
მზე ბუნდოვნად ანათებს და ვერაფრით ვერ აღწევს ჩემი სხეულის ფანჯრებში. მე ისევ მცივა და ფარდების გადაწევა კვლავინდებურად საშინლად მეზარება. მუდმივად ვკანკალებ – მთელი სხეულით და სულით. სიცივეს ყოველთვის თან სდევს კანკალი, კანკალს – კბილების კრაჭუნი. მე უკვე ერთი კვირაა ვკანკალებ და ჩემი კბილებიც ნელ-ნელა კარგავენ მდგრადობას.
ჩემი ცხოვრება ციკლური ხასიათისაა. ხანდახან ბედნიერი ვარ, ხანდახან უბედური, ხანდახან ინდიფერენტული, ხანდახან საერთოდ არც არაფერი. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი რუტინულ ხასიათს იძენს და გულისტკვილამდე დაუზარებლად მეორდება. გარდა ხასიათისა და განწყობებისა, ჩემს ცხოვრებაში ადამიანებიც ციკლური ხასიათით ჩნდებიან და ქრებიან. არსებობენ ისეთები, რომლებიც ყოველთვის ჩემთან არიან და ისეთებიც, რომლებიც იმისდამიხედვით ჩნდებიან და ქრებიან, თუ რომელ პერიოდში ვიმყოფები – ბედნიერების, უბედურების, ინდიფერენტულობის თუ უემოციობის. ხანდახან ადამიანები მიქმნიან განწყობას, უფრო ხანდახან კი – განწყობა მაპოვნინებს ისეთ პიროვნებებს, რომლებიც იმ მომენტში ჩემთვის არიან შექმნილნი ან უბრალოდ მესაჭიროებიან. მე ეგოისტი ვარ და პერიოდულად ვფიქრდები იმაზე, რომ უფრო მეტს ვიმსახურებ, ვიდრე მაქვს.
ხშირად ვამბობ, რომ დავიღალე. საკუთარი დაღლილობის გამოხატვას კი სხვადასხვანაირად ვახერხებ: მღლი… დასვენება მინდა… ცვლილება მინდა… აქედან უნდა წავიდე… პროფესია უნდა გამოვიცვალო… მუსიკას თავი უნდა დავანებო… წიგნები აღარ უნდა წავიკითხო… მელოდრამებს აღარ უნდა ვუყურო… მხიარული სიმღერები უნდა დავწერო… ერთი გოგო უნდა შევიყვარო… მარტო უნდა ვიცხოვრო… ეგოისტი აღარ უნდა ვიყო… ნეტავ ჩემზე რას იტყვიან?ყველაფერი ეს მხოლოდ ერთ რამეს გამოხატავს – მე გამძლეობა არ მყოფნის. ხანდახან ვფიქრდები და ვხვდები, რომ დაღლილობის გრძნობა დაბადებიდან თან მდევს. არ შემიძლია დიდ ხანს ვიყო ერთ მდგომარეობაში, თუნდაც ეს მდგომარეობა უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებდეს.
მახსოვს ადრე უბედური ვიყავი – დახეულ ჯინსებიანი და გრძელთმიანი. მაშინ ჩემ გვერდით ჩემი მეგობარი იყო. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. მარტო მე და ის, ის და მე. ხანდახან ცოტა არაყი და კოკა-კოლა. მაშინ ჯერ არ მიყვარდა ლუდი. მერე სხვაგან წავედი და ჩემი უბედურებაც დასრულდა, ყოველშემთხვევაში დროებით მაინც. დაიწყო ინდიფერენტულობა და ნაცრისფერი დღეები. სიახლეებს ნელ-თბილად და ყოველგვარი შეფერადების გარეშე ვიღებდი და ვაფასებდი. გამოჩდნენ ახალი ადამიანები და მე თითქმის სულ აღარ მახსოვდა მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად წრუპავდა არაყს. მერე ცოტა ხანი ბედნიერიც გავხდი. მე მიყვარდა. თუმცა ის ადამიანი ვინც მიყვარდა, მალევე გავაქრე და შესაბამისად ჩემი ბედნიერებაც საკუთარი ხელით დავასრულე. მერე შემძლო მეთქვა, რომ უბედური ვიყავი და ამით გულის სიღრმეში ბედნიერიც კი ვყოფილიყავი. მერე უბედურებაც მომბეზრდება და გადავწყვიტე ბედნიერებით გავბედნიერებულიყავი. ამიტომაც ერთ დღეს ავდექი და გავიქეცი. ესეც ასე. მე ისევ გავიქეცი და ჩემი ცხოვრების ციკლური მიმოქცევაც ხელხლა დაიწყო: ჯერ გავუბედურდი, მერე გავბედნიერდი, მერე ინდიფერენტული გავხდი, სულ ბოლოს კი – არც მე ვიცი რა და როგორ.
რომ გავიქეცი, მას მერე დიდი დრო გავიდა. გგონიათ აღარ დავრბივარ? როგორ არა. უფრო მეტიც – უკვე იმდენი ხანია არ გავჩერებულვარ, რომ ელენთა დაღლილობას ვეღარც კი გრძნობს და მეშინია, გული არ გამისკდეს. როცა ადამიანი ერთ ადგილას არ ჩერდება, დიდი შანსია საინტერესო ადგილებს გადააწყდეს. სწორედ ასეთი შემთხვევითობის შედეგად, ერთხელ ბიბლიოთეკაშიც კი მოვხვდი. იმ მომენტში გონება გამინათდა და გავიფიქრე, რომ სულ ცოტა ხანში ვიპოვიდი იმას, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი და რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. თუმცა უშედეგოდ. მტვრიან თაროებზე რამდენიმე საათიანი უშედეგო ძიების შემდეგ, ვერაფრით ვერ მივაგენი საჭირო გზამკვლევს. არადა არჩევანი თითქოსდა საკმაოდ დიდი იყო: “რა მარშრუტი ავირჩიოთ პარიზში?” “როგორ მოვიაროთ ევროპა?” “საიდან დავიწყოთ: ესპანეთის თუ ხალხის მოედნიდან?” “წელიწადის რომელ დროს მოვინახულოთ პორტუგალია?”. მახსოვს იმ წუთას კიდევ ერთხელ დამწყდა გული. არავის რატომ არ მოუვიდა აზრად, რომ თითოეული ადამიანისთვის პერსონალური გზამკვლევი შეედგინა? ვინმეს ტურისტული გზამკვლევის სტილში ჩემი ცხოვრების მიმართულებები რომ განესაზღვრა, მაშინ ხომ აღარ ვიგრძნობდი თავს დაკარგულად?
იმედგაცრუებულმა დავტოვე ბიბლიოთეკა და სირბილი გავაგრძელე. მიუხედავად გულდაწყვეტისა, პერსონალურ გზამკვლევზე ფიქრი არასდროს შემიწყვეტია. გაგეცინებათ და შესაფერისი სათაურიც კი შევურჩიე: “გზა ბედნიერებიდან უბედურებისკენ ინდიფერენტულობის გავლით”. ალბათ ასეთი გზამკვლევის არსებობის შემთხვევაში უფრო ადვილი იქნებოდა ტემპერატურების და სიმაღლეების ცვალებადობის გაძლება და გადახარშვა.








:შ:შ:შ
:შ
“ხანდახან ადამიანები მიქმნიან განწყობას, უფრო ხანდახან კი – განწყობა მაპოვნინებს ისეთ პიროვნებებს, რომლებიც იმ მომენტში ჩემთვის არიან შექმნილნი ან უბრალოდ მესაჭიროებია”
” არ შემიძლია დიდ ხანს ვიყო ერთ მდგომარეობაში, თუნდაც ეს მდგომარეობა უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებდეს”.
მთლიან პოსტს ხომ არ გადმოვაკიპირებდი, ძალიან იშვიათად მაქვს შეგრძნება -ეს მე ხომ არ დავწერე. ახლა ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს,
აი ადამიანი რომ განწყობას გიქმნის ისეთი
ძალიან მომეწონა.
კარგად წერ
მადლობა
მიხარია რომ მოგწონს.
ორივე ფელ-ფეხით გეთანხმები ყველაფერში.
და რა არის იცი? სანამ არ მოვ(ვ)ინდომებ იქამდე იქნება ეგ ეგრე : ) ასე რომ…
ხო ეგრე იქნება, ასე მგონია
ე.ი. შენც ჩემსავით ფორევერ ლოსტი ხარ ))
me vici ras grdznob xolme da rogori areuli xar imito rom yvela xelovani egetia shen arc pirveli xar da arc ukanaskneli, me siaxle vegarafershi vipovne da wera shevwyvite imitom rom daglili var magram tu sulit xelovani xar sxvanairi rom iyo ar sheidzleba
ხო არ ვიცი ასე რატომ ვარ, იმიტომ რომ მუსიკასთან ვარ ახლოს თუ იმიტომ, რომ ვერ ვარ )) ხანდახან უბრალოდ ეჭვები მაქვს, რომ ვერ ვარ )) :დ