე მიმშვენებდნენ, თავი შევიკავე; მეექვსედ – ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ, თუმცა ისევ დაბნეული და ისევ არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს.
სკოლაში საახალწლოდ ზეიმებს მართავდნენ ხოლმე. ალბათ ახლაც მართავენ, ზუსტად არ ვიცი, უკვე დიდი ხანია ასაკით ბავშვი აღარ ვარ, თუმცა კი კბილებით ვებღაუჭები იმდროინდელ მოგონებებსა და წეს-ჩვეულებებს. სკოლის პერიოდში ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ასეთი ტიპის ზეიმებში. მახსოვს სისტემატურად გვამღერებდნენ ერთ ყველასათვის ცნობილ სიმღერას: “ოცდა, ოცდახუთსა დე-კემ-ბერ-სა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო და… ო-ო-ოი-ოი ალილო”. ყოველთვის მაინტერესებდა რატომ “ო-ო-ოი-ოი” და არა “ა-ა-აი-აი” ან “ი-ი-იი-იი” ან “ე-ე-ეი-ეი” ან “უ-უ-უი-უი”. მაგრამ იმ ასაკში ბავშვების კითხვებს ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდნენ ხოლმე. ახლა ვიცი, რატომ “ოი” და არა “აი”, “ეი”, “იი” ან “უი”. ზუსტად 15 წლის შემდეგ, 2011 წლის 25 დეკემბერს, მე ძალაუნებურად აღმომხდა “ოი”. შესაბამისად, 1996 წლის 25 დეკემბრის სასკოლო ზეიმიდან მოყოლებული, ჩემი სკოლის მასწავლებლები და სხვა ადამიანებიც ზრუნავდნენ იმაზე, რომ 15 წლის შემდეგ, იესოს დაბადებიდან 2011-ე წელს, მე ჰაეროვნად აღმომხდენოდა ის ორი ბგერა, რომელიც ასე საინტერესოდ ჟღერს სიმღერაშიც: ოი!
დღეს უკვე 27-ია. არადა პოსტის დასაწყისში “დღეს” ქრისტესშობის აღმნიშვნელი იყო. ეს არცაა გასაკვირი. ჩემი შენდამი დამოკიდებულება დროსა და სივრცეშია გაწელილი, ასევეა ეს პოსტიც. ერთ დღეში ვერაფრით ვერ დავწერდი და მითუმეტეს ვერ მივიყვანდი დასრულებულ ვარიანტამდე. დრო მჭირდება მოსაფიქრებლად, თითოეული სიტყვის გასაანალიზებლად, თითოეული ფრაზის ასაწონ-დასაწონად. შენ ხომ სულ სხვა ხარ. მე ვერ მოვალ და ასე პირდაპირ ვერ გეტყვი: “იცი, უკვე დიდი ხანია მომწონხარ”. ვერა, ასე ვერ მოგექცევი და ვერც ჩემ თავს გავიმეტებ თვითმკვლელობისთვის. ეს ხომ ყველაფერს გააფუჭებს. ერთხელ ვიფიქრე, მივალ ვუმღერებ, იქნებ მოეწონოს-თქო. არა. არ მგონია. ეს გაჭრის ნინისთან, ლულუსთან, ჯულისთან. შენთან არა. მერე ვიფიქრე, რამეს ვაჩუქებ-თქო. არც ეს ივარგებს. ეს ისევ ნინისთან, ლულუსთან და ჯულისთან თუ ივარგებს. შენთან ეს ყველაფერი არაფერია. ხოდა ბოლოს გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა. იქნებ ამან მაინც ივარგოს. ბოლო-ბოლო ქრისტეშობის დღეს დავიწყე მისი წერა. ხოდა თუ ღმერთმა ამ დღეს დედამიწაზე ქრისტე მოავლინა, რატომ არ შეიძლება შენ მე შემამჩნიო? მე ოპტიმისტი ვარ. რომატიკოსი ოპტიმისტი.








შეყვარებული ხარ?
ისევ?
არა, არ ვარ შეყვარებული. აღფრთოვანებული ვარ უბრალოდ.
ჰმ, აღფრთოვანების ამბვში მესმის, თან ძალიან კარგად ^^